რეზონანსი
24.10.2024

ვინაიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და ხუთჯვრიან დროშებთან ერთად ისევ 41-ით და ხუთიანით მონიშნული სააგიტაციო მასალები დომინირებენ (არადა 4+1=5), გადავწყვიტე, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან პოლიტიკური სიმპატიების თაობაზე, შეძლებისდაგვარად დავეხმარო გადაწყვეტილების მიღებაში. ცხადია, სამოქალაქო ვალდებულების მოსახდელად საარჩევნო უბანში მეც აუცილებლად გამოვცხადდები და იმ საარჩევნო სუბიექტის ნომერს გავაფერადებ, რომელიც საჯაროდ დასმულ კითხვებზე გონივრულ პასუხებს გამცემს...

ვინაიდან წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არც საარჩევნო გარემო შეცვლილა არსებითად და იგივე პროცედურები დარჩა (ფაქტობრივად, ისევ პარტიული ტელევიზიები და არაინფორმირებული ამორჩეველი გვყავს, არც სასამართლოა დამოუკიდებელი და არჩევნების შედეგების გასაჩივრების მექანიზმია ეფექტური...), დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანოში სავარძლებს ისევ იმ „ცნობადი სახეებით" დამომპლექტებული პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები დაიკავებენ, რომლებსაც „რეიტინგული" ტელეარხები „აპიარებენ". შესაბამისად, „პოლარიზებულ" თანამოქალაქეებს მინდა ვთხოვო, თუ შედეგების გაპროტესტებას გადაწყვეტენ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს არ გასცდნენ, ვინიდან მორიგმა „აჯანყება-რევოლუციამ" შეიძლება არა მარტო ტერიტორიები, არამედ სახელმწიფოებრიობა დავგვაკარგვინოს...

ფაქტია, რომ ევროპის ერთ-ერთი ოფიციალური უწყების მიერ ადრე გამოცემულ კრებულში საქართველოს რუკა აფხაზეთის, აჭარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო გამოსახული, ხოლო ქართულ მედიაში გავრცელებული იყო ინფორმაცია აზებაიჯანელების მიერ „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტის" შექმნის თაობაზე... აღარაფერს ვიტყვი რუსეთის მხრიდან განხორცილებულ „მცოცავ ოკუპაციაზე", რომელიც, შესაძლებელია, სომხეთის საზღვრებამდეც გაგრძელდეს...

საგულისხმოა, რომ „დნობადი საქართველოს" ბედით კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ანდერსენიც შეწუხებულა, რომლის აზრით „საქართველოს დაშლის პირველდაწყებითი გეგმა პრაქტიკულად ასი პროცენტით განხორციელდა (საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თვითჩამოცილებით). დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტოდ მოწყვეტილია საქართველოდან, და განსაზღვრულ ძალებს გამოაქვთ ამ სახელმწიფოს შემდგომი დაშლის გეგმები."

ამდენად, შექმნილ ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ, გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების" (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ვხედავთ პრობლემების მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის") გზას, თუმცა აღარავის ახსოვს, თუ რა გზით მოხვდა საპარლამენტო უმრავლესობაში, შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, ყველაზე „მსხვილი კაპიტალისტი" შოთა შალელაშვილი, რომელიც, შესაძლებელია, ამჯერად უკვე ოპოზიის სიით მოხვდეს პარლამენტში.

სამწუხაროდ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სამართლიან არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მიუხედავად იმისა, ვინ მოხვდება პარლამენტში, ნამდვილად არ მინდა, რომ მორიგ საარჩევნო „რეალითი შოუში" რეალური გამარჯვება, „დემოკრატიული აჯანყებებისა და ფერადი რევოლუციების" მხარდამჭერ „უცხოელ მეგობრებს" დარჩეთ. მეშინია, პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო კონფრონტაციაში (კიდევ უარესი, ახალ შიდასახელმწიფოებრივ შეირაღებულ კონფლიქტში) არ გადაიზარდოს და საქართველოში ისეთივე მეთოდებით არ დამყარდეს „მშვიდობა", როგორც ეს ბალკანეთში მოხდა.

ამდენად, პირველ რიგში, თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა (ქართველებმაც, აფხაზებმაც, ოსებმაც, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, რუსებმა, ებრაელებმა, თურქებმა, ქურთებმა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა) მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო სახელმწიფოც და ადამიანის უფლებებიც, ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ტერიტორიული მოწყობის, ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურისა თუ სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე, ხოლო ხმის მიცემამდე მკაფიოდ უნდა გავიაზროთ თუ რა ფუნქციები აკისრია პარლამენტს, რომ რეალურად დამოუკიდებელი და პიროვნული თვისებებით გამორჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებულ პარტიებს დავუჭიროთ მხარი. არადა, ფაქტია, რომ დემაგოგ „ტელეპოლიტიკოსებს" შორის ბევრი ყოფილი პარლამენტარი და „პორტირებული მოქკავშირელია"...

მიმაჩნია, რომ „მოქალაქეთა კავშირის" დასახელებით პოლიტიკური გაერთიანება საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან სახელწოდებას აშკარად შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. რბილად რომ ვთქვათ არაკორექტული იყო, როდესაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი (თუნდაც, თანამდებობრივი ან ქონებრივი ცენზით გამორჩეული), ფაქტობრივად საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით აკეთებდა განცხადებებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტალინს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში აქვს გამოქვეყნებული ნაშრომი: „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც ერთი თავი „ნაციონალური მოძრაობაა"... ამდენად, სრულიად შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რევოლუციონერის ნაშრომი სააკაშვილს ორიგინალში თავად გადაეკითხა...... იმაშიც დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტს (არადა, „ოპოზიციურ არხებზე" იმდენად ხშირად ახსნებენ, ზოგიერთს, შეიძლება, დღესაც პრეზიდენტი ჰგონია...) არც „ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში დასწყდება გული, ვინაიდან თავად უკვე საერთაშორისო ასპარეზზეა გასული და გინესების წიგნშიც აუცილებლად შეიტანენ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ნათქვამი ტყუილებისა და ცრუ დაპირებების რაოდენობით, ხოლო საქართველოში დღემდე ფრიალებს მის მიერ სახელმწიფოს უპირველეს სიმბოლოდ დამკვირებული, ფაქტობრივად, პარტიული დროშა...

რაც შეეხება ქართველ „მეოცნებეებს", ცხადია, ოცნებას ვერავის დაუშლი, მაგრამ რეალობაში, ოცნებები, ხშირ შემთხვევაში, აუსრულებელი რჩება, ხოლო საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის კონსტიტუციური „ურყევი ნება" სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა, რასაც ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ.

მართალია, ამერიკელებს ბევრ რამეში ვბაძავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც სხვის მიწაზე ახლადშექმნილი სახელწიფოს მოქალაქეს „ამერიკელი" ეწოდა (როგორც წესი, ერები საკუთარ მიწაზე ქმნიან სახელმწიფოებს). ამდენად, „ამერიკული ოცნება" აშშ-ში მცხოვრები ინგლისელის, ირლანდიელის, ესპანელის, ფრანგის, ჩინელის თუ მექსიკელის საერთო ინტერესებთნ ასოცირდება. ასევე, სომხეთშიც შეიძლება დომინანტი პოლიტიკური გაერთიანება „სომხური ოცნების" სახელს ატარებდეს, ვინაიდან მოსახლეობის თითქმის 99 % ერთი ერის წარმომადგენელია და, ბუნებრივია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი „დიადი არმენიის" აღორძინებაზეც ოცნებობს.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან „ქართულ ოცნებას", რომელზეც სახელმწიფო ჰიმნშიც კი გვაქვს მინიშნება („ორ ზღვას შუა გაბრწყინება..."), ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი დასახელების პოლიტიკურ გაერთიანებაში, საქართველოში მცხოვრები, თუნდაც ჩვენი ძმები აზერბაიჯანელები ან სომხები სრულიად უანგაროდ გაწევრიანდნენ.

მეზობელ თურქეთშიც, შეიძლება, ლიდერმა პარტიამ „თურქული ოცნება" დაირქვას და ოსმალეთის იმპერიის აღდგენა დაისახოს მიზნად, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მასში თურქეთში მცხოვრები ქურთებიც გაწევრიანდნენ, ვინაიდან დიდი ხანია საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ. ბუნებრივია, თურქეთის მოქალაქე თურქები და ქურთები ერთ პარტიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაერთიანდებიან, თუ მიზნები და ინტერესები იდენტური ექნებათ (მაგ., მონარქიის აღდგენა, რევოლუციის მოწყობა, მუშათა ინტერესების დაცვა, ევროინტეგრაცია ან სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება), რაც პოლიტიკური გაერთიანების დასახელებაშიც მკაფიოდ იქნება ასახული.

ამდენად, მმართველ ძალას „საქართველოს მოქალაქეების ოცნება" რომ ერქვას, უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ ქვეყანაში სადღეისოდ არსებულ ვითარებაში, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი „ქართულ ოცნებაში" საკუთარი ოცნებების რეალიზაციის პერსპექტივას ხედავს, არ მგონია ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდეს. ფაქტია ისიც, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით გაპრეზიდენტებული და სწორედ ხუთჯვრიანი დროშის სამშობლოდან „პორტირებული" ქალბატონია დღეს „ევროპელი ქართლის დედის" განზოგადებული სახე, თუმცა თუ დამოუკიდებლობის აღდგენისდან განვლილი საუკუნის მესამეგის განმავლობაში „ევროსტანდარტების" შესაბამისი სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ევროპის ნაწილად არავინ გვაღიარებს....

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×