სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    05.08.2013

    ვაჟა კიკნაძე

    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

    გაზეთ "რეზონანსის" 2013 წლის 24 ივნისის ნომერში ასეთი სათაური ამოვიკითხეთ: "როგორ ირჩევდნენ აკადემიურ თანამდებობებზე თსუ-ში: 2009 წელს ჩატარებული ერთი კონკურსის დეტალები". ეს სათაური, გამოტანილია გაზეთის პირველ გვერდზეც (ავტორი, ჟურნალისტი ნინო ნაცვალაძე).

    სტატიის მიხედვით, გამოდის, რომ "უცხოური სტიპენდიის მფლობელი", ბატონი თევდორე (თედო) დუნდუა 2009 წელს უსამართლოდ დაიჩაგრა და როგორ "დაიხვეწა" და "გამოსწორდა" პროფესორთა არჩევნების პროცესი ამჟამად.

    რადგან ამ ინტერვიუში, მე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე, პერსონალურად ვარ დასახელებული, აუცილებლად მივიჩნევ სიმართლის დასადგენად მივმართო რედაქციას.

    უპირველესად ყოვლისა, სტატიიდან ვიგებთ, რომ 2009 წლის კონკურსში, თურმე, ბ-ნი დუნდუა იმით მჯობდა, რომ მე: "ორ ეროვნულ გრანტში მქონდა მონაწილეობა მიღებული," მას კი, სამი ეროვნული გრანტი და ერთი "უცხოური (?) სტიპენდიაც ჰქონდა." ჯერ ერთი, მე ვაჟა კიკნაძეს მონაწილეობა კი არ "მქონდა მიღებული", არამედ, იმ დროისთვის, ორი ეროვნული გრანტის მონაწილე - შემსრულებელი ვიყავი. ამასთანავე, ნუთუ ეს ფაქტორია გადამწყვეტი კონკურსში გამარჯვებისათვის? სამეცნიერო წრეებისათვის კარგადაა ცნობილი, რა საოცარ, "ჯადოსნურ" ჯებირებს აწყდება ყოველი გრანტის მაძიებელი საქართველოში, მაგრამ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

    რადგან ბატონმა დუნდუამ ასე რიხიანად წამოჭრა ეს საკითხი, დაბეჯითებით მინდა გავარკვიოთ კონკრეტულად რა "უცხოურ სტიპენდიაზეა" აქ საუბარი და რაში დაიმსახურა იგი ღრმადპატივცემულმა პროფესორმა (თუ მისი შრომების სტილსა და ხარისხსაც გავითვალისწინებთ). ამასთან, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მაშინდელი კონკურსის შედეგები (მათ შორის კონკურსანტის მონაცემები) თავისუფლად გაიცემოდა თსუ კანცელარიიდან (ისინი მოუპოვებია და დღემდე შეუნახავს თვით ბ-ნ თედოს). 2012 წ. ივლის-აგვისტოში ჩატარებული კონკურსების შესახებ კი, როდესაც ბ-ნ დუნდუას სიტყვით: "არსებობდა ნორმალური კომისია, რომელმაც ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღო" (?!), ვერაფრით მიიღებთ სრულ ინფორმაციას, კონკურსის საკუთარი შედეგების, არათუ მოწინააღმდეგის შესახებ! (ამაზე მეტყველებს პირადად ჩემი უამრავი მიმართვა თსუ კანცელარიისადმი).

    გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ ბ-ნი თედო, 2009 წელსაც და დღესაც, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო და არის, და რბილად რომ ვთქვათ, უხვად სარგებლობს ადმინისტრაციული რესურსით (რბილად რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ სარგებლობს კი არა, მთლიანად შიგ არის ჩაძირულ-ჩაფლული).

    ის, რომ 2012 წლის ივლის-აგვისტოში და 2013 წლის დასაწყისში ჩატარებული კონკურსები, თითქმის მთლიანად ბ-ნი თედოს ძმაკაც-მეგობრებით და "კლიენტებით" (როგორც თვით უწოდებს ძველი რომის მოკავშირე ქვეყნებს) იყო დაკომპლექტებული, ეს უნივერსიტეტში, შემთხვევით შერბენილმა პირმაც კი იცის (გამონაკლისია თვით ბ-ნი რექტორი, ალ. კვიტაშვილი, რომელიც წაყრუებისა და საქმის მიშვების დიდოსტატია).

    ეს რომ ცარიელი სიტყვები არ არის, ამას მოწმობს ის განცხადებაც, რომელიც მე სასწრაფოდ, კონკურსის მიმდინარეობისას დავწერე და ბ-ნ კვიტაშვილს ვაახლე (07.08.2012). გავეცნოთ ამონარიდს განცხადებიდან: "მინდა ღრმა გულისტკივილით აღვნიშნო ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც შექმნილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ში მიმდინარე, პროფესორთა საკონკურსო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობა, გამოირჩევა არაპროფესიონალიზმით და ხაზგასმული არაობიექტურობით. კონკურსანტებთან მათი დამოკიდებულება წინასწარ განსაზღვრულია. ასეთი პოზიციიდან აფასებენ ისინი ყველა იმ პროფესორს, ვინც უნივერსიტეტის სახეს წარმოადგენს (მაგალითად: პროფ. ბეჟან ჯავახია, პროფ. ეკა ავალიანი, პროფ. ვაჟა კიკნაძე და ა.შ.)"...

    და მართლაც, ამ "ნორმალურმა კომისიამ, რომელმაც ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიიღო," ბ-თედოს დიდი ხნის ოცნება აუსრულა (ამ "ოცნება-მუქარას" იგი საჯაროდ, არაერთხელ გამოთქვამდა) და უნივერსიტეტის მიღმა დატოვა სამივე ეს პროფესორი! მათ მიყვნენ ისინიც, ვინც ასე თუ ისე ბ-ნ თედოს "დირექტივები" ზუსტად ვერ შეასრულა; მაგალითად, პროფ. ბუბა კუდავა და ანდრო გოგოლაძე. ამიტომაა, რომ დღემდე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, სადაც ამ "ჯანსაღ გადაწყვეტილებებს" იხილავენ.

    რაც შემეხება პირადად მე, მივმართე არა სასამართლოს, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (26.12.2012). ამ განცხადება-განმარტებაში ვწერდი, რომ 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული, აშკარად არაობიექტური კონკურსის და გადაწყვეტილებების შემდგომში თავიდან ასაცილებლად მიეღოთ ზომები და ახალი საკონკურსო კომისიის შედგენა თვითონ აეღოთ თავზე და არ მიენდოთ ის კვლავაც ბ-ნ თედოს "ჯანსაღი კომისიისათვის" (მართლაც, მეორე კომისია პირველზე ბევრად უარესი გამოდგა).

    პირადად ჩემზე ვწერდი, რომ გარდა იმისა, რომ ვითხოვდი გაეთვალისწინებინათ, ჩემი მონაწილეობა უამრავ საერთაშორისო კონფერენციაში და კონგრესში (პოლონეთი, შვედეთში, ორჯერ იაპონიაში, ორჯერ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ.), ჩემი წიგნი, პირობითი სათაურით "საქართველოს ისტორია ყ|ქ ს-ში" მოწონებული იქნა და დღე-დღეზე უნდა დასტამბულიყო აშშ-ში, პრესტიჟული აკადემიური გამომცემლობის - "ედვინ მელენ პრესის" მიერ (წიგნი მართლაც, გამოიცა 2013 წლის დასაწყისში და გამომცემლობის პრიზიც დაიმსახურა მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. წიგნის პრეზენტაცია შედგა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2013 წლის 21 მარტს).

    ამას გარდა, განცხადებაში აღვნიშნავდი, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ბრ. კომაროვსკის 2012 წლის 12 თებერვლის ბრძანებულებით, დაჯილდოებული ვიყავი პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - ოფიცრის საპატიო ჯვრის ორდენით. სამწუხაროდ, ამ განცხადებას არსაიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია...

    ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ბ-ნ თედოს შრომებს და მათ სამეცნიერო ღირებულებას. უპირველესად, ყურადღებას იქცევს მისი სადოქტორო დისერტაციის სათაური: "ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი (? ვ.კ.), ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, ძვ.წ. ქ|-1453 წ." ვინც ბატონ დუნდუას სტილი და კვლევის მანერა იცის, უკვე სათაური მეტად მრავლისმეტყველია და ამჯერად, სიტყვას აღარ გავაგრძელებ (თუ საჭირო გახდა, ამ შრომასაც და სხვებსაც, უფრო დაწვრილებით განვიხილავ).

    ბ-ნ თედოს შრომების დიდი ნაწილი ერთფურცლიანია (დიახ, ერთი არასრულფურცლიანი!), მაგრამ მთავარია, რა წერია იმ ფურცელზე. სამაგალითოდ, ავიღოთ 1996 წ. ცალკე წიგნად გამოცემული "ციკლური დიალექტიკა, სახვითი ხელოვნება და თემის კატეგორია" (მეუღლესთან, ნ. სილაგაძესთან თანაავტორობით). ამ "გამოკვლევაში" ვკითხულობთ: "...ანარქიული კომუნიზმი (კომუნიზმის || ციკლი) ბაროკოს დასასრულია. სქემა ასეთია: |. პრიმიტიული კომუნიზმი (| ციკლი) - რეალიზმი, ბაროკო..." და ბოლოს, ფურცლის მეორე მხარეს: "ქ|. კომუნიზმის || ციკლი - სუბსტანციური ექსპრესიონიზმი, რეალიზმი." (?!) (გვ. 3-4). სულ ეს არის! თუ არ ჩავთვლით პუნქტ |||-დან ქ-მდე ასეთივე აბსურდულ ტექსტს, ყოველგვარი განმარტებებისა და ახსნის გარეშე! შემდეგ, ამას მოსდევს იგივე ტექსტი ინგლისურად, რუსულად და გერმანულად (გვ. 5-10). ამის შემდეგ კი, "წიგნს" დართული აქვს ე.წ. ტაბულები (გვ. 12-47). ეს ტაბულები ისეთივე, მე ვიტყოდი, რეი ბრედბერის სტილისაა, როგორიც ძირითადი ტექსტი (მაგ.: პირველი ტაბულის წარწერა: "რეალიზმი. ეგვიპტე. პტოლემაიოსების პროტოკაპიტალისტური ნატურალისტური ანთროპომორფიზმი" (გვ. 12).

    და ასეთი, არაერთი გამოკვლევის ავტორი, საუბრობს არაობიექტურ კონკურსებზე?

    ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ღრმა რწმენით, სამწუხაროდ, 2012 და 2013 წლების თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარებული "კონკურსები" ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს წარმოადგენს თსუ-ს ისტორიაში; შესაძლოა, იმიტომაც, რომ რექტორმა საერთოდ ვერ შეძლო გამოეჩინა აკადემიური არბიტრის როლი.

    დასასრულს: ასეთი უსაზღვრო დემაგოგიით, რა მაგალითს ვაძლევთ სტუდენტებს, მათ ხომ კარგად იციან ყველა ლექტორის ნამდვილი ფასი?

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გოგა   (18.08.2013)
    მართლა ფიქრობთ, რომ შერცხვებათ ახლა დუნდუას, ან კიდევ კვიტაშვილს. ასე იყო და ასეც გაგრძელდება მომავალში. ამჯერად დუნდუას ევალება დასმენა და ასეც ასრულებს. ერთმა ჭკვიანმა კაცამ თქვა 30-იანი წლების თეატრალურ წრეში დაპირისპირებაზე, უბრალოდ გაუმართლათ იმათ, ვინც ბერიას მოსწონდაო. სანამ საზოგადოება ძველ ნომენკლატურას არ შეცვლის, სანამ ადამიანების აზროვნებაში პროფესორზე მეტი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობას, ამ უნივერსიტეტის არსებობასაც მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ქართული მეცნიერების განვითარებისათვის კადრები უცხეთსიც მომზადდებიან, როგორც ეს იყო 20-იან წლებში. და ტყუილად არ მოგვიწევს მოზვრის კისერა კვიტაშვილის რჩენა და არც დუნდუას და თვალთვაძეს არავინ გადაუხდის ფულს დასმენებში


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×