სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    03.10.2013

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    2 საუკუნეზე მეტია მსოფლიოში დომინირებენ მცირე მეწარმეები. ისინი წარმოადგენენ საზოგადოების საშუალო ფენას, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასა და, აქედან გამომდინარე, ძირითად ელექტორატს. სწორედ მათი საარჩევნო ხმებით იმართება დღეს მსოფლიო ეკონომიკა. ჩვენ პლანეტაზე დასაქმების 90% და მსოფლიოს მშპ-ის 70% მოდის მცირე მეწარმეობაზე.

    თუ გვინდა ოდესმე რამე ეშველოს იავარქმნილ ქართულ ეკონომიკას, ხალხის დასაქმებასა და ჯოჯოხეთური სიღატაკისაგან თავის დაღწევას, მთელმა საქართველომ - ერმა თუ ბერმა, პოზიციამ თუ ოპოზიციამ, პარტიულმა თუ უპარტიომ, ყველამ ერთად უნდა მივხედოთ მცირე მეწარმეებს. საქმე კი უნდა დავიწყოთ მინიმუმ იმ სტატუს-კვოს აღდგენით, რაც საქართველოში ჰქონდა მცირე მეწარმეობას მანამ, სანამ ბენდუქიძე რუსეთიდან საქართველოში გადმოინაცვლებდა, დაინიშნებოდა ეკონომიკის მინისტრად და კაბინეტში შესვლისთანავე მიზანმიმართულად დაიწყებდა ქართული ეკონომიკის განადგურებას მცირე მეწარმეობის განადგურებით.

    უპირველეს ყოვლისა, მან შეცვალა სამინისტროს დებულება ახლით, სადაც სიტყვა "მცირე მეწარმეობა" საერთოდ აღარ არის ნახსენები, გააუქმა მცირე მეწარმეების მხარდამჭერი დეპარტამენტი და უაპელაციოდ ქუჩაში გამოყარა ყველაზე გამოჩენილი სპეციალისტები ამ სიტყვებით: არც თქვენ მჭირდებით და არც თქვენი მცირე მეწარმეობა!

    აღსადგენია მცირე მეწარმეობის ის სტატუს-კვოც, რომლის განადგურება ნოღაიდელმა დაიწყო 1997 წელს და დაამთავრა 2006 წელს. მხედველობაში გვაქვს 1997 წელს ნოღაიდელის მიერ მიღებული და დღემდე მოქმედი, მცირე მეწარმეების მიერ გილიოტინად წოდებული საგადასახადო კოდექსი, სადაც მცირე და მსხვილი მეწარმეები იბეგრებიან თანაბარი საგადასახადო ტვირთით. ეს არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ცივილეზებულ ქვეყანაში, მათ შორის, არც ჩინეთში, სადაც, ძირითადად, მოქმედებს მოგების ერთადერთი ფიქსირებული პროცენტული გადასახადი, რომელიც მცირე მეწარმეებისათვის არის 7%. იგი იზრდება ბრუნვის ზრდასთან ერთად და მსხვილი მეწარმეებისთვის არის 55%.

    გარდა ამისა, ნოღაიდელმა 2006 წელს გააუქმა მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, რომელიც 1999 წელს ჩვენი ძალისხმევით მიიღო პარლამენტმა. ამ კანონის გაუქმებასთან ერთად კი, გაუქმდა 1999 წლიდან მოქმედი ერთადერთი სტრუქტურა - "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" და საქართველო გადაიქცა გინესის წიგნში შესატან სამარცხვინო ქვეყნად, სადაც მცირე მეწარმეობა თავისი სტრუქტურებით აკრძალულია, გამოცხადებულია კანონგარეშედ და 2006 წლიდან დღემდე არ დაფინანსებულა არც ერთი ლარით! ამ უბედურებას კი ხელს უწყობს, ყბადაღებული კოჰაბიტაციის გამო, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში დღემდე წარმატებით მიმდინარე "ეკონომიკური ბენდუქიძიზმი" და "საგადასახადო ნოღაიდელიზმი".

    პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი მოქცეულია აბსოლუტურ ვაკუუმში, რადგან ამ თემაზე პრემიერის სახელზე გაგზავნილი ჩვენი ოფიციალური წერილები ბერმუდის სამკუთხედში უკვალოდ გამქრალი გემების მსგავსად, უკვალოდ ქრება პრემიერის კანცელარიას, ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გადამისამართება-გადმომისამართებაში ისე, რომ თვითონ პრემიერს ამ წერილებს თვალითაც კი არ ანახებენ.

    შეუძლებელია ამ თემებზე პრემიერთან გასაუბრებაც. ამის საშუალება მომეცა მხოლოდ ერთხელ, 2 წუთით, 2013 წლის 9 აპრილს თბილისის პარლამენტის ძველ შენობაში 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, როგორც ამ აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.

    2013 წლის 21 ივნისს ბატონ ბიძინას, უკვე მერამდენედ ერთხელ კიდევ ამაოდ მივწერეთ წერილი ჩვენ მიერ შეთავაზებული 4 ღონისძიების თანდართვით. მათ შორის, მთავარია, 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი ცენტრის აღდგენისათვის 200 ათასი ლარის გამოყოფა. ამ თანხით ცენტრისა და მცირე მეწარმეობის აღდგენასთან ერთად, დაიწყება მეანაბრეთა ზარალის ანაზრაურებაც ჩვენ მიერ დამუშავებული და დაპატენტებული პროგრამებით. შეიძლება სახელმწიფომ ქართველი ხალხის სიდუხჭირიდან თავის დასაღწევი ასეთი 9-პუნქტიანი პროგრამის დასაფინანსებლად არ გაიმეტოს 200 ათასი ლარი? და ესაა სახელმწიფო?

    "ბერმუდის სამკუთხედის" გავლის შემდეგ ეს წერილი მოხვდა ფინანსთა სამინისტროში. როგორც ჩანს, ფინანსთა მინისტრი პრემიერის სახელზე გაგზავნილ და შემდეგ პრემიერის კანცელარიიდან პირადად მასთან გადამისამართებულ წერილებსაც კი არ კითხულობს. უპასუხისმგებლო და უაზრო პასუხი კი მოგვწერა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს რა არის მცირე მეწარმეობა! სამწუხაროდ, ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი. კარგა ხანია საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში აღარ არის დარჩენილი მცირე მეწარმეობის ნამდვილი და არა თვითმარქვია ექსპერტი თუ სპეციალისტი, უბრალო მცოდნეც კი.

    2007 წელს საქართველოში ჩამოვიდა რეიგანის მსოფლიო ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების კოორდინატორი ამერიკელი ქალბატონი ელენე სუხარი. პრეზიდენტის კანცელარიის ჩინოვნიკებმა ვერც მთავრობაში, ვერც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში, ვერც მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებში ვერ იპოვეს ერთი სპეციალისტიც კი, ვინც შეხვდებოდა ქალბატონ ელენეს, პროფესიონალურად დაელაპარაკებოდა და მცირე მეწარმეობის რამე რეალურ პროგრამას გააცნობდა. ეს ჩინოვნიკები იძულებელი გახდნენ დახმარება ჩვენთვის, მათთვის არასასურველი და ოპოზიციური არასამთავრობოსთვის ეთხოვათ. სასტუმრო "მეტეხი-პალასში" სტუმარს შევხვდით ჩვენი ასოციაციის 3 სპეციალისტი და ყველა საინტერესო კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი. ქალბატონი ელენე დარჩა გაოგნებული, როცა გაიგო, რომ საქართველოში არ არსებობდა მცირე მეწარმეობის არც ერთი კანონი და არც ერთი სტრუქტურა. მისი დასკვნა ასეთი იყო: ეს რა ველურ ქვეყანაში ჩამოვსულვარო!

    დიახ, მსოფლიო სტანდარტებით, ქვეყანა, სადაც არ არსებობს მცირე მეწარმეობა, ითვლება "ველურ ქვეყნად" და ეს კარგად უნდა გაიგონ პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა. არადა, "ქართული ოცნება", წინა ხელისუფლებების მსგავსად, ხელისუფლებაში მოვიდა მცირე მეწარმეობის აყვავების პრიორიტეტული პროგრამით, მაგრამ მისი დაფინანსება საერთოდ "დაავიწყდა" 2013 წლის ბიუჯეტში. იმედია, გაისადაც არ დაავიწყდებათ.

    ჩვენ მიერ დამუშავებული და დაპატენტებული მცირე მეწარმეებისა და მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების უნიკალური პროგრამების მომავალ წელს ამოქმედება უპრიანია იმითაც, რომ ეს 2 პროგრამა მიბმულია აკადემიკოს პაატა გიორგაძის ხელმძღვანელობით დამუშავებული ქართული სასმელი წყლების საქართველოში ჩამოსხმასა და საზღვარგარეთ გატანის უდიდეს ეროვნულ პროგრამასთან. ამ გლობალური პროგრამით კი საწყის ეტაპზე ასაშენებელია 200-მდე ჩამოსასხმელი ქარხანა (ეს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი სულ უფრო რეალური ხდება!), ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად თავისი პარამეტრებით ყველა იქნება მცირე საწარმოს სტატუსის მატარებელი.

    ამ ქარხნების ამუშავების დროს წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების (საშემოსავლო გადასახადის გარდა) განაღდება კი მოხდება დაზარალებული მეანაბრეების ზარალის სახელმწიფოს მიერ აღიარებული შიდა ვალის ანგარიშში გაცემული საგადასახადო თამასუქებით. ეს იქნება 2,5 მილიონი მეანაბრის მილიარდობით დოლარის ზარალის რეალური ანაზღაურების დასაწყისი პირდაპირი საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე, რის შედეგადაც მილიარდობით დოლარის ზარალი და სახელმწიფო ვალი ერთდროულად თანდათან ტრანსფორმირდება იმავე მილიარდობით დოლარის ადგილობრივ ინვესტიციებად.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×