სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.10.2013

    ლევან ჭიღლაძე იურისტი

    ალბათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა პრაქტიკოსი იურისტებისაგან და ადვოკატებისაგან მოგვესმინა ავადსახსენებელი იპოთეკური ომის შესახებ, რომელზეც საზოგადოების ვნებათაღელვა არ ცხრება და რამაც ახლო მომავალში შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს ისედაც გაუბედურებულ ბიზნესს.

    პრემიერმა ბნ-მა ბიძინა ივანიშვილმა მართებულად აღნიშნა, რომ პარლამენტს ბიზნესთან შეუთანხმებლად ამგვარი გადაწყვეტილება, აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ არ უნდა მიეღო, მაგრამ ჩვენი პარლამენტარები ბოლო ხანს მხოლოდ ბევრ შეცდომებს, რომ უშვებენ არახალია, ისე იქცევიან "კანონშემოქმედები" თითქოს სამოქალაქო კოდექსთან არც ჰქონიათ შეხება და იპოთეკის ინსტიტუტს საერთოდ არ სცნობენ.

    რატომ კარგავენ ადამიანები საკუთრებას, რატომ ასახლებენ და რატომ ედავებიან იპოთეკარებს ე.წ. კერძო და მსხვილ გამსესხებლებს? ალბათ ეს თემა უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს. მოდით პრობლემას მივყვეთ კვალდაკვალ.

    მთავარია ფული, მაგრამ დაფარვა უნდა ვალსაო...

    სიტყვა იპოთეკა დღეს ადამიანებს სხვანაირად ესმის. იპოთეკურ, ანუ სესხის ამ ბაზარზე უამრავი კატეგორიის ადამიანს შეხვდებით. ზოგს ჰგონია, რომ ჩვეულებრივი სესხია და უძრავ ქონებას იმიტომ დებს, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაშიც კი ქონებას არ დაკარგავს, ზოგიერთს რისკის დროსაც კი სჯერა, რომ ქართველი კაცი კერძო მსესხებელი მაინც გამოიჩენს ლმობიერებას და ფუძეს არ დაუნგრევს.

    არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ოღონდ ახლა გადარჩეს მოვალისაგან, რომ ყველაფერზე მიდის. ზოგი ათასგვარ გაუაზრებელ ბიზნესში ერთვება და შედეგზე არ ფიქრობს. ადამიანები ფიქრობენ იმ წუთში თანხის მოპოვებაზე, მაგრამ არ უფიქრდებიან რა ფასად დაუჯდებათ სესხი.

    დღეს არაერთი ადამიანი თანხას იპოთეკაში გარანტად რამე უძრავ ნივთში იმიტომ დებს, რომ სხვა დაცულობას ვერსად ხედავს და ამ საქმეში, როგორც ამბობენ დიდ ბიზნესმენთა თანხებიც ბრუნავს, რადგან რისკი ამ ბიზნესში ქართულ პირობებში, როცა არ იცი რას მოგიტანს ხვალინდელი დღე, ძალინ მცირეა.

    ამ ვაკხანალიაში გულწრფელად, რომ ვთქვათ ხელს ითბობენ საშუამავლო ფირმები. მათზე მინდობილი ადამიანები ებმებიან ათასგვარ ცდუნებაში. ნოტარიუსთან მისულთ ხშირად არც იმის ფუფუნება აქვთ, რომ სწორედ განემარტებათ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგი, პირობები და მოქმედების ფარგლები. მერე ამას თან სდევს შუამავალთა ვაჭრობა, რომ საშუამავლო ხუთი ან ათი პროცენტიდან იწყება, იქ ნოტარიუსის მოსაკრებელი, სხვა ხარჯი და მსესხებელს ხელში რჩება ქაღალდზე დაფიქსირებული თანხის ნახევარი. პრობლემაც სწორედ აქედან იწყება.

    ერთი ისტორია, რომელსაც საადვოკატო პრაქტიკიდან მოგითხრობთ ამ თემას უფრო მეტად წარმოაჩენს. რამდენიმე თვის წინ ერთმა ქალბატონმა მთხოვა გამეწია იურიდიული დახმარება როგორც დამცველს შესაბამის ორგანოებში. საქმიდან ირკვეოდა, რომ მის შვილს თავისი ხელმძღვანელის თხოვნით იპოთეკის ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი და გარანტად თავისი საკუთრება ჩაუდვია. შვილი დარწმუნებული იყო, რომ მისი უფროსი ვალს აუცილებლად გადაიხდიდა, რადგან ბიზნესის საქმე კარგად მიდიოდა.

    ეს უკანასკნელი პრობლემის პირისპირ მაშინ დადგა, როდესაც სასამართლოს გზავნილი მოუტანეს რომ მის ბინას აუქციონზე იძულებით გაყიდვა ემუქრებოდა, რადგან მსესხებელს გამსესხებლისათვის ვალი ბოლომდე არ ჰქონდა დაფარული. მოხდა ისე რომ ბინა აუქციონზე კრედიტორმა მაინც გაიტანა. ბოლოს, ამ ამბის შესახებ ცნობილი გახდა მშობლებისათვის. შვილი მშობლებს და სამართალდამცავებს ბევრჯერ უხსნიდა რომ უფროსს ენდო და რომ მოტყუებას ჰქონდა ადგილი, მაგარამ აუქციონის შეჩერების იმედი არ არსებობდა.

    ჩვენ დავის პერიოდში მოვუსმინეთ მეორე მხარეს ანუ გამსესხებელს, რომელსაც არცთუ სახარბიელოდ ჰქონდა საქმე. მას ურჩიეს შუამავლებმა რომ თავისი დანაზოგი ჩაედო იპოთეკურ სესხში და ყოველთვე პროცენტის სახით მიიღებდა საარსებო ლუკმას, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე თვის შემდეგ აღარც პროცენტის ფული ჩანდა და აღარც მსესხებელი. რა ექნა გამსესხებელს, იძულებული იყო მოეთხოვა იმ ადამიანის ბინის რეალიზაცია, რომელსაც თანხა საერთოდ არ უნახავს. ამ შემთხვევაში ვინ არის დამნაშავე გამსესხებელი? ვინ დარჩა მოგებული? არცერთი მხარე - ორივე დაზარალებულად იქცნენ.

    ბოლოს სამართალდამცავებმა ამ საქმეში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს რადგან, გარანტორის მხრიდან როგორც მესაკუთრეს იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ - ნება ხელისმოწერით ჰქონდა გამოვლენილი და რისკი მასზე მოდიოდა. რა თქმა უნდა ეს ოჯახი გამოასახლეს, მჯერა ამ იპოთეკურ საწინააღმდეგო ომში ერთ-ერთი მონაწილე ეს ოჯახიც იქნება.

    მორატორიუმი არის გამოსავალი? ისევ იურიდიული ვაკხანალია

    აღსრულებაზე მორატორიუმი გამოსავალი არ არის. ხშირად ამ აკრძალვის არგუმენტად მოაქვთ ის, რომ იპოთეკარმა ვეღარ შეძლოს გაჭირვებულ ადამიანთა ქონების კაპიკების ფასებში ხელში ჩაგდება. იქნებ მიგითითონ ე.წ. კანონშემოქმედებმა სამოქალაქო კოდექსის რომელი ნორმა ამბობს იმას, რომ თუ მსესხებელმა არ გადაიხადა სესხი მას არ უნდა დაეკისროს პროცენტი და პირგასამტეხლო და შესაბამისად არ მოხდეს იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ სესხით უზრუნველყოფილი ქონების დაკმაყოფილება რეალიზაციის, აუქციონის გზით.

    მსესხებელი და გამსესხებელი ორივე ადამაინია თავისი პრობლემებით, თუმცა აქ არის ერთი დეტალი, რომელიც პრობლემას ჰქმნის. ხშირად, ნოტარიუსები და არასწორი ანგარიშის წყალობით, ზედმეტად დარიცხული თანხებით გამოწერენ ხოლმე სააღსრულებლო ფურცელს და არ ამოდიან კანონიდან. ისინი ხშირად ეყრდნობიან გამსესხებლის ზეპირ ახსნას, რომ მას, მსესხებელს საერთოდ არ გადაუხდია თანხა არც პროცენტი და არც ძირი, მაშინ როდესაც აღმოჩნდება ხოლმე რომ დავუშვათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამი თვის ნაცვლად გადახდილი აქვს 2 თვის პროცენტი და ანგარიშობენ 3 თვის პროცენტს შესაბამისი დროის პირგასამტეხლოსთან ერთად.

    მოქალაქეები, ხშირად არაკვალიფიციური იურიდიული მომსახურების შედეგად სასამართლოს ნაცვლად მიმართავენ ხოლმე შინაგან საქმეთა ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ უფლება ცვლილება შეტანონ სააღსრულებლო ფურცელში მაშინ როდესაც სასამართლოს აქვს ამის კომპეტენცია. საბედნიეროდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უშვებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომ შეჩერებულ იქნას სააღსრულებლო საქმე სასამართლოს მიერ დავის საბოლოოო გადაწყვეტამდე. თუმცა ამ ღონისძიებას მოქალაქენი უყურადღებობის გამო არ მიმართავენ.

    რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, გვაქვს არაერთი ფაქტიც როდესაც გამოკვეთილია თაღლითობა, მაგარამ საქმეს საგამოძიებო ორგანოები სამწუხაროდ არ იწყებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ერკვევიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ფაქტობრივად გამოძიება ამ მხრივ მკვდარია, განსაკუთრებით საარბიტრაჟო დავებზე გამოძიებისას.

    ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო სტრუქტურებში არსებულ თაღლითობათა განყოფილებას ეფექტური გამოძიებისათვის აუცილებლად უნდა სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე მინიმუმ ერთი კადრი მაინც ან ამ საქმით დაკავებული გამომძიებლები უნდა გადიოდნენ სპეციალიზებულ მომზადებას ამ მიმართულებით.

    დაბოლოს, სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობა ამ ურთიერთობებში. იპოთეკური სესხების გაცემას, მიღებას სჭირდება კიდევ უფრო დახვეწილი ფორმა. რაც მთავარია, საზოგადოების მომზადება ინფორმირებულობა ამ საქმეში, რომ პროტესტი ვალის გადახდისაგან არ გათავისუფლებს და ასევე ის რომ ნოტარიუსებს (თუმცა. სასამართლოებს ნაკლებად აქვთ ამის პრობლემა) მიეცეთ სპეციალიზებული ინტრუქცია, რომ არ მოხდეს ნაჩქარევად სააღსრულებლო ფურცლის გაცემა ქონების იძულებით გაყიდვის მიზნით და მოხდეს ამ მხრივ მკაცრი მონიტორინგის დაწესება.

    რაც შეეხება გამოსახლებას, პოლიციის მიერ ეს კომპეტენცია აუცილებლად უნდა გადაეცეთ მხოლოდ სასამართლოებს, თუნდაც პირველი ინსტანციის დონეზე, რადგან ისედაც შოკირებულ ადამიანებს ხშირად უჭირთ იძულებითი აღსრულების გათვიცნობიერება მცირე დროში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×