სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    07.10.2013

    არჩილ ქავთარაძე

    "ნაციონალური მოძრაობის", ხელისუფლების უსამართლო და უკანონო ქმედებების მსხვერპლი არის ათიათასობით ჩვენი მოქალაქე. უდიდეს ციფრებს აღწევს ბიზნესის, ქონების ხელყოფის და სახელმწიფო ქონების უკანონოდ გასხვისების ფაქტები.

    სააკაშვილის რეჟიმის უსამართლო მოღვაწეობა არ იყო მხოლოდ ცალკეულ მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგი. ის ემყარებოდა ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და ატარებდა სისტემურ ხასიათს. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც უნდა ემყარებოდეს ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და ატარებდეს სისტემურ ხასიათს.

    სწორედ ამიტომ გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ "სამართლიანობის აღდგენა უნდა მოექცეს მხოლოდ სამართლის ჩარჩოებში და მას არ უნდა მიეცეს პოლიტიკური სახე. სამართლიანობის აღდგენა არ უნდა შემოისაზღვროს მხოლოდ 2003-2013 წლების ნაციონალური ხელისუფლების პერიოდით, რადგან მანამდეც იყო დარღვევები". ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ უსამართლობას პოლიტიკური ამინისტია გამოუცხადა.

    არავინ ითხოვს პოლიტიკური მოტივით ვინმეს დაჭერას ან გასამართლებას, მაგრამ "ნაციონალური" ხელისუფლების მოხელეთა პოლიტიკური და არა სამართლებრივი ამინისტია, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის პოლიტიკური გასამართლება. თუ დამნაშავე არაა დამნაშავედ ცნობილი, ის დამნაშავე არაა და არც ამინისტიას საჭიროებს.

    თუ პარლამენტის მიერ არ გაკეთდება პოლიტიკური შეფასება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი ათასობით უკანონო განაჩენი და სხვადასხვა დონის სახელმწიფო უწყებების უკანონო ქმედებები ატარებდა პოლიტიკურად მოტივირებულ და სისტემურ ხასიათს, უფლებამოსილი კომისიები, რომლებიც იმუშავებენ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე, ვერ შეიქმნებიან, რადგან არ იქნება ამ კომისიების შექმნის პოლიტიკური საფუძველი. ამ კომისიების შექმნის გარეშე კი ვერავითარი სამართლიანობის აღდგენის პროცესი ვერ დაიწყება.

    როგორც ვიცით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე სპეციალიზებული კომისიის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, იქნება სისხლის სამართლის დანაშაულებების გამოძიება, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ჩადენილი უამრავი დანაშაულებები, კერძოდ, ქონებრივი დანაშაულებები ამ კომისიის მუშაობის მიღმა რჩება.

    ქონებრივი დანაშაულებების უდიდესი ნაწილი ხორციელდებოდა სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოების, კერძოდ, სამინისტროების და თვითმმართველობის ორგანოების მიერ. სწორედ ამიტომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს იმ უწყებებიდან, სადაც მოხდა კანონდარღვევა. ამისათვის მათ ბაზაზე საჭიროა, შეიქმნას სპეციალური კომისიები, რომელსაც მიმართავს დაზარალებული მხარე.

    ამ კომისიებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა გზით უნდა მოხდეს უკანონობის გამოსწორება. შესაძლებელია თუ არა დაშვებული უკანონობის აღმოფხვრა უწყების დონეზე, თუ საქმე უნდა გადაეცეს სასამართლოს.

    ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოში საქმის ახლიდან აღძვრა დამოკიდებულია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ფაქტების არსებობაზე. კომისიის მიერ მიღებული დასკვნა კანონით უნდა გაუთანასწორდეს ახლად აღმოჩენილი ფაქტის არსებობას, რასაც აუცილებლად დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილება.

    ამრიგად, პარლამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა მიიღოს პოლიტიკური დეკლარაცია, სადაც მხილებული იქნება სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის ხელყოფის სისტემური ხასიათი და დასახოს სამართლიანობის აღდგენის კონკრეტული გზები.

    პირველ რიგში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალიზებული კომისიების შექმნის თაობაზე და გარდამავალი საკანონმდებლო აქტი ამ კომისიების დასკვნების საფუძველზე სასამართლო წარმოების განახლებასთან ან ახლიდან წარმოებასთან დაკავშირებით.

    ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, არსებობს იმის საშიშროება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილმა ქონებრივმა დანაშაულებებმა შეიძლება სერიოზული ფინანსური სიძნელეები წარმოშვას. სახელდება 6-7 მილიარდი დოლარი, რაც შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ქონებრივ დანაშაულებებთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს საფრთხე ზედმეტად გაზვიადებული ჩანს.

    პირველ რიგში, აუცილებელია, აღნიშნული კომისიების მიერ გადაიხედოს ის ათიათასობით ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოხდა სახელმწიფო ქონების გასხვისება სიმბოლურ ფასებში. ამ გზით ქონების გასხვისების ერთადერთ გამართლებად ითვლებოდა ახალი მეპატრონის მიერ გასხვისებული ობიექტების რეაბილიტაციაში ვითომ დიდი ინვესტიციების ჩადება, რაც, როგორც წესი, არ ხდებოდა.

    კეთილსინდისიერ მეპატრონედ არ შეიძლება ჩაითვალოს მყიდველი, რომელიც 100 ლარიან საქონელს 1 ლარად იყიდის. კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის მაგალითი, როდესაც მას შესთავაზეს ობიექტი იაფად, მან უარი განაცხადა და მასში გადაიხადა იმდენი, რაც ეს ობიექტი რეალურად ღირდა. აი. ამას ნიშნავს კეთილსინდისიერი მყიდველი.

    გამომდინარე აქედან, ის გასხვისებული ქონება, რომლის მეპატრონეებმაც არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და მოხდეს მისი ახლიდან პრივატიზაცია. როგორც ვხედავთ, ამ მიმართულებით სამართლიანობის აღდგენა არა თუ დააზარალებს ქვეყანას, არამედ პირიქით, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლით შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსაგან დაზარალებულ მესაკუთრეებს თუნდაც ნაწილობრივ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზარალი.

    მოსალოდნელია, რომ ქონების პირვანდელ მესაკუთრეზე უკან დაბრუნების პროცესი უმეტეს შემთხვევაში წააწყდება დაბრკოლებას, რასაც კეთილსინდისიერი მეპატრონის ცნება ჰქვია. როგორც წესი, კეთილსინდისიერი მესაკუთრის ალიბის შექმნის მიზნით ხდებოდა საეჭვო გზით შეძენილი ქონების გასხვისება მესამე პირზე. გამომდინარე აქედან, თუ ქონების დაბრუნების პროცესი დაიწყება იმის ძიებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერია ქონების დღევანდელი მესაკუთრე, შეცდომა იქნება.

    ევროპაში მოპარულმა ავტომანქანამ რამდენიმე კეთილსინდისიერი მესაკუთრეც რომ გამოიცვალოს, ის მაინც პირვანდელ მესაკუთრეს უბრუნდება. ანალოგიურად, უკანონოდ გასხვისებული ან ჩამორთმეული ქონება უნდა უპირობოდ დაუბრუნდეს მის პირვანდელ მეპატრონეს.

    სწორედ ამ მიზნით აუცილებელია, მიღებული იქნეს კანონი უკანონო გზით გასხვისებული ქონების (მნიშვნელობა არა აქვს, ეს უკანონობა ჩაიდინა სახელმწიფო უწყებამ, იურიდიულმა თუ კერძო პირმა) პირვანდელ მეპატრონეზე, რომელიც ასევე შეიძლება იყოს სახელმწიფო უწყება, იურიდიული თუ კერძო პირი, უპირობოდ დაბრუნების შესახებ.

    ამრიგად, უნდა მოხდეს ქონებრივი სახის სადავო საკითხების, კერძოდ, უკანონოდ წართმეული ან გასხვისებული ქონების დაბრუნების საკითხების სამართლებრივად გადაწყვეტის ორ ეტაპად გაყოფა. პირველ ეტაპზე კომისია ან კომისიის დასკვნის საფუძველზე სასამართლო განიხილავს მხოლოდ ქონების უკანონოდ ხელყოფის საკითხს და თავს არ იზღუდავს იმის გარკვევით, თუ რამდენად კეთილსინდისიერი მესაკუთრეა სადავო ქონების არსებული მესაკუთრე. თუ გაირკვევა, რომ სადავო ქონება უკანონოდ იქნა ხელყოფილი, ის უპირობოდ უბრუნდება პირვანდელ მეპატრონეს.

    მეორე ეტაპზე მხარეს, რომელსაც ჩამოერთმევა უკანონოდ გასხვისებულ ქონებად მიჩნეული ქონება, სრული უფლება ეძლევა, სასამართლოს გზით დაამტკიცოს თავისი, როგორც კეთილსინდისიერი მესაკუთრის უფლება. საეჭვოა, რომ ასეთი კეთილსინდისიერი მესაკუთრე ბევრი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასეთი აღმოჩნდება და სასამართლო მიიჩნევს მას დაზარალებულად, თვით სასამართლო გადაწყვეტს, ვისი მხრიდან უნდა მოხდეს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

    დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საზრუნავია მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ქონების შენარჩუნება. მათ კარგად იციან, რომ მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფინანსურ მხარეს. ამიტომ თუ ისინი მას დაკარგავენ, მათი პოლიტიკური მომავალი საფრთხის ქვეშ დადგება. სწორედ ამიტომ მათი უპირველესი საზრუნავია, არ მოხდეს ქონებრივ საკითხებზე არსებული დავების სამართლებრივი გადახედვა.

    იმედია, "ქართული ოცნება" ამას არ დაუშვებს, იქნება პრინციპული და ყველაფერს იღონებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×