სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.10.2013

    ეს მიმართვა ეხება ყველას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, პოლიტიკური მოძრაობის წევრებს თუ მათ ლიდერებს, რომლებიც სიძულვილის მიზეზით შეგნებულად ამუხრუჭებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას და განვითარებას.

    მე ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, არაფრით გამორჩეული სხვებისგან, რომელსაც მაწუხებს და მაშფოთებს ის ნეგატიური სოციალ-პოლიტიკური ძვრები, რაც გუშინ ხდებოდა ქვეყანაში და რაც, ძალიან სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება.

    ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი და სურვილი მაქვს, ხანდაზმულობაშიც შევინარჩუნო იმედი. ვეძებ ადამიანებს, ვინც ამაში დამეხმარება და გამარკვევს, რა ხდება დღეს და რა იქნება ხვალ... მე, 77 წლის ადამიანს, დრო ცოტა დამრჩა ამ ქვეყნად და ეს სულაც არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ 2012 წლის არჩევნებმა ბევრი ვერაფერი შეცვალა უკეთესობისკენ.

    იმ დიდი გამარჯვებისა და დაპირებების ფონზე, რაც ხალხმა მიიღო გასული წლის არჩევნებში ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისაგან, ზოგი რამ დანაპირები შესრულდა, მაგრამ მეტი გაუკეთებელი დარჩა. ზამთარი ისევ გვიახლოვდება და ხალხისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ-ჯერობით ისევ მოუგვარებელია ყველა მიმართულებით.

    რამ გამოიწვია დანაპირების დამუხრუჭება, ხალხს ამის შესახებ განმარტება არ მიუღია. მრავალჯერ იმედგაცრუებული საზოგადოების ნაწილი ისევ იმედგაცრუებაზე ალაპარაკდა. ნაწილი კი მაინც იმედით შეჰყურებს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც სულ მალე ჩატარდება. მეც და ბევრი სხვაც, ცოტა არ იყოს, დაბნეულები ვართ.

    სიით მრავალრიცხოვანი მოცემულობიდან ვის უნდა მივცეთ ხმა, არ ვიცით. ვინც უკვე იყო ხელისუფლებაში თუ უცნობ პიროვნებებს, რომელთა შესახებაც საკმარისი ინფორმაცია არა გვაქვს. პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ და მომავალზე საუბარი არც არსებობს.

    ჩვენი რიტორიკა კომუნისტების დროს ჩატარებულ არჩევნებს რომ არ დაემსგავსოს, როცა ქვეყანაში ერთპარტიულობა იყო, დღეს ბატონი მარგველაშვილის ხაზგასმით დასახელებამ და მისი გამარჯვების წინასწარ აღიარებამ უხერხულობა რომ არ შექმნას, იქნებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მისი წარსულის შესახებ, რით არის იგი გამორჩეული სხვა კანდიდატებისაგან და რას უნდა ელოდეს მისგან უამრავი უმუშევარი ადამიანი და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა.

    თუ პასუხისმგებლობით მოეკიდება ადამიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დღევანდელ პირობებში პრეზიდენტობა ნამდვილად მეტად მძიმე ტვირთი და გმირობის ტოლფასია. ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. მე მაოცებს დღევანდელ ვითარებში მოხალისეთა გრძელი სია. ნუთუ, მართლა ასე მარტივადაა საქმე?!

    რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" გააქტიურებას და ბატონი დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანის მცდელობას, "ენდიაის" კვლევებს თუ გავყვებით, ისევ იქეთ მივყავართ, სადაც ვიყავით. იმ რეჟიმის სისასტიკეს და განუკითხაობას ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი გასული წლის არჩევნებში.

    არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და მოკრძალება დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავლის, ჩვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც თავისი მოღვაწეობით გამოირჩეოდა უმწიკვლო და უანგარო რეპუტაციით. მის ინტერესს არ წარმოადგენს სამსახურისა და ტახტის ძიება, ან გამდიდრების მანია.

    ქალბატონ სალომეს გენეტიკურად არ ასვენებს უცხო მიწაზე ქართველი ხალხისა და სამშობლოს მდგომარეობა, საიდანაც მისი წინაპრები ქვეყნის ბედის უკუღმა ტრიალმა პოლიტიკურ ემიგრანტებად აქცია. ქალბატონი სალომე გუშინ არ ჩამოსულა საფრანგეთიდან. იგი ახლო წარსულში ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მოღვაწე იყო. ის უცხოეთში დაბადებული ქართველია და მისი ფესვები აქ არის.

    მე ვერ ვიწინასწარმეტყველებდი, რა შეიცვლებოდა უკეთესობისკენ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მაგრამ ემიგრანტებისა და პატრიოტი ადამიანების გულშემატკივარია ჩემი ოჯახი და არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი გაოცება ქალბატონი სალომესთვის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო. არჩევნებში კენჭის ყრის ნებართვა არ იქნებოდა გამარჯვების გარანტი. მაგრამ ჩემი, აპოლიტიკური ადამიანის აზრი თუ ვინმესთვის საინტერესოა, მგონია, მისი მონაწილეობა საარჩევნო მარათონში, სხვა თუ არაფერი, ჯანსაღი კონკურენციის პირობას მაინც შექმნიდა.

    ამისათვის კი ქვეყნის წინაშე მისი წინაპრების დამსახურება, ქალბატონი სალომეს პოლიტიკური სისუფთავე, ალღო და უნარი, მისი ქართულ-ევროპული გაგება, სიყვარული ჩვენი ქვეყნის და ხალხისადმი-მეგონა, საკმარისი საშვი და არგუმენტი იქნებოდა.

    ამჯერად ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის, და მჯერა არა მარტო ჩემთვის, ის არის, რომ დღისით-მზისით, ღიად და არა ფარულად, მსოფლიოს დასანახად, დემოკრატიული პრინციპების გვერდის ავლით, დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე "ჩვენი ერის მოყვარული" და ერთმორწმუნე რუსეთის პრეზიდენტი ომის გამოუცხადებლად აბამს მავთულ-ხლართებს, გვართმევს ტერიტორიებს და მოსახლეობას სარჩო-საბადებელს, ხალხს ქუჩაში ყრის და უსახლკაროდ ტოვებს.

    ძალზედ მაწვალებს კითხვა, რატომ გააქტიურდა რუსეთი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთი თვით ადრე, ომიდან 5 წლის შემდეგ, რაზე მიგვანიშნებს ეს ფაქტი? რა აქვს რუსეთს მოსასწრები საჩქაროდ?! ჩემთვის გაუგებარია და გარკვევაში დახმარებას ვითხოვ პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან!

    ჩემში, ასევე, დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთის აგრესია-ოკუპაცია ვერ შეაჩერა ვერც ჩვენმა დიპლომატიურმა პოლიტიკამ, ვერც საერთაშორისო თანამეგობრობამ და უფლებადამცველმა ინსტიტუტებმა, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ და მთელი მსოფლიო ოლიმპიური სიმშვიდით მხოლოდ მაყურებლის როლს ვასრულებთ და ასეთ ვითარებაში მავთულხლართებში, შესაძლოა, მომავალში მთელი საქართველო მოექცეს. რა თქმა უნდა, ომით და ბრძოლით ვერაფერს გავხდებით, მაგრამ ამ საქმეზე სიჩუმეც არ ივარგებს ალბათ.

    იქნებ მთელი საქართველოს მოსახლეობა სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველ და ოს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტუდენტ-ახალგაზრდობასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ფეხზე დავდგეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად და მოვითხოვოთ: შეაჩერეთ საქართველოს ანექსია და ოკუპაცია, შეაჩერეთ სიძულვილი! ეკლიანი მავთულხლართების ნაცვლად, სიყვარული გავდოთ გზად და ხიდად! ჩვენ ძმები ვიყავით გუშინ და ასეთად უნდა დავრჩეთ ხვალაც! ჩვენ უკვე ვიგემეთ ომი, ახლა კარგი გულიც მოვსინჯოთ. ყველამ ერთად ვიფიქროთ, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის მოგვარება. ვეცადოთ სასურველი შედეგის მიღწევას. ჩემს ხალხს და ქვეყანას უკეთეს ხვალინდელ დღეს ვუსურვებ!

    ლამარა თოფურია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×