სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    20.06.2013

    გენადი მესხია

    საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

    ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 6 მლრდ ტონა ნახშირორჟანგი (სწ2) გამოიყოფა, რომლის ნახევარზე მეტი არ შთაინთქმება ბიოსფეროთი და ოკეანის ზედაპირით და ილექება ატმოსფეროში. იქმნება "გარსი", რომელიც იწვევს სათბურის ეფექტს და შესაბამისად ზრდის გლობალურ დათბობას დედამიწაზე.

    სწ2-ის ატმოსფეოში გამოფრქვევის ძირითად წყაროს ელექტროსადგურები და ავტომობილები წარმოადგენენ. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირების შემთხვევაშიც კი 2050 წლისათვის სწ2-ის კონცენტრაცია ატმოსფეროში 500 პპმ-ს გადააჭარბებს. შედეგად, პლანეტის ტემპერატურა, სავარაუდოდ, 1-3,5 გრადუსით აიწევს. ამ ყოველივემ მწვავედ დააყენა ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დროული და მასშტაბური განხორციელების აუცილებლობა დედამიწაზე.

    ენერგოდაზოგვის, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების მასშტაბური განხორციელება ქვეყანაში ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მუნიციპალური და კერძო სექტორების ბიუჯეტების დაზოგვას, სოციალურ სფეროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, გაზრდის მეცნიერებატევადი სამუშაო ადგილების შექმნას და სხვა. მაგალითად, აშშ და ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყნებში 4 მლნ სამუშაო ადგილი შეიქმნა ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დამუშავება-დანერგვის სფეროში. 1998-2006 წწ. გერმანიაში განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 66 ათასიდან 260 ათასამდე გაიზარდა.

    მოწინავე ქვეყნების პროგრესულ მთავრობებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ენერგოდაზოგვა და ენერგოეფექტურობა არის სწრაფად განხორციელებადი, იაფასიანი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო. ელექტროსადგურის მიერ გენერირებული 1 კვტ სიმძლავრის მიღება ჯდება 1-3 ათასი აშშ დოლარი, ხოლი 1 კვტ სიმძლავრის დაზოგვა ჯდება 150-200 დოლარი.

    საქართველოში ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის სტანდარტებს, რაც აიხსნება:

    - ეკონომიკის ყველა დარგში არსებული კატასტროფულად დიდი ენერგოტევადობით (მაგ. ტრანსპორტის, კომუნალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურაში ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები 2-3-ჯერ უფრო დაბალია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან შედარებით);

    - ერთეულ პროდუქციაზე მაღალი ხვედრი დანაკარგებით, რომლებმაც ეროვნული წარმოების საქმიანობა დაიყვანეს დაბალ რენტაბელობამდე;

    - ძვირადღირებული ენერგომატარებლების უყაირათო ხარჯვით;

    - ქვეყანაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის დაბალი ხარისხით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას და მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას და საყოფაცხოვრებო სექტორს;

    - საჭირო დონის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის უქონლობით, რამაც განაპირობა ქვეყანაში დაბალი საინვესტიციო აქტივობა ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის პროექტების განსახორციელებლად;

    - ეკონომიკის სექტორში არესებული ძირითადი ფონდების ცვეთით, განსაკუთრებით მრეწველობის, ენერგეტიკისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის სექტორებში;

    - ენერგორესურსების წარმოების, ტრანსპორტირების (გადაცემის) და მოხმარების სექტორში დიდი დანაკარგებით;

    - თბოენერგეტიკული კომპლექსის მოწყობის დაბალი დონით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს. დაბალია ტექნოლოგიური დანადგარების მარგი ქმედების კოეფიციენტი;

    - ენერგომატარებლების ხარჯვის მაკონტროლირებელი აპარატურის და ხელსაწყოების უკმარისობით;

    - შენობა-ნაგებობების დაბალი თბოტექნიკური მახასიათებლებით;

    - სათბობ-ენერგეტიკული რესურსების სტატისტიკური აღრიცხვიანობის და სახელმწიფო მონიტორინგის დაბალი დონით;

    - წარმოება-დაწესებულებებში და კომუნალურ სექტორში ენერგომატარებლების ეფექტური ხარჯვის მასტიმულირებელი მექანიზმების არარსებობით. გამონაკლის წარმოადგენს საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ხორციელდება არაგამჭოლი ორსაფეხურიანი ტარიფით;

    - საბიუჯეტო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში მატერიალური სტიმულირების მექნიზმების არარსებობით;

    - და ბოლოს, რაც ყველაზე სამწუხარო და საგანგაშოა - წლების განმავლობაში მთავრობის მხრიდან ქვეყანაში ენერგიის დაზოგვაზე და არაეფექტურ მოხმარებაზე (გაფლანგვაზე) ზერელე დამოკიდებულებით.

    საქართველოში სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნამ 2012 წელს 3832,3 ათასი ტპს ნავთობის ეკვივალენტი შეადგინა. აქედან, ბუნებრივ აირზე - 35,3%, ნავთობპროდუქტებზე - 30%, ელექტროენერგიაზე - 20,7%, შეშაზე - 11,8%, ნახშირზე - 2%, ხოლო თხევად გაზზე - 0,16%.

    ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის პოტენციალი საქართველოში მოხმარებული ენერგიის 30%-ს აღემატება. შესაბამისად, ენერგორსურსებზე ყოველწლიური დანაზოგი ჩვენს ქვეყანაში 1149,7 ათასს ტპს ნავთობის ეკვივალენტს მიაღწევს.

    საბიუჯეტო დაწესებულებებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი და ტექნიკური წყლის, ნავთობპროდუქტების და სხვა ენერგომატარებლების აღრიცხვიანობის დაბალმა ხარისმა და ამ დაწესებულებებში ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის უკიდურესად დაბალმა დონემ განაპირობა ენერგომატარებლების ხარჯების უზომოდ დიდი მასშტაბები. ასე მაგალითად, 2011 წელს საქართველოს პარლამენტის კომუნალურმა ხარჯებმა 1333,9 ათასი ლარი შეადგინა, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა - 410 ათასი ლარი, საქართველოს კონტროლის პალატისა - 226,5 ათასი ლარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოსი - 170,5 ათასი ლარი, საერთო სასამართლოების - 1218,1 ათასი ლარი, საქართველოს ცენტალური საარჩევნო კომისიის - 168 ათასი ლარი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის - 537,5 ათასი ლარი, საზოგადოებრივი მაუწყებელის - 570 ათასი ლარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 10186,9 ათასი ლარი. საბიუჯეტო დაწესებულებებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი და ტექნიკური წყლის, ნავთობპროდუქტების და სხვა ენერგომატარებლების ჯამურმა ხარჯებმა 2011 წელს 83490,3 ათასი ლარი შეადგინა, რაც ექსპერტების შეფასებით, სულ მცირე 2-ჯერ არის გაზრდილი.

    თუ აღნიშნულ მონაცემებს დავამატებთ ქალქების მერიების, მუნიციპალური და სხვა სამსახურების ენერგომატარებლების ხარჯებს, მაშინ ქვეყნის მასშტაბით ენრერგომატარებლების ჯამური მოხმარების მოცულობა გაორმაგდება.

    დღეს საბიუჯეტო დაწესებულებას, როგორც ენერგომატარებლების მომხმარებელს, არ აქვს დაინტერესება დაზოგოს კომუნალური ხარჯები.

    საბიუჯეტო დაწესებულებებში, კომუნალური ხარჯების დაზოგვის ხელშეწყობის მიზნით საჭიროა:

    - საბიუჯეტო ორგანიზაციებს ენერგეტიკული პასპორტიზაციის შედეგად დაუწესდეს (დაუდგინდეს) ენერგომატარებლების მოხმარებაზე ნორმატივები (კვოტები). ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იქნებიან არ გადააჭარბონ ნორმატიულ ზღვრებს, წინაღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული ან/და ეკონომიკური სანქციები;

    - არსებობს ინოვაციური გზა. საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომ გაეზარდოს ენერგორესურსების დაზოგვის იტერესი, საჭიროა დაზოგილი სახსრების ნახევარი მათ დარჩეს - ჩაირიცხოს საბიუჯეტო ორგანიზაციის განვითარების ფონდში და დაწესებულების თანამშრომლების წამახალისებელ (პრემიალურ ფონდში).

    ქვეყანაში მომხმარებელს და ინვესტორს უნდა ჰქონდეს დაინტერესება, განახორციელონ ენერგოდამზოგი ღონისძიებები წარმოება-დაწესებულებაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინვესტიციების ამოღების პერიოდი დროში გაიწელება.

    ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებით იზოგება ელექტროენერგია, ე.ი. "შენდება" ქვეყანაში იაფფასიანი და ეკოლოგიურად სუფთა, მძლავრი ვირტუალური ელექტროსადგური. ბუნებრივია, ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ქვყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, გარემოს დაცვას და ელექტროენერგიის წარმოების შეწონილი ტარიფის შემცირებას. შესაბამისად, მომხმარებელთან სამომხმარებლო ტარიფისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას.

    ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებით მომხმარებელს უმცირდება ხარჯები, როგორც ელექტროენეგიის დაზოგვით, ასევე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებით. შესაბამისად, მისი დაინტერესება განახორციელოს ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებები იქნება ორმაგად მოტივირებული.

    ეკონომიკურად განვითარებად ქვეყანებში აქტუალურ და პროგრესულ მიმართულებას წარმოადგენს ენერგიის ტექნოლოგიური ეკონომია.

    საქართველოში 80%-ზე მეტი მოქმედი ელექტროსადგური, 85%-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 70%-სე მეტი ელექტრული ქსელის ტექნოლოგიური დანადგარი აშენებულია მე-20 საუკუნის 50-70-იან წლებში. საყოფაცხოვრებო სექტორში ექსპლოტაციაში არსებული დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების (სარეცხი მანქანები, მაცივრები, ტელევი-ზორები) 70% მორალურად და ფიზიკურად მოძველებულია, ისინი და 2-3-ჯერ მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ. წარმოებებში ძირითადი ფონდების 60%-ზე მეტი ამორტიზებულია და არაეფექტური.

    საქართველოში ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის მასშტაბური ღონისძიებები დღემდე იბლოკება. ამის აშკარა დასტურია ძველი მთავრობების მიერ საქართველოს "ენერგოეფექტურობის" კანონისა და შპს "როტორ-ლაითის" მიერ 2000 წელს დამუშავებული თვითდაფინანსებადი პროექტის "ენერგოდაზოგვის, გარემოს დაცვისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების" ხელოვნური დაბლოკვა. ეს ხდება მაშინ, როცა ევროკავშირის 27 ქვეყნის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეკოლოგიურად სუფთა და იაფღირებული "ენერგოწყაროების" ათვისებას, პირველ რიგში, ენერგოდამზოგი ნათურების მასობრივ დანერგვას. მაგ. გერმანიამ 2012 წელს დაასრულა ვარვარა ნათურების ექსპლოტაციიდან ამოღება მთელ ქვეყანაში.

    საქართველოში 2004-06 წწ. გატარებული ანტიეროვნული ენერგორეფორმის ნაკვალევზე და ენერგოსექტორში არსებული ნეგატიური პირობების ვითარებაში, როცა ენერგეტიკის სამინისტროს, სემეკისა და ენერგოსისტემის სტრუქტურები და ფუნქციები ვერ პასუხობენ დრევანდელი დროის მოთხოვნებს, როცა ქვეყანაში არასრულყოფილია საკანონმდებლო ბაზა, როცა უხეშად ირღვევა მომხმარებლის უფლებები, როცა კანონგარეშეა ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებით, გარემოს დაცვის და მოსახლეობის სოციალური პრობების გაუმჯობესების განხორციელება. დღეს ცხადზე უცხადესია, რომ ენერგოსექტორის აღმშენებლობა ენერგოპოლიტიკის შეცვლის და ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი პროგრესული რეფორმის გატარების გარეშე შეუძლებელი იქნება. დროა ახალმა მთავრობამ შეცვალოს ენერგოპოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი გაცდენილი დღე ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

    საქართველოს მთავრობამ "ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის კანონის" დამუშავებისა და საქართველოს პარლამენტში მისი დამტკიცების პარალელურად უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს კომლექსური პროგრამა "ენერგოდაზოგვის და ენრგოეფე-ქურობის ღონისძიებების გატარება სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებში".

    პროგრამის ძირითად მიზანი ორგანიზაციული, სამართლებრივი, ფინანსური, ეკონომიკური და მასტიმულირებელი მექანიზმების გამოყენებით, ენერგომატარებლებზე და მომსახურეობაზე კომუნალური ხარჯების ოპტიმაზაციაა.

    პროგრამის რეალიზაცია ითვალისწინებს: პროგრამის პირველ ეტაპზე (2013-15 წწ) სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებში ენერგომატარებლების ხვედრითი დანახარჯების 1 კვ/მ ფართზე მინიმუმ 20%-ით შემცირებას, მეორე ეტაპზე კი (2015-18 წწ) - 30%-ით (წლებსა და პროცენტებს დაზუსტება სჭირდება).

    პროგრამის ძირითადი ამოცანები:

    - სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობა ნაგებობების ენერგეტიკული პასპორტიზაცია. ამ უკანასკნელის გარეშე ვერ დაადგინდება სად რა უნდა გაკეთდეს, რა პერიოდში, რა მოცულობის სახსრები იქნება საჭირო და რა შედეგები იქნება მიღებული;

    - დაწესებულებებში ელექტროენერგიის, თბოენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყალის და სხვა ენერგომატარებლების ხარჯების დადგენა და მათი შესაბამისობის შესწავლა სტანდარტულ მოთხოვნებთან მიმართებაში (სტანდარტული მოთხოვნების დადგენა ამ ეტაპზე პრობლემურია, ამიტომ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოსთვის მისადაგებული ქვეყნების ტექნიკური მოთხოვნები!?).

    ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება ქვეყნის მასშტაბით რთული საქმეა. მას სჭირდება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში "ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის ლიცეზიანტი"-ს გათვალისწინებას, ხოლო ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაში "ენარგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის კომპონენტის". ამასთან, საჭიროა რიგი ორგანიზაციული და ფინანსური საკითხების მოგვარება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×