სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.03.2017

    ნანა თუთბერიძე, კინომცოდნე
    ამას წინათ, ტელევიზიით, ერთი ცნობილი ჟურნალისტი კინოფესტივალზე საუბრობდა და გამარჯვებული ფილმი არ მოეწონა. იქ აუხსნიათ, ეს ფილმი შეიძლება, ყველამ ვერ გაიგოსო და ახლა კითხვას სვამდა: "უნდა არსებობდეს თუ არა ფილმები, რომლებსაც ყველა ვერ გაიგებს?"
    პასუხი ერთმნიშვნელოვანია. ნებისმიერ ფილმს აქვს არსებობის უფლება, იმასაც, რომელსაც გაიგებს ყველა და იმასაც, რომელსაც ყველა ვერ გაიგებს.
    არიან კინოკრიტიკოსები, რომელთაც ნაკლებად აინტერესებთ "ყველასთვის გასაგები" ფილმები. მათზე წერა თუ საუბარი ამ კრიტიკოსების "მაღალპროფესიონალიზმისთვის" დაბალი დონეა.
    ტელევიზიაში საავტორო კინოგადაცემას რომ ვაკეთებდი, ყოველ ახალ ქართულ ფილმს ვაცნობდი მაყურებელს, გადაღების პროცესიდან დაწყებული, პრემიერით დამთავრებული. შეფასებაც კორექტული იყო, ქება-დიდებისა და ქილიკის გარეშე.
    კოლეგა-კინოკრიტიკოსები მეუბნებოდნენ ხოლმე, ძალიან ლმობიერი ხარო. სხვაგვარი ვერც ვიქნებოდი, რადგან ვხედავდი, როგორი მძიმე იყო ფილმების შემქმნელების შრომა. ხშირად გაუთვალისწინებელ, შემაფერხებელ სიტუაციებშიც აღმოჩენილან. თუმცა, შემფასებელს ეს არ აინტერესებს, მთავარია შედეგი. არც მე მიშლიდა ხელს, ობიექტური ვყოფილიყავი და კინემატოგრაფისტებს, ფილმების წარსადგენად, სტუდიაში განურჩევლად არ ვიწვევდი.
    ამჯერად კი სიამოვნებით მინდა წარვადგინო "კატეგორიით" - "კინო ყველასთვის" - ნინო ბასილიას ფსიქოლოგიურ-სოციალური დრამა "ანას ცხოვრება".
    კინოსურათის გმირები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. მათ ვიცნობთ და თანავუგრძნობთ. სიტუაციებიც ნაცნობია. პერსონაჟები მსგავს სიტუაციებში განსხვავებულად მოქმედებდნენ, განსხვავებულია არჩევანიც, არამსგავსია პრობლემებისგან თავის დაღწევის გზებიც.
    თუ რამდენად დამაჯერებლად, ოსტატურად, თუნდაც ამაღელვებლად არის ეს წარმოჩენილი ფილმში, მხოლოდ მაშინ იწვევს მაყურებელთა ინტერესს, რაც უთუოდ დაიმსახურა ნინო ბასილიას ფილმმა "ანას ცხოვრებამ".
    აყოველდღიურობა ნაცნობი გმირებით, ნაცნობი ყოფით. გვინდა კი მათთან კვლავ შეხვედრა?! გვჭირდება კი ეს?
    ამაზე დადებითი პასუხი გაგვცა მაყურებლებით სავსე დარბაზმა და ოვაციებმა, რამდენიმე თვის წინათ, "ანას ცხოვრების" პრემიერაზე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ "პრომეთეზე". კინოსურათმა უკვე 16 კინოფესტივალი მოიარა. უახლოეს მომავალში 3 დაგეგმილია. "ანას ცხოვრების" მსოფლიო პრემიერა გაიმართა შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ინგმარ ბერგმანის პრიზზე წარადგინეს; "ხარისხის პრიზი" მიიღო არგენტინაში, ბუენოს-აირესში; ჟიურის სპეციალური პრიზი - სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე; მსგავს ფესტივალზე სახალინზე -პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის და პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ეკატერინე დემეტრაძემ; ესპანეთში, ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალზე - მთავარი პრიზი; მთავარი პრიზი - პალმა დე მაიორკაში; საფრანგეთში, არასის საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი "ვერცხლის ატლასი" - საუკეთესო რეჟისურისთვის; კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე - "ფიპრესის" პრიზი.
    ნინო ბასილიას კინოპროექტ "ანას" ეროვნული კინოცენტრის კომისიის წევრობისას გავეცანი. სცენარი მომეწონა. მის მიღმა ფილმიც "დავინახე" და ვიფიქრე, მაყურებელი ეყოლებოდა. ადამიანი ისეა "მოწყობილი", რომ სჭირდება და შვების მომტანიცაა თავისი ცხოვრების მსგავსების ხილვა სცენასა თუ კინოეკრანზე.
    როგორც ფილმის მთავარი გმირი ანა ამბობს: "მარტოხელა დედა ვარ მინიმალური შემოსავლითა და აუტისტი ბავშვით".
    ანა სამ ადგილას მუშაობს (რესტორანში - ჭურჭლის მრეცხავად, თეატრის სამკერვალოში აუთოებს, ბინის დაქირავებული დამლაგებელია), მაგრამ შვილი "გონებრივი განვითარებისთვის" ახალ, ძვირად ღირებულ სკოლაში რომ გადაიყვანოს, ფული არ ჰყოფნის, ამიტომ გადაწყვეტს, ბინა გაყიდოს და ამერიკაში წავიდეს სამუშაოდ. მართალია, ერთხელ ფულის შოვნის სხვა გზაც გამოჩნდება "ქალური მომხიბვლელობით", მაგრამ ეს ანასთვის მიუღებელია. სიუჟეტურ ქარგაში მრავალი ეპიზოდია, რომლებიც გაღელვებს, გაშფოთებს და ცრემლსაც გგვრის.
    ეკატერინე დემეტრაძემ როლს ოსტატურად გაართვა თავი და ტელესერიალების ("ჩემი ცოლის დაქალები" და "ხელოვნური სუნთქვა") კლიშეებს თავისთავადობით, უშუალობით, ემოციურობით, თამაშის ძუნწი შტრიხებით თავი დააღწია. მას არ ეშინია, იყოს მოუწესრიგებელი, მუდამ სევდიანი ქალი. მაინც მოგვწონს, თანავუგრძნობთ და ვიცით, ყველაფერს დაძლევს.
    სამსახიობო ანსამბლში ერთ-ერთი გამორჩეულია ლამზირა ჩხეიძე. ამ ქალბატონის იმ როლებზე გავიზარდეთ, რომლებსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში ასრულებდა. ეკრანზე მრავალი წლის შემდეგ მისი გამოჩენა მით უფრო სასიამოვნოა, რომ შესანიშნავად შეასრულა ანა ბებიის როლი.
    განსაკუთრებით მინდა გამოვყო ანას ვაჟ სანდროს როლის შემსრულებელი ლუკა ქაჩიბაია (ფილმის გადაღებისას ის 8 თუ 9 წლის იყო). მან დამაჯერებლად გაართვა თავი აუტისტისტის ყოფის ურთულესი ეპიზოდებით დატვირთულ როლს. სწორედ ლუკას პარტნიორობის ეპიზოდებშია საუკეთესო ეკატერინე დემეტრაძეც (მაგალითად, შვილისთვის ნასესხები ფულით ნაყიდი ფეხსაცმელების გასინჯვის ეპიზოდი).
    ანას ცხოვრებაში იმდენი პრობლემაა, რომ რამდენიმე სურათის თემა შეიძლება გამხდარიყო: აუტისტი შვილი, ქმრის ღალატი, უსახსრობა, სკლეროზიანი ბებია, მოტყუებით დაკარგული ფული, მოულოდნელი ფეხმძიმობა.
    აყოველი ეპიზოდის შემდეგ ფიქრობ, კიდევ რა უნდა მოხდეს? ერთი შეხედვით, ფილმი გადატვირთულიც გეჩვენება, მაგრამ ხშირად, რეალური ცხოვრება უფრო მეტ მოულოდნელობას გვთავაზობს, ვიდრე ესა თუ ის კინონაწარმოები.
    ნინო ბასილია როგორც პერსონაჟებს, ისე მაყურებლებს, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თითოეული ეპიზოდი იმდენად ლოგიკური და ემოციურად სარწმუნოა, რომ არც ანაზე შეყვარებული ბიჭის ზუსტი ასაკი მაინტერესებს, არც დოლარებით ცეკვის ეპიზოდი მეჩვენება ყალბად, არც ერთ-ორი ეპიზოდის შემოკლებას ვისურვებდი. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ფილმის მხატვრულ ღირებულებას არ შელახავდა.
    ამ ღირებულებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის სახვითი მხარეა. ოპერატორ ტატო კოტეტიშვილის დახვეწილი ხელწერა ფილმის ეპიზოდების ემოციურობასა და დინამიკურობაში კამერის მუშაობის თანხვედრაა.
    ერთი ლირიკული გადახვევა: ფილმების პროდიუსერებს გამორჩეულ პატივს მიაგებენ ხოლმე. "ოსკარებით" დაჯილდოების ცერემონიაზე, "ოსკარს" წლის საუკეთესო ფილმისთვის სწორედ პროდიუსერებს გადასცემენ.
    მე კი მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო ფილმის პროდიუსერ ჟანა სარდლიშვილს მუდმივი თავდადებული შრომისა და შეუძლებლის შეძლებისთვის.
    ისიც მინდა გავიხსენო, რომ ნინო ბასილიას სცენარი იმ პერიოდში წარმოდგენილ სცენარებს შორის საუკეთესო იყო და ძალიან მინდოდა, კინორეჟისორ ნინო ბასილიას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიც საუკეთესო ყოფილიყო.
    და ახლა, როცა "ანას ცხოვრების" სატელევიზიო ჩვენებაც დაიწყება, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ თაყვანისმცემელს შეიძენს. ყურებისას არავინ მოიწყენს, სხვა არხზე არავინ გადართავს და ტრაგიკული ბედის ქალის იმედიანი სახე ყველას დიდხანს გაჰყვება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter