სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    10.10.2013

    პაატა კოღუაშვილი

    პროფესორი

    მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას, ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის დაჩქარებული განვითარება.

    კოოპერატივების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების ადეკვატური. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ძალა, როგორც ძლიერი და სანდო პარტნიორი სოფლად რთული ეკონომიკურ-ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ არსებულ სიტუაციაში მხოლოდ კოოპერაციული, ანუ სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის სისტემის ხელშეწყობით არის შესაძლებელი ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და "ჯანსაღი საშუალო ფენის" ჩამოყალიბების უაღრესად რთული პროცესის განხორციელება.

    აგრარული სექტორის ფუნქციონირების, ბოლო ორი ათეული წლის, ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს სოფლის მოსახლეობასა და გადამმუშავებელ საწარმოებს შორის არსებულ კონფლიქტს. გადამმუშავებელი საწარმოები, მოგების გაზრდის მიზნით, ახდენენ გლეხობისგან პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასით. ისინი პრაქტიკულად გადაიქცნენ გადაულახავ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის.

    გლეხები, იმის გამო, რომ მათი პროდუქციის ჩაბარება მხოლოდ შესაბამის გადამმუშავებელ საწარმოში არის შესაძლებელი, იძულებულნი არიან დათანხმდნენ პროდუქციის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასებს. ეს ავტომატურად იწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციას და რაც მთავარია, სოფლად ცხოვრების სურვილისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის დაკარგვას. ამის გამო, განახევრდა ვენახისა და ხეხილის ფართობები, ჩაის პლანტაციებით გაშენებული ათასობით ჰექტარი ტყედ არის ქცეული, უმძიმეს დღეშია საკონსერვო მრეწველობა, კატასტროფულად შემცირდა ცხვრის, ღორის, ფრინველის სულადობა და ა.შ. ამის ძირითადი მიზეზი შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციული ფორმების სავსებით გასაგები იმანენტური ინტერესებია.

    მიგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის დაბალანსირებული განვითარების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს მათი ინტეგრაცია წარმოადგენს, რომლის ოპტიმალური ფორმებისა და მათზე დამყარებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტური მოდელების ძიება მრავალფუნქციური სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის აუცილებლობამდე მიგვიყვანს. ასეთი სტრუქტურის ფორმირებით და სახელმწიფოს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს მიეცემათ პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნის შესაძლებლობა, სადაც პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და სადაც გლეხები დაინტერესებული იქნებიან საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავლებით.

    დროში შეზღუდულობამ არ უნდა დაგვაშვებინოს სერიოზული შეცდომა, რომლის კონტურები უკვე ჩანს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 100 გადამმუშავებელი საწარმოს გადაცემაში შპს-ებსა თუ სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებზე (კოოპერატივებზე ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მათი გადაცემა, კოოპერატივებისა და მათი მაორგანიზებელი სტრუქტურების არარსებობის გამო). გლეხობიდან პროდუქციის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ხელშეწყობა იქნება მხოლოდ უკუშედეგის მომტანი. ჩვენი აზრით, აგროპროდუქციის მწარმოებელთა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ეკონომიკური დამოკიდებულების ძველებური ფორმის შენარჩუნება ახლო მომავალში აგროწარმოების განვითარების სერიოზული მუხრუჭი გახდება.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, შესაძლებლად მიგვაჩნია შპს-ების ჩამოყალიბება 100%-იანი სახელმწიფო წილით, რომლებიც საკუთარ ბალანსზე აიყვანენ ზემოაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოებს და რომელთა გამოსყიდვის უფლება მიეცემათ ამ საწარმოებთან ფუნქციონალურად დაკავშირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, გამოსყიდვის წინასწარ ჩამოყალიბებული კუმულაციური ფორმით. ამ ფორმით განხორციელდება ამ საწარმოთა გამოსყიდვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ საწესდებო კაპიტალში კოოპერატივის წევრთა ხვედრითი წილის პერმანენტული ზრდის საფუძველზე. მათი ხვედრითი წილების ფორმირება კი მოხდება გადამმუშავებული, ანუ საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული კოოპერაციული გადახდების ნაწილით და დამატებითი პაის ოდენობით, წინასწარ შეთანხმებული სქემით.

    აქვე მოგვყავს ევროპის ერთ-ერთი მაღალ განვითარებული ქვეყნის - დანიის სახამებლის მწარმოებელი კოოპერატივის (დანიაში კარტოფილის სახამებლის წარმოების 85% გადის ექსპორტზე და იყიდება 40-ზე მეტ ქვეყანაში. წელიწადში 170 000 ტ კარტოფილის სახამებელს აწარმოებს 5 საწარმო, რომელიც ეკუთვნის კოოპერატივს და აერთიანებს 3000-ზე მეტ ფერმერს) მუშაობის ძირითადი პრინციპები:

    - ფერმერი არის აქციების მფლობელი.

    - თითოეული აქცია აძლევს უფლებასა და იმავდროულად ვალდებულებას 100კგ კარტოფილის ჩაბარებაზე (10 აქციის მფლობელს აქვს უფლება და ვალდებულება ჩააბაროს 10ყ100!1000კგ კარტოფილი).

    - კარტოფილის ჩაბარების რიგს განსაზღვრავს საწარმო და ადგილზევე ანაზღაურებს პროდუქციის მინიმალურ ღირებულებას.

    - სახამებლის გაყიდვის შემდეგ მიღებული მოგება ნაწილდება აქციების რაოდენობის მიხედვით.

    - აქციების გაყიდვა ან გასხვისება ნებადართულია. აქციის ფასს განსაზღვრავს კარტოფილის ფასი გაყიდვის მომენტისთვის.

    - კოოპერატივის მართვას ახორციელებს კრება, რომელიც ირჩევს საწარმოს მმართველ დირექტორატს კოოპერატივის წევრებიდან.

    - კოოპერატივის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა და ეს დამოკიდებული არ არის აქციების ფლობის რაოდენობაზე.

    მსგავსი მოდელი უნდა დაინერგოს საქართველოში, რადგან ამით არ იზღუდება ფერმერთა თავისუფლება და ე.წ. "კოლექტივიზაციის" შიშიც ქრება. პირველ ეტაპზე შეიძლება გავაუქმოთ პროდუქციის ჩაბარებაზე მკაცრი ვალდებულება და დავუშვათ კოოპერატივის არაწევრებისაგან პროდუქციის შეძენა თუ ამის აუცილებლობას დირექტორატი დაინახავს.

    კოოპერაციულ სამეწარმეო სისტემაში მისი წევრების წილის (პაის) ფორმირებაზე პერმანენტულ გავლენას მოახდენს დამატებითი პაი, რომელიც წარმოადგენს კოოპერაციული და საპაიო გადახდების წესდებით განსაზღვრულ ნაწილს. ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იქნება ცვალებადი (მით უფრო საწყის ეტაპზე და მით უმეტეს გარედან მოსალოდნელი ხელშეწყობის პირობებში) და მისი ზრდა დამოკიდებული იქნება მხოლოდ კოოპერატივის წევრთა კეთილსინდისიერ და ეფექტურ შრომაზე, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს უმნიშვნელოვანესი ფაქტორის - შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის ყველაზე ძლიერ საფუძველს.

    საქართველოს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღება უდავოდ უნდა ჩაითვალოს წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი (აგრარული) სექტორის ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ კანონის ის ხარვეზები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება ნეგატიურად აისახოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე.

    კერძოდ, კანონით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ არ ხდება კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობათა მარეგულირებელი ძირითადი წესების განსაზღვრა. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რაც განასხვავებს მას მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისაგან. კოოპერატივის არსებობის მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს არა კანონით დადგენილი მხოლოდ საპაიო ფონდში შესატანი ფულადი და სხვა სახის ქონება (რომელიც მეპაიეს აძლევს დივიდენდების მიღების საშუალებას), არამედ მისი წევრების, შრომითი რესურსების კაპიტალიზაცია, რაც უზრუნველყოფს შრომის უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს.

    სწორედ ამ ორი კომპონენტის - შრომითი და მატერიალურის ორგანული შერწყმით მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ეფეტიანობა, სოციალურ სოლიდარობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სისტემის ფორმირებით.

    თანამედროვე ევროპული ტიპის კოოპერატივების განვითარების 170-წლიანი გამოცდილებიდან ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ ამ მიმართულებით წარმატებული ყველა ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზას, სადაც ისეთი ელემენტების შემოტანით, როგორიცაა: საპაიო შენატანი, დამატებითი პაი, კოოპერაციული გადახდები, კოოპერატივის ასოცირებული წევრი და სხვა, ახდენენ კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას უშუალოდ საკანონმდებლო დონეზე იმ მიზნით, რომ ამ ურთიერთობებში შრომითი რესურსის ფაქტორი იყოს განმსაზღვრელი და მასზე მატერიალურმა კაპიტალმა საპაიო შენატანების სახით არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა.

    ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული პრაქტიკაც: საკანონმდებლო დონეზე ხდება კანონის მიღება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ შედარებით გამარტივებული წესით, რომელიც არ ახდენს კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას. ამ შემთხვევაში ეს საკითხი რეგულირდება ქვეყნის მთავრობის ან შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტით, რაც გამოიხატება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტიპური წესდების მიღება-დამტკიცებით. ორივე შემთხვევაში ყველა ქვეყნის კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის (კოოპერატივების) შესახებ შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ძირითადი და საერთოა ყველასთვის.

    სამწუხაროდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ეს საკითხები არ მიიჩნია მნიშვნელოვნად, რომ მოწინავე ქვეყნების მსგავსად მოეხდინა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე. ამიტომ რჩება ერთადერთი სწორი გამოსავალი: საქართველოს მთავრობამ ან სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტიპური წესდების დამტკიცების თაობაზე, რომელიც სავალდებულო იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიღების მსურველი ყველა იურიდიული სუბიექტისთვის.

    დასასრულ, სახელმწიფომ ცალსახად უნდა განსაზღვროს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განხორციელება წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამიზნულია, უშუალოდ, სოფლად მცხოვრები ადამიანების და საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების სასიკეთოდ. არსებული რეალობის გათვალისწინებით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იკისროს ამ მნიშვნელოვანი პროცესის წარმმართველის ძირითადი (მაკოორდინებელი და ხელშემწყობი) ფუნქცია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×