სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    05.08.2013

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

    საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს

    გაზეთ "ასავალ-დასავალის" 1 ივლისს (#26) გამოქვეყნდა თამაზ წივწივაძის წერილი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს სთხოვს მსოფლიო ჩემპიონს ნოდარ ბალავაძეს დაუბრუნონ სააკაშვილის რეჟიმის მიერ წართმეული მამულები.

    ცნობილი ფალავნის მსგავსად, ახალი ხელისუფლებისგან ათასობით მოქალაქე 2012 წლის ოქტომბრიდან ელოდება სამართლიანობის აღდგენას სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით.

    ფაქტია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წლებში საქართველოს მოსახლეობის საერთო სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება განუკითხავად იქნა გასხვისებული და გლეხკაცის სიცოცხლის ფასად შენარჩუნებული ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის მნიშვნელოვანი ნაწილიც მაღალჩინოსან თაღლითთა ხელში აღმოჩნდა.

    ცნობილია, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის კორუმპირებულმა და უზნეო ხელისუფლებამ სავარგულების დიდი ნაწილი ჯერ თავად მიიტაცა, შემდგომ კი უცხოტომელებს ჩალის ფასად დაუთმო (უდიდესი ნაწილი "პრივატიზაციის" მანკიერი მექანიზმის გამოყენებით). ბოლოს, მაღალჩინოსნები იმდენად გათავხედდნენ, რომ მიწა სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) "პირდაპირი მიყიდვის წესით" დაისაკუთრეს და სასაზღვრო ზონაშიც გაასხვისეს...

    არადა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა-აღორძინების ერთადერთი მყარი საწინდარია. ამდენად, უპრიანი იქნებოდა ბატონ თამაზ წივწივაძეს და სხვა ღირსეულ მამულიშვილებს თავიდანვე ებრძოლათ მიწის გასხვისების წინააღმდეგ, ხოლო დღევანდელი ხელისუფლებისაგან, უპირველეს ყოვლისა მოეთხოვათ დაუბრუნონ საქართველოს მოქალაქეებს მშობლიური ქართული მიწა!

    იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს და ქვეყანა ნაწილებად არ დაიშალოს (იუგოსლავიასავით!), უკიდურეს აუცილებლობად მიგვაჩნია, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში უგუნურად გასხვისებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ტყის მასივები.

    თუ შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწა და საკარმიდამო ნაკვეთები დარჩება კერძო საკუთრებაში, ხოლო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფოს ან თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) საკუთრებაში იქნება და დროებით სარგებლობაში (იჯარით) მხოლოდ ის მიიღებს, ვინც მის მოვლასა და დამუშავებას უკეთესად შეძლებს, დარწმუნებული ვართ, მიწის ნაციონალიზაციით უკმაყოფილო არც ის დაზარალებულები დარჩებიან, რომლებმაც უძრავი ქონების დასაბრუნებლად ახალ ხელისუფლებას უკვე მიმართეს საჩივრებით.

    ამასთან, აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის, როგორც განხორციელებული პრივატიზაციის კამპანიას, ასევე საჩივრებს და მათ, ვისაც ქონება კანონიერი გზით ექნებათ შეძენილი და ფინანსების ლეგალურობასაც დაასაბუთებენ, სახელმწიფო სამართლიან კომპენსაციას გადაუხდის ან თანაზომიერი ოდენობის საწარმოების აქციებს გადასცემს.

    საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმულია, რომ "სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია" (მუხლი 2.2), ხოლო "ადამიანის ღირსება ხელშეუვალია" (მუხლი 17.1). საქართველოს სოფლების აღორძინების ფონდი მიიჩნევს, რომ ქართული მიწა, ტყეც და წყალიც ქართველი კაცის ღირსებასავით ხელშეუვალი უნდა იყოს და მისი გასხვისება კატეგორიულად უნდა იკრძალებოდეს.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

    1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, ტყის მასივებისა და წყლის რესურსების გასხვისება;

    2. განხორციელდეს მიწის ნაციონალიზაცია;

    3. მიწის ნაკვეთები მართვაში გადაეცეთ შესაბამისი ქალაქებისა ან რაიონების თვითმმართველობებს (მუნიციპალიტეტებს) ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებში საერთო სარგებლობის წესით გამოსაყენებლად;

    4. ნაციონალიზაციის ცივილიზებულ ფარგლებში ჩასატარებლად დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში საქართველოში განხორციელებული პრივატიზაციის კამპანიას, აგრეთვე უზრუნველყოფს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევას და დაზარალებულებზე სამართლიანი კომპენსაციის გაცემას.

    ელენე კახნიაშვილი

    საქართველოს სოფლების აღორძინების ფონდის თავმჯდომარე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×