სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    02.12.2011

    ზაზა გაბუნია

    ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი
    მიმდინარე წლის 21 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია || ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. დიახ, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც საუკუნეების მანძილზე გეგმაზომიერად, ნაირგვარი პოლიტიკური ფილოსოფიისა თუ კონიუქტურის მქონე სახელმწიფოს (ცარისტული, კომუნისტური) მსახვრალი ხელით ანგრევდა და მიზანიმართულად ანადგურებდა ქართულს, როგორც მოვლენას და რომელმაც ბოლოს 2008 წელს, დაღვარა ქართველი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების წმინდა სისხლი, მოახდინა ჩვენი უძვირფასესი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია და დღესაც ცდილობს ყველა ხერხის გამოყენებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუზღუდოს თანამედროვე ქართულ სახელწიფოს არსებობისათვის საჭირო სივრცე და გამოაცალოს სასიცოცხლო ენერგია. თუმცა ღვთის მადლით, ამას ის ვერ შეძლებს...!
    ჰო, დავუბრუნდეთ მთავარს. იმას ვამბობდით, რომ ქართველების მიმართ ამგვარად განწყობილი სახელმწიფოს დედაქალაქში ჩავიდა ჩვენი ერის სულიერი მამა, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. თბილისში კი სხვადასხვა გამოცემების ფურცლებზე თუ ექსპერტად წოდებული ინდივიდების ბაგეებზე აიშალა მგზნებარება და ვერბალური ღვარცოფი, ისტერია და კვნესა იმის თაობაზე, რომ ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიზიტი, რომ ეს რაღაც კონსპირაციული გეგმის ერთი ფრაგმენტი და შენიღბულ-შეთქმულ-განდობილ კაცთა პოლიტიკაა. არადა, რა სასაცილოდ, რა საწყალობლად მოჩანს ეს ხალხი ამ პოზაში თუ ამ პოზიციის გამოხატვისას. ნაჩქარევად დასკვნების გამოტანა არ არის კარგი საქმე და აქამდე ვერიდებოდი კიდეც მათზე შემქმნოდა ამგვარი შთაბეჭდილება, თუმცა ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯგუფი (ამ ჯგუფში ვგულისხმობ რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძეს და გამოცემა დრონი.გე-ს), რომლებიც პროპაგანდისტული მანქანის კარგად თავგაქონილ ჭანჭიკებს წარმოადგენენ, სულგანაბული, სადღაც, მხოლოდ ტელევიზორისა და კომპიუტერის მკრთალად განათებული, სინამდვილეში კი ბნელი ოთახის სირღმეში მიყუჟული ელოდება რაიმე ისეთს, რაც ხელში ააღებინებს კალამს და მისცემს საბაბს, შეთხზას რაღაც ისეთი, რაც, მისი წარმოდგენით, შებღალავს პატრიარქის ავტორიტეტს. ასეთი რამის "აღმოჩენის" შემდეგ კი დარწმუნებული ვარ, ყმუილით გარბის საწერ მაგიდასთან და ყმუილითვე აგრძელებს და ამთავრებს პასკვილს არ-არსებულზე. ყოველ შემთხვევაში მათი "შემოქმედების" გაცნობის შემდეგ ნამდვილად დაგრჩება კაცს შთაბეჭდილება, რომ ბოროტად აჟიტირებული და აღგზნებული იყო "პროდუქტზე" მუშაობისას..
    ასეთი "ნამუშევარი" იყო დრონი.გე-ს სტატია, რომელიც პატრიარქის მოსკოვურ ვოიაჟს ეხებოდა და შემდეგი სახის სათაურს ატარებდა: "ფაქტი, რომელზეც ქართული მედია არ (ვერ) საუბრობს: საქართველოს პატრიარქი კირილის კრემლის ოფისში". და მეორე, ბასილ კობახიძის მოწოდება პატრიარქის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ. კობახიძე: "ეს აქცია იმის გამოვლინება იქნება, რომ არიან ჩვენს საზოგადოებაში ადამიანები, რომლებიც არ არიან ზომბირებულნი იმ ფსევდოპატრიოტული რელიგიური სლოგანებით, რომლითაც საზოგადოებას ეკლესია და მედია კვებავს".
    პირველი ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს მედია რაღაცას "ვერ ამბობს", აბსურდულია. მედიას და ჟურნალისტებს ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართულმა მედიამ (მათ შორის ტელევიზიებმა და პრესამ) თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ანუ გააშუქა პატრიარქის ვიზიტი და იქ არაფერი გადაკრული თუ აუგად ნათქვამი საქართველოს პატრიარქზე არ ყოფილა, იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის არ მიუციათ უფლება, სინამდვილის პროექცია მოეხდინათ და გადაჭარბებულად შეეფასებინათ ფაქტი. ეს კარგია და ნამდვილად მადლობა მათ და არამხოლოდ ამის გამო. მე მათ ვემადლიერები იმ სიკეთისთვისაც, რომ პატრიარქის ქადაგებების, შეხვედრების თუ მასთან დაკავშირებული ღონისძიებების უწყვეტად და კარგად გაშუქებას უზრუნველყოფენ. არადა, ეს არ იყო ასე თუნდაც ახლო წარსულში. მახსოვს, წლების წინ მის უწმინდესობას ვუთხარი, მოეცა უფლება და დაევალებინა (მაშინ საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერების და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი) წინადადებით მიმემართა ტელევიზიებისთვის, რომ მათ პატრიარქის ქადაგებების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეშუქებინათ. მახსოვს, მაშინ პატრიარქმა მითხრა, რომ ეს არ იყო საჭირო. მეტი ამაზე არაფერი უთქვამს და აღმოჩნდა, როგორც მისგან მიჩვეულები ვართ, მაშინაც წინასწარვე აანალიზებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ახლა კარგი სიტუაციაა ამ მხრივ. საქართველოს პატრიარქს საკუთარ მრევლთან ტელევიზიის თუ სხვა ჟანრის მედიის საშუალებით კომუნიკაციის არავითარი პრობლემა არა აქვს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით პრეტენზია გაუგებარია.
    ასეც რომ იყოს, მოდი, ვნახოთ, რა თქვა დრონი.გე-მ ისეთი, რასაც სხვა მედია-საშუალება ვერ იტყოდა ან რა ჩაიდინა ასეთი პატრიარქმა, რომ ყველა მოერიდა ამ ამბის დღის სინათლეზე გამოტანას. დრონი.გე: "...ყველაზე საინტერესო დეტალი: უშუალოდ მოსკოვისა და სრულიად რუსთა პატრიარქ კირილისათვის დიმიტრი მედვედევმა კრემლში ოფის-რეზიდენცია გამოყო, რომელიც გუშინ ეკურთხა. სწორედ ამ, პატრიარქ კირილის კრემლის ოფისში მიიწვიეს საქართველოს პატრიარქი და სხვა ქვეყნების ეკლესიათა მეთაურები, რუსეთის პატრიარქმა სწორედ იქ მიიღო პირისპირ საქართველოს პატრიარქი. უწმინდესი და უნეტარესი, თანხმლებ პირებთან ერთად, კირილის კრემლის ოფისის კურთხევის მონაწილეებიც გახდნენ"... ამ აბზაცის მიხედვითაც კი, რომელიც დრონი.გე-ს "ყველაზე საინტერესოდ" აქვს დასახელებული, ჩანს, რომ შედგა სრულიად ტრივიალური, ჩვეულებრივი პროტოკოლური შეხვედრა. მაგრამ როგორც ვხედავთ, აქ ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ პატრიარქი, როგორც გამოცემა ამბობს - "კირილის კრემლის" (აღსანიშნავია რითმული სიტყვათწყობა) ოფისში მივიდა. თუმცა აქაც რა არის უთქმელი და ვერსათქმელი, გაუგებარია.
    ის, რომ რუსული ეკლესიის ადმინისტრაციული ნაწილი (და არამც და არამც თავად ეკლესია როგორც ქრისტეს მისტიური სხეული და სულიერი სავანე) კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერია, ამ "აღმოჩენით" დრონი.გე ვერავის გააკვირვებს. და თუკი ეს გამოცემა იმან აღაშფოთა, რომ პატრიარქი იქ მივიდა, სადაც მასპინძელმა დაპატიჟა, ეს მიდგომა სრულიად ნაივური და უმწიფარია. "ყველაზე საინტერესო" აბზაცი ერთი წინადადებით გრძლედება და სრულდება: "შეხვედრაზე კი ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც ყველა მონაწილე მხარე შეუერთდა...".
    ბუნებრივია, რუსეთი, კრემლი, ერთობლივი კომუნიკე, ზედმეტად საინტერესო და, ალბათ, ბევრისთვის დამაინტრიგებელი ვერბალური განსაზღვრებებია, არადა, როგორც ზემოთ დასახელებული სიტყვები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თემას მეტი კონსპირაციული შუქ-ჩრდილები შეეძინა, ასევეა "ერთობლივი კომუნიკე", რომელშიც წერია, რომ მოწვეულმა სტუმრებმა ერთად აღასრულეს ღვთისმსახურება პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით. რომ მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღვისმებრძოლთა პერიოდში ეკლესიის საქმიანობაზე. გამოხატეს სოლიდარობა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკული რეგიონის ეკლესიების მიმართ, რომლებიც განიცდიან რწმენის გამო დევნას. მათ შორის მოხსენიებული იყო კოსოვოელი სერბები. ისაუბრეს მსოფლიო მართლმადიდებლური კრების გამართვის შესაძლებლობაზე.
    ამ სრულიად ნორმალური და მართლმადიდებლურ სამყაროში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით ადეკვატური დღის წესრიგით ეკლესიების მეთაურებმა გამართეს შეხვედრები. როგორც ჩანს, ამას მიუღებლად მიიჩნევს დასახელებული გამოცემა. საინტერესოა, რას სთხოვენ საქართველოს ეკლესიას, გაებუტოს და ევქარისტიული კავშირი გაწყვიტოს მართლმადიდებლურ სამყაროსთან?!
    მე ვსვამ კითხვას - რა არის ამ კომუნიკეში ისეთი, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, საერთო ეროვნულ არჩევანს - ევროპისაკენ სწრაფვას, ქვეყნის ღირებულებებს თუ ხალხის ფასეულობებს ეწინააღმდეგება?!
    ახლა, რაც შეეხება ბასილ კობახიძეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან გააკეთა მოწოდება, რომ უკანდაბრუნებული პატრიარქის წინააღმდეგ პირდაპირ აეროპორტში გამართულიყო საპროტესტო აქცია. როგორც მოსკოვური ვიზიტის განხილვისას დავინახეთ, ამის რეალური საბაბი არ არსებობს. თუმცა სკეპტიკოსებს აქვთ საკითხი ე.წ. რეზერვიდან, რომლითაც ცდილობენ ეკლესია და პატრიარქი პრორუსული პოლიტიკის ლობირებაში დაადანაშაულონ. ეს ამ ეტაპზე მხოლოდ მცდელობა და ეჭვებია. თუმცა ის, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, არის საკითხი იმის შესახებ, რომ ეკლესია საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა და აჭარბებს. ამიტომ უპრიანია მორიგი შეკითხვა დავსვა და ასე შევთავაზო მკითხველს ძირითადი თემა ! რას ითხოვენ სკეპტიკოსები ეკლესიისგან?! რა არის, მათი აზრით, ეკლესია? როგორც ჩანს, თვლიან, რომ ეკლესიის საქმე მხოლოდ ლოცვით-რიტუალური საქმიანობაა. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. იმდენად, რამდენადაც სკეპტიკოსთა ჯგუფის წევრთა ერთი ნაწილისთვის ქართული მაგალითები არ არის ანგარიშგასაწევი და ხშირად მათ დეფინიციით - "გურჯულ-გრუზინული" - ნათლავენ და ირონიულად მოიხმარენ, მივმართოთ უცხოურ პრეცედენტებს. მაგალითად, დემოკრატიული აზრისა და ქცევის სტანდარტების მდგენელს, პლურალისტური მოდის ტენდენციების მოკარნახე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ზემოთ ვახსენე, რომ სკეპტიკოსები ეკლესიას უფლებამოსილების გადაჭარბებაში, პოლიტიზაციაში ადანაშაულებენ. ეჭვგარეშეა, ეკლესია და რელიგიური გაერთიანება ზედმეტად არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში ანუ პოლიტიკური მოთამაშე არ უნდა გახდეს! თუმცა არსებობს ამ წარმოდგენის ცუდად გაგების საფრთხე. მაგალითად იმგვარად, რომ ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი, ეკლესიას დაუწესოს საზღვრები მოქმედებისთვის. დააკისროს ირაციონალური საზოგადოებრივი ვალდებულება და შეუქმნას იმგვარი სოციალური გარემო, საიდანაც გამოსვლას აუკრძალავს. რელიგიისა და პოლიტიკის საკითხების ამერიკელი მკვლევარი ჯონ ბაკერი ამბობს: "ომი, მშვიდობა, ადამიანური კეთილდღეობა, სამოქალაქო უფლებები, აბორტი და განათლება, ყოველი მათგანი საზოგადოებრივ სფეროს მიეკუთვნება, თუმცა აქვთ ატრიბუტები, რომლებიც მათ ასევე რელიგიურ საკითხებად აქცევს. სახელმწიფო მონაწილეობის ამ სფეროებში, აუცილებელია ასევე რელიგიური მონაწილეობაც".
    იქნებ, მითხრას სკეპტიკოსთაგან ვინმემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ და გავრცელებულ ამ შეხედულებაში რა არის მიუღებელი და მცდარი ჩვენი ქვეყნისთვის?! ფასეულობათა რომელი სისტემის თუ პოლიტიკური იდეოლოგიის ფონზეც უნდა ვეცადოთ ამ საკითხის გაგებას და ინტერპრეტაციას, იქნება ეს ლიბერალური, ლიბერტარიანული თუ კონსერვატორული, სიმართლე ჩანს, საღი აზრი იკითხება. აქვე კიდევ ერთი ამერიკელის, პროფესორ გრინავოლტის შეხედულება: "ლიბერალურმა საზოგადოებამ არ უნდა გამოიყენოს რელიგიური მიზეზები ისეთი საქმიანობის აკრძალვისთვის, რომელსაც არ მოაქვს ზიანი".
    როგორც ზემოთ დავწერე, დაუშვებელია რელიგიური იდეების პოლიტიზირების მცდელობა. რელიგიური იდეა მაღალ-ინსტანციურია, გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ის მარადიულობას და მასში ადამიანის მერმისს, მის იმყოფიერ მდგომარეობას ეხება და შეუძლებელიც კია მისი ერთმნიშვნელოვნად მიწიერ ჭრილში წარმოდგენა. ეს რელიგიური, რწმენითი იდეის გაუბრალოებაც იქნებოდა, რაც უპირველესად სწორედ ეკლესიას არ სურს. მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომის ატმოსფეროში მცხოვრები ხალხის, სამხედრო კონფლიქტის მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს ბედი ეკლესიას არ უნდა აინტერესებდეს.
    მშვიდობის მოფენა, მისი ადამიანებამდე მიტანა კი მოქმედების, ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ ხდება. ყველანი (გარკვეული მეტ-ნაკლებობით) ვთანხმდებით, რომ ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა. და მაშინ როგორ წარმოუდგენია მავანს, მშვიდობა ღმერთმა და ეკლესიამ უნდა მიიტანოს და პატრიარქმა არა?! თუ ვინმეს ეჭვი აქვს, რომ ილია || მოსკოვში პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი, შემადგენელი გახდა ეს ან უმეცრებაა და ან ჯიუტი სურვილი ყველაფერი ასე დაინახოს. არც პატრიარქს სჭირდება ჩემი ადვოკატობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ეჭვის არსებობის არავითარი ემპირიული, თუ გნებავთ, დაუსაბუთებელი საბაბიც კი არ არსებობს, თუკი, მისი როგორც პატრიარქის 34-წლიან გამოცდილებას და, რაც მთავარია, გარჯას შევავლებთ თვალს. იმ პატრიარქის ღვაწლს, რომელიც სრულიად მართებულად და სწორად აცნობიერებს ეკლესიის სოციალური მსახურების აუცილებლობას.
    ეკლესია, რომელიც თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას, შექმნილ და არსებულ სიტუაციას უგულებელყოფს, ფაქტებს იგნორირებას უკეთებს, დგება საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს თავისი ქრესტომათიული მოწოდება და დანიშნულება, რადგან ეკლესია ადამიანთა საზოგადოებაა. არა უბრალოდ ისეთი ადგილი, სადაც თავმოყრილია ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, არამედ სივრცე, სადაც ადამიანზე, როგორც პერსონალურად, ისე მათ ერთობაზე, როგორც სახელმწიფოს და პოლიტიკური ერთეულის შემადგენელზე ზრუნავენ. მათი მშვიდობიანი არსებობისათვის ძალისხმევას იღებენ და სტაბილურობის განმტკიცებაშიც საკუთარი წვლილი შეაქვთ.
    სხვა საკითხია, ვისაუბროთ, რა პოტენციალი არსებობს საიმისოდ, რომ რუსეთის პატრიარქისგან, რომელიც საკუთარი ქვეყნის მეომრებს "მოძმე ოსების დაცვისთვის" ლოცავს და მადლობას უხდის და კრემლის თავკაცებისგან, რომელთაც ქართველთა წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ღონისძიება გაატარეს (ამის მიუხედავად საერთო რწმენაზე საუბრობენ), მშვიდობისა და განვითარების პროცესში ხელის არ-შეშლის გარანტია მივიღოთ?! ამას აქვს პასუხი და ის ყველაზე გასაგებად თავად პატრიარქმა ილია || გასცა 2008 წლის აგვისტოს დღეებში, როცა ქართველი დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად და გარდაცვლილთა გადმოსასვენებლად თავად შევიდა ცხინვალში. როცა ქართული მემკვიდრეობის წინააღმდეგ გამოვლენილ რუსულ ვანდალიზმზე, ზოგადად რუსულ სამხედრო აგრესიაზე და ჩვენი ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად მკაცრი და გასაგები პოზიცია დააფიქსირა.
    ის, რომ რუსეთი ოკუპანტი, აგრესორი და ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური ევროპისაკენ გზაზე შემაფერხებელი ძალაა - უდავოა! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატრიარქმა მისი ვიზიტით კიდევ უფრო გაამძარფრა და გაამყარა ჩამოთვლილი გარემოებები. მართალია ისიც, რომ პატრიარქი პირდაპირი გზით ვერ ჩაერევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის და ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის საქმეს ვერ აიღებს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, რადგან ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია. თუმცა პატრიარქს და ეკლესიას ეხება ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღდგენის საკითხი, რაც შესაძლებელია, გახდეს წინაპირობა უშუალო მხარეებს შორის ზემოთ დასახელებულ საკითხებზე მსჯელობის დაწყებისთვის. და რადგან ვამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ყველას ამოცანაა, მაშინ ნუ შევიტანთ ეჭვს პატრიარქის გულწრფელობაში. იმ კაცის ჯანსაღ სამოქალაქო პოზიციაში, რომელმაც შესაძლებელია მოახერხოს პრინციპების და ღირებულებების დაუთმობლობის ხარჯზე შედეგის მიღწევა და ხელშესახები ფაქტორების გაჩენა, რომელიც შემდგომში სახელმწიფომ და მისმა პოლიტიკურმა აპარატმა უნდა აქციოს ფაქტობრივ და კანონზე დაყრდნობილ მოცემულობად.
    და ბოლოს, შეხვედრაზე პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიების მეთაურებიც იმყოფებოდნენ. სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავს დამტყდარი მასშტაბური ტრაგედიის მიუხედავად, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პრაქტიკულად მთელი ადმინისტრაცია შეეწირა და რომელშიც ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, მთავარი როლი რუსულ სპეცსამსახურებს და კრემლს მიუძღვის, დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რუსეთში ჩასვლას ეჭვის თვალით არ შეხედავენ, მის პრორუსულობაზე არავინ ისაუბრებს და მოსკოვში მისი ვიზიტი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის რეაბილიტაციის მცდელობას არ დაუკავშირდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×