რეზონანსი
18.09.2024

სათაურში გამოტანილ კითხვას ჩვენ უნდა გავცეთ დადებითი პასუხი, ანუ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მსოფლიოში არსებული რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე  წარვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით დასაბუთებული მასალები, რათა  ქართველმა მეცნიერმა და ინჟინერმა  გიორგი ნიკოლაძემ დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი ინფორმატიკის და კომპიუტერიზაციის ისტორიაში.  

თითქმის ყველა ქართველს გაუგონია გიორგი ნიკოლაძის დამსახურებების შესახებ ქართული მეცნიერებაში: იგი იდგა ქართული მათემატიკისა და მეტალურგიის სათავეებთან, მან საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა ალპინიზმს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ძალზე ცოტამ იცის ის ფაქტი, რომ მრავალმხრივი მეცნიერი, ინჟინერი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი ნიკოლაძე თავისი მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდში დაინტერესებული იყო გამოთვლითი ტექნიკით და რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრული გამომთვლელი არითმომეტრის შექმნაში.

1926 წელს გიორგი ნიკოლაძე ორი  წლის ვადით მივლინებული იქნა დასავლეთ ევროპაში - გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში მათემატიკურ მეცნიერებაში დასახელოვნებლად და ელექტროქიმიის დარგში ზოგიერთი საკითხის შესასწავლად - როგორც აღინიშნა მის სამივლინებო ბარათში. სწორედ პარიზში გიორგი ნიკოლაძე აგრძელებს მუშაობას გამოთვლილი მანქანის შექმნაზე, რომლის შესახებ აზრი მას გაცილებით ადრე დაებადა. ის რა თქმა უნდა გაცნობილი იყო მანამდე არსებულ გამოთვლით მოწყობილობებს, წინამორბედ მეცნიერთა შრომებს და მისი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ფრანგი მათემატიკოსისა და ინჟინრის მორის დ’ოკანის შრომამ გამოთვლითი მანქანების შესახებ. შემდეგში სწორედ ამ ფრანგმა მეცნიერმა პარიზში, 1928 წლის 16 იანვარს, საფრანგეთის აკადემიაში შეკრებილ მეცნიერებს წარუდგინა ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის გიორგის ნიკოლაძის გამოგონება.  “მანქანა, რომლის აგებასაც მე ვვარაუდობ სავსებით ავტომატურია: მოქმედების შედეგი უმალვე მიიღება ორი ციფრის მოცემის შემდეგ, კნოპზე უბრალო დაჭერის მეშვეობით” - წერდა გიორგი ნიკოლაძე. იგი სავსებით სწორედ თვლიდა, რომ არსებული მანქანები შედარებით რთული აგებულების იყო, შეიცავდა დეტალებს, რომლებიც სწრაფად ცვდებიან და ძვირიც ჯდებოდა. 

აი, როგორ აღწერდა თავის გამოგონებას გიორგი ნიკოლაძე: “...მანქანა შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი განკუთვნილია შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შესასრულებლად. თვითმწერი წარმოადგენს 

სვეტების სასურველ რიცხვს; ყოველ სვეტში 10-10 კნოპია, 0-დან 9-მდე გადანომრილი. პირველი დაჭერა ერთ-ერთი სვეტის რომელიმე კნოპზე აღნიშნავს შესაბამის ციფრს ინდიკატორზე. ერთდროულად ელექტრომაგნიტების ჯგუფი აწარმოებს კონტაქტების ისეთ გარდაქმნას, რომ კნოპზე მეორე დაჭერა ინდიკატორზე აღნიშნავს ამ მეორე დაჭერის შესაბამისი ციფრის შეკრების (ან გამოკლების) შედეგს პირველი აღნიშვნის ციფრთან.“ შემდეგ გ. ნიკოლაძე განმარტავს მისი გამოგონების მეორე ნაწილს: “...მანქანის მეორე, გამრავლებისა და გაყოფისათვის განკუთვნილი ნაწილი, უფრო მარტივია. აქ მე გამოვიყენე ფრანგი ინჟინრის ჟენაილის ჩხირების იდეა ...“.

მორის დ’ოკანმა ფრანგ მეცნიერებს დაწვრილებით გააცნო ქართველი გამომგონებლის გამომთვლელი მანქანა, რომლის განსაკუთრებით ღირსებად მან მიიჩნია ის, რომ იგი „წმინდა ელექტრული“ მოწყობილობაა. . . .  ყველაზე ღირსშესანიშნავად მიგვაჩნია წმინდა ელექტრული მოწყობილობა, რომელიც აქ ძალზე მახვილგონივრულადაა გამოყენებული... რამდენადაც ვიცი, ეს პირველი ამგვარი გამოგონებაა...“

 გიორგი ნიკოლაძეს პარიზშივე შეუდგენია პატენტისათვის თავისი გამოგონების აღწერა, სადაც მოცემულია გამომთვლელი მოწყობილობის შედარებით ვრცელი დახასიათება, მუშაობის პრინციპი და ნახაზები, მაგრამ სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო პატენტის საბოლოოდ  გაფორმება და მანქანის მოდელის საფრანგეთში დამზადება. მხოლოდ მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგებული იქნა მისი მოწყობილობის -  არითმომეტრის  მოდელი. არ არის შემორჩენილი დამზადებული მოდელის არც ნახაზები და არც აღწერილობა.  ასე დაიკარგა ნიჭიერი ქართველი მეცნიერის არაორდინალური გამოგონება და დღეს გამოთვლითი ტექნიკის ისტორიაში გიორგი ნიკოლაძის სახელი ხსენებიც კი არ არის.

გიორგი ნიკოლაძეს მოულოდნელად, სრულიად ახალგაზრდულ ასაკში ფილტვების ანთება დაემართა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ 1931 წლის 3 თებერვალს გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. მან მხოლოდ ორმოცდასამი წელი იცოცხლა.

როდესაც ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა ჯგუფს 2022 წელს  გაუჩნდა  იდეა აღედგინათ გიორგი ნიკოლაძის გამოგონებული მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ელექტრული არითმომეტრი, ცხადია, წამოიჭრა საკითხი ხომ არ არსებობდა მსგავსი მცდელობა გამოთვლითი ტექნიკის ისტორიაში, როდესაც სპეციალისტებმა   აღწერილობისა და ნახაზების მიხედვით  მოახდინეს   სხვა მეცნიერთა მიერ წლების წინ  გამოგონებული საანგარიშო   მოწყობილობების რესტავრაცია?

გაირკვა, რომ ჯერ-ჯერობით  ცნობილია სულ  რამდენიმე ფაქტი, როდესაც განხორციელდა მრავალი წლის წინ გამოგონებული და არარეალიზებული  გამოთვლითი საანგარიშო  მოწყობილობების   ნახაზების და აღწერების  მოძიება  და მათ მიხედვით  თვით მოწყობილობების მოქმედი ნიმუშებისა თუ მაკეტების  დამზადება-აღდგენა. 

ასეთი შემთხვევის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ჯერ კიდევ 1969 წელს ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ IBM-მა სარეკლამო მიზნით დაამზადა იტალიელი მხატვრის და მეცნიერის ლეონარდო და ვინჩის შემაჯამებელი საანგარიშო მოწყობილობა, რისთვისაც გამოიყენეს იტალიელი მხატვრის ნახაზები. ამ საანგარიშოს ნახაზებს მიაგნეს ლეონარდო და ვინჩის ორტომიან ნაშრომში ე.წ. „Codex Madrid”-ში. ამერიკელმა ინჟინრებმა დაამზადეს ლეონარდო და ვინჩის საანგარიშო და დაამტკიცეს იტალიელი მეცნიერის იდეის რეალიზაციის შესაძლებლობა. 

კიდევ ერთი მეტად საინტერესო მაგალითია მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი მათემატიკოსის, ინჟინერ-მექანიკოსის და ფილოსოფოსის ჩარლზ ბებიჯის (1791-1871) მიერ გამოთქმული იდეა ე.წ. ანალიზური  მანქანის შექმნის შესაძლებლობაზე. თვით გამომგონებელი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეძლო თავისი მოწყობილობის დამზადება და მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს ინგლისელმა პროგრამისტმა ჯონ გრემ-კამინგმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ბებიჯის იდეა.

გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიაში მსოფლიოში პირველი მექანიკური საანგარიშო-გამომთვლელი მოწყობილობის, არითმომეტრის გამომგონებლად აღიარებულია გერმანელი ვილჰელმ შიკარდი (1592-1635). მის მიერ 1623 წელს შექმნილი მოწყობილობა შედგებოდა შემაჯამებელი,  გასამრავლებელი და შედეგის ჩაწერის ნაწილებისგან. შიკარდის ეს ორიგინალური „კალკულატორი“ ხანძარმა იმსხვერპლა, შიკარდი და მისი გამოგონება  კი  დავიწყებას მიეცა. 

მხოლოდ სამასზე მეტი წლის შემდეგ, 1957 წელს გერმანიაში გაიხსენეს ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვლილი გამომგონებელი ვილჰელმ შიკარდი. 1960 წელს  გერმანიაში ჩატარებულ მათემატიკის ისტორიის სემინარზე კეპლერის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ფრანც ჰამერი წარდგა  „სენსაციური“ მოხსენებით. იგი ამტკიცებდა, რომ ბლეზ პასკალზე რამდენიმე ათეული წლით ადრე გერმანელმა ვილჰელმ შიკარდმა შექმნა პირველი საანგარიშო მოწყობილობა. შტუტგარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობისას ფრანც ჰამერს სრულიად  შემთხვევით თვალში მოხვდა  რომელიღაც საანგარიშო მოწყობილობის ესკიზის ფოტოასლი.  კვლევის შედეგად მან დაადგინა შიკარდმა თავის მეგობარს, ცნობილ ასტრონომს იოჰან კეპლერს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის აღწერდა თავის გამოგონებულ არითმეტიკულ მოწყობილობას. 

წერილს შიკარდმა თან დაურთო საანგარიშოს ესკიზი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და ჰამერმა იგი შემთხვევით აღმოაჩინა.  გასული საუკუნის სამოციან წლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამზადეს შიკარდის  გამოთვლითი მანქანის მოქმედი მაკეტი. შიკარდის მიერ გამოგონებული არითმომეტრი მხოლოდ დიდი დაგვიანებით, სამასი წლის შემდეგ გახდა ცნობილი და 

ამიტომ ამ საანგარიშომ იმდროინდელ არითმომეტრებზე გავლენა ვერ მოახდინა.   ვილჰელმ შიკარდი  მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ იქნა მიჩნეული მსოფლიოში პირველი  მექანიკური  არითმომეტრის შემქმნელად, მან ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი საპატიო ადგილი არითმომეტრების განვითარების  ისტორიაში.  

ქართველ მეცნიერ-მკვლევართა გუნდმა,  საქართველოს  საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან იმნაიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო  დაემზადებინა გიორგი ნიკოლაძის  გამოგონებული არითმეტიკული საანგარიშოს მოქმედი ორი  ნიმუში.     

შიკარდის არითმეტიკული  საანგარიშოს გვიან აღიარება შესაძლებელია გახდეს პრეცედენტი  და ჩვენ, ქართველმა მეცნიერებმაც  მივაღწიოთ  მსგავს  შედეგს: გამოთვლითი ტექნიკის ისტორიის ევროპელმა და ამერიკელმა მკვლევარებმა აღიარონ ქართველი მეცნიერი გიორგი ნიკოლაძე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ელექტრული საანგარიშო მოწყობილობის გამომგონებელი.

ახალგაზრდა თაობას გვინდა  შევახსენოთ, რომ საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ-საინჟინრო სფეროებში  ქართველ მეცნიერებსა და ინჟინრებს ბევრი აქვთ  საამაყო და  არის შემთხვევები როდესაც   მათ   თავიანთი   მეტად სერიოზული, ორიგინალური  და ზოგჯერ ფუნდამენტალური სიტყვა აქვთ ნათქვამი. ადგილის სიმცირის გამო გავიხსენებ მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო დონის მეცნიერებსა და ინჟინრებს: ნიკოლოზ და მიხეილ გარსევანიშვილები,   გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ გრიგორაშვილი, სამსონ ქუთათელაძე, ალექსანდრე ქართველიშვილი,  ივანე   ნიკურაძე,  ალექსანდრე     ნადირაძე,   ვლადიმერ ჭავჭანიძე, ივერი ფრანგიშვილი, მინდია სალუქვაძე, და კიდევ შეგვიძლია ამ სიის  გაგრძელება და რამდენიმე ქართველი მეცნიერისა და ინჟინერის  გვარის დამატება რომლებმაც   თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ტექნიკური  აზროვნების  ისტორიაში. 

ასე რომ ქართველმა მეცნიერმა გიორგი ნიკოლაძემ  მის   მიერ თითქმის ასი წლის წინ  გამოგონებული ორიგინალური ელექტრული  საანგარიშო  მოწყობილობით დიდი წვლილი შეიტანა   კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის სფეროში. 

გიორგი ნიკოლაძის, როგორც ელექტრული არითმომეტრის გამომგონებლის შესახებ 2010 წლიდან დღემდე ტექნიკური უნივერსიტეტისა და საინჟინრო აკადემიის მკვლევარების მიერ   გამოქვეყნებულია რამდენიმე სამეცნიერო სტატია, ხოლო ათზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გაკეთდა შესაბამისი მოხსენებები. თუმცა ცხადია რომ ეს  სრულიად არასაკმარისია.  აუცილებელია წერილობითი მიმართვების გაგზავნა სხვადასხვა შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში. გაგზავნილ წერილობით მიმართვებს თან უნდა დაერთოს სათანადო  დოკუმენტური მასალა.

აუცილებელია აგრეთვე  ინჟინერ ელექტრიკოსთა  საერთაშორისო ასოციაციის წინაშე დაისვას საკითხი გიორგი ნიკოლძის „კომპიუტერული ტექნიკის პიონერის“ მედლით დაჯილდოების შესახებ. აღნიშნული ასოციაციის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის რომ მისი იგი აერთიანებს  მსოფლიოს  170 მეტი  ქვეყნის  თითქმის ნახევარ მილიონამდე წევრს.  არსებობს  პრეცედენტები როდესაც „კომპიუტერული ტექნიკის მედლით“ ასოციაციამ დააჯილდოვა  გარდაცვლილი  პირებიც. ასე მოხდა მაგალითად ცნობილი უკრაინელი კიბერნეტიკოსის ვიქტორ გლუშკოვისა და გამოთვლითი ტექნიკის ერთ-ერთი კორიფეს  რუსი  მეცნიერის სერგეი  ლებედევის  შემთხვევებში.ისინი დაჯილდოვდნენ  გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცნობილმა მათემატიკოსმა და მეტალურგმა, სორბონას უნივერსტეტის  მათემატიკის დოქტორმა  გიორგი ნიკოლაძემ სამართლიანად დაიმკვიდროს   თავისი კუთვნილი ადგილი  კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის ისტორიაში, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ელექტრული არითმომეტრის გამომგონებელმა.   

ნუგზარ-ზაზა იაშვილი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×