ხელისუფლების მორიგმა ძალადობრივმა ცვლამ არა მარტო ტერიტორიები, შეიძლება, სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინოს...
რეზონანსი
20.10.2024

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ამორჩეველთა 59.5% ემხრობა. მანამდე კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ მესვეურებმა ამცნეს საზოგადოებას, რომ თურმე ოპოზიციასაც ამორჩეველთა 60%-მდე უჭერს მხარს და „მათ ხმებს აუცილებლად დაიცავენ!“.

 „სტრატეგიული პარტიორები“ და „ევროპელი მეგობრები“, ფაქტობრივად, უკვე დაუფარავად ითხოვენ „ქართველი ხალხის ინტერესებში“ ხელისუფლების ოპოზიციით ჩანაცვლებას, ხოლო უკრაინიდან „გმირები“ გვაიმედებენ, რომ „ბრძოლაში გვერდით დაგვიდგებიან“...

ფაქტია ისიც, მესამე პრეზიდენტი შანს არ უშვებს, სასამართლოს სხდომები ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლის მოწოდებებისთვის გამოიყენოს, მეოთხე პრეზიდენტი „რეალურ ალტერნატივად“ გვთავაზობს თავს, ხოლო რევოლუციის სამშობლოდან „პორტირებული“ მეხუთე პრეზიდენტი არჩევნების დღეს რეზიდენციაში აპირებს „შტაბის“ გახსნას და, როგორც ჩანს, „ევროპაში დასაბრუნებლად“ არც ბარიკადებზე „ნაციონალურ დროშით“ დგომას მოერიდება... 

ვინაიდან ოპოზიციონერები (ძირითადად, ყოფილი „ნაცმოძრაობელები“...) ამჯერად უკვე ივანიშვილის „კრიმინალური რეჟიმის“ შესაცვლელად, უკეთეს შემთხვევაში, „ფერად რევოლუციას“ , ხოლო უარესში „მაიდანს“ გეგმავენ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, „გამარჯვებული ხალხისთვის“, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ არავითარი საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი „აჯანყების (რევოლუციის) უფლება” ბუნებაში არ არსებობს და ეს „ნოვაცია” ჩვენი „ტელეპოლიტიკოსების” (ფაქტობრივად, „აგენტების“...) ე. წ. რევოლუციური თვითშემოქმედების ნაყოფია (ლენინი თავად აღიარებდა, „რევოლუცია - კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებააო!”), რომლის კიდევ ერთხელ პრაქტიკაში განხორციელება ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთოდ მოუშლის ისედაც მორყეულ საძირკველს.

როგორც ჩანს, „ვიღაც მესამეებს” ხელს აძლევთ ქართველების მორიგი დაპირისპირება (ამჯერად, „ომისა და მშვიდობის“, „მონობისა და თავისუფლების“, „ევროპული სამოთხისა და რუსული ჭაობის“ მომხრეებად ვართ „პოლარიზებულები“...), რითაც საქართველოში (კავკასიაშიც) საკუთარი „გეოსტრატეგიული“ ინტერესების გატარების საშუალება ეძლევათ. 

ფაქტია, 70-წლიანი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმისაგან თავდაღწეულებმა, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ჯერ იყო, 90%-ით არჩეულ „ეროვნულ ხელისუფლებას” არ ვაცალეთ წელიწადი და „სახალხო-დემოკრატიული აჯანყების” გზით დავამხეთ, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „გამარჯვებულმა ხალხმა სახელმწიფო სიმბოლოებიც, ფაქტობრივად, რევოლუცის ბელადის „ხუშტურით“ შევცვალეთ და ისევ დავკარგეთ ტერიტორიები... ფაქტია ისიც, კონსტიტუციაც და საარჩევნო კოდექსიც რამდენჯერმე შევცვალეთ, მაგრამ ე. წ. ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი არჩევნების ჩატარება დღემდე ვერ ვისწავლეთ. 

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს შევარდნაძის გარდა, სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ივანოვი) დაეხმარა „მიშა მაგარიას“ გაპრეზიდენტებაში (მერე აბაშიძე „განარიდა“ აჭარას...), რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიები, ფაქტობრივად, მეზობელმა სახელმწიფოებმა გადაინაწილეს. ფაქტია, „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარებით „მოქკავშირმა“ თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის დათმობისთვის, ხოლო ამერიკელებმა, ტრადიციულად, მხოლოდ დაგმეს აგრესორის მოქმედება, თუმცა ოპუპაციის დღეებშიც კი არავინ გაუყვანიათ საელჩოდან...

არადა, ოეკენის გაღმელ „სტარეგიულ პარტნიორებს“ ჯერ კიდევ 1918 წელს ჰქონიათ გეგმა, ამიერკავკასიაში მხოლოდ ორი სახელმწიფო დარჩენილიყო (თურქეთი და სომხეთი), ხოლო „მალოროსიის“ ტერიტორიაზე ებრაელები დასახლებულიყვნენ... 

ფაქტია, ისიც, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ პუტინმა და ზელენსკიმ მოქალაქეებისგან „გაანთავისუფლეს“ ევროპის ცენტრში არსებული ტერიტორია, რომლის „აღორძინებაში“ ოლიგარქიული კლანების მფლობელობაში არსებული ამერიკული ე. წ. ტრანსნაციონალური კორპორაციები აპირებენ „ინვესტირებას“. 

სამწუხაროდ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც მოქალაქეების რაოდენობაც და შობადობაც, ფაქტობრივად, განახევრდა, ხოლო სოფლები მშვიდობიან პერიოდშიც იცლება, ვინაიდან გლეხების ნაწილი ევროპაში, ხოლო ნაწილი დედაქალაქში ეძებს საარსებო წყაროს... არადა, ქართული მიწა უცხოელებზე 1996 წლიდან სწორედ „მსოფლიო ბანკის“ რჩევით იყიდება (უკრაინაში 2021-დან), რაც დემოგრაფიულ ვითარებაზეც აისახა... 

დიდი ხანია აღმოსავლეთ სლავების (რუსები, ბელორუსები, უკრაინელები) კონფედერაციის, ფაქტობრივად კი ახალი „სსრკ“-ს („სუვერენულ სლავურ სახელმწიფოთა კავშირი“) თაობაზე მიდის ლაპარაკი. ე. წ. ანგლო-საქსური კავშირის ფორმირების თაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია (აშშ, ინგლისმა და ავსტრალიამ, შეიძლება, ისრაელიც შეიმხანაგონ...) ხოლო ერდოღანი აჭარას ლექსებს უძღვნის და საბჭოთა კავშირის ყოფილ შუა აზიურ რესპუბლიკებს ერთიანად „თურქეთისტანად“ მოიხსენიებს... 

ვხედავ, რომ რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის მესვეურებმა (ფაქტობრივად, იმპერატორებმა...) გამოძებნეს საერთო ენა და იმის თაობაზეც მსმენია, რომ „სტრატეგიულ პარტნიორებთან“ ერთად, საქართველოს მომავლის თაობაზე რამდენიმე ვერსიას გაიხილავენ: 

ა) საქართველოს იუგოსლავიასავით დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი აჭარა და „ბორჩალო“ ნატოს წევრები გახდებიან. შესაბამისად, საკუთარ ტერიტორიებზე სამხედროს ბაზებს (ფაქტობრივად, თურქულს...) განათავსებენ;

ბ) რუსები და თურქები საქართველოს ტერიტორიის ძირითად ნაწილს გადაინაწილებენ (საზღვრების მიმდებარედ), ხოლო თბილისი და მისი შემოგარენი (ქართლი-) დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოდ („ხუთჯვრიან მეორე იერუსალიმად“...) ჩამოყალიბდება, რომელიც ევრაზიული სივრცის უმსხვილეს გასართოდ და საბანკო-ფინანსურ (დუბაის ან სინგაპურის მსგავს) ცენტრად იქცევა და შვეიცარიასავით ნეიტრალურად იქნება აღიარებული, ოღონდ, ფაქტობრივად, მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების მიერ...; 

გ) საქართველოს (აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად) რუსეთის ფედერაციაში ან აღმოსავლეთ სლავების (რუსეთ-ბელარუს-უკრაინის) კონფედერაციაში „გააწევრიანებენ“ იმ პირობით, თუ როდესმე გამოყოფას გადაწყვეტს, აფხაზეთსა და და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაემშვიდობება, ვინაიდან მათი დამოუკიდებლობას აღიარება მოუწევს; 

დ) მორიგი „რევოლუციის“ ან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში, რუსი და თურქი „მშვიდობისმყოფელები“ საქართველოს სრულად ოკუპაციას მოახდენენ იმ პირობით, რომ ჩინელების ინტერესებს დაიცავენ და მათ ტვირთებს უპრობლემოდ გაატარებენ. 

გამოდის, რომ რეალური არჩევანი „ომსა და მშვიდობას“ შორის კი აღარ გვაქვს, არამედ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ, თუ ერეკლე მეორის მსგავსად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას არ შევეცდებით. არადა, არც „ექვსთა კავშირის“ ფორმატში გამართულ შეხვედრებში ვიღებთ მონაწილეობას და არც „ბრიკსთან“ ვაპირებთ თანამშრომლობას, ვინაიდან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მხოლოდ ეცროკავშირსა და ნატოს ანიჭებენ პრიორიტეტს, თუმცა ვთვლი, რომ „რუსული კანონის“ (ნამდვილად არ არის რუსული) ინიცირებაც და მისი გასაპროტესტებლად ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანაც, ძირითადად რუსეთს აძლევს ხელს. 

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საკმარისად ჰყავს მხარდამჭერები (საჯარო მოსამსახურეები, რუსეთში დასაქმებულების ოჯახის წევრები, წინა ხელისუფლების მიერ გამწარებულები...) წელს ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „სტატეგიული პარტნიორების“ თვალში პრორუსულ და ანტიდემოკრატიულ ძალად წარმოჩენილიყო, რაც გასაგები ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიდნენ პოლიტიკაში... ლოგიკურია ისიც, რომ ბაიდენის მხარდამჭერებსაც სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ წაადგებათ მორიგი წარმატებული „სპეცოპერაცია“... 

ცხადია, ყველა შემთხვევაში, ამერიკელების მხარდაჭერით „ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიულით ჩანაცვლების“ შემდეგ, მეზობელი ქვეყნების მიერ საზღვრების თბილისამდე გადმოწევის ან საქართველოს ტერიტორიის სრულად ოკუპაციის ფაქტზე „ევროპელი მეგობრებიც“ ისევ „შეშფოთდებიან ან/და აღშფოთდებიან“ (შეიძლება, მოხდარის გამო „ღრმა მწუხარებაც გამოხატონ“...), მაგრამ, ნამდვილად აღარაფერი გვეშველება... 

სხვებზე არანაკლებად მინდა, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ, როდესაც არც გეოგრაფიული მდებარეობა, არც პოლიტიკური რეალობა და სამართლებრივი კულტურა ამის საშუალებას არ იძლევა, ხოლო მეზობლებად რუსეთი და თურქეთი მყავს, პირველ რიგში, მათთან ურთიერთობის დალაგება მირჩევნია, რომ საქართველომ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი მაინც შეინარჩუნოს.

იმასაც ვაღიარებ, რომ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ახალგაზრდებისგან (ზრდასრულებისგანაც...) განსხვავებით, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, ძალიან მეშინია, ქართველების მორიგი „პოლარიზაციის“ გამოყენებით, აშკარად სხვის ინტერესებში, არა მარტო ტერიტორიის მორიგი ნაწილი, არამედ სახელმწიფოებრიობა არ დავკარგოთ... 

სწორედ ამის გამო ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, აგრეთვე მათ მხარდამჭერებს ემოციების დაოკება და საქართველოში ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად გაერთიანება მინდა ვთხოვო, ხოლო პროტესტი მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა გამოვხატოთ. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვასა და დანაშაულს ( „რევოლუციას”) შორის. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×