სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    09.03.2017

    არაერთხელ მიფიქრია, თუ რა რთულ მდგომარეობაშია დღეს საქართველო, განსაკუთრებით განათლებასა და მეცნიერების სფეროში. მაგრამ ამ მტკივნეულ საკითხებს არ ეხება ჩემი ეს წერილი. ყოველი წლის დეკემბრისა და იანვრის თვეები ჩემთვის მძიმე მოგონებებთან არის დაკავშირებული.

    ეს ის თვეებია, როცა ჩვენს ოჯახს დიდი უბედურება თავს დაატყდა. ფიქრის დროს უეცრად გამიელვა აზრმა და კითხვამ, თუ რატომ თითქმის არაფერი დაიწერა იმ საშინელებაზე, რაც საქართველოში მოხდა 64 წლის წინათ?

    წარსულში ბოლშევიკური რეჟიმის 70-წლიანი თარეშის დროს არაერთი მძიმე დღე გადაუტანია ქართველ ხალხს, განსაკუთრებით 1922-1937 წლებში, როცა მთლიანად განადგურდა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი.

    ეს ყველაფერი არაერთხელ სათანადოდ იქნა გაშუქებული პრესაში. მაგრამ რატომღაც მიჩქმალულია ის ამბები, რაც მოხდა საქართველოში 1951 წელს. ცოტანი დავრჩით ცოცხლები, და მეც მათ შორის, ვინც 1951 წლის ამბებს შეესწრო და განიცადა. მაშინ ბავშვები და ახალგაზრდები ვიყავით და მაინც ყველაფერი კარგად გვახსოვს.

    ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ცეკას პირველი მდივანია კანდიდ ჩარკვიანი. იმ წელს იდგა სუსხიანი და განსაკუთრებით ცივი ზამთარი.

    1951 წლის 26 დეკემბერს, შუაღამისას, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ჩეკისტების ჯგუფები მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრნენ ოჯახებში მთელი საქართველოს მასშტაბით, წამოყარეს ოჯახის წევრები ლოგინიდან და უბრძანეს "მთავრობის განკარგულებით თქვენ გასახლებული ხართ და გეძლევათ ნახევარი საათი მოსამზადებლად".

    თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, თუ რა დღეში ჩავარდებოდნენ ეს ოჯახები! დიდი, პატარა, მოხუცი, ბავშვი, ავადმყოფი, ჩაყარეს სატვირთო მანქანებში, მიიყვანეს რკინიგზის სადგურში და შეყარეს სატვირთო ვაგონებში. თბილისში სათანადო

    მატარებელი ჩამომდგარი იყო ნავთლუღის სადგურში და მახსოვს, 60-მდე ვიყავით მოთავსებული ერთ სატვირთო ვაგონში. მე მაშინ 19 წლის ვიყავი და ახლაც თვალწინ მიდგას და მესმის ის წივილ-კივილი, რაც იქ იმ დროს ხდებოდა. ყოველგვარი კვებისა და გათბობის გარეშე 10-12 დღის მგზავრობის შემდეგ მატარებელი

    ჩავიდა ყაზახისტანის სამხრეთ-დასავლეთის ოლქში (საოლქო ქალაქი ჩიმკენტი). გზაში არაერთი მოხუცი და ბავშვი დაიღუპა. ჩასვლისას ყველას გამოუცხადეს, რომ თქვენ მოგესაჯათ მუდმივი

    უვადო გადასახლება. მოათავსეს ისევ სატვირთო მანქანებში და გაანაწილეს ამ ოლქის სხვადასხვა კოლმეურნეობაში. მიიყვანეს, გადმოსვეს სატვირთო მანქანებიდან ქართული ოჯახები ცივ მიწაზე და მიატოვეს. იმ ავბედით ღამეს ათასობით უდანაშაულო ქართული ოჯახი იქნა გადასახლებული შუა აზიის უდაბნოში. უვადო გადასახლებაში

    აღმოჩდნენ ქართველი ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, პროფესორები და საერთოდ მშრომელი ქართველი ხალხი. მათ მოუხდათ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ და კლიმატურ პირობებში თავის გადარჩენაზე ზრუნვა.

    ისმოდა კითხვა, თუ რა პრინციპით შეირჩა ეს ოჯახები გადასახლებისათვის. როგორც შემდეგში გაირკვა, მოხვდნენ ისინი, ვინც ჩათვალეს "არასანდოდ".

    ასეთები აღმოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილები, ისინი, ვისაც ჰყავდა ნათესავი საზღვარგარეთ და ისინი, ვინც საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენი ოჯახი ამ მესამე "კატეგორიას" ეკუთვნოდა.

    ამრიგად, გასახლებულმა ქართველებმა ის ბედი გაიზიარეს, რაც თავის დროზე თავს დაატყდათ ჩეჩნებს, ბალტიისპირელებს და ბელარუსებს. ამ ეგრეთ წოდებული არასანდოობის ბრალდებით კიდევ ბევრი ქართული ოჯახის გადასახლება შეიძლებოდა.

    ამბობდნენ, რომ ეს იგეგმებოდა კიდეც და მზადდებოდა სათანადო სიები მომავალი ეშელონებისათვის. ხომ არ იყო ეს ყველაფერი დასაწყისი იმ ვერაგული გეგმისა, რასაც ჰქვია "საქართველო ქართველების გარეშე".

    ამ პროცესმა, დაგეგმილი იყო თუ არა, განხორციელება ვერ მოასწრო. 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გადასახლებულების მდგომარეობა შეიცვალა. დაიწყო მათი საქმეების განხილვა და რეაბილიტაცია.

    1954 წლისათვის მათი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში რეაბილიტირებული. ამ ტრაგედიის შედეგად ბევრმა დაკარგა ახლობელი, ნათესავი, დაკარგა საკუთარი ქონება, მოუხდათ ბრძოლა სასამართლოში საკუთარი ბინების დასაბრუნებლად და სოცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ მიღებული სულიერი ტრავმა.

    ამ წერილით მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, თუ რა საშინელება იყო ბოლშევიკური რეჟიმი და გავიხსენო ის უდანაშაულო და ტანჯული ქართველები, რომლებიც შეეწირნენ ამ გაუგონარ უსამართლობას.

    ხვედრი ინასარიძე

    თბილისი, 17 იანვარი 2017

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter