პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაწყებული კონკურსი შესაჩერებელია
რეზონანსი
18.10.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის განცხადებით დაიწყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (იუს) 5 წევრის ასარჩევი კონკურსი. მისასალმებელია, რომ კანდიდატების წარსადგენად ამჯერად უკვე 20 დღეა გამოყოფილი და კონკურსის პირობაც შედარებით უფრო „განჭვრეტადია“, თუმცა, არსებითი ხარვეზების გამო, თავი ვალდებულად ჩავთვალე, კონკურსის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტისთვისაც მიმემართა და საზოგადოებაც ჩამეყენებინა საქმის კურსში. შევეცდები მიზეზები განვმარტო. 

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ უზენაესი კანონის თანახმად, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა კონსტიტუციური ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი, „უზენაესი“ რომ არა...), რომლის წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრა. 

სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორები უკვე დიდი ხანია, ღიად მიგვანიშნებენ სასამართლო ხელისუფლებასა და იუს-თან მიმართებით არსებულ პრობლემებზე, ხოლო ევროკომისიის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „დეოლიგარქიზაციასთან” და „დეპოლარიზაციასთან” ერთად, ფაქტობრივად, იუს რეფორმირებაც უნდა განვახორციელოთ. 

ფაქტია ისიც, რომ 2 წლის წინ პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა (ჩუგოშვილი) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა ურჩია, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მათი არჩევისას დაშვებული შეცდომები. ამასთან, იუს მოსამართლე წევრმაც (შენგელია), ფაქტობრივად, დაადასტურა კულუარული გარიგების არსებობა, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... შემდეგ ყოფილმა პარლამენტარმაც (კობერიძე) ბრძანა, რომ „სასამართლო რეფორმა იუს დაშლით უნდა დაიწყოსო“... 

გამოდის, რომ ქართველი პოლიტიკოსები დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როდესაც თანამდებობას ან/და მმართველ პარტიას ტოვებენ. არადა დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მეოთხე სასამართლო რეფორმის მეოთხე სტადიაზე („ტალღაზე) ვიმყოფებით, თუმცა, არც მოსამართლეებს ვენდობით საკმარისად და არც პარლამენტის მიერ იუს-ში გამწესებულ „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებს“. 

ვინაიდან მეოთხე პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 30 დეკემბერს, ფაქტობრივად, არჩევისთანავე გამოცხადებული იუს ე წევრის შესარჩევი კონკურსი აშკარა კანონდარღვევებით ჩატარდა (რიგითი, მაგრამ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მესვეურის „ახლობელი“ იურისტი იუს არამოსამართლე წევრად, ფაქტობრივად, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე დაინიშნა...), სასამართლოში სარჩელი იქნა შეტანილი, თუმცა, გასაგები უნდა იყოს, რატომ ვერ მოხდა მაშინ „სამართლიანობის აღდგენა“... 

სწორედ იმის გამო, რომ 2017 წელს იუს 5-ვე არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსები პარლამენტმაც არსებითი ხასიათის დარღვევებით ჩაატარა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანე, რომლებითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსებისა და იუს არამოსამართლე წევრების არჩევის შესახებ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა მოვითხოვე. 

მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოქვეყნებინა...), ხოლო კონკურსების დაწყების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო; კონკურსის პირობა (პარლამენტის რეგლამენტიდან აღებული ნორმა) არსებითად განსხვავდებოდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმისაგან, რასაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნაც ადასტურებდა; კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ „შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს“ და დოკუმენტურად არც ის დგინდებოდა, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ–ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“, როგორც ამას კანონი ითხოვდა; კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ) და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ–ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა პირველ ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია...). შედეგად, იუს არამოსამართლე წევრებად, ფაქტობრივად, პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურების „წარმომადგენლები“ გამწესდნენ... 

სარჩელები, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩენდნენ საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მიკერძოებისა და სამართლებრივი ნიჰილიზმის მასშტაბებს, ჯერ ქუთაისში გადაიგზავნა, შემდეგ გაერთიანდა და მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნა განხილული თბილისიდან საგანგებოდ მივლინებული მოსამართლის მიერ. ლოგიკურია, რომ არ დაკმაყოფილდა... (მოსამართლემ სხდომაზევე გამომიცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში, მეც უკანონოდ არჩეული გამოვალო...). ცხადია, არც სააპელაციო (იუს წევრ გვრიტიშვილის) სასამართლოში გასაჩივრებამ გამოიღო შედეგი, ხოლო საკასაციო საჩივარი „უზენაესშიც“, ფაქტობრივად, თაროზე შემოიდო, ვინაიდან 5 მოსამართლემ აიცილა...

მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2016 წელს არჩეულ მე-9 მოწევის პარლამენტს და მის მიერ იუს–ში 2017 წელს „არჩეულ“ 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების 4–წლიანი ვადები ამოეწურათ, ჩამბარდა უზენესი სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რითაც სადავო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეულმა და პარლამენტის მიერ 2019 წელს უვადოდ არჩეულმა მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავის მიმართ დაადგინეს, რომ თანამდებობაზე კანონის სრული დაცვით გამწესდნენ... 

ამდენად, გარდა იმისა, რომ იუს არამოსამართლე წევრების მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომ თავად იუს არამოსამართლე წევრების არჩევის კანონიერების თაობაზე პარლამენტთან 4 წლის წინ დაწყებულ დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი, ვინაიდან 

სასამართლოს საქმეების განსახილველად კანონით, მხოლოდ ხუთ თვემდე ვადა აქვს გამოყოფილი, გამოდის, რომ სამართლწარმოება არაგონივრული ვადით სწორედ მოპასუხის ინტერესებში გაჭიანურდა... ამასთან, ვინაიდან სასამართლომაც იგივე „დადგინა“, რასაც პარლამენტი შესაგებელში აცხადებდა (პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება კონკურსის ჩატარების თაობაზე თურმე მხოლოდ აზრის გამოხატვაა და არ საჩივრდება, ხოლო კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარებულა), ამით დადასტურდა, რომ საქართველოში ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებს და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიჩნეულ ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპს.

ვინაიდან უფლებამოსილების ვადა იუს წევრ ქადაგიძეს 2021 წლის იანვარში, ხოლო გელაშვილს, ჯანეზაშვილს, გზირიშვილსა და ხარებავასა 2021 წლის ივლისში ამოეწურათ, ფაქტია, რომ უკვე წელიწადზე მეტია რაც საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე ფუნქციონირებს. არადა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული იუს წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა (მუხლი 208.6). ამასთან, პარლამენტმა სასამართლოსაც განუსაზღვრა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადა, რომელიც ჩვეულებრივ ორ თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, მაქსიმუმ ხუთს შეადგენს (სსსკ, მუხლი 59). შესაბამისად, პარლამენტსაც და სასამართლოსაც იუს წევრების გამწესებასთან მიმართებით კანონმდებლობა (მათ შორის, კონსტიტუცია) აქვთ დარღვეული... 

მართალია, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ 2020 წელს ჩატარებული კონკურსის კანონიერება სადავოდ არავის გაუხდია, მაგრამ ფაქტია, მის მიერ იუს არამოსამართლე წევრად დანიშნული თსუ-ის ასისტენტ-პროფესორიც (იუს მოსამართლე წევრის ნათესავი...) არ იყო წარდგენილი იმ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რომელშიც აკადემიური თანამდებობა ეკავა, ხოლო კონკურსში მონაწილეობა სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან („კავკასიის უნივერსიტეტი“), ამასთან „უმაღლესი კოლეგიური ორგანოს“ ნაცვლად, მხოლოდ რექტორის (იუს მოსამართლე წევრის ნათესავი...) მიერ ერთპიროვნულად გაცემული წარდგინებით მიიღო... 

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ დაწყებულა უშუალოდ იუს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს (3 წლის წინ...) შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც მოსამართლეების შესარჩევი კონკურსების შეჩერება იყო მოთხოვნილი... 

ფაქტია ისიც, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა, საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცელილებების შეტანა იყო შეთავაზებული (განხილვაზე ავტორი არ მიუწვევიათ, ხოლო კენჭისყრისას კომიტეტის წევრებმა პოზიციის გამოხატვისგან „თავი შეიკავეს“...). არადა საკანონმდებლო წინადადებების გათვალისწინების შემთხვევაში იუს წევრის ასარჩევიი კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყებოდა, კანდიდატს არ დასჭირდებოდა „კოლეგიური ორგანოების წარდგინება“ და „სარეკომენდაციო წერილი“, ამასთან, სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობის გამოცდილება, სრულიად ლოგიკურად, კანდიდატს მოეთხოვებოდა და არა მის წარმდგენ ა(ა)იპ-ს. ამასთან, პარლამენტის გადაწყვეტილებას იუს წევრების ასარჩევი კონკურსის დაწყების თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის ბრძანებაში ასახავდა, კონკურსის პირობას სამი (ა, თ და ზ) პუნქტები მოაკლდებოდა და კანდიდატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, არა მარტო მკაფიო, არამედ გონივრულიც გახდებოდა.

ამჯერად კი, გარდა იმისა,რომ პარლამენტის თავმჯომარის 29 სექტემბრის განცხადებაში ჩამოყალიბებული კონკურსის პირობის ორი ფორმულირება ერთმანეთს ეწინააღმდეგება (ერთი პარლამენტის რეგლამენტიდან (მუხლი 208.3) არის აღებული, მეორე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონიდან (მუხლი 47.5), რის გამოც ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, გაურკვეველია „კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“ (წინადადება რედაქციულადაც აშკარად გასამართია...) იუს წევრობის კანდიდატს მოეთხოვება თუ მის წარმდგენ ა(ა)იპ-ს). ამასთან, გარდა იმისა, რომ სრულიად ზედმეტად მიმაჩნია, წარმდგენი ა(ა)იპ-ის „კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს“ მიერ წარდგენილი „სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტისთვის“ დამატებით „სარეკომენდაციო წერილის“ მოთხოვნაც, სრულიად ულოგიკოა სპეციალობით მუშაობის მხოლოდ „არანაკლებ 5 წლის გამოცდილების“ საკმარისად მიჩნევა, იმ დროს, როდესაც იუს წევრს მაგ., უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაც ევალება... (ამასთან, „სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტად“ თუნდაც 10 წელიწადში ჩამოყალიბებული 5 -იურისტის კი არა. ერთის მოძიებაა რთული...). მით უმეტეს, „საერთო სასამართოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტიც რედაქციულად გაუმართავია, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანდიდატის წარდგინებას „სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები“ უნდა დაერთოს... 

მიუხედავად იმისა, რომ იუს წევრთა შერჩევის და თანამდებობაზე მათი გამწესების პროცედურას ე. წ. რეიტინგული არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებიან („მონიტორინგს“ ახორციელებენ), როგორც სჩანს, ყურადღებას მიღმა დარჩათ რიგი არსებითი ხასიათის ხარვეზები, რის გამოც, მოცემულ ეტაპზე, მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი, ხოლო იუს ღირსეული წევრებით დაკომპლექტების მეტად ბუნდოვანი პერსპექტივის ამარა ვართ ...

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლობად მიმაჩნია, პარლამენტმა შეაჩეროს მიმდინარე კონკურსი, დაჩქარებულო წესით შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რის შემდეგაც კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და დაზუსტებული (გონივრული) პირობებით გამოცხადდება. შედეგად, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების მქონე „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების“ წარდგენა ყველას უნდა შეეძლოს, ხოლო პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების მოსმენის შემდეგ, მათ შესახებ ადვოკატების აზრითაც უნდა დავინტერესდეთ (გამოკითხვა ინტერნეტით რამდენიმე დღეში შეიძლება ჩატარდეს), რის შემდეგაც ყველაზე ღირსეულები პარლამენტის წინაშე, არანაკლებ ერთი თვის შემდეგ წარსდგებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში ადვოკატების უმრავლესობის მიერ მოწონებული 10-მდე კანდიდატის თაობაზე საზოგადოებასაც უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება და ჟურნალისტებიც სათანადოდ უნდა გაისარჯონ, რომ კენჭისყრამდე პარლამენტარებს არ გამორჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება (თუნდაც, კანდიდატის მორალურ მხარესთან მიმართებით), რომელიც მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას დააზარალებდა. 

კანდიდატურების შერჩევის საკითხში ნამდვილად არ გვმართებს აჩქარება. მით უმეტეს, რომ საბჭოს უკვე წელიწადზე მეტია, რაც 5 წევრი აკლია... ხეირიანი არაფერი გამოვა, თუ იუს არამოსამართლე წევრები სწორედ ხალხის („ხელისუფლების წყაროს’) ნდობას ვერ დაიმსახურებენ ან/და „შერჩევით პრინციპულობაში“ იქნებიან შემჩნეული... ისიც ლოგიკურია, თუ უზენაესი სასამართლოც, ფაქტობრივად, უკვე სრულად არის დაკომპლექტებული და იუს-იც დღემდე ახერხებს ფუნქციონირებას, ბარემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დაველოდოთ... პირადად, გაცილებით გონივრულად მიმაჩნია, თუ იუს დაკომპლექტების წესი არსებითად შეიცვლება და მისი 15-ვე წევრი მხოლოდ ადვოკატებიდან და/ან მეცნიერებიდან (თანაც, რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებლებიდან...) სრულიად გამჭვირვალე პროცედურით შეირჩევა. 

ამასთან, მიმაჩნია, რომ იუს წევრის ასარჩევად „ხალხის რჩეულთა“ კვალიფიციური უმრავლესობის (2/3-ზე მეტის) მხარდაჭერა უნდა იყოს აუცილებელი (მაგ., პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 4/5-ის მაინც), ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პარლამენტში წარდგენის თაობაზე იუს წევრებმა ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. 

ვთვლი, რომ სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ, რომ ქვეყანაში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით (მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი და „ქართულ-ჯიგრული“ ნეპოტიზმი), მათივე ინტერესებშია, რომ სასამართლო ხელისუფლება მაინც გვყავდეს რეალურად დამოუკიდებელი. ისიც ცხადია, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოვყალიბდეთ, პირველ რიგში, სწორედ პარლამენტის წევრებმა უნდა დაიცვან კანონები (მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტი...), ხოლო თითოეული მოქალაქის, პირველ რიგში კი ადვოკატების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანების, აგრეთვე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება სწორედ იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ იუს წევრებად პარლამენტს ყველაზე ღირსეული კანდიდატები წარედგინოთ, ხოლო განხილვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. 

დარწმუნებული ვარ, ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ტოტალიტარიზმის დროინდელივით კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის (ან ერთი პარტიის) მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც ვერ დამალა გაოგნება (გაოცება) დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო... 

ფაქტია, რომ სტრატეგიულმა პარტიორებმაც და ევროპელმა მეგობრებმაც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიუთითეს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დამოუკიდებელი სასამართლოს, სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობის თაობაზე... ამდენად, იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით, აღარ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მოსამართლეთა კორპორაციის („ოჯახის“, „კლანის“...) მესვეურებს იუს–ში მხოლოდ ერთი, თუ 6-ვე, ფაქტობრივად, პირადი წარმომადგენელი ეყოლებათ არამოსამართლე წევრად „ჩასმული“, მაგრამ მათაც (პოლიტიკოსებმაც, ჟურნალიტებმაც და მოქალაქეებმაც) მინდა შეიგნონ, რომ თუ საქართველოში სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ და „კანონის უზენაესობა“ ვერ უზრუნველვყავით, სტრატეგიული პარტნიორტებიც უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს… 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×