სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    10.08.2013

    |. მედვედევი ამბობს, რომ:

    ა). 2008 წლის ომი "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ დაიწყო საქართველომ.

    ბ). რომ ქართველმა მემშვიდობეებმა დაცხრილეს რუსი მემშვიდობეები.

    გ). რომ ქართველმა შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს რუსეთის მოქალაქე ოსები. ამით იგი ქართულ მხარეს მიაწერს დანაშაულებს (სისხლის სამართლისას და სპეციფიკურად სამხედროს).

    საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რუსულ მხარეს ამ ცრუ ბრალდებათა იურიდიული უსაფუძვლობის არგუმენტაციით უპასუხოს.

    რეალური ვითარება შემდეგია: 6-7 აგვისტოს რუსეთმა შემოიყვანა საქართველოში თავისი რეგულარული შეიარაღებული ძალები აქ უკვე არსებულ მემშვიდობეთა დამატებით, დაიკავა საკვანძო პოზიციები და მოახდინა მათზე ძალთა კონცენტრაცია. ამ მანევრით მან დაიწყო და მოიგო ომი საქართველოს წინააღმდეგ (მანევრი ისეთივე ელემენტია ომისა, როგორც ხელჩართული ბრძოლა ან საავიაციო დაბომბვა). ამის შემდეგ მოხდა სააკაშვილის სტიმულირება (ან ე.წ. "წამოგება"), რათა ებრძანა საარტილერიო გასროლა ქ. ცხინვალისკენ, საიდანაც მოსახლეობა ორი კვირით ადრე გამოყვანილი იყო, და ომის კონსტატაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტების გაფორმება.

    სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა ყველა ეს ქმედება. ტალიავინის დასკვნა, რომ მისმა "ფაქტების დამდგენმა" კომისიამ "ვერ დაადგინა რუსული ჯარების 6-7 აგვისტოს გადაადგილების ფაქტი", არის ყალბი მისი ტენდენციურობის გამო და ზერელე იმ მხრივ, რომ მასში არ არის წარმოდგენილი ადგილობრივ მოსახლეთა გამოკითხვის მასალები ხსენებული ორი დღის სიტუაციისა და ხდომილებების თაობაზე.

    კომისიის არაობიექტურობა ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ მასში შემავალ იურისტთა შორის, რომლებიც სიტუაციას იკვლევდნენ და კვალიფიკაციას აძლევდნენ, ნახევარი გერმანელია (რაც ზოგადევროპული კომისიისთვის ბუნებრივი შემადგენლობა არ არის). საქართველოს ხელისუფლების შეუვალი მოვალეობაა, ოფიციალურად დააფიქსიროს ტალიავინის კომისიის ნამუშევრის ეს მიუღებელი მხარე.

    ||. მედვედევი ამბობს, რომ წლების განმავლობაში საქართველო ცუდად ექცეოდა ოსებს და აფხაზებს, რის გამოც მოხდა დაპირისპირება ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, და ადანაშაულებს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავის არგუმენტთა არსენალში მუდმივ ჰქონდეს იმ ფაქტების კონსტატაცია, რომ:

    ა). ცნება "ოსეთი" კავკასიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორიისათვის შეთხზულია რუსების მიერ (1802 წ.).

    ბ). ოსი მოსახლეობა კავკასიონის სამხრეთით (გარდა ყქ|| საუკუნის მეორე ნახევარში დასახლებული ასიოდე ოსური ოჯახისა ჯავაში, რომელიც, დოკუმენტის სიტყვით, "გაუკაცურდა ოვსთაგან", ანუ ოსების თავდასხმის შედეგად გაუკაცურდა, ამავე საუკუნის დასაწყისში, სპარსეთთან და თურქეთთან წარმოებული ომების უკიდურესი გამწვავების დროს) შემოყვანილია რუსების ბატონობის დროს და მათი ხელშეწყობით.

    გ). გეოგრაფიული ერთეული "სამხრეთ ოსეთის აო" შექმნილია რუსული ბოლშევიკური პარტიის ჯერ კავბიუროს გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ ამავე პარტიის ცკ-ს დადგენილებით 1920 წელს, ანუ საქართველოს მეორე ანექსიამდე, და ეს გადაწყვეტილება რეალიზებულია გასაბჭოების შემდეგ 1922 წელს.

    დ) რომ ამ გამოგონილ ხელოვნურ ერთეულს არ უარსებია არც ერთი საათი იქ რეგულარული რუსული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე და რომ ამ პირობებშია დაწყებული და განხორციელებულია ცხინვალში მოსახლეობის მიერ რუსული მოქალაქეობის მიღების სამართალსაწინააღმდეგო კამპანია.

    ე). რომ რუსი მემშვიდობეები, რუსეთის ინტერესთა გამტარებელ შევარდნაძის მიერ საქართველოში მოწვეულები, 1991 წლიდან 2008 წლამდე სხვას არაფერს აკეთებდნენ ჯერ ოსი პარამილიტარების, ხოლო შემდეგ სეპარატისტი "ხელისუფლების" ძალთა შეიარაღებისა, გაწვრთნისა და საბრძოლო მოქმედებაში ქართული ჯერ მილიციის, ხოლო შემდეგ პოლიციის წინააღმდეგ დახმარების გარდა.

    ვ). რომ 2008 წლის რუსულ-ქართულ ომს წინ უსწრებდა ორკვირიანი საარტილერიო დაბომბვა ქართული სოფლებისა ოსების სახელით, მაგრამ რუსული რეგულარული ნაწილების მიერ;

    ზ). რომ 1980-იანი წლების დამლევს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საპასუხო რუსული ინიციატივა (და არა ოსი მოსახლეობისა) იყო ცხინვალში და მის შემოგარენში ოსური "სეპარატისტული" მოძრაობის ორგანიზება და რამდენიმე წლის მანძილზე ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩატარება, რომელმაც ჯერ ცხინვალში ინკორპორირებული ქართული სოფლები მამისაანთუბანი და გუჯაბაური მოსპო, ხოლო შემდეგ - მრავალი სხვა ქართული სოფელი.

    თ). რომ "სამხრეთ ოსეთი" ისტორიული და გეოგრაფიული სიყალბეა, რომელიც მხოლოდ რუსეთის ხიშტზე დგას, ქართველ და ოს მოსახლეობას შორის ტრაგიკული სისხლიანი დაპირისპირების რეზულტატით.

    ი). რომ ეს რუსების მიერ შეთხზული და შექმნილი გეოგრაფიული ერთეული - "სამხრეთ ოსეთის აო" გაუქმებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით.

    კ). რომ ოსების სპეციფიკური ეროვნული და ეთნიკური ინტერესების მომსახურებას საქართველოში სჭირდება არა "სამხრეთ ოსეთის" არსებობა, არამედ დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და ფუნქციური ავტონომიის (ანუ მთელ საქართველოში გაბნეული ოსური მოსახლეობის მომცველ ორგანიზაციათა სისტემის) განვითარება, კულტურულის ჩათვლით.

    |||. მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე იყო რუსეთის ხელისუფლების მოვალეობა მეზობელ ქვეყანაში თავისი მოქალაქეების დაცვისა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უპასუხოს მას და განუმარტოს მსოფლიოს, რომ არანაირი უფლება და არანაირი მოვალეობა საქართველოს ფარგლებში ომისა რუსეთს არა აქვს და ვერ ექნება.

    სუვერენულ ქვეყანაში შეიარაღებული ჩარევა ადამიანის უფლებათა დაცვის მოტივით დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებით და შემოზღუდული მანდატით. არანაირ პირობებში, გარდა ხელისუფლების მიერ მოსახლეობის პირდაპირი გენოციდის კონსტატაციისა, სუვერენულ სახელმწიფოში შეიარაღებული მოქმედების უფლება არ არსებობს, ხოლო უფლება მეზობელი სახელმწიფოს ერთპიროვნული ტერიტორიული დაშლისა არ არსებობს არც ამ პირობით.

    მედვედევმა ფაქტობრივად გათქვა მოქმედების მოტივაცია თავისი იმპერიალისტური ქვეყნისა, რომელმაც საუკუნეზე მეტის მანძილზე ამზადა საქართველოში ოსური მოსახლეობის შემოყვანა და მასში სეპარატიზმის გაღვივება იმ მიზნით, რომ ბოლოს მისი ანკლავი შეექმნა (ისიც - 30% ავტოხთონური ქართველი მოსახლეობით), რათა მომავალში მისი საქართველოსაგან "დამოუკიდებლობა" ეცნო.

    საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია რუსეთს განუცხადოს და მსოფლიოს განუმარტოს, რომ რუსეთის ამ სახელმწიფოებრივი დივერსიის დაშვება, როგორც პრეცედენტისა, ფეთქებადია მსოფლიოსათვის. სახელდობრ, თუ რომელიმე სახელმწიფოს რომელსამე ნაწილში დემოგრაფიული დინამიკა, ამ რიცხვში - ახალი მოსახლეობის შემოსახლების შედეგად ახალი უმრავლესობის გაჩენაც ჩაითვლება საკმარის საფუძვლად ამ ტერიტორიის სტატუსის გადასინჯვისათვის და ამ ტერიტორიისთვის ახალი სახელის დარქმევისთვის, ეს იქნება მიზეზი ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისა ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე და, ამგვარად, გარდუვალი ცდუნებისა ეთნიკური წმენდისა და გენოციდისათვის ყველა კონტინენტზე.

    გარდა ამისა, ისევ და ისევ პოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რუსეთს და მსოფლიოს თანმიმდევრულად შეახსენოს ხოლმე ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფაქტი, რომ ქართველი ერი თავის მთელ ტერიტორიაზე ავტოხთონური და უწყვეტად მოსახლე ერია ისტორიის დასაბამიდან დღემდე, რის გამოც არანაირი ანალოგია არ არსებობს ერთის მხრივ ქართულ-ოსურ ან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას, ხოლო მეორეს მხრივ, რუსულ-ჩეჩნურ და ზოგადად, რუსულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობას შორის: ჩეჩენი ხალხი თავის დღევანდელ მიწაზე ცხოვრობს ისტორიის დასაბამიდან, ხოლო ჩეჩნეთის შესვლას (ცეცხლითა და მახვილით შეყვანას) რუსეთის შემადგენლობაში თავისი ზუსტად ცნობილი ისტორიული თარიღი აქვს.

    რუსულ-ჩრდილოკავკასიური ურთიერთობები დარეგულირებას ექვემდებარება დედამიწაზე კოლონიალიზმის ნაშთთა აღმოფხვრის საკაცობრიო ამოცანის კონტექსტში, ხოლო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები - სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და მის შიგნით ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების ადექვატური რეალიზაციის ამოცანის კონტექსტში (რაშიც საქართველოს და ქართველ ერს, ისტორიულად და დღეს, ჰუმანიზმისა და ბუნებრივი ტოლერანტობის უმდიდრესი ისტორია აქვს).

    |ქ. რას ისახავს მიზნად მედვედევის ინტერვიუები?

    ქართველი ჟურნალისტის კითხვას: "რა არის თქვენი 2008 წლის შეიარაღებული ჩარევის მიზეზი: ოსების დაცვა, თუ საქართველოს ნატოში შესვლის შეფერხება?" მედვედევი ვერ აძლევს გარკვეულ პასუხს, რადგან თუ უთხრა "ორივე", მაშინ საფუძველი ჩნდება შემდეგი კითხვისათვის: თუ ნატოს შემოსვლა კავკასიაში თქვენთვის მიუღებელია, მაშინ რატომ დაემთხვა თქვენი მოქმედება ცხინვალში ვითარების გამწვავებას?", რაც ტოლძალია ეჭვის გამოთქმისა "ალბათ, ოსების დაცვა იმიტომ მოიგონეთ, რომ საქართველოს ნატოსკენ გაშვება არ გინდათ";

    მედვედევის განცხადება "საქართველოდან ჯარების გაყვანის პირობა არ დაგვირღვევია: აფხაზეთი და ოსეთი საქართველო აღარ არის" ლოგიკის თვალსაზრისით სოფიზმია, ხოლო პოლიტიკისა და სამართლის თვალსაზრისით - ცინიზმი; აბსურდულია მედვედევის პასუხი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე მავთულხლართების გადმოწევის კამპანიის შესახებ. იგი ამბობს "ეს ოსების კომპეტენციაა და არა ჩვენი". გამოდის, რომ რუსეთი შეიარაღებული ძალით ეხმარება ერთ სუვერენულ ქვეყანას (ასეთად მიაჩნია მას "სამრეთ ოსეთი") ტერიტორიის განვრცობას მეორე სუვერენული სახელმწიფოს ხარჯზე.

    საკითხავია, რატომ მიდის მედვედევი ამ ინტერვიუზე, რომელიც მსოფლიოს თვალში ღიად ამხელს მისი პოლიტიკის ტლუ იმპერიალისტურ ბუნებას? პასუხია: ეს ინტერვიუები გათვლილია არა მსოფლიოსთვის, არამედ რუსეთის ქართული აგენტურისათვის. მათი მიზანია ამ აგენტურისთვის ხელშეწყობა საქართველოში "კონფედერაციის" პროექტის, ანუ პრიმაკოვის გეგმის გატანაში: სახელშეკრულებო სახელმწიფოს შექმნაში საქართველოს, "დამოუკიდებელი" აფხაზეთის და "დამოუკიდებელი" "სამხრეთ ოსეთის" შემადგენლობით, რომელიც (ეს სახელმწიფო) განსაზღვრებითვე დაშლადია, როგორც კი ამას რომელიმე ერთი წევრი მოინდომებს.

    ქ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მედვედევის ინტერვიუ ჟურნალისტ ბოიკოსათვის მოიცავს განცხადებას, სააკაშვილის მიერ ომის დაწყებას ივანიშვილიც ადასტურებსო. ანუ: ივანიშვილის სიტყვებს იგი საქართველოს მხრიდან "აღიარებით ჩვენებად" მიიჩნევს. ჩვენ არ ვიცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რა სიტყვებს გულისხმობს მედვედევი. მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ივანიშვილი ყველა შემთხვევაში ვალდებულია ღიად განაცხადოს, რომ მისი არც ერთი ნათქვამი ამ აზრს არ შეიცავს.

    ქ|. აღნიშნულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას მართებს შეგნება იმისა, რომ რუსეთი თავის ზრახვაზე - რომ საქართველოს დანაწევრება საბოლოოდ ძალაში დარჩეს - ნებით ხელის ამღები არ არის და რომ, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დამარცხებაზე გადის. ამიტომ საქართველოს ჰმართებს თავისი სათავდაცვო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდა (რათა რუსეთი უცაბედი ნეკის წაკვრით, ანუ მსოფლიოსთვის შეუმჩნევლად ვერ გვერეოდეს), ერთი მხრივ, და რეალისტური ძალისხმევა ნატოში შესვლისთვის, ან ნატოსთან, როგორც მთელთან, ხელშეკრულებაში ყოფნისთვის, ან ნატოს წევრ დიდ ქვეყნებთან (ქვეყანასთან) ორმხრივი სათავდაცვო ხელშეკრულებაში (ხელშეკრულებებში) ყოფნისათვის, მეორე მხრივ.

    ქ||. ვერც ერთი მეტ-ნაკლებად გონივრული თანამედროვე პროგნოზი ვერ მოუხუჭავს თვალს იმ ვითარებას, რომ დეკოლონიზებულ მსოფლიოში რუსული კოლონიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ბარბაროსულ ნაწილს - მის ბატონობას ჩრდილო კავკასიის თავისუფლებისმოყვარე ხალხებზე - ნულოვანი ალბათობა აქვს გაძლებისა, ვთქვათ, 2050 წლამდე, მით უმეტეს - 2100 წლამდე. ამიტომ საქართველო უნდა ირჩევდეს ყველაზე რაციონალურ გეზს, ერთი მხრივ, რეალურად პროგნოზირებად მომავალ ვითარებაზე ორიენტაციით და, მეორე მხრივ, "მომაკვდავი გველეშაპის კუდქვეშ არმოყოლის" პრაგმატული ამოცანის გათვალისწინებით. თქმულიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია მუდმივად და თანმიმდევრულად ლობირებდეს მსოფლიო არენაზე ჩრდილო კავკასიის სამხრეთი ზონის (ანუ კავკასიელ ხალხთა ქვეყნების) დეკოლონიზაციის წმინდა საქმეს.

    ქ|||. წინააღმდეგ პოპულისტური დემაგოგიისა იმის თაობაზე, რომ რუსეთი ჩვენი მარადიული მეზობელია, რომელთანაც კონტაქტს ვერ ავცდებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ცალსახად გაცხადებული ჰქონდეს შინ და გარეთ: რუსეთის საქართველოდან განდევნის წმინდათაწმინდა ამოცანას არანაირი კავშირი არა აქვს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივასთან. ეს არის ერთჯერადი პრაქტიკული ამოცანა, რომლის გადაჭრასაც საქართველომ, თავისი საარსებო ინტერესიდან გამომდინარე, ვალდებულია დღეს დაუქვემდებაროს თავისი ყველა სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლა რეალობის ყველა სფეროში.

    საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა მოწვევათა დეპუტატები:

    თ. გველესიანი

    მ. გიორგაძე

    დ. გოქაძე

    ფ. დიაკონიძე

    ნ. ვეფხვაძე

    ა. იმნაძე

    ნ. ნათაძე

    ა. შუბითიძე

    შ. ჩხაიძე

    მ. ჯიბუტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved