სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    24.06.2013

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში იყო პერიოდები, როცა იმძლავრებდა ბოროტი და ითრგუნებოდა სიმართლე... ასე მოხდა 1926 წელს, როცა ივანე ჯავახიშვილი გადააყენეს რექტორობიდან და მისი ადგილი დაიჭირა ბოლშევიკმა თედო ღლონტმა... 1930 წელს უფრო მასშტაბური შეტევა განხორციელდა ი. ჯავახიშვილზე, მის თანამებრძოლებზე ("ანტიმარქსისტებზე", "ხალხის მტრებზე", "იდეოლოგიურად მიუღებელ" ადამიანებზე!) და დაიხურა უნივერსიტეტი... თუმცა, მალე გაიმარჯვა სიკეთემ და აღდგა უნივერსიტეტი...

    ისტორიამ განმეორება იცისო: 2003 წელს დაიწყო მასშტაბური შეტევა უნივერსიტეტზე... გადააყენეს რექტორი; "ამხილეს" "იდეურად მიუღებელი" "კორუმპირებული" "წითელი პროფესურა" და დაიწყო დაუნდობელი "რეფორმა"... ამ შეტევას პრეზიდენტის ხელდასხმით მინისტრი კ. ლომაია ხელმძღვანელობდა; მთავარი შემსრულებელი თსუ-ს რექტორი გ. ხუბუა იყო... როგორც სჩვევიათ ავისმქმნელებს, აკეთებინეს ბოროტი საქმეები გ. ხუბუას და შემდეგ (2010 წელს) მოიშორეს წიგნების ქურდის ბრალდებით... და კარგა ხანს გაქრა ასპარეზიდან გ. ხუბუა...

    2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებამ გააჩინა იმედი კანონიერების აღდგენისა... საჭირო გახდა საზოგადოებისათვის იმის შეხსენება, თუ რა უკანონობა და უსამართლობა ხდებოდა თსუ-ში... თემა პარლამენტის მიერ მიღებულმა (თუ მისაღებმა) საკანონმდებლო ცვლილებებმაც გაააქტიურა...

    აი, ამ ფონზე ძალზე უცნაურად გვეჩვენება თსუ-ს წინაშე ერთ-ერთი მთავარი დამნაშავის - გ.ხუბუას გამოჩენა ასპარეზზე: გ. ხუბუა დააბრუნეს უნივერსიტეტში - აირჩიეს სრულ პროფესორად და გაუხსნეს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი (კითხვის ნიშნებს აჩენს ისიც, რომ გ. ხუბუას ოფიციალურად დაუდგნენ გვერდში მინისტრები ნ. ხადური და დ. ნარმანია).

    ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი პრინციპულად ეწინააღმდეგება წინასაარჩევნოდ დაპირებულ კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენას...

    გ. ხუბუამ თავისი ნაავკაცარის გასამართლებლად ისევ მიმართა ბოლშევიკებისა და "ნაციონალების" ნაცად ხერხს - უნივერსიტეტისათვის თავდადებული პროფესორების დისკრედიტაციას... ახლახან რამდენიმე ინტერვიუში ნარექტორალმა თავი უცოდველად და "ნაციონალებისაგან" დაჩაგრულადაც კი წარმოაჩინა... და როცა მიიჩნია, რომ ეს არ იყო საკმარისი, მოიძია ასპარეზიდან უკვალოდ გამქრალი ალეკო ცქიტიშვილი... ეს ის ცქიტიშვილია, თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რომ ერქვა 2005-2006 წლებში და ასრულებდა ყველა იმ ბინძურ შეკვეთას, რაც ხუბუას მოუვიდოდა თავში - სიცრუე, ფაქტების გაყალბება, ცილისწამება დამსახურებული ადამიანების მიმართ...

    ეს ის ცქიტიშვილია, რომლის შესახებაც საპარლამენტო კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ნ. გრიგალაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესზე თქვა: "მე მრცხვენოდა, როცა ვუყურებდი, ახალგაზრდა თავხედი კაცი მხცოვან პროფესორს, ქართული ენის სპეციალისტს, როგორ უმტკიცებდა - კანონში სიტყვა "გადაყვანა" "კონკურსს" ნიშნავსო"...

    და რადგანაც ამჯერადაც ვერ დააჯერა საზოგადოება გ. ხუბუამ თავის უცოდველობაში, ახალი შეკვეთა მისცა ამჟამად უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის", დირექტორს... ესეც ნიშანდობლივია: "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორი თვალისდაუხამხამებლად ლახავს ასობით დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უკანონოდ დათხოვილი პროფესორების, პატივსა და ღირსებას...

    საუბარია 2005-2006 წლებში თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე... ცქიტიშვილის აზრით, პროგრესულ "თსუ-ს ახალ რექტორატს" დაუპირისპირდა: "ძველი პროფესურა", პროვოკატორები, "წარსულში პრივილეგირებული ლექტორები", "თსუ-ს კათედრების ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ეკავათ ეს თანამდებობა"; ისინი მართავდნენ თურმე "პოლიტიზებულ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებს"... ეს "ძველი კათედრების კორუმპირებული ხელმძღვანელები" თურმე "შიშობდნენ, რომ თავიანთ პრივილეგირებულ მდგომარეობას დაკარგავდნენ და ვერ გაივლიდნენ გამოცხადებულ კონკურსს"... თურმე ისინი მიმართავდნენ "პიარზე გათვლილ დემაგოგიას" და ა. შ.

    ყოველივე ეს და უამრავი მსგავსი სიბინძურე იკადრა ცქიტიშვილმა იმ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა "მთელი კვირის" წინა ნომერში (2013 წლის 17 ივნისს)... ცქიტიშვილი ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს დაპირისპირება თსუ-ს ადმინისტრაციასა და "ძველ პროფესურას" შორის მოხდა მხოლოდ 2006 წლის 3 ივლისს, როცა "გ. ხუბუა იძულებული გახდა, გამოეძახებინა პოლიცია"...

    ჩვენ ხელთა გვაქვს გაზეთ "თავისუფალ სიტყვაში" (2009 წ., #3) გამოქვეყნებული გ. ხუბუას ინტერვიუ. ტყუპისცალივით ჰგავს ხუბუას ის და ცქიტიშვილის ეს ინტერვიუები ერთმანეთს; როგორც ჩანს, ხუბუამ თავისი ინტერვიუ გადასცა და გადაამღერებინა ცქიტიშვილს... თუმცა, არის განსხვავებაც ამ ორ მასალას შორის: ის ლანძღვა-გინება, რასაც ცქიტიშვილი კადრულობს, ხუბუასაც კი არ უკადრია...

    გ. ხუბუა და მისი ცქიტიშვილი 2004-2012 წლებში უნივერსიტეტში მომხდარ ამბებს აუბრალოებენ, ფაქტებს აყალბებენ, დანაშაულს ჩქმალავენ. არადა, ეს იყო კანონდარღვევათა და უსამართლობათა მთელი ჯაჭვი...

    ფაქტია, საქმე რომ ისე მარტივად არ არის, რიგორც ხუბუა-ცქიტიშვილი და მისნაირები ხატავენ... შევეცდებით, მოკლედ აღვადგინოთ წინა ხელისუფლების დროს უნივერსიტეტის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებათა ისტორია (შევახსენოთ ხუბუასა და მის ცქიტიშვილს მათი ნაავკაცარი):

    "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხელისუფლებაში მათი მოსვლისთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. მიზეზი: უნივერსიტეტი იყო ის დაწესებულება, რომელსაც ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების განუსაზღვრელი ძალა ჰქონდა; ამიტომ დაისახეს მიზნად ამ ძალის განეიტრალება, რომ ხელში აეღოთ საზოგადოების მართვის სადავეები. "ვარდების რევოლუციამდე" (2002 წლიდან) დაიწყეს მიზანმიმართული ბრძოლა უნივერსიტეტის წინააღმდეგ...

    2004 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა კანონპროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ" (დამტკიცდა წლის ბოლოს). ხელისუფლება განსაკუთრებით აღაშფოთა უნივერსიტეტის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ კანონპროექტის მიმართ: 27 სექტემბერს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ დაიწუნა კანონპროექტი. ამის გამო პირველი შეტევა მ. სააკაშვილმა "წითელ პროფესურაზე", "კორუმპირებულებზე", "უსინდისოებზე" განახორციელა 2004 წლის 28 სექტემბერს ცხრუკვეთიდან (დედულეთიდან).

    ამას მოჰყვა კ. ლომაიასა და მისი გუნდის მასშტაბური შეტევა უნივერსიტეტზე.... მინისტრმა კ. ლომაიამ საჯაროდ დაიქადნა: "ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავთო"...

    2004 წლის 31 ოქტომბერს აიძულეს რ. მეტრეველი, გადამდგარიყო რექტორობიდან და დანიშნეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტისათვის უცხო პირი - რ. ლორთქიფანიძე...

    2005 წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი კანონი და დაიწყო ხანგრძლივი უსამართლობის პერიოდი: უკანონოდ შეაჩერეს დიდი საბჭოს ფუნქციონირება... გადაწყვეტილებები მიიღებოდა ერთპიროვნულად; გაუქმდა ყველა კათედრა; ბოლონიის პროცესის მოთხოვნათა საბაბით შეაერთეს ფაკულტეტები (ეს მოხდა გაუაზრებლად, სპეციალისტთა აზრის გაუთვალისწინებლად); 2005 წელს საბიუჯეტო დაფინანსება მოეხსნა უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორს. დაიხურა ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, კაბინეტი, სამეცნიერო ცენტრი; ვანდალურად განადგურდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები; ბიბლიოთეკები... უმუშევარი დარჩა 1500-ზე მეტი მეცნიერ-მუშაკი. ამით განუზომელი და აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა ქართულ მეცნიერებასა და განათლებას...

    არნახული ძალადობისა და უკანონობის მსხვერპლი შეიქნა აკადემიური სექტორი. იმჟამად აკადემიური კონკურსების გამოცხადება და ჩატარება იყო ახლად მიღებული კანონის რამდენიმე პუნქტის უგულებელყოფა (დაირღვა უმაღლესი განათლების კანონის 89-ე მუხლის | და მე-11 პუნქტები; 87-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 34-ე მუხლის | და მე-3 პუნქტები...)...

    კატასტროფულად შემცირდა აკადემიური სექტორი: "რეფორმამდე" უნივერსიტეტში აკადემიურ სექტორში იყო 4000-ზე მეტი თანამშრომელი; განათლების მინისტრის უშუალო მოთხოვნით კონკურსი გამოცხადდა მხოლოდ 700 საშტატო ერთეულზე; აკადემიური სექტორი შემცირდა თითქმის 5-ჯერ; სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შემცირება შეეხო მხოლოდ 3-4%-ით!.. (ეს იყო მინისტრის, კ. ლომაიას, "შურისძიება" უნივერსიტეტისადმი; ამიტომაც მიგვაჩნია, რომ თბილისის სახ. უნივერსიტეტის მდგომარეობა და მომავალი სხვა უნივერსიტეტებთან საერთო კონტექსტში არ უნდა იქნეს განხილული...).

    ამ კონკურსების შედეგად გაუქმდა ტრადიციული დარგები, გაქრა სპეციალობები... კონკრეტული მაგალითი: 2006 წლამდე ფიზიკის ფაკულტეტზე 112 პროფესორ-მასწავლებელი იყო; კონკურსი გამოცხადდა 23 ადგილზე; ეს რომ გაუთვლელი შემცირება იყო, იქიდანაც ჩანს, რომ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო გახდა დამატებით 100 მასწავლებლის მოწვევა.

    მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება... ესეც არის უდიდესი დანაშაული ქართული განათლებისა და მეცნიერების წინაშე...

    2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტში მოიყვანეს გ. ხუბუა და მის "მოღვაწეობასთან" არის დაკავშირებული უნივერსიტეტზე განხორციელებული ძალადობისა და შეურაცხყოფის არნახული მაგალითები...

    როგორც ითქვა, "რეფორმის" დასაწყისშივე სამინისტროს მითითებით შეაჩერეს თსუ-ს დიდი საბჭოს ფუნქციონირება; გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა რექტორი (რა თქმა უნდა, მინისტრის კარნახით)...

    ჩვენი ძალისხმევით, 2006 წლის აპრილში განაახლა მუშაობა უკანონოდ დათხოვნილმა დიდმა საბჭომ; საბჭოს თავმჯდომარედ ავირჩიეთ აწ განსვენებული აკადემიკოსი თენგიზ სანაძე და განვაგრძეთ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ.

    პროფესორ-მასწავლებლების მთავარი მოთხოვნა იყო - "რეფორმა მოექცეს კანონის ფარგლებში". ამ მოთხოვნას გ. ხუბუამ პოლიცია დაუპირისპირა: 2006 წლის 19 და 20 ივნისს მან პოლიცია შემოიყვანა უნივერსიტეტში და დარბაზში მსხდომი პროფესორები ხელგადაგრეხილები გაიყვანეს უნივერსიტეტიდან...

    ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა 2006 წლის 3 ივლისს გ. ხუბუას მოქმედებამ: უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ხელისუფლების მიერ დანიშნულ გ. ხუბუას და მოსთხოვა, დაეტოვებინა თანამდებობა. ისევ პოლიცია შემოიყვანეს უნივერსიტეტში და რექტორის კაბინეტში სასაუბროდ შესული პროფესურა იძულებით გამორეკეს გარეთ.

    პროფესურამ სააქტო დარბაზში გადაინაცვლა. აქ მოხდა ადამიანის უფლებების არნახული დარღვევა: პოლიციის მეშვეობით ჩაკეტეს ყველა კარი (გასასვლელი წყლისაკენ, ტუალეტებისაკენ; ამოქოლეს კარ-ფანჯრები; არავის აძლევდნენ საშუალებას, გარედან მიეწოდებინათ წყალი, საჭმელი. სააქტო დარბაზში შეკრებილებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ერთი დღე-ღამის განმავლობაში... ამის შესახებ უამრავი მასალაა იმჟამინდელ პრესაში, ტელეარქივებში)...

    3 ივლისს შემოყვანილი პოლიცია უნივერსიტეტში დატოვეს თითქმის ორი თვე და ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში პოლიციური რეჟიმი დაამყარეს; პოლიციას სიები გადაეცა "რეფორმასთან" დაპირისპირებული პროფესორებისა და მათ აეკრძალათ უნივერსიტეტში შესვლა...

    მკითხველებს ვთხოვთ, ყურადღება მიაქციონ: მსგავსი რამ მხოლოდ 1939 წელს მოხდა, როცა ფაშისტებმა კრაკოვის უნივერსიტეტიდან გარეკეს პროფესორები... ისიც გავიხსენოთ: 2007 წლის იანვარში ათენის ქუჩებში სტუდენტების მასობრივი გამოსვლები იყო. პოლიციისაგან შევიწროებულმა სტუდენტობამ უნივერსიტეტის ეზოს შეაფარა თავი და პოლიციამ იქ შესვლა არ იკადრა! და რაც მთავარია, უნივერსიტეტის ეზოში შესვლა ვერ გაბედეს 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა!..

    სიტყვიერი დაპირისპირებისათვის გ. ხუბუამ რექტორად მოსვლის პირველივე დღეებში დააჭერინა და საპატიმროში ჩაასმევინა განსხვავებული აზრის მქონე პროფ. გ. შარაძე.

    გ. ხუბუას მოთხოვნით საუნივერსიტეტო მოძრაობის ინიციატორები ატარეს პროკურატურაში, როგორც დამნაშავეები; შემდეგ 9 მათგანი გაასამართლეს "წვრილმანი ხულიგნობის" მუხლით (სარჩელი ამჟამად სტრასბურგის სასამართლოშია; განხილვის ეტაპი დასრულდა, ველოდებით გადაწყვეტილებას)...

    არაერთგზის დაიწერა იმ ფინანსურ კანონდარღვევებზეც, რაც თსუ-ში ხდებოდა "რეფორმის" პერიოდში (იხ. მაგალითად, გაზეთი "ქრონიკა" # 39, 2006 წ.); სახელმწიფო ქონების მართვის არაეფექტიანობაზე; სამართლებრივი შეფასება არ მისცემია თუნდაც იმ ფაქტებს, რის გამოც გაუშვეს უნივერსიტეტიდან გ. ხუბუა (მოპარული უნიკალური წიგნები; არასწორად ჩატარებული ტენდერები და ა.შ.); ცალკე თემაა ამ პერიოდში გამოვლენილი ნეპოტიზმის შემთხვევები; არასწორი დანიშვნა; კანონდარღვევით ჩატარებული და გაყალბებული კონკურსები (2006, 2009, 2012 წლებში; არსებობს სასამართლოზე აღიარებული ფაქტები); გახმაურებული ამბავი უკანონოდ გაცემული დიპლომებისა... და სხვა... და სხვა...

    აქ ყოველივეს ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, არ მოხერხდება. გავხაზავთ: თითქმის ყველა უკანონობაზე საუნივერსიტეტო საზოგადოება ახდენდა სამართლებრივ რეაქციას: მომზადდა არაერთი სარჩელი, რომლებიც განიხილეს საქალაქო, სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოებმა; სარჩელების უმრავლესობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სამ საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს... ამჟამად რამდენიმე საქმეს პროკურატურა იძიებს...

    საგაზეთო წერილისათვის, ვფიქრობთ, საკმარისია... ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იცის გ. ხუბუამ (და ცქიტიშვილმა), მაგრამ თავის გადარჩენის მიზნით უკადრებელს კადრულობს... ვფიქრობთ, ხუბუამ ცქიტიშვილის გაცოცხლებით თავი კიდევ უფრო შეირცხვინა...

    ისტორიამ განმეორება იცისო: ხუბუა-ცქიტიშვილისნაირთა მცდელობის მიუხედავად, აღდგება უნივერსიტეტი!..

    და ერთი კითხვაც გვაქვს: ნეტა რის საფასურად გაყიდა სინდისი ა. ცქიტიშვილმა?..

    პროფესორები:

    აველინა დავითულიანი გიორგი გოგოლაშვილი ავთანდილ არაბული გიორგი მახარაძე

    ჯემალ მებონია

    გრანი ქავთარია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    თსუ-ს თანამშრომელი   (14.01.2014)
    გარდა იმ საკითხებისა, რაც ჩამოთვლილია, უამრავ დარღვევებს ჰქონდა ადგილი კონკურსების დროს. კონკურსში გასული ზოგიერთი პროფესორის დავდაუზოგავი შრომით ( იმ პერიოდში, როდესაც არც ტრანსპორტი და არც სინათლე და ა.შ. არ იყო) შენარჩუნებულ იქნა თსუ-ს სახე, მაგრამ ასეთი პროფესურა ზოგი ჩამოქვეითებულია და ზოგიც გზადაგზა გაისტუმრეს თსუ-დან. ხუბუასთან ვერ შეაღწევდი, თუ ნაცების წარმომადგენელი არ იყავი. დღეს ფაკულტეტებს ( რომლის დეკანებიც უსინდისოდ არიან არჩეულები) ნაცების ხელდასმული დეკანები და მათი თანაშემწეები განაგებენ, რომლებთანაც ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან მაგრად არიან შეკრულები დეპარტამენტის (მიმართულებების) თავმჯდომარეები (დანიშნულები და არა არჩეულებ, რომლებიც ყველაფერზე ეთანხმებიან და ვერ ბედავენ წინააღმდეგობის გაწევას. მათ ყველაფერი კარგად აქვთ, მიაღწიეს მაქსიმუმს და არ ანაღვლებთ არავინ. ეს ყველაფერი მისახედია. ღმერთმა გამოგვიგზავნა ბატონი ლადო და ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენოთ და დავეხმაროთ სასიკეთო და კანონიერი გარდაქმნის ჩატარებაში.

    თსუ–ს გულშემატკივარი!!!!   (14.01.2014)
    აბსოლუტური ჭეშმარიტებააა!!! მინდა დავამატო – უნივერსიტეტში ხუბუას მმართველობის დროს წაიშალა უნივერსიტეტში მომსახურე პერსონალის სახე, ნიადაგი გაუმყარდა ყველა ისეთ საშინელ ქმედებებს, რომელიც სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იყო უნივერსიტეტის ღირსებისათვის, ამოტივტივდა ისეთები, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდა და არ ანაღვლებდა უნივერსიტეტი და მისი სახელი. დაიკარგა ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა. გზა გაეხსნა ჩამშვებებს, ხუბუასთვის მხოლოდ ისეთები იყვნენ მისაღებნი ვინც მასთან უსამართლოდ დაასმენდნენ ამა თუ იმ ღირსეულ პიროვნებას, თავიდან მოშორების მოტივით და შედეგიც არ აყოვნებდა. იყო საშინელი დაძაბულობა, დაინგრა და განადგურდა ურთიერთობაში ნდობა. და როდესაც "პატივცემული" ხუბუა წიგნების ქურდობის გამო გააბუნძულეს, უნივერსიტეტმა შვებით ამოისუნთქა და არ მოიძებნება უნივერსიტეტში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც გული დაწყვიტა ამ ამბავმა. ყველამ ძალიან გაიხარა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×