სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    05.10.2013

    ლევან გვაზავა პროფესორი

    გარემოს სტაბილური ეკოლოგიური ბალანსის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ხარისხობრივი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ნებისმიერი მშენებლობის დაპროექტება და დაწყება დაუშვებელია. ამასთან, არსებობს ეკოლოგიური საფრთხის შემცველი მაღალი რისკის ობიექტებიც, რომელთა კატეგორიასაც მიეკუთვნება დიდი ჰესები, მით უფრო ეკოლოგიური საფრთხის მომცველ ისეთ მთაგორიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

    ქვეყნისათვის ჰესების მშენებლობას შეუფასებელი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა რომ აქვს, ეს ცხადია და ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მათი მშენებლობა სერიოზული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას საჭიროებს. ამ დროს იჩეხება დიდი ოდენობით ტყის მასივები და მათ ადგილზე წყალი გუბდება და საგრძნობლად იზრდება აორთქლების ზედაპირი, ე.წ. "სარკე". ეს, თავის მხრივ, ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს და კლიმატის მკვეთრი ცვლილების მიზეზი ხდება, თანმსდევი ანომალიებით: კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები, სეტყვა და სხვა მოვლენები, რომლებიც არა მარტო ნგრევასა და განადგურებას, არამედ ადამიანთა სიცოცხლესაც იწირავს.

    ასეთი ფაქტები დღეს მრავლად მოგვეპოვება, რაც ტყეების გამეჩხერებასა და განადგურებაზე მიგვანიშნებს და მისი აღდგენის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვს. ცხადია, ის მოვლენები, რომლებიც მდგრადი ეკოლოგიური გარემოს ნგრევას იწვევს, მარტო ჰესების მშენებლობასთან არ არის დაკავშირებული. იგი შეიძლება განპირობებული იყოს ტყის ხანძრებით და უსისტემო ჭრით, ტყეების გამეჩხერებით, რისთვისაც საჭიროა ტყეების ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაც. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, კლიმატური ცვლილებები მაქსიმალურად შევამციროთ.

    მეტი დამაჯერებლობისათვის მოვიტანთ ჩვენ მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ვერსიის სქემას, რაც შემდეგში მდგომარეობს: დადგენილია, რომ დედამიწაზე ყოველწლიურად 1 ჰა-ზე 10 მლდ/კკალ მზის სხივების ენერგია მოდის, რომელსაც (93%) მცენარეები მოიხმარენ ფოტოსინთეზის საწარმოებლად. ცხადია, ტყის განადგურებასთან ერთად, ფოტოსინთეზიც წყდება და გამოთავისუფლებული მზის სხივების ენერგია ტყის ადგილზე დაგუბებული წყლის ზედაპირზე ხვდება. რასაკვირველია, ეს იწვევს მის გათბობას, აორთქლების ინტენსივობის გაძლიერებას და კლიმატის ცვლილების საფუძველი ხდება თანმდევი ეკოლოგიური კატასტროფებით.

    ამდენად, ახალი ჰესების მშენებლობის დროს, როცა 1000 ჰა-ზე მეტი ტყე იჭრება და მის ადგილს წყალი იკავებს, ხოლო გამოთავისუფლებული მზის სხივების სიძლიერე 10000 მლდ/კკალ აღწევს, ცხადია, მისი გაუთვალისწინებლობა და მშენებლობის დაწყება სპეციალური წინასწარი შესწავლის გარეშე, დაუშვებელია, აშკარაა, რომ ასეთი შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფის რისკი ძალიან მაღალი იქნება.

    ტყეების გაჩეხვა და მის ადგილზე წყლის დაგუბება ეკოლოგიურ პრობლემებს რომ ქმნის, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მზის სხივების რა ძალის ენერგიის გამოთავისუფლება ხდება ტყეების გაჩეხვის შემდეგ, არავის დაუფიქსირებია.

    ზემოთ მოტანილი, ჩვენ მიერ შემუშავებული ვერსია და სქემა პირველი ცდაა და ვფიქრობთ, მას უაღრესად დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის საბოლოო შედეგების გასათვალისწინებლად. ეს ყოველივე შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: ტყეების გაჩეხვის შემდგომ შეწყვეტილი ფოტოსინთეზის შედეგად გამოთავისუფლებული განუსაზღვრელი სიდიდის მზის სხივების დამანგრეველი-გამანადგურებელი სიძლიერის ენერგიის გაუთვალისწინებლობა არა მარტო ჰესების მშენებლობის დროს, არამედ ზოგადად სხვა ასპექტშიც დაუშვებელია, რადგანაც ეკოლოგიური კატასტროფების უდიდესი საფრთხის რეალური შემცველია.

    ვფიქრობთ, სწორედ ტყეების განადგურება არის ბუნებაში მიმდინარე ყველა თავსდატეხილი კატასტროფის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ეს კი, თავის მხრივ, მწვავედ აყენებს საკითხს ტყეების პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებათა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავების შესახებ. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მხოლოდ მაღალპროდუქტიულ ტყეებს შესწევთ უნარი, სრულყოფილად შეასრულონ მასზე დაკისრებული კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკური ფუნქცია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ გაჩეხილი ტყეების უყურადღებოდ მიტოვება დაუშვებელია.

    არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით ერთ-ერთი ღონისძიება გაჩეხილი ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოლფასი ტყის გაშენებაა, თუკი ამის საშუალებას ტერიტორია იძლევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×