სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    (მივმართავთ პრემიერ-მინისტრს)
    მოსაზრება
    07.10.2013

    ნ. ნათაძე პ. კოღუაშვილი

    რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა ახალი ნახევარმილიონიანი ქალაქის - ლაზიკას - და შესაბამისი პორტის მშენებლობა. დემოგრაფიულმა მეცნიერებამ (მისი ყველაზე დიდი წარმომადგენლის, პროფ. ა. თოთაძის სახით) ძალიან მალე აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამ ნახევარმილიონიანი ქალაქის შესავსები მოსახლეობა საქართველოს არ ჰყავს - დასახლება იქნება მთლიანად ან თითქმის მთლიანად უცხოური. სულ მოკლე ხანში ფაქტთა შეჯერებისა და ანალიზის გზით (ფაქტებში შედიოდა დამფინანსებელთა სავარაუდო ვინაობაც) გაირკვა, რომ ეს ნახევარი მილიონი იქნებიან ძირითადად ჩინელები (ჩინეთის - მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოს - სტრატეგიული ლოგიმკით: "შენ, დასავლეთო, ცენტრალური აზიისკენ მოდიხარ. შესაბამისად, მეც მოვდივარ დასავლეთისკენ, ამჟამად - შავი ზღვის ნაპირისაკენ"). ძალიან სწრაფად გააზრებულ იქნა შემდეგიც:

    |. რუსეთის ინტერესი ამ მშენებლობაში მოიცავს სამ ფაქტორს. ერთი - (და მთავარი) ისაა, რომ შავ ზღვაზე მკვიდრდება რუსეთის გარდუვალი სტრა-ტეგიული მოკავშირის - ჩინეთის - ანკლავი, როგორც ურყევი ბაზა. მეორე - ისაა, რომ შავ ზღვაზე, რუსეთთან ძალიან ახლოს, ჩნდება ღრმაწყლიანი ნავთსადგური, რომლის აღება გადამწყვეტ მომენტში (ანუ ისეთ მომენტში, როცა იქ ჯერ არანაირი სხვა დიდი ძალა არ იარსებებს) რუსეთს აუნაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელიც მან განიცადა ოდესის დაკარგვით და რომელსაც, ადრე თუ გვიან, განიცდის სევასტოპოლის დაკარგვითაც (ეს პარადოქსალური ვარაუდი ემყარება იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა დღეს უაღრესად მიდრეკილია ავანტურისაკენ). მესამე - აქვე ჩნდება რუსეთის აგრეთვე პერსპექტიული (და უკვე მოქმედი) მოკავშირის - ნატოს წევრი თურქეთის - საყრდენი, ვინაიდან უეჭველია, რომ სააკაშვილი მშენებლებად მოიწვევს თურქულ ფირმებს და არა ქართულს (როგორც მოიწვია მოკლე ხანში სახურავჩავარდნილი აეროპორტის ასაშენებლად) და მშენებლების რაღაცა ნაწილი იქვე დაილექება მოსახლეობის სახით (ის, რომ ერთ-ერთი ინვესტორი აზერბაიჯანია, წონადი საბუთია ამ პროგნოზისათვის).

    დამატებითი, ფსიქოლოგიური ფაქტორია შემდეგი მოტივიც: "ჩინური უბნებით და დასახლებებით, სადაც ჩვენი მილიცია ვერ შედის, მოფენილია ციმბირი. დაე, იგივე იწვნიოს ჩვენმა დღესდღეობით ყველაზე საძულველმა მტერმა - საქართველომაც".

    ანალოგიური გეგმა ამავე ხელისუფლებისა მოქმედებს თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის შემთხვევაში: სარკინიგზო შემოვლითი გზის მშენებლობაში დასავლეთის ინტერესია ის, რომ იგი აადვილებს დასავლეთ-აღმოსავლური მიმართულებით ტვირთზიდვის ამოცანას. რუსეთის ინტერესი კი - ამ გაადვილების საპირწონე - ისაა, რომ ამ სტრატეგიულ წერტილში თავის ზემოხსენებული გარდუვალი მოკავშირის - ჩინეთის - მკვიდრი ბაზა შექმნას.

    ||. თურქეთის ინტერესი ამ მშენებლობისადმი მდგომარეობს:

    - დიდი შეკვეთის მიღებაში თავისი მშენებელი ფირმებისათვის;

    - ფეხის მოსაკიდის ძებნაში თავისი მოსახლეობის შექმნის გზით დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში (როგორსაც გაჩქარებით იქმნის დღეს ლამის თურქეთისათვის მიყიდულ ბათუმში);

    (შევნიშნავთ, რომ თურქეთთან მოკავშირეობა რუსეთის სტრატეგიული მიზანთსახვის დღეს ერთ-ერთი უარსებითესი ელემენტია: ("ოტვეტსტვენნოსტქ ზა კავკაზ ბერუტ ნა სებჭ როსსიჭ, ტურციჭ ი ირან.").

    |||. მესამე ინტერესი, რომელიც ჩართულია ხსნებულ პროექტში, გათვლადია იმ ინვესტორთა სიის მიხედვით, რომელიც გააჟღერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ორიოდე დღის წინ: ახალი ქალაქის და, შესაბამისად, რეგიონის მიმართ, როგორც ეტყობა, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ აგრეთვე დემოგრაფიული დაინტერესებაც არსებობს. ახალი ქალაქის მოსახლეობაში, როგორც ჩანს, იგულისხმება საკუთრებითი მიმართებების ბაზაზე დაფუძნებული ელიტაც, რომელიც დემოგრაფიულ ცვლილებებში ძალიან არსებით წვლილს შეიტანს (დასახლდება) და ასეთსავე არსებით ისტორიულმასშტაბიან უპირატესობებს მოიპოვებს.

    პორტის აშენება რომ საქართველოსთვის დამატებით ეკონომიკურ პერსპექტივას აჩენს, ეს ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან თითქმის 100%-იანი ალბათობაა იმისა, რომ არსებობს და გაიზრდება საჭიროება, საქართველოს პორტებით ისარგებლოს მთელმა ვრცელმა რეგიონმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მოცვით.

    დასახელებული გარემოებები გვიკარნახებს დასკვნას, რომ:

    - ანაკლიის პორტის აშენება საქართველოსთვის მომგებიანია (რა თქმა უნდა, შესაბამისი აუცილებელი პირობებისა და პრინციპების დაცვით);

    - ქალაქის გრანდიოზული მშენებლობის განხორციელება საქართველოსთვის დღეს და ახლო მომავალში სასიცოცხლოდ სახიფათოა. ქალაქი უნდა თვითონ გაიზარდოს ბუნებრივი წესით პორტის გარშემო იმ ტემპით, რომელსაც საქართველოს დემოგრაფიული შესაძლებლობები გასწვდება.

    აღსანიშნავია, სხვათა შორის, ისიც, რომ თეზისი - დღეს ანაკლიაში პორტის აშენემბა დასავლეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით სარკინიგზო ტვირთბრუნვას გაზრდის 110 მლნ ტონამდე - როგორც სპეციალისტთა საჯარო სატელევიზიო გადაცემებიდან ვხედავთ, შეპასუხებას იწვევს: მათი აზრით, ამ ტვირთ-ბრუნვისთვის გადაულახავი ზღვარია მონაკვეთის "ზესტაფონი-ხაშური" მცირე გამტარუნარიანობა (აღნიშნულის მეოთხედი), რომლის გაზრდას ინფრასტრუქტურული დაბანდება - პარალელური რკინიგზის ან პარალელური გვირაბის აშენება - სჭირდება.

    ვერც სააკაშვილის ადმინისტრაციის მოქმედებაში და გაცხადებულ გეგმებში აღნიშნუმლ პროექტთან დაკავშირებით და ვერც სადმე სხვაგან ვერ ვხედავთ იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი პრინციპებისადმი ერთგულებას, რომლებიც უნდა მართავდენენ საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოტანის პოლიტიკას. სახელდობრ შემდეგისადმი:

    1. ამ ინვესტიციების დასაშვებობისა და სასურველობის ან, პირიქით, დაუშვებლობისა და არასასურველობის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ერისა და სახელმწიფოს როგორც დღევანდელი, ისე ისტორიულმასშტაბიანი ინტერესებიდან გამომდინარე. ორივეს გათვალისწინება და გონივრული შეჯერება სავალდებულოა. ამ ინტერესებს, თავის მხრივ, განსაზღვრავს ერისა და სახელმწიფოს გამჭოლ მიზანთა იერარქია, ხოლო მიზანთა იერარქიას - ღირებულებათა იერარქია ანუ აქსიოლოგიური შკალა, რომლის მიხედვითაც ერს სურს ცხოვრება და სახელმწიფოს - მისი მართვა.

    ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციის მსაჭიროებელი მაკროპროექტების შერჩევა უნდა უსწრებდეს ინვესტიციების შერჩევას, რომელიც (ინვესტიციების ეს შერჩევა) ერისა და სახელმწიფოს მონოპოლიურად გადასაჭრელი ანუ პარტნიორების (ინვესტორების) ძებნის მიმართ უწინარესი ამოცანაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში (მშენებლობაში) მაკროპროექტის მიღება-არმიღების საკითხის გადაწყვეტას წინ უნდა უსწრებდეს მისი დემოგრაფიული შედეგების გათვლა.

    როგორც ზემოთ დავინახეთ, ანაკლიაში პორტის აშენებისა და მომსახურების ამოცანის დაძლევა საქართველოს დემოგრაფიული უნარიანობის ფარგლებში ეტევა, მასზე ნახევარმილიონიანი ქალაქის მიბმისას კი ვერ ეტევა. გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ამ ფაქტის მიხედვით. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი მთავრობისათვის სახელმძღვანელო აქსიოლოგიურ შკალაში ანუ ღირებულებათა იერარქიაში ერისა და სახელმწიფოს დემოგრაფიული უსაფრთხოება, ანუ ისტორიულმასშტაბიანი ინტერესი, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ამწუთიერი ეკონომიკური ინტერესი, მით უმეტეს, როცა ეს ინტერესი პირწმინდად ფინანსურია და არა ამავე დროს წარმოების სტიმულირებასთან დაკავშირებულიც.

    ეს განსხვავება უცხოელი პარტნიორის თვალში არ არსებობს (მას არ ეხება), მაგრამ საქართველოს მმართველის თვალში არსებობს. ამ ფაქტის ცნობიერება საქართველოს მმართველს უნდა ჰქონდეს. ამის გამოა, რომ აუცილებელია, პორტის მშენებლობასთან ერთად ქალაქის ჩასახვა-ზრდა-განვითარება მიდიოდეს ბუნებრივ ტემპში, ანუ იმ ტემპში, რომლითაც ეს შესაძლებელია უცხოეთიდან ახალი მოსახლეობის "იმპორტის" გარეშე. აუცილებელია ისიც, რომ მშენებლობის განხორციელება მისადაგებული იყოს იმ პროცესთან, რომელსაც ჰქვია "შავი ზღვის გათავისუფლება რუსულ-თურქული ტბის სტატუსისაგან, ანუ მისი ჩამოყალიბება მსოფლიოსთვის ღია ზღვად, რომელშიც რუსის ფლოტსა და ავიაციას ბატონობის აღარც საშუალება ექნება და აღარც იმედი".

    ||. ინვესტიციების პოლიტიკა დაქვემდებარებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქე ეკონომიკური სუბიექტებისა და უცხოელების (მათ შორის - უცხო სახელმწიფოების) მონაწილეობის პროპორციებისა და პროპორციებიდან გამომდინარე პოლიტიკური და სტრატეგიული შედეგების გათვლისა და პროგნოზებისადმი. ეს ეხება უცხოელების არა მხოლოდ კონკრეტულ უფლებამოსილებებს, რასაც მათი აქციების პაკეტები განსაზღვრავს, არამედ მათ სტრატეგიულ სადღეისო და მოსალოდნელ ინტერესებსა და მათ ფსიქოლოგიურ ტენდენციებსაც კი. ხსენებული კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ვერც ერთი მოქმედი პირის მხრიდან ამგვარი გათვლის ნიშანწყალი არ გვინახავს. ეს ნიშნავს: ამ სუბიექტებს და ინიციატორებს (სააკაშვილის გუნდს) ან საქმის ეს მხარე არ ადარდებთ (ანუ პასუხისმგებლობა აკლიათ) ან აზრად არ მოსდით ამ ამოცანის არსებობა, რაც მოსაზრების დეფიციტია, ან საჭიროდ არ მიაჩნიათ ამ თემაზე ანგარიშგება (რაც საზოგადოების გონებრივ შესაძლებლობათა შესახებ ძალიან მდარე წარმოდგენაზე მეტყველებს).

    ამ პრინციპთა დაუცველად უცხო ინვესტიციების უკრიტიკო ძიების სურვილი საქართველოს მიიყვანს სრულ ეკონომიკურ კატასტროფამდე - საქართველოს გადააქცევს ისეთ ქვეყნად, რომელიც არ წარმოადგენს ცალკე ეკონომიას ("მეურნეობას"), როგორც ასეთს: ეს იქნება ტერიტორია, რომელზედაც არსებობს სხვა სახელმწიფოების ეკონომიათა ნაწილები. ამ კონტექსტში არ შეიძლება არ გავიხსენოთ საქართველოში აშშ-ის ელჩის, ბ-ნ რიჩარდ ნორლანდის მიერ გაჟღერებული რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიწა დაუბრკოლებლად გადიოდეს ღია ბაზარზე (რომელშიც არცერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე არ არსებობს), რადგან ეს სჭირდება სოფლის მეურნეობაშივე ინვესტიციების მოზიდვის ლოგიკას.

    ეს რეკომენდაცია მიუღებელია ორი მიზეზით. ერთი ის გახლავთ, რაც წეღან ვახსენეთ: მიწა არის ქართველის ძირითადი საკვები ბაზა (რომლის გასხვისებით, სხვათა შორის, სასურსათო უსაფრთხოებაც პრობლემური გვიხდება). მისი გარანტირებული ალტერნატივა არ არსებობს. მეორეც, საქართველოს სოფლის მეურნეობას დღეს შედარებით მცირე დაბანდება სჭირდება. მისი ფინანსური უზრუნველყოფა იწყება (უნდა იწყებოდეს) იმ საკმაოდ ახლოს მდებარე ნიშნულიდან, რომელზეც გლეხები კოოპერირების გზით (კოოპერირებისა, რომელიც, სხვათა შორის, მონაწილეთა შორის შრომის განაწილების ელემენტებსაც მოიცავს) ორგანიზაციას უკეთებენ არა მხოლოდ პროდუქტის წარმოებას, არამედ აგრეთვე მის გადამუშავება-დაკონსერვებას და რეალიზაციას (იხ. ამ თემაზე პ. კოღუაშვილის მრავალრიცხოვანი კვლევები). ამ სიტუაციაში სოფელს სჭირდება დახმარება ძირითადად იაფი კრედიტის ორგანიზაციის სახით, რაც დიდ ჯამს არ ქმნის.

    თუ საქართველო თავის სარჩენ ბაზას - მიწას - გაყიდის სოფლის მეურნეობაში ინვესტირების მიზნით, ეს ემგვანება საკონცენტრაციო ბანაკში იმ ქალთა მოქმედებას, რომელნიც შეგნებულად ჭამდნენ მათთვის გადაყრილ მოწამლულ ძეხვს, რათა რამდენიმე წამით ჩაეხშოთ შიმშილის გაუსაძლისი გრძნობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×