სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    16.08.2013

    ამბროსი გრიშიკაშვილი

    2013 წლის ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლონურმა გაზეთმა "რეჩპოსპოლიტამ" გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ეკონომიკისა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ინტერვიუში მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთის ეროვნული მეურნეობის განვითარების გამოცდილება ჩვენთვის მაგალითი უნდა გახდესო. ამდენად ვფიქრობთ, პოლონეთის გამოცდილება, კერძოდ კი, თავისუფალი ეკონომიკური ზონების საქმიანობის კუთხით, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს.

    თავისუფალი ეკონომიკური ზონები ამ ქვეყანაში უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციობს. იდეა, რომელმაც მათი დაფუძნება განაპირობა, უბრალო გახლდათ: თეზ-ების შექმნით ქვეყნის ხელისუფლებას სურდა, დახმარებოდა ცალკეულ ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებს, რათა ისინი განვითარებულიყვნენ. ამ ზონებში მუშაობის დაწყებას ფირმებს, ძირითადად, გადასახადებისაგან გათავისუფლება უბიძგებდა. საქმეში განსაკუთრებულ ინიციატივას იჩენდა ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა უწყებას, კერძოდ კი, ფინანასთა სამინისტროს ეს სრულიადაც არ მოსდიოდა თვალში. ამიტომ ამ უწყებაში უკვე სერიოზულად ფიქრობენ აღნიშნული ზონების ლიკვიდაციის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მსხვილი ზონების ლიკვიდაციაზე.

    ამჟამად პოლონეთში 14 თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებს, რომელთა განკარგულებაშიც არის 15 ათასი ჰექტარი მიწა. ამ ზონებში ინვესტიციების განხორციელების უმთავრეს პირობას წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა, რომელიც აკონტროლებს მათ საქმიანობას. ნებართვის გარდა, ინვესტორმა, რომელიც ზონაში საქმიანობის დაწყებას აპირებს, უნდა დააბანდოს არანაკლებ 100 ათასი ევრო. სამაგიეროდ, მას ექნება ყოველგვარი ხელშეწყობა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან და მაქსიმალურად შემცირებული გადასახადები.

    თეზ-ებში მოქმედ მეწარმეებს სრულიად გაათავისუფლებენ ასევე უძრავი ქონების გადასახადისაგან. სამაგიეროდ, ფირმამ, თუ ის დიდია, თავის თავზე უნდა აიღოს მინიმუმ 5 წლის განმავლობაში აქ საქმიანობის გაგრძელება, ხოლო თუ მცირე ან საშუალო ზომისაა - 3 წლით მაინც.

    მათ უნდა გაითვალისწინონ ასევე კიდევ ერთი გარემოება: თავისუფალი ეკონომიკური ზონების თაობაზე მიღებული კანონის მიხედვით, ასეთ ზონებს უფლება აქვთ იმოქმედონ მხოლოდ 2020 წლამდე. კანონის ამ მოთხოვნას აპროტესტებენ როგორც ამ ზონებში მოქმედი ფირმები, ისე ეკონომიკის სამინისტროც. სამომავლოდ მათ ამ ვადის გახანგრძლივება სურთ. მოთხოვნას ამ ბოლო დროს შეუერთდა ასევე ეჟი ბუზეკი, ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი.

    სამაგიეროდ, ზონების წინააღმდეგია ფინანსთა სამინისტრო. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს საყვედურობს, რომ ის არ ფლობს რამე ანალიზს იმის თაობაზე, თუ ზონებმა როგორ შეუწყეს ხელი რეგიონების განვითარებას ან ამ რეგიონებში უმუშევრობის დაძლევას. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების ლიკვიდაციის შესახებ. ჯერჯერობით ლიკვიდაცია შეეხება არა ყველა ზონას, არამდე მხოლოდ მსხვილ ზონებს. ასეთებს უკავიათ 1000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი თითოეულს.

    პერსპექტივაში სამინისტროს განზრახული აქვს ყველა ზონის ლიკვიდაციის საკითხის დაყენება. წვრილ და საშუალო ზომის ზონებს აცდიან მუშაობას მანამდე, ვიდრე მათი საქმიანობის რეგიონი ეკონომიურად არ მოძლიერდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი მცირე და საშუალო მასშტაბის ზონები არ იწვევენ ინვესტორებში იმგვარ დაინტერესებას, როგორც დიდი ზონები, რომლებიც ინფრასტრუქტურულად განვითარებულ რეგიონებში ფუნქციობენ.

    ყველაზე ცნობილი ფირმა, რომელიც ასეთ ზონაში საქმიანობს, არის კორეული ფირმა "ელ-ჯი", რომელიც პოლონეთში ელექტროსაქონელს აწარმოებს. იქ, დაახლოებით, 2500 ადამიანია დასაქმებული, რის შედეგადაც რეგიონში მკვეთრად იკლო უმუშევრობამ. განსაკუთრებით დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონებია შექმნილი სილეზიაში, კერძოდ, ვალბჟიხში. ადრე აქ დიდი რაოდენობით იყო ქვანახშირის მაღაროები, რომლებიც შემდეგ დაბალეფეტურობის გამო დახურეს და ხალხი უმუშევარი დარჩა. სწორედ მისი ლოკვიდაციის გამო შეიქმნა ამ რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონები.

    ახლა რეგიონში 160 უცხოური ფირმა ან მისი წარმომადგენლობა საქმიანობს და 32 ათას ადამიანზე მეტს ასაქმებს. უკვე ამჟამად, იმის შიშით, რომ შესაძლოა 2020 წლისათვის თავისუფალი ეკონომიკური ზონები აიკრძალოს, ეს ფირმები ფეხს ითრევენ ახალი ინვესტიციების დაბანდებისაგან, თუმცა ეკონომიკის მინისტრი მათ არწმუნებს, რომ ასეთი რამე არ მოხდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×