სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    (24.02.2017)

    თამარ აქუბარდია

    ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას პიარ-კომუნიკაციის მწირი გამოცდილება აქვს. დასავლური სტილის პიარი პირველად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ვიხილეთ. მაშინ შეიქმნა პიარ იდეოლოგიის მძლავრი ქსელი, სადაც მთელი მთავრობა იყო ჩართული და გუნდურად ხდებოდა შეტევა ნებისმიერ არასასურველ აზრზე.

    თავიდან პიარ ტექნოლოგია მტკივნეული რეფორმების გატარებაში ნამდვილად ეხმარებოდა ხელისუფლებას. ხალხის დარწმუნებას ადვილად ახერხებდნენ და ბევრი სასიკეთო საქმეც გაკეთდა, თუმცა მალევე მთავრობა ხალხის მართვის ცდუნებამ გადაიყვანა დიქტატორულ ტენდენციებში და მოხდა რუსული პროპაგანდისტული პიარ მოდელის ჩამოყალიბება. ანუ ევროპული კომუნიკაციის ნაცვლად მივიღეთ პოსტ-კომუნისტური სტილის პროპაგანდა.

    ნათელი მაგალითი იყო მედია საშუალებების სხვადასხვა მაქინაციებით ხელში ჩაგდება და შემდგომ მისი გამოყენება საკუთარი ინტერესებისათვის, რაც მაშინდელ ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა იდეოლოგიური ტერორი ეწარმოებინა ხალხზე პირდაპირ ეთერებში გაშუქებული მასობრივი დაკავებით და სპეცოპერაციებით.

    საინფორმაციო ომში ჩართული იყო თითქმის ყველა წამყვანი მედია საშუალება. განსხვავებული აზრი იდევნებოდა, როგორც სამართლებრივად, ასევე მედიასივრცეში დისკრედიტაციის გზით. ამ პიარ მეთოდებმა გაახანგრძლივა წინა მთავრობის არსებობა, თუმცა გადამეტებული ძალაუფლების გამო ხალხის აგრესიაც მიიღო.

    "ჭირმა" თავი მაინც არ დამალა და დიდი ვნებათაღელვის და გამალებული პროპაგანდის მიუხედავად, რამდენიმე წლის წინ არჩევნების გზით მაინც შეიცვალა მთავრობა და მოვიდა ოპიციზიური ძალა.

    რა მოხდა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ

    ახალმა ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა პიარზე უარი და მიზეზად წარსულის მძიმე გამოცდილება დაასახელა. საჯაროდ მედია შოუებში დაკავებები და სპეცოპერაციების პირდაპირ ეთერში ჩვენება აღარ იყო ახალი მთავრობის მართვის პრიორიტეტული სტილი, რასაც საზოგადოებაც ეთანხმებოდა. რა თქმა უნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ახალი მთავრობის მიერ პიარზე უარის თქმამ მეორე უკიდურესობა გამოიწვია და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზები მოშალა.

    ისე ჩანს, თითქოს მთავრობამ პიარის მრჩევლებზე და გუნდური კომუნიკაციის მეთოდზე უარი განაცხადა. სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გადავიდნენ პასიურ რეჟიმში. შედეგად "მდუმარების" რეჟიმში მყოფი "ოცნების" გუნდი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გახდა "ნაციონალური მოძრაობის" და შემდგომ უკვე საზოგადოების თავდასხმის ობიექტი.

    ხელისუფლების მისამართით გაშვებული ნებისმიერი კრიტიკა უპასუხოდ რჩებოდა. მთავრობის ცალკეულ თანამდებობის პირებზე სხვადასხვა სახის დისკრედიტაციის მცდელობისას არავინ იცავდა თანაგუნდელს და ცალმხრივი ნეგატიური ინფორმაცია მიეწოდებოდა ხალხს. პიარზე უარის თქმამ ფაქტობრივად მთავრობის ერთიანობა დააღვია და მის წევრებს შორის კომუნიკაცია გათიშა. აღნიშულმა საზოგადოების თვალში დაასუსტა სტრუქტურები და ქაოტური მმართველობის განცდა ჩამოყალიბდა.

    პიარში კარგად დახელოვნებული "ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ ასპარეზი გახსნილი ჰქონდათ და ჩამოაყალიბეს ხელისუფლებაზე შეტევის ახალი მძლავრი პიარ პოლიტიკა. ერთ გუნდად შეკრული სააკაშვილის ოპოზიციური ძალები შეთანხმებულად და მიზანმიმართულად ახდენდნენ დეზინფორმაციის გზით პროპაგანდისტული ძველი მეთოდების გამოყენებას ნებისმიერი საშუალებთ. საპასუხოდ კი მთავრობიდან მხოლოდ დუმილი მოდიოდა.

    პიარზე უარის თქმამ გავლენა იქონია საკადრო პოლიტიკაზეც. წამყვან პოზიციებზე ინიშნებოდნენ არაკომუნიკაბელური და არაქარიზმატული პირები, რომლებიც ტელე დებატებში ან სხვა მედია ფორმატში მოწყვლადები გახდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავდასხმების მიმართ. კომუნიკაციის უუნარო მაღალჩინოსნები ვერ ახდენდნენ თავიანთი საქმიანობის "გაპიარებას" და საზოგადოების აზრის გადმობირებას, რაც მუდმივად წამგებიან პოზიციაში ამყოფებდა მათ. ეს ხელისუფლების იმიჯისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

    აქ მცირე ჩამონათვალია იმ ზიანზე, რაც პიარ კომუნიკაციაზე უარის თქმას მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან, რომ აღარ ვახსენოთ სერიოზული შეცდომები თანამდებობის უმაღლესი პირების სიტყვით გამოსვლებში, რაც ასევე კადრების არასწორი გადანაწილების და კომუნიკაციის სწავლის სურვილის არქონის შედეგი იყო.

    უმნიშვნელოვანესია ასევე "იმიჯის" ფაქტორიც. პიარი ქმნის "იმიჯს", ანუ სახეს პიროვნების თუ პოლიტიკური გუნდის. იმიჯდაკარგული გუნდი თუ მთავრობა ადვილად ხდება თავდასხმების ობიექტი და მას ხელიდან ეცლება ძალაუფლებაც. დაზიანებული იმიჯის მქონე მთავრობას კი საზოგადოება "დაბალ ღობედ" აღიქვამს და დაცინვის და აგრესიის მთავარ იბიექტად აქცევს მას. ხელისუფლების მიმართ აგრესია საზოგადოებაში დღესაც იზრდება და ეს როგორც არასწორი პოლიტიკის, ასევე მისი "იმიჯის" მკვეთრად დაცემის შედეგია.

    პიარ კომუნიკაციის პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობები რომ განვიხილოთ, დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ხელისუფლების იმიჯის გასამყარებლად.

    რა არის პიარი

    სწორი პიარი ეს არის სწორი და ჰარმონიული კომუნიკაციის უნარი ხალხსა და კერძო პირს ან ორგანიზაციას შორის. მას იყენებენ ნებისმიერ საზოგადოებრივ, ბიზნეს თუ პოლიტიკურ სტრუქტურებში. ერთი სიტყვით, პიარი საჭიროა ყველგან და ყოველთვის, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

    სწორი პიარი ქმნის სასურველ იმიჯს და სახელს. სწორი პიარ კომუნიკაციის დროს ხდება საზოგადოებრივი აზრის მიღება და გაანალიზება და საზოგადოებაში საკუთარი ხედვის წარმატებული დანერგვა და ამ ფორმით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა.

    სწორი კომუნიკაცია თავის თავში გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას და არა ცალმხრივს, როდესაც მიზანი სხვისთვის საკუთარი ხედვის თავს მოხვევაა და არა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ურთიერთობის ხელოვნება, როდესაც მოგებული ორივე მხარე რჩება, ურთიერთპატივისცემის და მოსმენის კულტურის შედეგად.

    რა გავლენას ახდენს სწორი კომუნიკაცია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე

    სწორი კომუნიკაციის ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის, რადგან ის ეხმარება მთავრობას ხალხის გასაჭირის თუ აზრის მოსმენა- გააზრებაში, სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვაში და ზოგადად ქვეყნის სწრაფი განვითარების მიღწევაში.

    ხალხის აზრის და შეხედულებების შესწავლით შეიძლება სამომავლო, სტრატეგიული გეგმების დასახვა და სოციალური რეფორმების გატარება. ასევე ის ეხმარება ხელისუფლებას ქვეყნისთვის აუცილებელი იდეალების, იდეოლოგიის და ფასეულობების გავრცელება- "გაპიარებაში".

    ქვეყანას სჭირდება ეკონომიკურთან ერთად საზოგადოებრივი განვითარებაც. მარტივი მაგალითისთვის, როდესაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიდის, პიარ კომუნკაცია საზოგადოებასთან აუცილებელია, რადგან ახალი რეგულაციების მიღებას და შემდეგ მათ ეფექტურ დანერგვას სწორედ ჯანსაღი პიარ კომუნიკაცია უწყობს ხელს.

    პიარი არ არის ერთჯერადი გამოყენების სფერო და ის მოითხოვს სტრატეგიულ აზროვნებას და სტრატეგიულ დაგეგმვარებას. რეფორმების გატარება და მომავლის დაგეგმვა უნდა ხდებოდეს საზოგადოებასთან ჯანსაღი კომუნიკაციის გზით, რაც ხალხის უკმაყოფილების რისკს ამცირებს და ქვეყანაც ვითარდება არა ერთი აზრით და სპონტანურად, არამედ დისკუსიის და ურთიერთთანამშრომლობის გზით. როდესაც ქვეყანაში პიარ კომუნიკაცია ჯანსაღია კადრების შერჩევაც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ხდება.

    მოკლედ რომ ვთქვათ, შეიკვრება ხალხსა და მთავრობას შორის კავშირი, რაც თავად პიარის მიზანია დასავლურ ქვეყნებში და არა პროპაგანდის სტილი, რომელიც საზოგადოებას როგორც ფარას ისე განიხილავს, რომლებიც უნდა მართო და მათზე იბატონო.

    სხვათა შორის, მთავრობას სწორედ ამ მიზეზით აქვს პიარზე უარი ნათქვამი, რომ კომუნიკაციის ხელოვნება აღიქვეს როგორც ტირანია, დიქტატურა და მართვა და არა როგორც ურთიერთთანამშრომლობა. არსებობს თემა, რომელიც შეიძლება ცუდად და კარგად გამოიყენოს ადამიანმა და არ არის საჭირო, თავად საკითხი გავაქროთ, თუ არ ვიცით მისი სწორად გამოყენება.

    შეგვიძლია უბრალოდ ვისწავლოთ სწორი გამოყენება და ამით უკიდურესობში გადავარდნასაც გადავურჩებოდით. ქვეყანა შესაძლოა ძალიან დიდ ჩიხში შევიდეს იმიჯდაკარგული ან ავტორიტარული პროპაგანდისტული მთავრობის ხელში.

    საჭიროა, ოქროს შუალედის გზით ვიაროთ, რასაც სწორად გამართული პიარ კომუნიკაციის მქონე მთავრობა უზრუნველყოფდა. სწორი კომუნიკაცია მიმართულია პიროვნებების და ჯგუფების განვითარებაზე და ბუნებრივად აბალანსებს გონიერსა და უჭკუოს შორის განსხვავებებს. საზოგადოება ბრძენია და თავად მიხვდება როგორ გადაარჩიოს ხელისუფლებაში გუნდი, თუ მას სწორად მიაწვდის ხელისუფლება ინფორმაციას.

    განსხვავებული აზრის მოსმენის და გაანალიზების უნარით განვითარდნენ ევროპული ქვეყნებიც. განვითარების გზა ერთიანობაშია და არა უკიდურესობებში და იმედია, ამ ერთიანობას მივაღწევთ როდისმე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter