„ახალგაზრდა კვლავაც გზნებით ხალხში უნდა ტრიალებდეს...“
რეზონანსი
12.03.2023

საქართველოში შექმნილი ვითარება უაღრესად რთულია. უკანასკნელ ხანს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსესუსი არ არსებობს. ამის დასტურია „უცხოხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობა. 

სამართლებრივი პროცესი პარლამენტში იმგვარად წარიმართა, რომ მმართველმა ძალებმა საკუთარი პოზიციის მართებულობაში ვერავინ დაარწმუნეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. კლიენტელისტული ჯგუფების მხარდაჭერა ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. განაცხადი, რომ საკუთარი მოქმედების განმარტება დაიწყება კანონის განხილვის იძულებითი ჩაგდების შემდეგ, უკან მიდევნებულ ლამპარს გავს, მავნესა და უსარგებლოს. მთელი პროცესი წარიმართა არაპროფესიონალურად და რესენტიმენტებზე დაყრდნობით. ჯგუფი, რომელიც უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე მუშაობდა, არაკომპეტენტური და პოლიტიკურად არაშორისმჭვრეტელი აღმოჩნდა. ნებისმიერი კანონი უჰაერო სივრცეში არ იქმნება. მინიმალურად მაინც უნდა იქნას გათვალისწინებული ის გარემოება, მზად არის თუ არა საზოგადოება მის მისაღებად და რა ავ-კარგის მომტანია იგი საბოლოოდ.

ყოველივე ზემოთქმულს ემატება დღეს კავკასიაში, ევროპასა და მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ჩვენგან დიდ სიფრთხილესა და წინდახედულებას ითხოვს. საქართველომ ყოველნაირად უნდა აარიდოს თავი სტრატეგიული მარტოობის საფრთხეს. უხეირო საკანონმდებლო მუშაობა კი ხელს უწყობს უნდობლობას საქართველოსა და მის პარტნიორებს შორის. ახლა დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. 

ვერც იმას ვიტყვით, რომ შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე. მინიმუმ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის უკან გაწვევის დროიდან საქართველოს ხელისუფლების პოზიციის სიმყარის თაობაზე დასავლეთში დეჭვება აშკარად იგრძნობა. არის მცდელობა იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი საფუძველიც მოიძებნოს ევროპასთან დისტანცირების გასამართლებლად. 

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კავკასიის მოსაზღვრე რეგიონში და შავ ზღვაზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. ამ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის. ხოლო დასავლეთის ნებისა და ძლევამოსილების გარეშე ეს დაპირისპირება წარმატებით ვერ დასრულდება. 

დიახ, მშვიდობა მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანიც და სწორედ ამ მშვიდობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სტრატეგიული მარტოობის თავიდან აცილება. ეს საფრთხე აშკარა გახდა სწორედ კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება, არამედ წარმოქმნილი უნდობლობის ყინულის გადნობაც. 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთი უმძიმეს ბრძოლაში არის ჩართული არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არამედ საკუთარი უსაფრთხოების სისტემის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ დრამატულ ვითარებაში გაჩნდა ევროკავშირის გაფართოების რეალური შესაძლებლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გაერთიანებაში უპირველეს ყოვლისა მოხვდებიან ის მეგობრები, რომელთა ერთგულებაში დასავლეთს ეჭვი არ შეეპარება. ყველა სხვა დადებითი მონაცემი მეორადია. 

ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ავადსახსენებელი კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზის გადაკვეთის უბადრუკი მცდელობა, უმრავლესობის მიერ მისი პირველი მოსმენით მიღება კი - მძიმე შეცდომა. სამომავლოდ პარლამენტმა კანონების მომზადება უნდა დაავალოს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ არიან ევროსკეპტიკოსები და მინიმალურად მაინც გაართმევენ თავს მათ წინაშე მდგარ სამართლებრივ და პოლიტიკურ ამოცანებს. პარლამენტის უმრავლესობამ კი კანონშემოქმედების პროცესში უნდა გამოიჩინოს შესაფერი გონიერება და სიდინჯე. ამ სამწუხარო შემთხვევის გამო შეიძლება გავიხსენოთ კლასიკოსის ცნობილი სიტყვები „ცხოვრების მაგალითადა ბრიყვები დამისახოდი“.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მინიმუმ ერთი დადებითი ტენდენცია ახლდა თან - ახალგაზრდების, უმთავრესად კი სტუდენტობის აქტიურობა, რამაც სწრაფად გამოიღო შესაბამისი შედეგი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც გაისმა სკეპტიკოსთა ხმები, თითქოს ახალგაზრდებს უჭირთ საკუთარი ჭარბი ენერგიის სწორად მართვა. ეს სერიოზული შეცდომაა. ქართველმა სტუდენტობამ სწორად წარმართა საკუთარი საქმიანობა 1978 წლის 14 აპრილს, რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა მან 1989 წლის 9 აპრილსაც. დღევანდელი სტუდენტობა მათი მემკვიდრეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ტრადიცია არც მომავალში შეწყდება და ახალგაზრდები საკუთარ შვილებს გადასცემენ ქვეყნის სიყვარულს მისთვის თავდადებასა და ყოველივე მოწინავესადმი ერთგულებას. 

სტუდენტი-ახალგაზრდობის კეთილშობილური მიზნების აღსრულება ორგანულად არის დაკავშირებული კონკურენტული განათლებისა და ცოდნის მიღებასთან, რაც დასავლურ სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტის გარეშე გართულდება. ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი სამყაროს ფორმირებაში.

ვფიქრობთ განვლილი განსაცდელი ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. საქართველო გამოიყენებს იმ ისტორიულ შანსს, რომელიც გაჩნდა და იმავდროულად თავიდან აიცილებს სერიოზულ საფრთხეებს რაც ამ შესაძლებლობას ახლავს თან. საჭიროა მოქალაქეთა აქტიურობა და ძალისხმევის სწორად წარმართვა.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ დაიმკვიდრებს კუთვნილ და ღირსეულ ადგილს დასავლურ სამყაროსა და მთელ მსოფლიოში.

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები:

პაატა კოღუაშვილი, ნიკა სანებლიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×