სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    09.02.2017

    ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    დამთავრდა 2016 სამეურნეო წელი. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ძირითადი მაჩვენებელი - მშპ - იყო 33 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად კი, იქნება დაახლოებით 100 მილიარდი ლარი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ბოლო წლებში როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ეკონომიკური ექსპერტების მიერ ჩატარებული ჩრდილოვანი ეკონომიკის კვლევების კატასტროფული შედეგები.

    მაგალითად, 2009 წელს ავსტრიულმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიამ "ეუობსერვისმა" საქართველოში დააფიქსირა 68%-იანი, ხოლო 2012 წელს მსოფლიო ბანკმა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, კიდევ უფრო მაღალ, 75%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას საქართველოში მუდმივად აფიქსირებენ ადგილობრივი ექსპერტები, მათ შორის, ჩვენი ასოციაციის მრეწველობის კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი თამაზ ვაშაკიძე. იგი გახლდათ ეკონომიკის მინისტრად მოსვლისთანავე ბენდუქიძის მიერ გაუქმებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე და პირადად ბევრჯერ უანგარიშია ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკა.

    70%-იანი რეალური ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს 100-მილიარდიანი ლარის მშპ-დან სახელმწიფოსა და და ხალხს ხმარდება დაახლოებით 30%, მაფიოზურ-ეკონომიკურ კლანებს კი - 70%. ამის გამო სახელმწიფო და ხალხი უსაშველოდ ღატაკდება და კლანები უსაზღვროდ მდიდრდებიან. ამ უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ უსამართლობას აკანონებს 1997 წელს მიღებული, ანტიეროვნული და კრიმინალური (კრიმინალურია იმიტომ, რომ მაღალი საგადასახადო ტვირთის გამო მეწარმეები იძულებულნი არიან, გადასახადები დამალონ და გახდნენ კრიმინალები!) საგადასახადო კოდექსი, რომელსაც 20 წელიწადია, კბილებით იცავდა და დღესაც იცავს ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობა "ქართული ოცნების" ჩათვლით. რატომ? საკითხავი სწორედ ეს არის!

    რა არის ამ უზარმაზარი 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, ერთნაირი საგადასახადო ტვირთი, რომელიც არ არის დიფერენცირებული საწარმოთა სიდიდის (მცირე, საშუალო, მსხვილი), სამეურნეო დარგების (მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება) და ტერიტორიული სირთულეების მიხედვით, რის შედეგადაც გადასახადები გაუსაძლისად მაღალია და არ არის ოპტიმალური მაქსიმალური საგადასახადო შემოსავლების მისაღებად. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მაქსიმალური საგადასახადო შემოსავლების მისაღებად ოპტიმალური საგადასახადო ტვირთი (რომლებიც განისაზღვრება ლაფერის მრუდეებით), დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე - იზრდება ქვეყნის ეკონომიკიური დონის გაზრდით და მცირდება ეკონომიკური დონის შემცირებით.

    ექსპრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა 1997 წლის საგადასახადო კოდექსის პირადი დიქტატით დამუშავების დროს დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა ჩვენი საგადასახადო კოდექსის საფუძვლად აიღო ევროპაში ყველაზე უფრო განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის - გერმანიის - საგადასახადო კოდექსის მოდელი.

    ვინაიდან საქათველო ეკონომიკის განვითარების დონით დიდად ჩამორჩება გერმანიას, ამ ჩამორჩენის სიდიდის შესაბამისად უნდა შემცირებულიყო საგადასახადო ტვირთიც. სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთეთ, ავირჩიეთ მაღალი საგადასახადო განაკვეთები, რაც 20 წელიწადია ახრჩობს ლეგალურ ეკონომიკას და ფართო ასპარეზს უქმნის ჩრდილოვან ეკონომიკას. 20 წელიწადია ასეულობით საგაზეთო და ხელისუფლებაში გაგზავნილი ოფიციალური წერილებით დღემდე უშედეგოდ ვიბრძვით ნოღაიდელის ამ საბედისწერო შეცდომის გასწორებისა და საგადასახადო ტვირთის რადიკალური შემცირების, მინიმუმ განახევრებისთვის. სწორედ ამას გვირჩევდა ნობელიანტი ეკონომისტი ფიშერი. აი, მისი სიტყვები: "2-ჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახდო შემოსავლები". უდროოდ გარდაცვლილი, ცნობილი ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი "მარტივ ტვინებს" უწოდებდა მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ გადასახადების გაზრდით საგადასახდო შემოსავლები გაიზრდებოდა. ის ამბობდა: "ამ მარტივ ტვინებს მოვუწოდებ, წიგნები წაიკითხონ და გადასახადები შეამცირონ".

    ასევე საგადასახადო ტვირთის განახევრებას მოითხოვდა 2006 წელს საქართველოში სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მთელ მსოფლიოში წარმატებულად აღიარებული ესტონური რადიკალური ეკონომიკური რეფორმების ავტორი მარტ ლაარი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღეს მთავრობის მიერ გაპიარებული, ვითომ "ესტონური მოდელი" სულაც არ არის ის ეკონომიკური რეფორმები, რაც მარტ ლაარმა ესტონეთში ჩაატარა და მსოფლიო გააკვირვა. მას არც საქართველოში მისცეს გასაქანი და სააკაშვილ-ნოღაიდელის კრიმინალურმა მთავრობამ გააქცია ქვეყნიდან.

    კვალავ ვიმეორებთ, მოგების გადასახადის რეინვესტირება არ არის "ესტონური მოდელი". ის ამ მოდელის მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელო ფრაგმენტია და ცალკე ამოქმედებული, როგორც საშუალო, ისე შორეულ პერსპექტივაში, ცუდის გარდა კარგს არაფერს მოგვიტანს. უკვე უახლოეს პერსპექტივაში კი, ამ ვითომ მოდელის საპირწონედ არჩეული აქციზების გაზრდით (განსაკუთრებით ბენზინზე და დიზელზე!), მოხდება სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი მატება, აგრეთვე ათასობით ქამრებშემოჭერილის სამსახურებიდან გაყრა, რაც დაანგრევს "ქართული ოცნების" რეიტინგს და ამის გამო მმართველ პარტიას დიდი პრობლემა შეექმნება წელსვე ადგილობრივ არჩევნებში.

    სავსებით ლოგიკურია კითხვაც, ეს ვითომ "ესტონური მოდელი" ხომ არ არის შედარებით ჭკვიანი ნაციონალების მიერ სპეციალურად შემოგდებული თემა, დაყრილი საკენკი? თუ "ქართული ოცნება", რომელსაც ამ მოწამლული საკენკის აკენკვა უკვე დაწყებული აქვს, დროულად ვერ გაერკვევა და ბოლომდე აკენკავს, თავს აუცილებლად წააგებს!

    20 წლის შემდეგ განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა ის უდავო ჭეშმარიტება, რომ 1997 წელს ნოღაიდელის მიერ მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა უკვე გაალაღა 70%-იან ჩრდილოვან ეკონომიკაში "მოღვაწე" კრიმინალური კლანები და დაგვაბრუნა მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრის ევროპასა და ამერიკაში, სადაც ადამ სმიტისეულმა ანალოგიურმა მაფიოზურმა საგადასახადო კოდექსმა უზარმაზარ ჩრდილოვან ეკონომიკას მისცა დასაბამი. კარგად გავიხსენოთ, რა ტრაგიკული მოვლენებიც მოჰყვა ყოველივე ამას სოციალურ ფენებს შორის - ზღვარგადასული ქონებრივი უთანასწორობებით გამოწვეული უმწვავესი ფიზიკური დაპირისპირებები, სოციალური აფეთქებები და სისხლიანი რევოლუციები. ნოღაიდელის საგადასახადო კოდექსს სწორედ აქეთკენ მივყავართ და საქართველოში ზღვარგადასული ქონებრივი უთანასაწორობების ეტაპიც უკვე "წარმატებით" გავიარეთ. შემდეგი ეტაპებია უმწვავესი ფიზიკური დაპირისპირებები, სოციალური აფეთქებები და რევოლუციები. აღარ ვთქვათ უარი ამ მართლაც სანაგვეზე გადასაგდებ საგადასახადო კოდექსზე და აღარ გავჩერდეთ?

    დიახ, უნდა გავჩერდეთ და ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე სასწრაფოდ გამოვაცხადოთ ტენდერი. ვითხოვთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და პარლამენტში განსახილველად შესული, ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #6333), 57-გვერდიანი, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის" პირველ თავში წარმოდგენილი "საგადასახადო რეფორმების პროგრამა" ჩაითვალოს ტენდერზე უკვე წარდგენილად. ვფიქრობთ, რომ ბიზნესაქტივობის თავისუფლად მიშვებაზე, ოპტიმალურ საგადასახადო ტვირთებსა და მაქსიმალურ საგადასახადო შემოსავლებზე ორიენტირებული, დეპონირების წესით, ასევე ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა # 5266) ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით შესაძლებელი იქნება 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოს 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა "გავათეთროთ" 50%-ით და ჩამოვიყვანოთ დღევანდელ 20%-იან საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. ეს გარანტირებულად უზრუნველყოფს მშპ-ის ყოველწლიურად გაზრდას ჩვენთვის საოცნებოდ გადაქცეულ ორნიშნა რიცხვით.

    უფრო მეტიც, საგადასახადო რეფორმების პროგრამასთან ერთად სავსებით შესაძლებელია, ამ 5 სამეურნეო წელიწადში სრულად ამოქმედდეს კონცეფცია-პროგრამის დანარჩენი, ასევე ჩვენნ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული მცირე მეწარმეობის ("საქპატენტის" მოწმობა #5296), სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ("საქპატენტის" მოწმობები #5341 და #5890) და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის ("საქპატენტის" მოწმობა #5297) პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მშპ-ის, ანუ ეკონომიკის გარანტირებულ სწრაფ ზრდას, მცირე მეწარმეობის, ანუ დასაქმების პრობლემის მოგვარებას, დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის, ანუ სოფლისა და, შესაბამისად, ქვეყნის ფორსირებულ აღორძინებას!

    ცნობილია, რომ 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროში "ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების" მიმართულებით მუშაობდა 275 ადამიანი 16 მილიონ ლარზე უფრო მეტი წლიური ბიუჯეტით. საერთოდ, სამინისტროს წლიური ბიუჯეტი იყო 85 მილიონი ლარი და მუშაობდა 804 კაცი. სამწუხაროდ, 4 წლის განმავლობაში ამ 275 კაცმა დაამუშავა მხოლოდ 2 უბადრუკი ეკონომიკური პროგრამა. ეს ორივე პროგრამა, რომლებიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდა სახელმწიფოს, მართლაც ისეთი უბადრუკია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საერთოდ არ გამოაჩინა და საგულდაგულოდ გადამალა.

    მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, აღარ დავკარგოთ ისედაც ბლომად დაკარგული ძვირფასი დრო. ერთობლივად ავამოქმედოთ უნიკალური კონცეფცია-პროგრამა. ამის შესახებ 2016 წლის 21 დეკემბრის #22 ოფიციალური წერილით ერთხელ კიდევ უკვე ვაცნობეთ ეკონომიკის ახალ მინისტრ გიორგი გახარიას. ამ საქმეს დახანება არ ეგების, მით უმეტეს, რომ ჩვენი კონცეფცია-პროგრამა 2 სამეურნეო წლის შემდეგ მუდმივად გადადის თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში და ბიუჯეტშიც შეიტანს სოლიდურ შემოსავლებს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter