რეზონანსი
30.10.2022

არაგონივრულად მიმაჩნია, მავანთა არაპროფესიონალიზმის ან უპასუხისმგელობის გამო, ან, თუნდაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მიზნით, საპროტესტო („რევოლუციური“) მუხტის ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ იმ მოქალაქეებშიც გაღვივება, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა ბრალის არარსებობის მიუხედავადაც უწევთ. უგულავას მერობის დროინდელი შპს „სი-ტი პარკის“ თბილისიდან გაძევების შემდეგ, ავტომობილების რაოდენობაზე ათჯერ ნაკლებ „პარკირების ზონებში“ არგაჩერებისთვის სანქციის 5 - ჯერ ზრდა ცალკე მსჯელობის თემაა. ამჯერად მძღოლები მეტროსადგურ „ისანთან“ მოწყობილი მორიგი „მახის“ თაობაზე მინდა გავაფრთხილო. 

საპატრულოდან მაცნობეს, რომ „ჭკვიანმა კამერამ“ სიჩქარის გადაჭარბებისთვის 50 ლარით დამაჯარიმა, ვინაიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით სიჩქარე თურმე 50 კმ. სთ-მდე შეუზღუდავთ, მე კი 69 კმ. სთ-მდე ავჩქარებულვარ... 

ვინაიდან, რატომღაც, გზის მარცხენა მხარეს დამაგრებული შეზღუდავი საგზაო ნიშანი არ შემინიშნავს, ხოლო კანონი მხოლოდ 75 კმ. სთ-ს გადამეტებისთვის მცნობს დამრღვევად, საჯარიმო ქვითარი პოლიციაშიც გავასაჩივრე და თბილისის მერიასაც მივმართე სიჩქარის შეზღუდვის გაუქმების ან შესაბამისი საგზაო ნიშნის გზის მარჯვენა მხარეს გადატანის მოთხოვნით. ტრანსპორტის მესვეურებს ისიც შევახსენე, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა და შუქნიშნები ევროიტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ „ევროსტანდარტებს“ და მძღოლები უსაფუძვლოდ ვაჯარიმეთ, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს...

მიმაჩნია, რომ მ/ს „ისნიდან“ ნავთლუღისკენ მიმავალ გზის დასაწყისში, სადაც ავტომობილების 4 რიგად მოძრაობის საშუალებაა, შუქნიშანიც დგას, ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელიც („ზებრა“) არის მონიშნული, სრულიად არაგონივრულია კანონით დაადგენილი სიჩქარის 50 კმ. საათამდე შეზღუდვა, მით უმეტეს, რომ მარცხენა მხარეს გზის გამყოფი ზოლი („უსაფრთხოების კუნძული“) არის მოწყობილი.

ამდენად, თუ მერიის შესაბამისი სამსახური აბუსერიძის ქუჩამდე ან ნავთლუღის ბაზრამდე სიჩქარის შეზღუდვას აუცილებლობად მიიჩნევს, გონივრული იქნებოდა შესაბამისი საგზაო ნიშანი „თი ბი სი“ ბანკის ოფისისთან გამოყოფილი „პარკირების ზონის“ დასაწყისამდე დაედგა, სადაც მთავრდება მწვანე ნარგავებიანი გზის გამყოფი ზოლი და გზაც ვიწროვდება (ორზოლიანი ხდება). მანამდე არსებული გზის მონაკვეთი (მეტროს სადგურიდან 100 მეტრი მაინც...) კი, ფაქტობრივად, აეროპორტის მაგისტრალივითაა... 

ფაქტია ისიც, რომ სიჩქარის 50 კმ. საათამდე შემზღუდავი საგზაო ნიშანი საკმაოდ ფართო (ერთი მიმართულებით ოთხზოლიანი) გზის მხოლოდ მარცხენა მხარეს, „უსაფრთხოების კუნძულის“ დასაწყისში და ისიც საკმაოდ დაბლა არის განთავსებული, რის გამოც, თუ მესამე ან მეოთხე ზოლში მოძრავი ავტობუსი ან ე. წ. მიკროავტობუსი აეროპორტის მიმართულებით გადადგილება (ან შუქნიშნის წითელ ფერზეა გაჩერებული), სავალი ნაწილის პირველ ან მეორე ზოლში პირდაპირ მიმავალი ავტომობილის სალონიდან, პრაქტიკულად არ გამოჩნდება, ხოლო გზაჯვარედინის გავლის შემდეგ, ვინაიდან მარცხენა მხარეს გზის გამყოფი გამწვანებული შემაღლებაა („უსაფრთხოების კუნძული“), ლოგიკურია, რომ მძღოლმა სიჩქარეს მოუმატოს, რითაც არავის ექმნება საფრთხე. მით უმეტეს, რომ გზა მხოლოდ 100 მეტრის შემდეგ ვიწროვდება და ორზოლიანი ხდება. ამასთან, გზის ამ მონაკვეთზე, დიდი ზომის ავტობუსები მეორე ზოლშიც, ნავთლუღის ბაზრისკენაც, საკმოდ ხშირად მოძრაობენ, რის გამოც ნავთლუღის ქუჩიდან პირველი ზოლში მარჯვნივ (ნავთლუღის ბაზრისკენ) მიმავალი ავტომობილიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელია მარცხენა მხარეს მდგარ ბოძზე, ამასთან შუქნიშნის ქვემოთ დამონტაჟებული საგზაო ნიშნის დანახვა. 

სამწუხაროდ, დედაქალაქში დღემდე სხვაგანაც გვხდება მოუწესრიგებელი (ე. წ. ევროსტანდარტებთან შეუსაბამო) საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა და შუქნიშნები, რის გამოც, ევროკომისიის მიერ მოცემული „12 პუნტიანი საშინაო დავალების“ შესრულების შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვარ, ისევ მხოლოდ „ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივა“ შეგვრჩება ხელში... 

არადა სწორედ ევროსტანდარტები მოითხოვს, რომ საგზაო ნიშნები მძღოლებისთვის ადვილად შესამჩნევი („განჭვრეტადი“) იყოს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მათი განმეორება („დუბლირება“) მოხდეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, გზის ის მონაკვეთები,უნდა იყოს მოწესრიგებული რომლებსაც პოლიციის ვიდეოკამერებით ვაკონტროლებთ და საგზაო ნიშნებისა თუ მონიშვნის „დაუმორჩილებლობისთვის“ ვადგენთ ოქმებს. ამდენად, ვინაიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად, ქალაქში 60 კმ. საათში სიჩქარით მოძრაობაა დასაშვები, თუ უფლებამოსილი ორგანო, გზის რომელიმე მონაკვეთზე სიჩქარის შეზღუდვას გადაწყვეტს, ეს საკმარისად უნდა დაასაბუთოს და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დაადგინოს, რის შემდეგაც შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგენილი წესით განთავსებაზეც უნდა იზრუნოს და რეგულაციის ცვლილების თაობაზე მძღოლების სათანადოდ ინფორმირებაზეც. 

ფაქტია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე პირველ და მეორე ზოლებში მიმავალი ავტომობილის მძღოლის ყურადღება, სრულიად ლოგიკურად, ძირითადად, გადატანილი უნდა იყოს, პირდაპირ მიმართულებაზე და მარჯვენა მხარეს, საიდანაც მოქალაქე შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდეს (ვინაიდან ავტობუსის გაჩერებაა) და არა მარცხნივ, ვინაიდან მესამე და მეოთხე ზოლებიდან ავტომობილები აეროპორტის მიმრთულებით მოძრაობენ ან დგანან და გზის გამყოფ „უსაფრთხოების კუნძულზე“ დამონტაჟებული შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალს ელოდებიან.

ამდენად, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ მავანმა უპასუხისმგებლო ან/და არაკომპეტენტურმა მოხელემ ბიუჯეტის შევსება კანონმორჩილი მძღოლების ხარჯზე გადაწყვიტა, რითვისაც კანონით დადგენილი სიჩქარეც თვითნებურად შეამცირა (აუცილებლობის შემთხვევაში, ასიოდე მეტრის შემდეგ შეიძლებოდა...) და შესაბამისი საგზაო ნიშანიც სრულიად შეუსაბამო ადგილზე განათავსა, მხოლოდ ერთი ვიდეოკამერა წელიწადში, სავარაუდოდ, არანაკლებ 12 000 „სამართალდამრღვევიდან“ ამოიღებს 50 ლარს.. (ნამდვილად „სერიოზული ბიზნესია“...). 

მართალია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ტრადიციისამებრ, საჩივარი არ დამიკმაყოფილა, მაგრამ მერიიდან მაცნობეს, რომ „შესაძლო მოკლე ვადებში სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს დამონტაჟდება“, რითაც შანსები გამიზარდეს პოლიციის „ჭკვიან კამერას“ დავა სასამართლოში მაინც მოვუგო. მადლობა მერიის ტრნსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მესვეურებს „სამართლიანობის აღდგენისთვის“, მაგრამ მერჩივნა, საგზაო ნიშნების დამონტაჟებამდე ან საგზაო მონიშვნის დატანამდე გაევლოთ კონსულტაცია სპეციალისტებთან... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×