სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    03.12.2011

    პეტრე მამრაძე

    2 დეკემბერი,
    2011 წელი
    2009 წლის ზაფხულში, როდესაც რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილი იყო საკნებით, ტელეწამყვანმა ჰკითხა მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთ პოპულარულ ლიდერს, ჰქონდა თუ არა მას საქართველოს გამთლიანების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გეგმა. "ხალხო, რა გეგმა უნდა ამას? სააკაშვილი რომ წავა, ეს დალოცვილი ქვეყანა გამთლიანდება, აბა, რას იზამს!" - უპასუხა იმ ლიდერმა და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი პასუხით მეტი ადამიანის გული მოიგო, ვიდრე კონკრეტული გეგმა რომ ჰქონოდა და იმ გეგმაზე რომ ესაუბრა.
    საქართველოში პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს, წერდა იმავე 2009 წლის ზაფხულში ათენში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი ილია რუბანისი. მეცნიერი ზუსტად და ღრმად ჩასწვდა ჩვენში არსებული ვითარების არსს: მან დაინახა, რომ ქართული პოლიტიკა ლიდერობაზეა დამყარებული და არა წარმომადგენლობითობაზე; ყველა პარტია რომელიმე პიროვნების გარშემო იქმნება და სწორედ ამის გამოა, რომ პატარა ქვეყანაში 180-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული; საგულისხმოა, რომ ოპოზიციის ყველაზე გამორჩეული ლიდერები მოქმედი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან; ოპოზიციური პარტიებიდან არც ერთი არაა ნამყოფი ხელისუფლებაში, ხოლო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ვერც ერთი პარტია ვერ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას; პოლიტიკა იმდენად პერსონალიზებულია, რომ ლიდერების პოლიტიკური პოზიციების სხვაობას ხშირად არავინ აქცევს ყურადღებას; საქართველო ქვეყანაა, სადაც სრულიად განსხვავებული, თუნდაც ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური პროგრამების მქონე ოპოზიციური ლიდერები შეიძლება გაერთიანდნენ მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ პრეზიდენტის გადაყენება უნდათ;
    ერთი სიტყვით, ეს არის ფეოდალური ტიპის პოლიტიკური სისტემა, სადაც ტელევიზიაში დადებითი გაშუქების კაც-საათები და პატრონ-კლიენტური ურთიერთობების ინდივიდუალური ქსელები ძალაუფლების მოპოვების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს;
    საქართველოში საერთოდ არ არსებობს საშუალო ფენა; ეს ფენა ვერც იარსებებს ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს დაზღვევის სახელმწიფო სისტემა, ჯანდაცვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, განათლების სახელმწიფო სისტემა, სახელმწიფო ან "სტრატეგიული" სატრანსპორტო ინფრასტრუქტურები და ა.შ. ევროპაში ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული იქმნებოდა და ხელს უწყობდა იმას, რომ ყოველ სოციალურ ფენას თავისი წვლილი შეეტანა საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის შექმნაში;
    საქართველოში კი საზოგადოებრივი პარტნიორობა არ არსებობს: პროფკავშირებს კანონით ეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება და მათ არსებობას აზრი ეკარგება; მეტწილად აგრარულ სახელმწიფოში საერთოდ არ არსებობს კოოპერატიული მოძრაობა; მიზეზთა გამო ეკლესია ერთადერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც სიტყვა ეთქმის ყველაფერზე, რაც კი ხდება.
    მაშ, რა რჩება? თუ პოლიტიკოსები განცალკევებული ინდივიდები არიან, თუ საზოგადოება მხოლოდ ინდივიდების სიმრავლეა, მაშინ, რა უდგას წინ, რომ პოლიტიკური სისტემა სააქციო ფირმად გარდაიქმნას?
    საზოგადოებრივ საყრდენს მოკლებულ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლებელია ჰქონდეთ და, შესაბამისად, არც გააჩნიათ ქვეყნის მომავლის განსხვავებული სტრატეგიული ხედვა. სწორედ ამიტომ ვერც ხელისუფლება და ვერც პოლიტიკური პარტიები ვერ სთავაზობენ ხალხს თავის პასუხებს ხალხის და სახელმწიფოს წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე.
    საქართველოს პრეზიდენტს აშკარად აკლია სახალხო ლეგიტიმურობა, ამიტომაც შექმნა ისეთი საპრეზიდენტო მმართველობა, რომელთანაც შედარებით შარლ დე გოლის მმართველობა სუსტი გამოჩნდებოდა.
    კანონის უზენაესობას დიდი პრობლემები აქვს. ხელისუფლება იღებს კანონებს და შემდეგ თვითონ ახდენს მათ ინტერპრეტირებას შეკავების და დაბალანსების მექანიზმების სრული არარსებობის პირობებში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერას, საზარელი თავდასხმების სამიზნე ხდება. უდიდესი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებას ისევ ცალკეული პიროვნებები ეწინააღმდეგებიან და არა - ხალხი. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ როცა ოპოზიციას არ აქვს ფესვები საზოგადოებაში, ძალაუფლების სტრუქტურის რეფორმირების ნაცვლად მხოლოდ ძალაუფლების სათავეში მყოფი პიროვნებების შეცვლა ხერხდება. ძალაუფლების სათავეში მოსული ადამიანი კი ღებულობს კარტ-ბლანშს (ანუ მანდატს აკეთოს ის, რაც უნდა) პრეზიდენტობის მთელი ვადისათვის.
    ისევე, როგორც ფეოდალურ ხანაში, მეფის ძალაუფლებას მხოლოდ მის კარზე მყოფი ფეოდალი ბარონები აკავებენ, რომლებსაც თვითონ სურთ მეფობა.
    აი, მოკლედ, ის ძირითადი აზრები, რომელიც მოყვანილია რუბანისის წერილში. ბოლოს რუბანისი ასკვნის, რომ ქართული "დემოკრატია" "პლურალისტურ ფეოდალიზმს" წააგავს და მოუწოდებს დასავლეთს გადახედოს პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში რეფორმებისადმი თავისი მიდგომას: იქნებ, სწორედ ჩვენი ნაკარნახევი რეფორმები ქმნის იმ ტიპის ინდივიდუალიზმს, რომელიც დემოკრატიაში არ გარდაიქმნება? ასეთი კითხვით ამთავრებს წერილს მეცნიერი, რომელიც ჭეშმარიტების ძიებას პოლიტკორექტულობაზე აშკარად მაღლა აყენებს.
    რუბანისის კვლევის გამოქვეყნებიდან გასულ ორწელიწადნახევარში ჩვენში არსებული ვითარება უფრო დამძიმდა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თითქოს განზრახ გააკეთა ყველაფერი საზოგადოების გაწბილებისათვის. გაერთიანების ნაცვლად პატარ-პატარა დაჯგუფებების ატამანები დროის და ენერგიის უდიდეს ნაწილს ურთიერთლანძღვასა და ჩაძირვას ანდომებდნენ. იმის გარჩევას, რომელი მათგანი აკეთებდა ამას რეჟიმის დავალებით და რომელი მხოლოდ პირადი შურისა და ბოღმის გამო, აზრი არ აქვს.
    ამასობაში რეჟიმმა მიაღწია სრულ და, ცხადია, სრულიად უკანონო კონტროლს ქვეყნის ყველა სახის რესურსზე. ამ რესურსს რეჟიმი ასევე სრულიად უკანონოდ იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ის რად ღირს, რომ რეპრესიების შიშით ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ ბედავს ოპოზიციის დაფინანსებას, რეჟიმი კი ცინიკურად აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი (ანუ ის "ოპოზიცია", რომელსაც თვითონ რეჟიმი არ აფინანსებს) უცხოეთიდან ფინანსირდება. მწარე სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენში ფაქტობრივად საერთოდ არ არის პოლიტიკური პარტიები. ნაციონალური მოძრაობა მთლიანად შეერწყო სახელმწიფო აპარატს, პირველ რიგში კი, აპარატის რეპრესიულ ნაწილს. ხოლო დაქსაქსული და ურთიერთგადაკიდებული ატამანები თავის მცირე ჯგუფებთან ერთად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევენ რეჟიმს. (გავიხსენოთ, რომ ე.წ. ოპოზიციურმა რვიანმა, შემდეგ კი უკვე ექვსიანმა, ისე დაასრულა თავის უღიმღამო მოღვაწეობა, რომ მოსახლეობის მხოლოდ შვიდმა პროცენტმა გაიგო მისი არსებობის შესახებ. ამ შვიდი პროცენტიდან რამდენმა იცოდა, რას აკეთებდნენ ის პარტიები, ადვილი წარმოსადგენია).
    ასეთ ვითარებაში ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა იქნებოდა ისეთი პოლიტიკური ლიდერის გამოჩენა, რომელსაც ხალხის დიდი ნაწილი ენდობოდა და დაუჭერდა მხარს და რომლის გარშემო გაერთიანდებოდნენ ის პოლიტიკური ძალები და ლიდერები, ვინც ჯერჯერობით უიმედოდ დისკრედიტირებული არ არის.
    "ჩვეულებრივ ქართველებში, რომელთაც მე ვესაუბრე, შემაშფოთებელი ენთუზიაზმია. ტაქსის მძღოლებისა და არაპოლიტიკურ ადამიანებში, ჩემი არასამეცნიერო კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ათიდან ათი ადამიანი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ძირითადად ერთ ფრაზას იმეორებენ - "ის ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის", - წერს ცნობილი მეცნიერი თომას დე ვაალი. მინდა, აღვნიშნო, რომ უცხოელ ექსპერტებსა და დიპლომატებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მასობრივმა მხარდაჭერამ, რომელიც ხალხმა გაუწია ბანკ "ქართუს". ბანკთან რიგების გამოჩენისას მათ იფიქრეს, რომ ადამიანებს მასობრივად გაჰქონდათ თავისი ფული ხელისუფლების მხრიდან დაყაჩაღებული ბანკიდან, რომელსაც რეჟიმი გაუსაძლის პირობებს უქმნის და აშკარად განადგურებას უპირებს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხალხი სწორედ ასე მოიქცეოდა ასეთ ვითარებაში, თავისი დანაზოგის გადასარჩენად, მეუბნებოდნენ უცხოელები. "რომ მითხრეს, ხალხს უკანასკნელი კაპიკები შეაქვს ბანკის გადასარჩენად, ვერ დავიჯერე და თვითონ წავედი, რომ დავრწმუნებულიყავი. ეტყობა, თქვენში იწყება მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა რეჟიმისადმი და ამან შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანა", - მითხრა თბილისში იმ დღეებში მყოფმა ცნობილმა დასავლელმა ექსპერტმა.
    აკადემიური თვალსაზრისით კარგად მესმის, რატომ აშფოთებს დე ვაალს ხალხის მასობრივი ენთუზიაზმი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. მეცნიერი ახლავე ფიქრობს იმაზე, რომ ამან შეიძლება ისევ ის მოუტანოს ქვეყანას, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ პირადად სააკაშვილისადმი ხალხის მასობრივმა მხარდაჭერამ და პირდაპირ წერს, რომ საქართველოს კიდევ ერთი მესია არ სჭირდება, რასაც მთლიანად ვიზიარებ. (2004 წლის იანვრის არჩევნებს უცხოელი ექსპერტები მეწყერს ან ზვავს ადარებდნენ). მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ, ვინაიდან ვიცი, რომ ივანიშვილს ძალაუფლების ხელში ჩაგდების არავითარი სურვილი არ აქვს და ვერავითარი ძალა ვერ აიძულებს მას ამის გაკეთებას.
    ადრე დავწერე და გავიმეორებ: გამოჩენილ ქველმოქმედს პოლიტიკაში მოსვლით ყველაზე დიდი ქველმოქმედების გაწევა უნდა თავისი ხალხისათვის, რაც აქამდე გაუწევია. ეს ნაბიჯი მან სრულიად მოუმზადებელმა გადადგა და გულწრფელად ისაუბრა ამაზე თავის ინტერვიუებში.
    "თუ ოპოზიცია შეძლებდა ამის გაკეთებას ხელისუფლებაში მოსვლას ჩემი დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, მე არ ჩავერთვებოდი პოლიტიკაში. როგორც დავინახე, რომ ოპოზიციას ეს არ შეეძლო, მე მოვედი, რათა დავეხმარო ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსასვლელად", - უთხრა ივანიშვილმა დე ვაალსაც პირადი შეხვედრის დროს.
    180-ზე მეტი დარეგისტრირებული პარტიიდან ზოგიერთები (ვფიქრობ, ისინი, ვისი კეთილდღეობა მთლიანად რეჟიმთან კლიენტ-პატრონულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული) შეშფოთდნენ ივანიშვილის განცხადებით, რომ "შუა უნდა გაიკრიფოს". ამ შეშფოთებასაც არ ვიზიარებ. ჯერ დავსვათ კითხვა: მაინც რამდენი ნამდვილი (და არა ფიქტიური) პოლიტიკური პარტია შეიძლება ჰყავდეს საქართველოს? უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო პრაქტიკისა და ჩვენი მასშტაბების გათვალისწინებით ეს რიცხვი შეუძლებელია ერთ ხელზე თითების რაოდენობას აღემატებოდეს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეჟიმის თავკაცებისათვის ძალაუფლებიდან წასვლა სიკვდილის ტოლფასია (მათ კარგად იციან რამდენი მძიმე დანაშაულისათვის უნდა აგონ პასუხი და თვითონ ასე მიაჩნიათ). ამიტომ ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გააჩაღებენ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ყველა რესურსს გამოიყენებენ, არავითარ დანაშაულს არ მოერიდებიან. ეს ყველაფერი უკვე დაამტკიცეს ივანიშვილის მიმართ ჩადენილი უსამართლობით, ძალადობით და მრავალი დანაშაულით, რაზედაც უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ხმების გაწოვის მიზნით რეჟიმი თავის ყველა კლიენტ პარტიას და "ცნობად სახეს" გამოიყენებს. გავიხსენოთ, თბილისის მერის შარშანდელი არჩევნები, როცა რეჟიმმა ნაფტალინიდან ამოიღო ყველა, ვისაც კი თუნდაც სულ ცოტა ხმების წართმევა შეეძლო ალასანიასათვის. ასევე გამოიყენებენ მოსახლეობის დაშინების ყველა ხერხს და ხმების გაყალბების ყველა მექანიზმს. ასეთ პირობებში შუის გაკრეფა ნიშნავს მხოლოდ იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ რეჟიმის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ჯანსაღი ოპოზიციური ძალების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებით.
    გრძელვადიან პერსპექტივაში კი "შუის გაკრეფა" სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ჭაობის ამოშრობა, პლურალისტური ფეოდალიზმის დაძლევა და ნამდვილ და არა იმიტირებულ დემოკრატიაზე გადასვლა. დღეს საქართველო იმ დონეზეა, რომ რეჟიმის კლანჭებიდან ბიზნესის გათავისუფლება და კანონის უზენაესობის დამყარება დიდად დააჩქარებს საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და დემოკრატიის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს. ივანიშვილის უმთავრესი მიზანი სწორედ ეს არის.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×