სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    09.10.2013

    დავიღალეთ სიღატაკეში ცხოვრებით. დავიღალეთ იმ დაპირებების მოსმენით, რაც სიცრუეში გადადის. დავიღალეთ უყურადღებობით და ჩვენი წამოჭრილი საკითხების იგნორირებით.

    ერთი რამ ცხადია, ბიძინას წასვლით ჩვენი "ოცნებაც" სამუდამოდ დასამარდება და დაიფერფლება. შემთხვევით არ ვფიქრობთ ასე. დღემდე ვერ შევძელით, პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია, სხვაგვარად კი ვერც ერთი საკითხი ვერ გადავწყვიტეთ. მისი წასვლის შემდეგ რაღა სიკეთეს ველოდოთ?! პრემიერის რანგში მყოფს თუ ვერ ვაწვდენთ ხმას, პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ ვინ მიგვაკარებს ახლოს?!

    წლების განმავლობაში გვატყუებდნენ "ნაციონალები", სამწუხაროდ, დღესაც იგივე მეორდება. მხოლოდ 27 სექტემბერს ახსენდებათ დაღუპულები და ვეტერანები და კიდევ არჩევნების დროს, როდესაც ხმებია საჭირო.

    ჩვენ, ბორჯომის ხეობის ომის ვეტერანებმა, ბატონ ბიძინას მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ერთ-ერთმა პირველებმა გამოვთქვით პროტესტი. ჩვენ პირველებმა ვაგროვეთ მხარდასაჭერი ხელმოწერები. პირველივე დღეებიდან მხარდაჭერა გამოვუცხადეთ "ქართულ ოცნებას" და არაერთგზის წერილობით თუ პირადად მივმართეთ, მაგრამ "ძაღლადაც არავინ ჩაგვაგდო".

    ომის ვეტერანთა შეღავათების აღდგენის საკითხებზე ვერც მონაწილეობა და ვერც ინფორმაციის მიღება მოვახერხეთ. არ გვიწვევენ შეხვედრებში მონაწილეობისათვის;

    ვაუჩერები და სატელიტური ანტენები დაარიგეს, პირში ჩალა გამოგვავლეს. დაღუპულის ოჯახის გაზიფიცირება მოვითხოვეთ, "ღირსეულად" ფეხებზე დაიკიდეს;

    ახალდაბის ტყე-პარკის გადმოცემა მოვითხოვეთ "ომის ვეტერანთა სახელობით" დაარსების მიზნით, რითაც გადავარჩენთ გაჩეხვისაგან, პარალელურად სათევზაო ტურიზმის კუთხით დასაქმების კერის შექმნა გვსურდა. არც ეს მოგვისმინეს.

    ჩვენ დავაყენეთ არაერთი საკითხი ხალხის მოთხოვნით, მათი ხელმოწერების საფუძველზე, კერძოდ:

    ახალდაბის ყოფილი სკოლა-ინტერნატის ბაზაზე საფეხბურთო-სპორტული სკოლა-ინტერნატის დაარსება. როდესაც რეგიონში დასაქმება შეუძლებელია, ახალგაზრდობას სპორტული აღზრდის პირობები არ აქვს. გაიფურჩქნა ლოთობა და ნარკომანია. დაუშვებლად მიგვაჩნია ის თუნდაც ეკლესიას გადაეცემოდეს საღორის და საქონლის სადგომისთვის. ამისთვის ადგილები საკმაოდ ბევრია. ეს კი დანაშაულია.

    ჩვენს მოთხოვნას, მოხდეს დაბა ახალდაბაში გამოტოვებული უბნების გაზიფიცირება, არ ითვალისწინებენ.

    ვერ ხერხდება დაბა ახალდაბაში გაზიფიცირების დროს ანგრეული გზის მონაკვეთის მოხრეშვა.

    დღემდე ვერ გაკეთდა გარე განათება. ვერ მივაღწიეთ ჩაწყვეტილი ხიდის აღდგენას.

    გამოდის, არც ხალხის მოთხოვნებს ითვალისწინებენ, არა და სწორედ ეს ხალხი დაბა ახალდაბიდან არ შეშინდა და დადგა პირველი თავისი ხელმოწერებით პრემიერის გვერდით.

    სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდის შექმნა ყოვლად აუცილებლობად მიგვაჩნია, რაც შეუძლებელია ხელისუფლების თანადგომის გარეშე. ამ თემის ერთობლივ განხილვას და შესწავლას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ.

    ომის ვეტერანთა დაფასება მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშია, რისთვისაც ქვეყანაში უნდა არსებობდეს ფონდი, რომელიც დააფინანსებს უშუალოდ ომის ვეტერანთა პროექტებს.

    მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება ვერ გამოიყვანს სიღატაკიდან უმიწო რეგიონებს. ამიტომ მიგვაჩნია, მეტი გულისყურით უნდა გვისმენდნენ და განიხილავდნენ ხალხის აზრს.

    კარგია უცხოური ინვესტიციები, მაგრამ შიდა რესურსების, მატერიალურის და პიროვნულის, სრულყოფილად და გონივრულად გამოყენებამ იქნებ უკეთესი შედეგი მოგვცეს. გერმანული ანდაზაა: "ცხოვრება იმ ხისგან გამოთალე, რომელიც გაქვსო". აქედან გამომდინარეობს ჩვენი მოთხოვნაც:

    შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის ხალხისგან, მათ შორის ომის ვეტერანთა მხრიდან წამოსულ წინადადებებს და ხედვას დასაქმებისთვის და სიღატაკის დასაძლევად.

    აი, ამ საკითხებზე ველით პასუხს პირადად პრემიერისგან. თუ ვერც ამ საგაზეთო სტატიის შემდგომ მივიღებთ გამოხმაურებას, ცხადი გახდება, რომ ომის ვეტერანებზე ზრუნვა ილუზიაა და ჩვენი "ოცნება" მართლაც დაიფერფლა. შესაბამისად, ჩვენი შემდგომი რეაგირება იქნება ადეკვატური.

    ვასილ ივანიძე

    ბორჯომის ხეობის ომის ვეტერანთა კავშირის - "თავდადების ლიგა" თავმჯდომარე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×