საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა” კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო სულ რამდენიმე წლის წინ უზენაეს კანონს გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამდენად, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი მესამედი საუკუნის განმავლობაში საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნა დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ „ევროსტანდარტებს“, ევროკავშირს ვინ ჩივის, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს...
თუ თბილისი ევროპული ქალაქია, ლოგიკური იქნებოდა, ავტობუსის ან ველოსიპედის სამოძრაო ზოლზე შესვლისთვის კანონმორჩილი მძღოლებისთვის ჯარიმების გამოწერის დაწყებამდე, ჯერ საგზაო ნიშნები და მონიშვნა მოგვეწესრიგებინა... ჯერ ერთი, ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური სამოძრაო ზოლის გამოყოფის თაობაზე აღნიშნული ზოლის დასაწყისამდეც უნდა იყოს გამოკრული ისეთივე დიდი ზომის საინფორმაციო-მიმთითებელი საგზაო ნიშნები, როგორც მაგ., ბერლინში, პარიზსა ან მადრიდშია, ხოლო ავტობუსის ან ველოსიპედის სამოძრაო ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან სპეციალური საგზაო მონიშვნით უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც ავტომობილების მძღოლებისთვის უნდა იყოს ადვილად შესამჩნევი.
ფაქტია ისიც, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მესამედი საუკუნეა გასული, მაგრამ ჯერ არ გვაქვს დადგენილი გზის საფარზე დატანილი „საგზაო მონიშვნის“ რამდენი პროცენტი უნდა იკითხებოდეს, რომ მძღოლი მისი „დაუმორჩილებლობისთვის“ დავაჯარიმოთ (ევროპის ქვეყნებში 80-90 %-ია, სსრკ-ში 70 % იყო), თანაც 1984 წელს „საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპულიკაში“ ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც რუსულიდან უხეიროდ არის თარგმნილი... ამასთან, პარლამენტი არც მოქალაქეების მიერ გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტის შევსებებაზე ორიენტირებული ამ მართლა „რუსული კოდექსის“ გაევროპელობას ჩქარობს და, რატომღაც, არც მისი ნორმებს განმარტებას ახდენს, რითაც აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გარდა, თბილისის მერიაც „ხეირობს“...
დედაქალაქშიც კი ბევრგან საგზაო მონიშვნა ევროსტანდარტებს არ შეესაბამება (ფაქტობრივად არ ჩანს), რაც მოსანიშნად გამოყენებული მასალების დაბალი ხარისხის და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე არასათათანადო კონტროლის ბრალია. იქ მაინც, სადაც, ავტომობილებს დაძვრა, აჩქარება ან დამუხრუჭება უწევთ ან მოსახვევია, საგზაო მონიშვნა აუცილებლად მაღალი ხარისხის პოლიმერული (სასურველია, შუქამრეკლი) მასალებით უნდა შესრულდეს ან რეგულარულად ახლდებოდეს (თუნდაც, იწმინდებოდეს). ყველა შემთხვევაში, დაუშვებლად მიმაჩნია, მძღოლების ისეთი საგზაო მონიშვნის „დაუმორჩილებლობისთვის“ დაჯარიმება, რომლის მხოლოდ 5-10 % პროცენტი თუ „იკითხება“ ავტომობილიდან...
ისიც ვიცი, რომ თბილისის მერიის მიერ სამუშაოთა შემსრულებელებისთვის დადგენილი პირობით ე. წ. თერმოპლასტის ფენით დაფარულმა საგზაო მონიშვნამ 3 წლის განმავლობაში მინც უნდა შეინარჩუნოს ფერი, თუმცა პრაქტიკულად რამდენიმე თვეში საბურავების ნაცვეთით შავდება და განახლებას საჭიროებს.
აღნიშნულის მკაფიო მაგალითია მარჯვენა სანაპიროზე აბანოების მიმდებარედ არსებული ვითარებაც, საიდანაც თითქოს იწყება ველოსიპედების სამოძრაო ზოლი (თუმცა მიმთითებელი საგზაო ნიშანი „ველობილიკისაა“, რომლიც კანონის თანახმად, კონსტრუქციულად უნდა იყოს გამოყოფილი გზიდან...), მაგრამ მის არსებობაზე მიმანიშნებელი საგზაო მონიშვნა, სავარაუდოდ უხარისხობის გამო, მალევე იღებს ასფალტის ფერს, რის გამოც მძღოლებისთვის, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია, მით უმეტეს, საღამოს საათებში, როდესაც ყველაფერი ისედაც ნაცრისფერ შეფერილობას იღებს. აღნიშნულის გამო გზის მარჯვენა ზოლში მიმავალი ავტომობილები პირდაპირ აგრძელებენ მოძრაობას და სრულიად უნებლიედ (ბრალის გარეშე) უწევთ ველოსიპედის ზოლზე გავლა, რისთვისაც 100 ლარით ჯარიმდებიან.
გამოდის, თუ სავარაუდოდ, დღეში მინიმუმ 30-35 მძღოლი მაინც ებმება მეტეხის ხიდის მიმდებარედ მოწყობილ „საგზაო მახეში“, მცირე ზომის ჩინური ვიდეოკამერა, როგორც ჩანს, არა მარტო „ჭკვიანია“, არამედ საკმაოდ „მსხვილი გადამხდელიც“, ვინაიდან წლის განმავლობაში სახელმწიფოს ან მერიის ბიუჯეტში არანაკლებ მილიონ ლარზე ლარზე ნაკლები არ შეაქვს, რაც, ფაქტობრივად, მძღოლების ძარცვის ხარჯზე ხდება და, რბილად რომ ვთქვა, აშკარად არაევროპული საქციელია...
თვალით უხილავი „ველოსიპედის სამოძრაო ზოლის“ თაობაზე პოლიციასაც ვაცნობე და მერიასაც, რის შედეგადაც საგზაო მონიშვნა განახლდა, მაგრამ ჯობდა ეს არ გაეკეთებინათ... თუ გავითვალისწინებთ, რომ „ველოსიპედის სამოძრაო ზოლი“ მხოლოდ ამ მონაკვეთიდან იწყება (აბანოებთან დამონტაჟებული შუქნიშნის შემდეგ), გამოდის, ორთაჭალის მიმართულებით მიმავალმა ველოსიპედისტმა საგზაო მონიშვნის მიხედვით რომ იმოძრაოს, დიდი შანსია, საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მიმავალმა მანქანამ იმსხვერპლოს...
დარწმუნებული ვარ, ვინც ეს „ნოვაცია“ მოიფიქრა და ბაგრატიონის ძეგლის მერე „ველოპედის სამოძრაო ზოლის“ აბანოებამდე გაგრძელება საჭიროდ არ ჩათვალა (სავარაუდოდ, მძღოლების შეცდომაში შესაყვანად არ არის დახაზული...) ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა საგზაო მოძრაობის სპეციფიკაზე, ან თბილისის მერი არ ეხატება გულზე, ან სიცოცხლისთვის აშკარად საშიში „ველოსიპედის სამოძრაო ზოლი“ მხოლოდ ბიუჯეტის ჯარიმებით შესავსებად მოაწყო... (საიდანაც, პრემია-სახელფასო დანამატებსაც სოლიდურს მიიღებს...)
ყველა შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ სანამ თბილისის მერია აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მონიშვნას მოაწესრიგებს ვიდეოკამერები უნდა გამოირთოს, ხოლო საგზაო მონიშვნის „დაუმორჩილებლობისთვის“ შედგენილი ყველა საჯარიმო ქვითარი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, მძღოლის ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასჯადი, თუ მას ბრალი მიუძღვის სამართალდარღვევაში.
შესაბამისად, დაუშვებლად მიმაჩნია, მავანთა არაკომპეტენტურობისა ან/და მინდობილი საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო (პოლიციელებსაც ვგულისხმობ და მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმებულებსაც...), ე. წ. საპროტესტო მუხტი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ იმ მოქალაქეებში გავაღვივოთ, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა ბრალის არარსებობის მიუხედავად უწევთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი „ევროპული ქალაქი“ მორიგი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია...
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი