მოქალაქის შეკითხვები საარჩევნო სუბიექტებს
რეზონანსი
22.10.2024

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხუთ ყველაზე „გაპიარებულ“ კანდიდატს გაზეთ „რეზონანსის“ მეშვეობით სულ 5 კითხვა დავუსვი. მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად გონივრულად აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არავინ გამცა საარჩევნო ბიულეტენში ყველა გულმოდგინედ გადავხაზე, რამაც მისი ბათილად ცნობა გამოიწვია... არადა, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიც მაგ., შვედეთი, ბელგია, ფინეთი ან ესპანეთია არსებობს სპეციალური გრაფა და „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიმცემები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან.

ვინაიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და ხუთჯვრიან დროშებთან ერთად ხუთიანით მონიშნული სააგიტაციო მასალებიც ისევ მრავლად არის გამოფენილი, გადავწყვიტე, საარჩევნო სუბიექტებს იმავე 5 კითხვით მივმართო და პასუხების გაიოლებისთვის თითოეულს მცირე ინფორმაციაც დავურთო განსჯისთვის... პირველი ორი, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს ისტორიასა და მარჯვენა–მარცხენას თაობაზე ითხოვს ელემენტარულ გათვიცნობიერებას, ხოლო დანარჩენი სამი კი, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებითვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებად მიმაჩნია. იმედი მაქვს, პარტიების მესვეურები მაინც მოიცლიან რიგითი ამომრჩევლის საჯარო მიმართვაზე საპასუხოდ, ვინაიდან ქვემოთ მოყვანილი საკითხების მიმართ მათი დამოკიდებულება, დარწმუნებული ვარ, იმ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას მიანდოს ქვეყნის მომავალი. არადა, ამომრჩეველთა მესამედი მაინც არის გაურკვევლობაში...

1. რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე, ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე, მხედარი მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე. წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ

ფაქტია, რომ პარლამენტის 1999 წლის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი” უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გერბი „ნაციონალურმა” პარლამენტმა 2004 წელს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა... ამასთან, ჰერალდიკური ნიშნის მიმართულების ცვლილება მის შინაარს დიამეტრალურად ცვლის. შესაბამისად, მაგ., სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლო შემოტრიალების შემდეგ უკვე ბოროტებად აღიქმება, მტერს გამოდევნებული (გამარჯვებული) მხედარი მიმართულების შეცვლით დევნილი (დამარცხებული) ხდება, ხოლო მობრუნებული კანონიერების სიმბოლო უკვე უკანონობას აღნიშნავს... 

2. რა შინაარსით გესმით „ქართული” ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლით თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს 

ფაქტია, რომ ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას „უპირველესი სიმბოლოს” ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია. არსებული სახის ხუთჯვრიანი დროშა კი პირველად „მოქკავშირის” ღონისძიებებზე გამოჩნდა („იერუსალიმის ჯვარი” სრულიად სხვა ფორმისაა...). სააკაშვილმა ის „ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ აქცია და დავით აღმაშენებლის დროშად „მონათლა”, ხოლო დღეს უკვე „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად” თვლის. ამასთან, დამოუკიდებელი მეცნიერები ხუთჯვრიან სიმბოლოს ჯვაროსნების მიერ შექმნილად და კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებლად მიიჩნევენ, ხოლო მის წარმომავლობის თაობაზე ინფორმაცია ტამპლიერების ორდენის ვებგვერდზეა განთავსებული. 

3. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაციონალიზაცია და სპეციალური (ფაქტობრივად, ანტიკორუფციული...) კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციასაც?

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია”, ფაქტია, რომ ქართველი ერის სამარადჟამო სამკვიდრებელისა და სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდა. დღემდე, აზერბაიჯანს და სომხეთს მთელ პერიმეტრზე მავთულის ღობითაც კი ვერ გავემიჯნეთ და უშუალოდ ე. წ. სასაზღვრო ზონაშიც აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლა და „მეზობლებზე” გადაფორმება...… 

4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ კონსტიტუციიდან ამოსაღებია დებულება რომლის თანახმად, მომავალში „საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი”?

საქართველოს უზენაესი კანონი, ფაქტობრივად, ყოფილი იუგოსლავიის მსგავს ფედერაციულ სახელმწიფოდ მოწყობას ითვალისწინებს. ანუ, დღევანდელ „აჭარას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, შეიძლება, „სამეგრელოსა და ბორჩალოს“ რესპუბლიკებიც “ დაემატოს. ფაქტია, რომ ტელეეკრანზე უკვე გამოჩნდა ახალგაზრდა ბანერით „ჩვენ, ევროპელ მეგრელებს გვინდა ევროპა!“...

5. ვინაიდან არავის არა აქვს უფლება კანონდარღვევით მიითვისოს ხელისუფლება, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ „სამართლიანობის აღდგენა” მოითხოვს გასამართლებულ იქნენ საქართველოში „აჯანყება-რევოლუციებისა” და შიდაშეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზატორები, ამასთან, ჩამოერთვათ მათ და მათთან დაკავშირებულ პირებს ის ე. წ. დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც კორუფციის (თანამდებობის პირად ინტერესებში გამოყენების) გზით დააგროვეს? 

სამართლებრივი სახელმიფო სამართლიან არჩევნებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება, ხოლო „რევოლუცია კანონით შეუზღუდავი ძალუფლებაა“ (ლენინის განმარტებააა). შესაბამისად, გონივრული იქნება, მათი ქონებით ვინც საქართველოში რევოლუცია–გადატრიალებით (კანონდარღვევით) დააგროვა კაპიტალი, სახელმწიფომ, თუნდაც იმ მოქალაქეებს აუნაზღაუროს ზარალი, რომლებმაც შრომითი დანაზოგები „შემნახველ სალაროებს“ მიაბარეს. 

იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული კითხვებით სხვა ამომრჩელებიც თუ არა, ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებოდნენ და საარჩევნო სუბიექტებს დაუსვამენ. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო სიმბოლოების ან ქართული მიწის განიავების საკითხი „რეიტინგულ“(ფაქტობრივად, პარტიულ...) ტელევიზიებს უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და მხოლოდ იმ თემების გასაშუქებლად იწვევენ „ექსპერტებს“, რომლებსაც უცხოეთიდან დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ აქტუალურად...

ვინაიდან წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არც საარჩევნო გარემო შეცვლილა არსებითად, ამომრჩეველთა ნებით მანიპულირება, ძირითადად, ისევ არჩევნების დღემდე ხდება და გასაჩივრების მექნიზმიც იგივე დარჩა (სააპელაციო ინსტანციაში, ფაქტობრივად, მურუსიძე-ჩინჩალაძესთან სრულდება...), 27 ოქტომბრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში, ფაქტობრივად, ისევ „ცნობად სახეებს“ ვიხილავთ და არც „პოლარიზაციის“ კლებას ველოდები. მთავარია, არჩევნების შედეგების გამოცხადებას აღარ მოჰყვეს „ფერადი რევოლუცია“. პროტესტი მხოლოდ კანონიერი გზით გამოვხატოთ და ევოლუციური გზით გაგავგრძელოთ საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ფორმირება. 

ერთი, მაგრამ არჩევნების ბედის რეალურად გადამწყვეტი, ხმის მქონე საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მისი წარმომადგენლობის მსურველებსაც, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა, ტრადიციებისადმი ერთგულება და კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების „ურყევი ნება”, მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, ხოლო თუ ისევ მხოლოდ ბუტაფორულ-ფასადური დემოკრატიისა და „პლუტოკრატიული რესპუბლიკის” სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, არჩევით თანამდებობებზე გამწესება ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ. შედეგად, პარლამენტის წევრებს პირდაპირ ღია აუქციონებით შევარჩევდით, რითაც ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც „ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში” გადავყრიდით ფულს უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან... 

დაბოლოს, ვინაიდან „რეიტინგულმა“ ტელეარხებმა, მომავალი პარლამენტის შემადგენლობა, ფაქტობრივად, უკვე გამაცნეს, სამოქალაქო ვალდებულების მოსახდელად საარჩევნო უბანში აუცილებლად გამოვცხადდები და, ალბათ, ისევ ყველას წინააღმდეგ მივცემ ხმას, მაგრამ თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტი ჩემ კითხვებზე დასაბუთებულ (გონივრულ) პასუხებს გამცემს, ხმასაც მივცემ და საქვეყნოდაც განვაცხადებ ჩემი რჩეულის თობაზე... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×