სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მიმართვა
    04.10.2013

    მიმართვა

    გაცნობებთ, რომ წინამდებარე მიმართვა გამოიწვია წინასაარჩევნოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს არსებულმა უკიდურესად გამწვავებულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცესებმა, რომელიც დღითიდღე პროგრესირებს. ხსენებული გამოწვეულია იმით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მთელი რიგი სამართლებრივი და პოლიტიკურად არასწორი ქმედებები განახორციელა, რამაც ადგილობრივი საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

    გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ზემოხსენებული კეთდება იმისათვის, რომ ადრე არსებული კორუფციული სქემების შენარჩუნება მოხდეს. ჩვენს ვარაუდს ის გარემოება ამყარებს, რომ გამგებლის მოავლეობის შემსრულებელი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე უფრო კორუმპირებულ ნაწილთან და ოდიოზურ თანამდებობის პირებთან.

    მისი მოღვაწეობის 10-თვიანმა პერიოდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემდეგი პროცესების განვითარება გამოიწვია:

    1. "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერებს გაწყვეტილი აქვთ ყველანაირი კავშირი კოალიციის წევრებთან და "ქართული ოცნების" მრავალრიცხოვან ჯგუფთან.

    2. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულია იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც არჩევნების წინ პასუხისმგებლობა აიღეს მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ქვეყანაში სამომავლო ცვლილების სამართლიანობასა და კანონიერებაზე.

    3. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაებნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.

    4 ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე - გამგეობისა და სხვა ორგანოების გადაწყვეტილებებში უხეშად და დაუფარავად ერთვებიან არაუფლებამოსილი პირები.

    5. შენარჩუნებულია კორუფციული საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც აისახება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან თანამშრომლობა-თანაცხოვრებაში და მათთან ურთიერთობის წახალისებაში.

    ზემოხსენებულმა პრობლემებმა თავი იჩინა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდა შემდეგი გახმაურებული ფაქტებით (არსებობს გაუხმაურებელი ფაქტებიც):

    1. კანონდარღვევით მოხდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე შარაშენიძის დანიშვნა.

    2. 06.12.2013 დანიშნულმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა 10.12.2013 ოზურგეთის საკრებულოს წარუდგინა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შედგენილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილის 45 %-ს ადმინისტრაციული ხარჯები წარმოადგენს, რომელიც წინასარჩევნოდ გაბერილ შტატებს აფინანსებდა. ბიუჯეტის მხოლოდ 7%-ია გათვლილი სოციალურ ხარჯებზე. დღემდე გრძელდება ბიუჯეტიდან აიპი-ების არამიზნობრივი სუბსუდირება, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 ლარამდე ზიანს აყენებს.

    3. არაფხიზელ მდგომარეობაში და შეიარაღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლის 15 იანვარს თავს დაესხა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, ნესტორ რამიშვილს. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავების არასათანადო რეაგირებამ საზოგადოების დიდ ნაწილს შეუქმნა განწყობა, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გაურკვეველი იმუნიტეტის დაცვის ქვეშაა, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი კანონის ფარგლებს გაცდენილი ქმედებები.

    4. 24.06.2013 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა განახორციელა ზეწოლა საკრებულოს წევრებზე, კოალიციის წარმომადგენლის დიმიტრი კვერღელიძის საწინააღმდეგოდ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გამხდარიყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ავთანდილ სურგულაძე. ეს ის სურგულაძეა, რომლის უშუალო აქტიურობით "ქართულმა ოცნებამ" წააგო პირველი ოქტომბრის არჩევნები სოფელ ჭანიეთში.

    5. 28.06.2013 დაახლოებით 19:00 საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან საპროტესტო პლაკატების დახევაში, მომიტინგეთა მიმართ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

    გამგეობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი აიპ-ების წარმომადგენლებისგან (მოჭიდავეები, რეგბისტები და ა.შ.) გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოძალადეთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მშვიდობიანი აქციის ჩაშლის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

    მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, დაუყოვნებლივ შემოწმებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ფინანსური საქმიანობა და გადამდგარიყო გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე.

    კარგი იქნება, თუკი თქვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვებით ზემოხსენებულ პროცესებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია შემდეგი მოვლენების განვითარება:

    1. უფრო შემცირდება და მეტიც, დაიკარგება ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან კოალიცია "ქართული ოცნებისადმი" ნდობა და განვითარდება ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილიზმი, რაც უარყოფითად იმოქმედებს მიმდინარე არჩევნების შედეგზე.

    2. მოხდება პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ჩანაცვლება კრიმინალური, კორუმპირებული და ოდიოზური პირებით, რაც გამოიწვევს პოლიტიკურად აქტიური მასის დაპირისპირებას ხელისუფლებისადმი.

    მიგვაჩნია:

    1. ზემოხსენებული გარემოებები და ფაქტები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის და მასთან დაახლოებული პირების ქმედებები პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და კოალიცია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ემსახურება.

    2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დარჩენა პირდაპირპროპორციულად (ნეგატიურად) აისახება მიმდინარე არჩევნების შედეგზე.

    პ/გ რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ტიფო მიქატაძე

    პ/გ "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - დიმიტრი კვერღელიძე

    პ/გ "ეროვნული ფორუმის" გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - შოთა გოგიბერიძე

    პ.ს. მიმართვას ახლდა პ/გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის - დავით დარჩიას ხელმოწერა, თუმცა, მან "რეზონანსთან" საუბრისას ამ დოკუმენტზე ხელმოწერა უარყო. ამავე დროს, პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძის გრაფა ხელმოწერის გარეშე იყო, თუმცა მან პირადად დაადასტურა, რომ ამ მიმართვის ტექსტს იზიარებს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×