სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.10.2013

    ახლახან გამოსულმა ერთმა სქელტანიანმა (ფ4 ფორმატის 960 გვერდი) კრებულმა, რომლითაც აღინიშნა დიდი ქართველი მამულიშვილის - ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავი (შემდგენელი - ბ.კობაძე, რედაქტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. მ.მშვილდაძე, გამომცემლობის რედაქტორი - მ.მარკოზიშვილი), სამწუხაროდ, გაიმეორა ერთი არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი, საფრანგეთის მე-18 პრეზიდენტი - შარლ დე გოლი (1890-1970) და ჩვენი სახელოვანი თანამემამულე, საფრანგეთის ეროვნული გმირი - დიმიტრი ამილახვარი (1906-1942) ერთად სწავლობდნენ სენ-სირის ცნობილ სამხედრო სასწავლებელში (გვ.936).

    ამ ინფორმაციის წყაროდ სტატიის ავტორმა (პროფ. იგორ კვესელავა) მიუთითა ბატონი გელა სულაძის ასევე საკმაოდ სქელტანიანი (ფ4 ფორმატის 650 გვერდი) მონოგრაფია ("ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები"), რომელიც შარშან გამოაქვეყნა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ (მონოგრაფიას ჰყავს ერთი სამეცნიერო რედაქტორი, ორი მეცნიერ-კონსულტანტი პროფესორი და ექვსიც საერთოდ კონსულტანტი...).

    აქ (432-ე გვერდზე), ჩემდა გასაოცრად, მართლაც ასე წერია და, უფრო მეტიც, ერთი ისეთი მიამიტური ფრაზა მოჰყვება, უბრალოდ, გაგეღიმება კაცს - ერთად სწავლობდნენ სენ-სირის სასწავლებელში და შემდგომშიც(!!!) აგრძელებდნენ მეგობრულ ურთიერთობებსო და ა.შ. კარგით რა, ბატონო გელა, ბარემ ისიც მიგეწერათ, ღვინოს სულ ვახტანგურად სვამდნენ და საქართველოშიც მოიპატიჟაო... უხერხულია, სხვა თუ არაფერი, უხერხული!

    გ.სულაძის მონოგრაფიას რომ გადავხედე, მართალი გითხრათ, იშვიათი მასალის სიუხვითა და მასშტაბურობის გამო, ერთგვარი სიმპათიით განვეწყვე უცნობი ავტორის მიმართ, მაგრამ დე გოლსა და დ.ამილახვარს ერთად არც შეეძლოთ ესწავლათ სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პირველი საფრანგეთში იყო და მეორე - საქართველოში და, რაც მთავარია, დე გოლი 16 წლით უფროსი გახლდათ დ.ამილახვარზე, იგი 1910 წელს შევიდა აღნიშნულ სასწავლებელში, დიახ, დიახ, 1910 წელს, როცა დ.ამილახვარი მხოლოდ 4 წლის იყო და, ვიმეორებ, ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრობდა. ხოლო როცა სწავლის პერიოდი დაუდგა, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა სერგო ზაქარიაძესთან და ილიკო სუხიშვილთან ერთად.

    ამ დროს კი ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ოფიცერი დე გოლი მამაცურად იბრძოდა ფრონტზე, სამჯერ დაიჭრა კიდეც და ბოლოს ტყვედაც ჩაუვარდა გერმანელებს... ასე რომ, კარგად დავიმახსოვროთ, ძვირფასო კოლეგებო - დე გოლი კი არ სწავლობდა დ.ამილახვართან, არამედ ქართველი კულტურის მომავალი დიდოსტატები: ს.ზაქარიაძე და ი.სუხიშვილი.

    როგორც ჩანს, გუნდი და გუნდი პროფესორთა და რედაქტორ-კონსულტანტთა (ზემოთ რომ მივანიშნე საგანგებოდ), შეცდა - ალბათ, იმის თქმა უნდოდათ, რომ დე გოლსა და დ.ამილახვარს ერთი და იგივე სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული... თემატური სისრულისათვის აქვე დავძენ, რომ დ.ამილახვარი სენ-სირის სასწავლებელში 1924-26 წლებში სწავლობდა.

    შეცდომისაგან არავინ არ ვართ დაზღვეული - მთავარია, დროულად გამოვასწოროთ. რაც შეეხება თავად ზემოხსენებულ საიუბილეო კრებულს ("ექვთიმე თაყაიშვილი - 150"), სამწუხაროდ, იგი სერიოზულ კრიტიკულ განსჯას იმსახურებს და, კარგი იქნება, თუ ამ გადაუდებელ საქმეს ისევ "რეზონანსი" მიხედავს...

    გოგი დოლიძე

    8.10.2013

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×