სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დასავლეთის გამოჩენილი ეკონომისტების ღია წერილი სსრკ ის პრეზიდენტ მ.ს. გორბაჩოვს (საარქივო მასალა)
    მოსაზრება
    29.03.2017

    იმ გამოჩენილ მეცნიერებს შორის, რომლებმაც 1991 წელს ხელი მოაწერეს მიხეილ გორბაჩოვისადმი გაგზავნილ ღია წერილს, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის სამი ლაურეატი იყო: ფრანკო მოდილიანი, ჯეიმს ტობინი და რობერტ სოლოუ. 1996 წელს ნობელის ლაურეატების სია შეივსო წერილის კიდევ ერთი ხელმომწერით - ეს არის უილიამ ვიკრი. თავის წერილში მეცნიერები სსრკ ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს მიწაზე საზოგადოებრივი საკუთრება და სახელმწიფო შემოსავლები შეავსოს მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რენტის ამოღების მეშვეობით.

    მიმაჩნია, რომ ამ წერილის გახსენებამ გარკვეული როლი შეიძლება ითამაშოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ პოლემიკაში. ვაცნობიერებ, რომ კამათს აზრი აქვს მხოლოდ თანამოაზრეებთან. ამიტომ ჩემი წერილის ადრესატი არა კარჩაკეტილი პოლიტიკოსების კასტა, არამედ ქართული საზოგადოებაა. დიახ, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრება იმდენად სერიოზული თემაა, რომ ის არ შეიძლება პოლიტიკოსებს ვანდოთ.

    გამკვირვვებია იმ "ცნობილი სახეებისა", რომელთა არგუმენტი პრიმიტიულად ჟღერს: "მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ", ან იმ იურისტების, ვინც მიწას, სამართლებრივად, რიგით "ნივთს" უტოლებს. ეს ხომ გაგრძელებაა ვერაგული ლოზუნგისა: "ყველაფერს გავყიდი სინდისის გარდა!". მიწა, უწინარესად, კულტურის ფენომენია, მეტადრე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შემთხვევით არ ამბობენ ფრანგები: "მიწა გლეხკაცს მემკვიდრეობით იბარებს" - და არა პირიქით.

    ჩემი პროფესიის პაზიციებიდან შევახსენებ საზოგადოებას, რომ საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემა დამუშავებული ჯერაც არ გვაქვს ისევე, როგორც რეგიონებისა. თუნდაც ამიტომ, დღეს შეუქცევადი, წინდაუხედავი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ; სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენების ეფექტიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალისხმევა სულ სხვა მიმართულებით უნდა წარმვართოთ; თუ საით, ამის შესახებ ჩვენს სპეციალისტებს ვკითხოთ. მანამდე კი გავეცნოთ დასავლელი ეკონომისტების წერილს, რომელსაც ყავლი ბოლომდე ჯერაც არ გასვლია.

    ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძე

    არქიტექტორი-ურბანისტი, სტუ-ის პროფესორი

    "პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

    საბჭოთა კავშირის გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მისი მოქალაქეების კეთილდღეობას. თქვენმა ეკონომისტებმა ბევრი რამ აითვისეს იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, სადაც საბაზრო ეკონომიკა მეტ-ნაკლებადაა განვითარებული. თქვენი გეგმები, რომლებიც ეხება თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტას, თავისუფალ ვაჭრობასა და საწარმოთა პრივატიზებას, რომელთა სარფიანობა, თუ ზარალიანობა დამოკიდებული იქნება თვით საწარმოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ყოველგვარ მოწონებას იმსახურებს. არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი ქვეყანა ჩვენ დაგვესესხება ეკონომიკის ისეთ ნიშნებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს ხელს უშლის იმ რიგად აყვავებაში, როგორც ეს შესაძლებელია. კერძოდ, არის საშიშროება, რომ თქვენ გაუყვებით ჩვენს გზას და კერძო სექტორს დართავთ მიწის რენტის უდიდესი წილის მითვისების ნებას.

    მნიშვნელოვანია მიწის რენტის შენარჩუნება სახელმწიფო შემოსავლის წყაროს სახით. საბაზრო ეკონომიკის მქონე განვითარებული ქვეყნების მთავრობები მიწის რენტის ნაწილს გადასახადების ფორმით აგროვებენ, თუმცა ეს სულაც არ არის რენტის სრული ოდენობა. ამის გამო ისინი ზედმეტად და გადაჭარბებულად სარგებლობენ ისეთი გადასახადებით, როგორებიცაა საშემოსავლო გადასახადი, გაყიდვის გადასახადი, კაპიტალის გადასახადი, რითაც აბრკოლებენ ეკონომიკის განვითარებას.

    საზოგადოების მიერ მიწის რენტის ამოღებას სამი მიზანი გააჩნია. პირველი - ეს იმის გარანტიაა, რომ არავინ ართმევს თავის თანამოქალაქეებს მათ საკუთრებას მთელი კაცობრიობის კუთვნილი ბუნებრივი რესურსების არაპროპორციულად დიდი წილის დაპატრონების მიზნით. მეორე - უზრუნველყოფს სახელმწიფო შემოსავლების მიღებას, რომლებიც მთავრობას შეუძლია გამოიყენოს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად კაპიტალის დაგროვებისა და შრომის სტიმულების შეუმცირებლად, რესურსების განაწილების ეფექტიანობის დაბრკოლების გარეშე. მესამე - სარენტო შემოსავლის ამოღებით, სახელმწიფო იძენს შესაძლებლობას დაადგინოს კომუნალურ მომსახურებასა და საზოგადოებრივი სარგებლობის სისტემებზე ისეთი ფასი, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათ ეფექტურ გამოყენებას.

    მიწის რენტული გადასახადი ყალიბდება სამი წყაროს ხარჯზე: 1. მიწის ბუნებრივი პროდუქტიულიბა მისი შეზღუდული რაოდენობის ფაქტორთან შეხამებით; 2. საზოგადოების განვითარება; 3. სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა. ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება მიწის ღირებულების იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია მის ბუნებრივ თვისებებთან. საზოგადოების განვითარების დონითა და მისი ინფრასტრუქტურით განპირობებული მიწის ღირებულების შემადგენელი ამ ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსების ყველაზე გონივრული წყაროა. საზოგადოების ხარჯზე იგება გზები, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩნდება პარკები და შენდება საინჟინრო ქსელები, რასაც ტერიტორიების ფასის ზრდა მოჰყვება. ამიტომაც, საზოგადოება უნდა მიისწაფოდეს მიწის რენტის რაც შეიძლება დიდი წილის შემოსავლის სახით მიღებისკენ - ამოღებული სარენტო შემოსავლის ერთი ნაწილის ყველა მოქალაქეს შორის თანაბრად განაწილებით, ხოლო საზოგადოების სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული მეორე ნაწილი მისი შემქმნელი საზოგადოების მოთხოვნილებათა დაფინანსების წარმართვისკენ.

    თუ მთავრობა აგროვებს მიწის ღირებილების ნამატს, რომელიც წარმოადგენს მომსახურების სფეროს განვითარების შედეგს, მაშინ მას შეუძლია შესთავაზოს ეს მომსახურება სოციალური ღირებულების ზღვრულ ფასად და ამით ხელი შეუწყოს მათ ეფექტიან გამოყენებას და იმ მიწის რენტული ღირებულების შემდგომ ზრდას, რომელზეც ინფრასტრუქტურის ობიექტებია განთავსებული. ამასთან, მიწათმოსარგებლე სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გადაიხადონ ისეთივე სარენტო გადასახადი, როგორსაც იხდიან სხვა მიწათმოსარგებლეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება მოკლებული იქნება სათანადო დაფინანსებას, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციები - მიწის რაციონალური გამოყენების სტიმულსა თუ ორიენტირს.

    ზოგიერთ ეკონომისტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მიწის რენტის მისაღებად საკმარისია მიწის, უბრალოდ, აუქციონზე გაყიდვა. მთელი რიგი მიზეზების გამო, ეს საუკეთესო იდეა არ არის. ჯერ ერთი - კერძო ხელში გადასაცემი მიწის დიდი რეოდენობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში ამის გაკეთების მცდელობა მიგვიყვანს მიწის ფასის ნამეტან და,ცემამდე. მეორე და, მიწის ოპტიმალურად გამოყენების უნარის მქონე პირებს ყოველთვის როდი ექნებათ მისი შეძენის სახსრები. ამ დროს მიწის რენტის ყოველწლიური ამოღება, შეზღუდული სახსრების მქონე პირებს მისცემს შესაძლებლობას შეუსყიდავად მიიღონ მიწა. მესამე - მიწის ნაკვეთების გადაყიდვა გამოიწვევს მიწით სპეკულაციის ზრდას. დიდი, თანაც უშრომელი შემოსავლების მიღება საზოგადოებაში გააჩენს დაძაბულობასა და უკმაყოფილებას. მეოთხე - ზრუნვა პოლიტიკურ დივიდენდებზე მიგვივანს მიწის შემოთავაზების შემცირებამდე. დღეს, გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, სახელმწიფო შეინარჩუნებს მიწის რენტას მომავალი თაობებისთვის. მეხუთე - ინვესტორების მისწრაფებამ თავიდან აირიდონ რისკები და ზოგადმა არასტაბილურობამ, შესაძლოა, შეამციროს მიწის მიწოდება. რისკის ხარისხი შემცირდება, თუ ვიზრუნებთ იმაზე, რომ სარენტო გადასახადების ოდენობა ჩამოყალიბებული გარემოებებით არ იყოს ნაკარნახევი. და ბოლოს, სამართლიანია, რომ მომავალი მიწის რენტა ეკუთვნოდეს მომავალ და არა დღევანდელ თაობას.

    მიწათმოსარგებლეებისაგან ყოველწლიური რენტის ამოღება მოსახლეობას საშუალებას აძლევს, იქონიოს მისი გამოყენების შესაძლებლობა ყოველ მიმდინარე წელს. მიუხედავად იმისა, რომ მიწის გაყიდვისაგან მიღებული მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას კაპიტალდაბანდებათა სახით მომავალი თაობების სასარგებლოდ, სამომავლო რენტაზე დღეს უარის თქმა უზრუნველყოფს მემკვიდრეობის შენარჩუნებას შთამომავლობისათვის და იცავს მას შესაძლო პოლიტიკური ექსცესებისგან.

    იმ შემხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის, ძირითადად, რენტის ხარჯზე ფორმირების თაობაზე, საჭირო გახდება საკითხთა კომპლექსის განხილვა, რომლებიც უკავშირდება მიწის ნაკვეთების არენდის ვადებს, მიწის საკუთრების უფლებების ჩამოყალიბებას, მიწის შეფასებას, ბოროტად გამოყენებისაგან სოციალურ დაცვას, გამოფიტული, მიშვებული ნაკვეთით სარგებლობაზე უარის თქმას, რეგიონებს შორის მიწის შესაძლო გადანაწილებას ერთ სულ მოსახლეზე მოსული ბუნებრივი რესურსების მაჩვენებლების გამოთანაბრების მიზნით. ყველა ეს საკითხი კანონშემოქმედებითი წესით უნდა მოწესრიგდეს, არც ერთი მათგანია დაუძლეველი.

    საზოგადოებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს საიმისოდ, რომ მიწის რენტა, როგორც კოლექტიური შრომის შედეგი, გამოიყენებოდეს ყველა მისი წევრის სასარგებლოდ. ამავე დროს, კერძო პირების შრომისა და დაბანდებების შედეგად შექმნილი დამატებითი ღირებულება ამ პირებს უნდა ეკუთვნოდეს.

    ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით ყველა მიწათმოსარგებლე ყოველწლიურად უნდა უხდიდეს ადგილობრივ ხელისუფლებას მიწის რენტას, რომლის ოდენობა შეესაბამება მათ მიერ გამოყენებული მიწის მიმდინარე სარენტო ღირებულებას. სარენტო გადასახდელების ნიხრის გადახედვის პერიოდულობას უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფო, მიწათმოსარგებლეებზე ამ უფლების გადაცემა დაუშვებელია.

    პატივისცემით

    ნიკოლაუს ტიდემანი, ეკონომიკის პროფესორი, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი

    უილიამ ვიკრი, ამერიკის ეკონომოკური ასოციაციის პრეზიდენტი (1992 წელს)

    მეისონ გეფნი, ეკონომიკის პროფესორი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, რივერსაიდი

    ლოუელ ჰარისი, ეკონომიკის დამსახურებული პროფესორი, კოლუმბიის უნივერსიტეტი

    ჟაკ ტისე, ეკონომიკის პროფესორი, ეკონომეტრიკის სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი, კათოლიკური უნივერსიტეტი, ლუივენი, ბელგია

    შარლ გოეცი, სამართლის პროფესორი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი

    ჯინ ვუნდერლიხი, უფროსი ეკონომისტი, აშშის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ეკონომიკურ კვლევათა სამსახური

    დანიელ რ. ფუსფელდი, ეკონომიკის დამსახურებული პროფესორი, მიჩიგანის უნივერსიტეტი

    ელიზაბეტ კლეიტონი, ეკონომიკის პროფესორი, მისურის უნივერსიტეტი, სეინტ-ლუისი

    რობერტ დორფმანი, პოლიტეკონომიის დამსახურებული პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

    კარლ კეიზენი, ეკონომიკის პროფესორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

    ტიბორ შჩიტოვსკი, ეკონომიკის დამსახურებული პროფესორი, სტენფორდის უნივერსიტეტი

    სიუზე როუზ-ეკერმანი, სამართლისა და პოლიტეკონომიის პროფესორი, იეილის უნივერსიტეტი

    ჯეიმს ტობინი, ეკონომიკის დამსახურებული პროფესორი, იეილის უნივერსიტეტი

    რიჩარდ მასგრეივი, პოლიტეკონომიის დამსახურებული პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

    ფრანკო მოდილიანი, ეკონომიკის დამსახურებული პროფესორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

    უორენ ჯ. სემიუელსი, ეკონომიკის პროფესორი, მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი

    გაი ორკატი, ეკონომიკის დამსახურებული პროფესორი, იეილის უნივერსიტეტი

    იუჯინ სმოლენსკი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი

    თედ გვორტნი, მიწისა და უძრავი ქონების შემფასებელი, ანაჰეიმ, კალიფორნია

    ოლივერ ოლდმანი, სამართლის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

    ევი გრილიჩი, ეკონომიკის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

    უილიამ ბომოლი, ეკონომოკის პროფესორი, პრინსტონის უნივესიტეტი

    გუსტავ რანისი, საერთშორისო ეკონომიკის პროფესორი, იეილის უნივერსიტეტი

    ჯონ ჰელიუელი, ეკონომიკის პროფესორი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი, კანადა

    ჯულიო პონტეკორვო, ეკონომიკისა და საბანკო საქმის პროფესორი, ბიზნესის-ასპირანტურის სკოლა, კოლუმბიის უნივერსიტეტი

    რობერტ სოლოუ, ეკონომიკის პროფესორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

    ჰარნი ლევინი, ეკონომიკის პროფესორი, ჰოფსტრის უნივერსიტეტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter