სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    (14.02.2017)

    პაატა კოღუაშვილი, პროფესორი ,დავით ზარდიაშვილი, სამართლის ექსპერტი

    საქართველო სამიწათმოქმედო ცივილიზაციის ქვეყანაა. ჩვენი წარსული და მომავალი გაპირობებულია მიწასთან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური თუ ემოციური საწყისებით. ყოველივე ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის ტრადიციიდან გამომდინარეობს.

    ქართველი ერისთვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე (დაპყრობა, აყრა და ა.შ.), არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც, სახელდობრ, იმგვარი "მშვიდობიანი" დივერსიული ცვლილებების განხორციელებისას (ან მცდელობის), რომლებმაც შედეგად უნდა მოიტანოს ფაქტობრივი და ფსიქოლოგიური ბმის შესუსტება საქართველოს მიწასა და მის კანონიერ პატრონს, ქართველ ერს შორის.

    საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის საერთო მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.

    საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, დაბადების ადგილისა და ა.შ. უფლებამოსილია, საქართველოს ბუნებრივ შესაძლებლობებს, განიხილავდეს, როგორც თავისი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზას და ყოველმხრივი თვითრეალიზაციის სივრცეს თანამედროვე ცივილიზაციური დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

    სახელმწიფო ვალდებულია, ყველა საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიება იხმაროს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობას შეუნახოს აღნიშნული შესაძლებლობები შეუმცირებელი სახით. აქედან გამომდინარეობს:

    - სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალაქის წინაშე უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს.

    - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმიგრაციის მკაცრი კონტროლი, თავისი მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გათვლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა განჭვრეტად მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის გამოწვევების წინაშე.

    თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების (კერძოდ, საკვების) შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს, პირველ რიგში, ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან იგი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება. ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. ამავე დროს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას (გამოყენების და ბოროტად გამოყენების უფლება), არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით.

    მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსი. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან, გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია.

    სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი. რადგან მიწა არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა (ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის კანონის კონსტიტუციურობის შესახებ დფტვუთპუპუთუეჭიდფეე ტკ. 88/1994).

    გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (იმუკაპუ 21, 73) განმარტა: "იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში".

    გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის სხვა გადაწყვეტილებაში (იმუკაპუ 21, 73), მოსარჩლის მოსაზრება რომ "სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ბრუნვა ისეთივე თავისუფალია, როგორც ეს სხვა "კაპიტალის შემთხვევაშია", არ გაითვალისწინა: "ის გარემოება, რომ მიწა შეუცვლელია და ამასთან არ ექვემდებარება გამრავლებას, კრძალავს, რომ იგი სრულად მინდობილი და დათმობილი იქნეს თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამართლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება".

    საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ:

    - მიწა ერისთვის მისი სახელმწიფო ტერიტორია, სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს და წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის არსებობის აუცილებელ პირობას.

    - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, უყოყმანოდ იწირება თეორია. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ.

    რა უნდა გავითვალისწინოთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან? მაგალითად, ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების კანონებით. ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) "კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ", უცხოელს უძრავი ქონების შეძენისთვის სჭირდება ნებართვა. იგი, თავის მხრივ, შეიძლება გაიცეს, თუკი "სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური" ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება. უცხოელს ნაყოფიერი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, მას ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად, სჭირდება დამატებითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ.

    შვეიცარიაში უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ პირველი მუხლით ადგენს ამ კანონის მიზანს: "უცხოეთში მცხოვრებთა მიერ შვეიცარიის მიწის შეძენის შეზღუდვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შვეიცარიული მიწის "გაუცხოება".

    თურქეთის კანონმდებლობით უცხოელზე გაყიდული მიწა მთლიანობაში არ უნდა აღემეტებოდის 2.5 ჰექტარს (გამონაკლის შემთხვევებში იზრდება მაქსიმუმ 30 ჰექტრამდე). საინტერესოა გერმანიის მაგალითი, სადაც მყიდველი ამ მიწის დამუშავების კონკრეტულ გეგმას წარადგენს და ეს გეგმა უნდა იყოს გერმანიის პოლიტიკურ-სოციალური ინტერესის შესაბამისი. ამასთან აქ საკმაოდ ფრთხილი მიდგომაა სასოფლო-სამეურნეო მიწის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით, მოქალაქის თუ არამოქალაქის მიერ. ამიტომაც ასეთი ნებართვის მოპოვება სპეციალური კომისიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

    დანიაში ერთ პირს უფლება არ აქვს, ჰქონდეს 2 ნაკვეთზე მეტი 24 ჰა საერთო ფართობით, ამასთან ნაკვეთებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 20 კილომეტრს. თუ მაინც არსებობს მოთხოვნა ვინმეს ჰქონდეს 24 ჰა-ზე მეტი, მაშინ საკითხს მთავრობა იხილავს. მიწის ყიდვა არსად არავის არ შეუძლია, თუ არ დასტურდება მისი წინა საქმიანობით, რომ ის ფერმერია ან აქვს სპეციალური აგრარული განათლება. ამასთან, უცხოელს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი რეგისტრაცია უნდა გააჩნდეს, რომელსაც დანიის იუსტიციის სამინისტრო გასცემს.

    შედარებით ლიბერალურია მიწის გასხვისების საკითხი ესპანეთში, მაგრამ იქაც ისეთი პირობებია, რომ უცხოელი მიწის ბაზარზე ვერ შევა. არის კიდევ ერთი პრობლემა: მცირე ნაკვეთები უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო საათების წლიური ოდენობის 75%-ს მაინც, რომ ადამიანი სოფლის მეურნეობის მუშაკად ჩაითვალოს. სასარგებლო იქნება არგენტინის მაგალითის გამოყენებაც, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის მაქსიმუმ 20%-ის გასხვისება არის უცხოელებზე დაშვებული.

    ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. პოლონეთში სანებართვო სისტემა მოქმედებს. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰა-ზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.

    თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა.

    აშშ-ში 1978 წელს მიღებულ იქნა ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპელები და კანადელები არიან.

    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში მოქცევის ორი გზა არსებობს: პირველი - მიწის კერძო საკუთრება და მეორე - მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა.

    ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის (20%-ზე მეტი ოკუპირებილი ტერიტორია, 250 ათასზე მეტი დევნილი საკუთარი მოსახლეობა, საომარი მდგომარეობა, რთული გეოპოლიტიკური ვითარება, აფხაზების პრინციპული დამოკიდებულება მიწის უცხოელებზე გაუსხვისებლობის თაობაზე და ა.შ.), უცხოელების მიმართ, ეს უკანასკნელი უნდა იქნეს გამოყენებული. ამისთვის კი საჭიროა, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების აღდგენა და მასში ნათელი და გამჭვირვალე ცვლილებების შეტანა.

    სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა კანონმდებელს ავალდებულებს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ (და მიწის სოციალური დანიშნულების ხასიათიდან გამომდინარე) არა მარტო შეუზღუდავს, არამედ აუკრძალავს უცხოელს (ფიზიკურ და იურიდიულ პირს) ამ სიკეთით სარგებლობის უფლებას

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter