სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    20.01.2014

    (საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის ახალი რედაქციისათვის)

    ავთანდილ დემეტრაშვილი

    სამართლის დოქტორი, თსუ-ის ემერიტუსი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

    მალხაზ მაცაბერიძე

    პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

    ბექა ქანთარია

    სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

    საქართველოს ახალ და უახლეს კონსტიტუციურ ისტორიაზე თუნდაც ზოგადი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ერთი კანონზომიერების დანახვა - მიუხედავად მისი, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაწარმოების არაერთგვაროვანი შეფასებისა, განვითარების თითქმის ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთზე 1921 წლის კონსტიტუციის თემა ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობთ, არც ამჟამად შექმნილმა კომისიამ უნდა აუაროს მას გვერდი შემდეგი მოსაზრებების გამო.

    დავიწყებთ იმით, რომ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით, ეს კონსტიტუცია დღესაც მოქმედია. ამ შეხედულების სამართლებრივ არგუმენტებად მოჰყავთ კონსტიტუციის ჩანაწერი: "ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეწლივ, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული" და მეორე ის, რომ არც იმიგრაციაში მიმავალ მთავრობას, არც დამფუძნებელ კრებას და არც ამომრჩევლებს იგი არც გაუუქმებიათ და არც შეუჩერებიათ მისი მოქმედება. დამფუძნებელი კრების სხდომა დაიხურა იმ იმედით, რომ ემიგრაციაში წასული მთავრობა მალე ისევ დაუბრუნდებოდა საქართველოს და გააგრძელებდა ქვეყნის კონსტიტუციურ აღმშენებლობას. გარდა ამისა, დამფუძნებელი კრების სხდომები ლევილის მამულში იმართებოდა. ასეთ პირობებში, წარმოუდგენელია, მთავრობას კონსტიტუციის შეჩერება აზრად მოსვლოდეს. პირიქით, ისინი ფიქრობდნენ, რომ კონსტიტუციის ძალით, ისევ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.

    მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრებები მეტ დამაჯერებლობას და სანდოობას საჭიროებს, ისინი მაინც საყურადღებო და ანგარიშგასაწევია.

    გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირველი კონსტიტუციის პროექტი შემუშავებულ და მიღებულ იქნა დადგენილი წესების სრული დაცვით. მისი ლეგიტიმაცია მაღალია. პროექტზე მუშაობა დაიწყო 1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიაში. 1919 წელს მოწვეულ იქნა სპეციალური დამფუძნებელი კრება, რომელმაც დაასრულა პროექტის შედგენა. კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა ორჯერ 1920 წელს სახალხო-საყოველთაო განხილვისათვის. საკონსტიტუციო კომისიამ შეისწავლა მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება, ქართულ ენაზე თარგმნა შრომები კონსტიტუციონალიზმის სფეროში.

    ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია ქართველი ერის ნებას გამოხატავდა. მასში ცვლილებების შეტანა რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა.

    კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებისთანავე არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა გამოთქვა თავისი დადებითი მოსაზრება (მაგალითად, კარლ კაუცკი, ინგლისის პრემიერ მინისტრი რამზეი მაკდონალდი, რუსი კონსტიტუციონალისტი ბორის შაცკი). მაკდონალდი ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციის პროექტის შემუშავებით მთელ კაცობრიობას დაუმტკიცა მაღალი სამართლებრივი კულტურა და პოლიტიკური შეგნება (1920 წელი). შაცკის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის პროექტი უაღრესად დემოკრატიული და პროგრესული დოკუმენტია (1920 წელი).

    საქართველოს პირველ კონსტიტუციას არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა თანამედროვე უცხოელ ავტორთა შრომებში. ამ საკითხზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით გერმანელი კონსტიტუციონალისტის ვოლფგანგ ბაბეკის მოსაზრებას, ასევე საინტერესოა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის შეხედულება, რომლის მიხედვით, საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე, სადაც საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი მმართველობის ფორმის საკითხი და მოცემული კონსტიტუციონალიზმის პრინციპები. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია თანამედროვე გერმანელი კონსტიტუციონალისტი პეტერ ჰებერლე, რომელიც საქართველოს პირველი კონსტიტუციის ზოგიერთ დებულებას სენსაციურს უწოდებს.

    1921 წლის კონსტიტუცია და მისი მოთხოვნები აქტუალური საქართველოს გარდამავალ პერიოდშიც იყო.

    ჯერ იყო და ხელისუფლებაში მოსული ეროვნული ძალების წინაშე დადგა კონსტიტუციის საჭიროების საკითხი. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვერც ახალი კონსტიტუციის მიღება, ვერც 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედება, თუმცა ორივე საკითხი განიხილებოდა სასწრაფოდ შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის პირველ და (თუ არა ვცდებით) უკანასკნელ სხდომაზე.

    ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური გზით მოსულმა სამხედრო საბჭომ სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა ერთ-ერთ ბრალდებად, როცა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის დეკლარაციაში ჩაწერა: "საქართველოს ხელისუფლებამ (იგულისხმება მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია) უარყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობა, არ აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის ნაცვლად საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა".

    კონსტიტუციის აღდგენიდან 3 დღის შემდეგ იგივე სამხედრო საბჭო ორი წევრის ხელმოწერით დადგენილებაში წერს, რომ "საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს დღემდე არსებული კანონმდებლობა, გარდა მისი იმ ნაწილებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს", რითაც მოახდინა 3 დღით ადრე მიღებული დეკლარაციის რეალური ნულიფიცირება. როგორც ვხედავთ, იმდროინდელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაშიც აქტუალური იყო 1921 წლის კონსტიტუციის თემა.

    1993 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა შექმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და დაავალა მას 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება. კომისიამ ვერ შეასრულა დავალება (თუ არა ვცდები, პარლამენტის დადგენილების საფუძველზე), მაგრამ 1921 წლის კონსტიტუციას არ აურა გვერდი, ჯერ ერთი, პრეამბულაში დაფიქსირდა, რომ კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, და მეორე, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუციის სტრუქტურის მსგავსება 1921 წლის კონსტიტუციის სტრუქტურასთან - მოქმედი კონსტიტუციის 11 თავის სათაური 1921 წლის კონსტიტუციის შესაბამისი თავების სათაურების თითქმის იდენტურია. იგივე შეიძლება ითქვას კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლზე.

    მაგალითად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-6 მუხლი, რომელიც კონსტიტუციის უზენაესობის საკითხს ეხება, მთლიანად იმეორებს პირველი კონსტიტუციის მე-6 მუხლის შინაარსს. მსგავსებები განსაკუთრებით თვალში საცემია ადამიანის უფლებების სფეროში. საქართველოს პირველ და მოქმედ კონსტიტუციებში მოქალაქეობის საკითხს მე-12 მუხლები განამტკიცებს. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი ქორწინების შესახებ აბსოლუტურად იმეორებს პირველი კონსტიტუციის 39-ე მუხლის დებულებას, რომლის თანახმად, "ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას". კონსტიტუციაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სახალხო სუვერენიტეტის ისეთ ფუძემდებლურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა რეფერენდუმი, არჩევნები და ინიციატივა.

    1993-1995 წლებში საკონსტიტუციო კომისიის მიერ პროექტზე მუშაობის პარალელურად, წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პარტიებიდან კონსტიტუციის პროექტები, რომლებიც იმეორებდნენ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად დებულებებს. მაგალითად, 1993 წელს "ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ" კომისიას წარუდგინა ძირითადი კანონის პროექტი, რომელიც სარგებლობდა 1921 წლის კონსტიტუციის გავლენით, როგორც ძირითადი უფლებების, ისე სახელმწიფო მმართველობის ფორმის ნაწილში.

    ამრიგად, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ორჯერ იყო 1921 წლის კონსტიტუციის რეალურად ამოქმედების მცდელობა.

    2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონით პრეამბულის ზემოთ მოყვანილი ჩანაწერი არ შეცვლილა, იგი 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა და ვფიქრობთ სწორი მიმართულებით - ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის პრინციპებისა (რომელთა ნაწილი მიუღებელი ან სადავოა დღევანდელობისთვის - მაგალითად, მუდმივი ნეიტრალიტეტი და სხვ.), კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.

    ამრიგად, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ 1921 წლის კონსტიტუციის პრობლება წითელ ხაზად გაჰყვება საქართველოს კონსტიტუციურ ისტორიას.

    ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიიდან, რომლის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ძველი კონსტიტუცია ან მისი ახალი რედაქცია. საკმარისია დავასახელოთ ამერიკის 1787 წლის კონსტიტუცია და დიდი ბრიტანეთის უძველესი საკონსტიტუციო კანონები. ამით ისინი ერთხმად გამოხატავენ ერთგულებას და ღრმა პატივისცემას კონსტიტუციონალიზმის ტრადიციებისადმი.

    თქმულიდან გამომდინარე, იქნებ მეოთხე ცდით რეალურად ავამოქმედოთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის ძირითადი (კონსტიტუციის ტერმინოლოგიით უზენაესი) კანონი, რისთვისაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშაოს 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ამ იდეის წამოყენება, რომელიც ემთხვევა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოში საპარლამენტო მმართველობის შემოღების მცდელობას.

    ეს იდეა პერსპექტიული იქნება იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მომზადდება და იგი გახდება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ჭეშმარიტი რეგულატორი. რასაკვირველია, იმ სახით სრულად მისი აღდგენა, რა სახითაც იგი თავის დროზე დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ალბათ წარმოუდგენელია. პირველ რიგში უნდა გადაწყდეს სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის არსებობისა და უფლებამოსილებების საკითხი. გარდა ამისა, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სახელისუფლებლო შტოების კომპეტენციები და ჩამოყალიბდეს მათი ურთიერთობის ქმედითი მექანიზმები, რაც კონსტიტუციით ნაკლებადაა განსაზღვრული.

    გარდა იმისა, რომ მოიხსნება ან ნაკლებად მწვავე იქნება ის პრობლემები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას თან ახლავს, ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ჯერ კიდევ, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაგვაჩნდა მაღალი სტანდარტის კონსტიტუცია. თუ მთლიანად კომისია არ იმუშავებს ამ რედაქციაზე, სასურველი იქნება ამისათვის ცალკე არსებული სამუშაო ჯგუფის შექმნა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×