სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    (07.02.2017)

    თორმეტი წლის წინ, 2004 წლის ოქტომბერში, თბილისში მიცკევიჩის და პეკინის ქუჩების კუთხეში მოხდა საზარელი მკვლელობა. მკვლელმა დანით სამი ჭრილობა მიაყენა 18 წლის დავით ოთხმეზურს, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის და პროფესორ გიორგი ოთხმეზურის შვილს. ამ სამი ჭრილობიდან ერთი მომაკვდინებელი აღმოჩნდა. მკვლელობას უამრავი ხალხი შეესწრო, მათ შორის 5 დაიკითხა სასამართლოში მოწმის სახით. იმავე დღეს ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიება და მკვლელობაში ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა ასლან ბეჟანიძე. მაგრამ, 11 წლის განმავლობაში მის მიმართ არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა, იგი საერთოდ არ დაკითხულა.
    სამწუხაროდ, ვიღაცის ხელშეწყობით და დახმარებით ბეჟანიძე მიიმალა.
    12 წლის შემდეგ ბეჟანიძე დააკავეს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ 2016 წლის 27 მარტს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
    ამის შემდეგ მოსამართლე გამოიცვალა. ახალმა მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ, რომელიც ცნობილია თავისი წარსული "მოღვაწეობით" - უსიტყვო მორჩილებით ყოფილი ხელისუფლებისადმი, მიუხედავად 5 მოწმის პირდაპირი ჩვენებისა, ასლან ბეჟანიძე გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
    მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა უტყუარი მტკიცებულებების ცინიკური იგნორირება დარახველიძის სამოსამართლეო პრაქტიკის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ეს სწორედ ის დარახველიძეა, რომლის გადაწყვეტილებითაც, მაგალითად, დღემდე დაუსჯელად დასერნობს ქუჩაში ცნობილი ჯალათი, მწამებელი და ადამინის უფლებათა დამრღვევი გაგა მკურნალიძე; ასევე, მისი გადაწყვეტილებით, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ დედის თვალწინ სადისტურად მოკლული ჯემალ შელიას მკვლელები, რამდენიმე ბრალდება მოეხსნა მეგიზ ქარდავას, ბაჩო ახალაიას, "მასტერას" და ა.შ.
    ასეთი გადაწყვეტილებები, ცხადია, უმძიმესი დანაშაულებების წახალისებაა და დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ხოლო, მეორეს მხრივ, საბოლოოდ ანადგურებს სასამართლო ხელისუფლების ისედაც საკმარისად შერყეულ ავტორიტეტს, რასაც ჩვენი საზოგადოება არ უნდა შეეგუოს.
    იმედს გამოვთქვათ, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები, გამოასწორებენ ამ აღვირახსნილ უსამართლობას და არ დაუშვებენ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი შავი ლაქა მოეცხოს.
    აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე
    აკადემიკოსი გულნარა ჯაფარიძე
    კოტე ჯანდიერი
    მერაბ ვაჩნაძე
    ზაზა აბაშიძე
    ზაზა მიქაშავიძე
    ნინელი ჭანკვეტაძე
    მამუკა არეშიძე
    ზაზა შათირიშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter