მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის დიდი ქალაქების ხელმძღვანელობა უკვე მრავალი წელია განიხილავს, სწავლობს და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და კერძო ავტომობილებით გადაადგილების შემცირებაზე ძალზე ცოტას ფიქრობენ და გზებზე საავტომობილო საცობების აღმოფხვრის ღონისძიებების არათუ გეგმა, არამედ კონცეფციაც კი არ არის შემუშავებული.
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც საქალაქო ცხოვრების ატრიბუტი მსოფლიოს მრავალი ქალაქებისთვის უცხო ხილს უკვე აღარ წარმოადგენს. ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ, 1997 წელს ბელგიის აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ლიმბურგის შედარებით პატარა ქალაქ ჰასელტში შემოღებულ იქნა უფასო საავტობუსო მოძრაობა. ეს იყო ყველაზე ცნობილი და წარმატებული ექსპერიმენტი, რომლითაც სარგებლობდნენ არამარტო ჰასელტის, არამედ ახლომდებარე სხვა დასახლებული პუნქტების 200 000-მდე მცხოვრებნი.
ევროპაში ლუქსემბურგი არის პირველი ქვეყანა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა. მანამდე კი ქვეყნის 20 წლამდე ასაკის მოქალაქეების და მათ შორის სკოლის მოსწავლეებისათვის მგზავრობა უფასო იყო. ეს ეხებოდა არამარტო ავტობუსით და ტრამვაით, არამედ მატარებლით მგზავრობასაც. ევროპაში ავტომობილების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა ლუქსემბურგი, სადაც 2020 წლის მონაცემებით ყოველ 1000 ადამიანზე თითქმის 700 ავტომანაქანა მოდის. ლუქსემბურგში ათი ოჯახიდან თითქმის ცხრა ავტომანქანის მფლობელია. ჰყავს. ასევე, ყოველი ათი ოჯახიდან ერთს სამი ან მეტი მანქანა ჰყავს. დაბალი ტარიფების და გადასახადების წყალობით, ამ ქვეყანაში ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე იაფია დიზელის საწვავი, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი გაზი ამ ქვეყანაშია.
ამსტერდამის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით 2023 წლის აპრილიდან დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ. აღნიშნული ინიციატივა სულ მცირე 95 000 ოჯახს შეეხება. ამსტერდამი ევროპაში მეექვსე ქალაქი გახდება, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ასეთი შეღავათები შემოიღეს. დღემდე მსგავსი შეღავათებიანი მგზავრობა უკვე არსებობს ლა ვალეტაში (მალტა), ლუქსემბურგში (ლუქსემბურგი), ტალინში (ესტონეთი), ჰასტელში (ბელგია) და დიუნკერკში (საფრანგეთი). საფრანგეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიუნკერკში ასეთი სიახლის შემოღებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 60%-ით გაზარდა, რაც მოხდა საკუთარი ავტომობილების გამოყენების შემცირების ხარჯზე. აღნიშნული გეგმა განხორციელდა ადგილობრივი ბიზნესის დაბეგვრის გაზრდის ხარჯზე.
თვით პარიზში, ჯერ კიდევ ორი წლის წინ იგეგმებოდა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. მსგავსი ექსპერიმენტით საფრანგეთის 30-მდე ქალაქში 100 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეძლება ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა.
საფრანგეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნელ-ნელა უფასო ხდება. გაცილებით ადრე, 2013 წლიდან ესტონეთის დედაქალაქ ტალინი გახდა ევროკავშირის მასშტაბით პირველი დედაქალაქი, სადაც უფასო ტრანსპორტის სისტემა დაინერგა.
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღება უკვე გადაიზარდა კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის საშუალებად, იქნება ეს გარემოს დაცვა, ატმოსფეროს დაბინძურება, გლობალური დათბობა, ხმაურის შემცირება თუ „სათბური აირი“. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღებისას მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ამ პრობლემის ეკოლოგიური მხარეა:
- 2012 წლის მარტში ესტონეთის დედაქალაქში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა (ერთგვარი რეფერენდიუმი) და ტალინის მოსახლეობის უმრავლესობამ დადებითად უპასუხა ერთადერთ დასმულ კითხვას: გსურთ თუ არა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფასო?
- 2018 წლის 1 ივლისიდან ესტონეთი გახდა ევროპაში პირველი ქვეყანა, სადაც შემოღებული იქნა ავტობუსებით უფასო მგზავრობა;
- 2019 წლიდან გერმანიაში ჩატარდა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ტესტირება;
- საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 2013 წლიდან ფუნქციონირებს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
- საფრანგეთში 30-ზე მეტ ქალაქში ამოქმედებულია უფასო ტრანსპორტი;
- მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის ბოლოსთვის პარიზი გახდება ქალაქში უფასოდ მგზავრობის ქალაქი;
- აშშ-ში დღეისათვის 20-ზე მეტ ქალაქში გაუქმებულია ავტობუსში მგზავრობის გადასახადი;
- მეზობელ სომხეთში, პატარა ქალაქ გორისში 2017 წლიდან მოქმედებდა უფასო ავტობუსები
- ლუქსემბურგი ევროპის ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო გახდა. პირველი ქვეყანა, სადაც მოქმედებს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
არ იქნება სურათი სრულყოფილი თუ არ აღნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ დასმულ საკითხს ევროპაში ჰყავდა და დღესაც ჰყავს მოწინააღმდეგები, რომლებასც გააჩნიათ თავიანთი არგუმენტები, რომლებითაც ეწინააღმდეგებიან უფასო ტრანსპორტის დანერგვას, თუმცა მათი რაოდენობა ძალზედ მცირეა და მათი სკეპტიკური პოზიცია სერიოზულად არც განიხილება.
ცხადია, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღება ჩვენ დედაქალაქს და საერთოდ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება. საიდან უნდა მოიძიოს ჩვენმა ღარიბმა სახელმწიფომ თანხები რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი) მგზავრობა თბილისში უფასო გახდეს? ეს საკითხი სპეციალურ შესწავლას მოითხოვს, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ სავსებით შესაძლებელია დაფინანსების საკითხის დადებითად გადაჭრა. დაფინანსების საკითხის შესწავლისათვის აუცილებელია ამ პრობლემის გადაწყვეტაში ტრანსპორტის სფეროს მუშაკების, ეკონომისტების, საგადასახადო დარგის სპეციალისტების, იურისტების, ეკოლოგების, გარემოს დაცვის და სხვა დარგების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა და ჩართვა.
ალბათ ჩვენ წერილში დასმული საკთხის შესწავლისათვის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა საქმიანობის კოორდინაციისათვის აუცილებელი გახდება ქალქის მერიაში სპეციალური დროებითი სამსახურის შექმნა (თანამშრომელთ მცირერიცხოვანი რაოდენობით 3-4 ) და ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომელიც შეისწავლის აღნიშნულ კომპლექსურ საკითხს.
აქვე მივუთითებ დაფინანსების მოპოვების რამდენიმე შესაძლო წყაროს :
1. აუცილებელია გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი და გაუქმდეს (ამოღებული იქნას) მთელი რიგი არასაჭირო და ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი ტექნიკისა და ავეჯის ხშირი ცვლა, მუსიკალური-საკონცერტო ღონისძიებების, სხვადასხვა წვეულებებისა, სარესტორნო შეხვედრების, საეჭვო მივლინებებისა და ტრენინგების, კონფერენციების თუ სხვა ტიპის ღონისძიებების არა ბიუჯეტიდან დაფინანსება). წინასწარი გათვლებით ამ გზით შესაძლებელია ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გამოთავისუფლება;
2. შემოღებულ იქნას სპეციალური ყოველთვიური „სატრანსპორტო გადასახადი“. ამ გადასახადს გადაიხდიან ქვეყნის დასაქმებული ყველა მოქალაქე მათი ხელფასის, პრემიის, საჩუქრების და სხვა შემოსავლების ოდენობის მიხედვით. აქ უნდა მოქმედებდეს პრინციპი: „ვინც მეტს იღებს სახელმწიფოსაგან, მან მეტი უნდა შეიტანოს ბიუჯეტში „ტრანსპორტის გადასახის“ სახით“;
3. „ტრანსპორტის გადასახადს“ გადაიხდიან ქვეყანაში შემოსული უცხოელები: ტურისტები, სტუმრები, ბიზნესმენები, სამსახურებრივი მივლინებით, დასასვენებლად თუ სამკურნალოდ შემოსული პირები;
4. „ტრანსპორტის გადასახდით“ ყოველ წლიურად დაიბეგრებიან ავტომობილების, ავტოფარეხების და პარკირების ადგილების მფლობელები; ამავე დროს ყოველი მეორე,მესამე,მეოთხე და ა.შ. ავტომობილის, ფარეხისა და საპარკინგე ადგილის გადასახადი თანდათან პროგრესიულად მზარდი უნდა იყოს.
5. “ტრანსპორტის გადასახადს“ ყოველწლიურად გადაიხდიან ჩვენ ქვეყანაში დარეგისტრირებული უვხოური ორგანიზაციები, კომპანიები და ფირმები;
6. მოსაფიქრებელია უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღებაში ქართული მსხვილი და საშუალო ბიზნესის (კომპანიებისა და ფირმების) მონაწილეობის ფორმები.
7. შესწავლილი უნდა იქნეს ეკოლოგიური და გარემოს დაცვის პრობლემების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების შესაძლო მონაწილეობა საქართველოში უფასო ტრანსპორტის შემოღების დაფინანსებაში;
8. „ტრანსპორტის გადასახადისაგან“ უნდა განთავისუფლდნენ: პენსიონერები, შშმ პირები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, საბავშვო ბაღების და საჯარო (საშუალო) სკოლის მასწავლებლები და თანამშრომლები, სამედიცინო დარგში და თავდაცვის სისტემაში დასაქმებულები ადამიანები;
და ბოლოს, საკითხის შესწავლისათვის და განხილვისათვის ალბათ აუცილებელი იქნება თბილისში საერთო-სახალხო გამოკითხვის ან რეფერენდუმის ჩატარება. შესაძლებელია უახლოესი (ან შემდგომი) არჩევნების დროს თბილისელ ამომრჩეველს დავახვედროთ დამატებით ერთი ბიულეტენი ერთადერთი კითხვით: გსურთ თუ არა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი) გახდეს უფასო?
ალბათ აუცილებელია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც „უფასო მგზავრობის სისტემის“ შემოღების საკითხის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა.
ნუგზარ (ზაზა) იაშვილი
საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი