სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    03.04.2017

    თამაზ აქუბარდია

    დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლება არც ერთ ქვეყანაში ბოლომდე თავისუფალი არასოდეს არ არის, არც იყო და ვერც იქნება, რადგან სახელისუფლებო შტოები ერთმანეთთან ხილული თუ უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული.

    მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. დღეს სასამართლო ხელისუფლება გაცილებით ადამიანურია, ვიდრე იყო, მაგრამ შეხსენება ყოველთვის აუცილებელია, რომ იმ განუკითხაობის ჭაობში ხელახლა არ ჩავეფლოთ, როგორშიაც ვიყავით.

    ეს წერილიც ამის არცთუ მთლად მოკრძალებული ცდაა.

    ციცერონის მოღვაწეობის ერთი დიდებული ფაქტი

    ციცერონის მოღვაწეობა იმის ნათელი მაგალითია, რომ თვით უსასტიკესი დიქტატურის პირობებშიც კი შესაძლებელია, შენი სიმართლე გაიტანო, ოღონდ ამისათვის ანთებული გული, მგზნებარე სული და შეუდრეკელი ნებისყოფა უნდა გქონდეს.

    აგერ უკვე 2000 წლზე მეტია, სიმართლისათვის მებრძოლი ამ რაინდის მოღვაწეობა მილიონობით ადამიანის გულებში იმდენსავე გაკვირვებას იწვევს, რამდენსაც აღტაცებას. მისი ცხოვრება იმ აბობოქრებულ ვულკანს ჰგავს, რომლის ნათება უკუნ ღამეში სინათლის სხივს მოჰგავს, განთიადის მოახლოების იმედს გვისახავს თითოეულ ჩვენგანს და ჩირაღდანივით მოჩანს გონიერების ოლიმპოს წმინდათა წმინდა მთაზე, გამოულეველი სითბოთი აღავსებს კაცთა გულებს და მომავლის რწმენას უნერგავს კაცობრიობას.

    სულას პროსკრიბციები

    ძველ რომში ტერმინი "პროსკრიბცია" იმ ადამიანების ჩამონათვალს აღნიშნავდა, რომლებიც კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებული, რის გამოც მათ ჩამოერთმეოდათ ქონება და მათზე ძებნა ცხადდებოდა.

    ამის ძალზე სავალალო მაგალითია ე.წ. "სულას პროსკრიბციები". იმ ადამიანების ქონება, რომლებიც სულას პროსკრიბციებში მოჰყვნენ, ჩალის ფასად იყიდებოდა, თუმცა ფორმალობა მაინც დაცული იყო, რადგან ქონების გაყიდვა აუქციონის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამით კარგად სარგებლობდნენ სხვადასხვა ჯურის ავანტურისტები, რომელთაც კარგად მოითბეს ხელი ბედის ასეთი წყალობით და გვარიანი ქონებაც დააგროვეს.

    როგორც "ჭორიკანა ისტორია" გვიამბობს, ერთხელ რაღაც საკითხზე სენატში ამტყდარმა ჩოჩქოლმა სულა "აიძულა," ფორუმზე გამოეკრა პროსკრიბირებულთა ახალი სია, რომელშიც 2 400 მხედარი და 400 სენატორი იყო ჩამოთვლილი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

    ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ რატომ იყო გაზრდილი პროსკრიბირებულთა სია - თუ შენ 2 800 კაცს სჯი და მე კი შენი ერთგული ვარ, ერთ 280-ს მეც დავამატებ და შენი სახელით დავსჯი, რითაც მათ ქონებას ჩალის ფასად ჩავიგდებ ხელში, რაზედაც ვერც ერთი დიქტატორი ხმას ვერ ამოიღებს; პირიქით, სისხლში გასვრილ დიქტატორს სისხლში გასვრილი მომხრეები უნდა ჰყავდეს, მაშინ ხელისუფლების უფრო დიდხანს შენარჩუნება შეიძლება. ასეთია ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნებისათვის ბრძოლის დიალექტიკა.

    ციცერონის მოღვაწეობა

    ჯერ კიდევ სულას დიქტატურის დროს სასამართლოში წარმოთქმულ ორ თავის გამოსვლაში ნათლად გამოჩნდა ციცერონის პოლიტიკური პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არის ზუსტად ცნობილი, თუ როდის დაიწყო ციცერონმა საადვოკატო მოღვაწეობა, ცნობილია, ძვ.წ. 81 წელს, ანუ სულას გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე, კერძო მიწათმფლობელის - პუბლიუს კვინკციუსის დასაცავად მის მიერ წარმოთქმული სიტყვა, სადაც უკვე აშკარად იგრძნობა სულას რეჟიმის თუმცა თავშეკავებული, მაგრამ საკმაოდ თვალში საცემი კრიტიკა.

    ციცერონის ამ შესანიშნავი სიტყვიდან მხოლოდ ერთი ფრაგმენტის მოყვანაც საკმარისია, რომელიც ამ ჯერ თუმცა საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ზრდასრული ადამიანის განსაკუთრებულ ორატორიულ ნიჭს მთელი სისრულით უსვამს ხაზს.

    "ყველასათვის ცნობილია, - ამბობს ციცერონი, - რომ სულას დიდი საქმიანობის გამო მრავალი ადამიანი ბევრ რამეს ნაწილობრივ მისი ნების, ნაწილობრივ მისი ცნობის გარეშე აკეთებდა, მაგრამ ყოვლადსახიერი და ყოვლადძლიერი იუპიტერიც, რომელიც ხელის ერთი განძრევით თავის ნებისამებრ მართავს ზეცას, დედამიწას და ზღვებს, ხშირად ადამიანებს ვნებს გრიგალით, ქარიშხალით თუ პაპანაქებით და საშინელი სიცივით, ანგრევს ქალაქებს, სპობს ყანებს; და მაინც, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მან ეს წინასწარი განზრახვით გააკეთა და ვთვლით, რომ ეს მოხდა ბუნების მძლავრი ძალების გამოვლინების გამო; სამაგიეროდ, კეთილდღეობა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, დღის სინათლე, რომლითაც ვცოცხლობთ, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, ჩვენ მის ნაბოძებად და წყალობად მიგვაჩნია და რა საკვირველია, თუ სულამ რაიმე ბოლომდე ვერ დაინახა. სავსებით გასაგებია, რომ ადამიანის გონებას არ ძალუძს, იმას მიაღწიოს, რაც ღვთაების ძალასაც აღემატება".

    "ყველას იმედი აქვს, - მიმართავს ციცერონი სასამართლოს, - რომ თქვენ გამოიტანთ ისეთ განაჩენს, რომელიც აღკვეთს ყოველდღიურ მკვლელობას და სისხლისღვრას; ბოლოს მოუღებს ქრიზოგონესთანა ადამიანების დამღუპველ და აუტანელ ბატონობას და სახელმწიფოს გაათავისუფლებს უმძიმესი მდგომარეობისაგან".

    თავის სიტყვას ციცერონი ამთავრებს სასამართლოს წევრებისადმი ასეთი მიმართვით: "ყოველ თქვენგანს გაეგება, რომ რომაელი ხალხი, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო მტრებისადმი უკიდურესი ლმობიერებით, ახლანდელ დროს იტანჯება სისასტიკით თავისი მოქალაქეების მიმართ. მაშ, ბოლო მოუღეთ, მოსამართლენო, მის გავრცელებას სახელმწიფოში, განკურნეთ მისგან საზოგადოება. ის საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ შემაძრწუნებელი სახით ამოხოცა მრავალი მოქალაქე, არამედ იმიტომაც, რომ მკვლელობათა მუდმივი სურათებით უკეთილეს ადამიანებსაც კი ჩაუხშო შებრალების ხმა. ვხედავთ და ვისმენთ რა ყოველ საათში მხოლოდ საშინელებათ, ჩვენ შორის უმშვიდესთაც კი განუწყვეტლივ სისხლიანი სანახაობების შთაბეჭდილებით გული სავსებით გაუქვავდათ."

    ციცერონის საქმეებიდან უმნიშვნელოვანესია ე.წ. გაიუს კორნელიუს ვერესის საქმე, რომელსაც უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ მაშინდელი რომის ისტორიისათვის, არამედ, საერთოდ, კაცობრიობის დემოკრატიული ფასეულობების ისტორიისათვის და, ამდენად, მას არანაკლები მნიშვნელობა აქვს დღესაც და ისევე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც ეს მაშინდელი რომისათვის იყო.

    ვერესი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი გახლდათ. იგი იყო სიცილიის პროპრეტორი და 73-71 წლების განმავლობაში განაგებდა მას. პროპრეტორის განკარგულებაში იყო ლეგატი და ორი კვესტორი, ერთი აღმოსავლეთ სიცილიისათვის - სირაკუზში და მეორე დასავლეთისათვის - ლილიბეუმში.

    ვერესი პროპრეტორად მოღვაწეობის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობისადმი უკიდურესი სისასტიკითა და თავაშვებული ძალმომრეობით გამოირჩეოდა. მისი სისასტიკე იმდენად დიდი იყო, რომ არ მოერიდა ერთი რომაელის ჯვარზე გაკვრას მხოლოდ იმისათვის, რომ მან ვერესზე საჩივრის შეტანა მოინდომა.

    სრული ძალმომრეობის ფონზე მთელი სიცილიის მასშტაბით გამოძალვამ იმდენად არნახული მასშტაბი მიიღო, რომ მან 40 მილიონი სესტერცის ქონება დააგროვა.

    რომში სახელმწიფო პროკურატორის არარსებობის გამო ზემოთ აღნიშნული ზღვარგადასული უსამართლობის ასალაგმავად სიცილიელებმა თხოვნით მიმართეს ციცერონს, გამოსულიყო მათი ინტერესების დამცველად ვერესის წინააღმდეგ. ციცერონმა თანხმობით უპასუხა სიცილიელების ამ თხოვნას და თავისი განზრახვა აცნობა პრეტორს, რომელიც გახლდათ სისხლის სამართლის კომისიის თავმჯდომარე (ღგფუთეშწ ზუკზუეგფ კუზუეგტვფკგქ).

    აყველასდა გასაკვირად, ამავე დროს, ვერესის ბრალმდებლობა ასევე იკისრა ვინმე კვინტუს ცეცილიუს ნიგერმა, რომელიც 73 წელს ერთ-ერთი კვესტორთაგანი იყო სიცილიის დასავლეთ მხარეში. ციცერონი ძალიან ადვილად მიხვდა, რომ ცეცილიუსი იყო ვერესის მომხრე და, ამდენად, მისი "პრევარიკატორი", ანუ ბრალდებულის გამომხსნელი.

    რადგანაც გაჩნდა ბრალმდებლის ორი კანდიდატურა, მოსამართლეებს პროცესის დაწყებამდე უნდა გაერკვიათ, რომელ კანდიდატს - ციცერონს თუ ცეცილიუსს - დაეკისრებოდა ეს როლი.

    შერჩევის ამ პროცესს "დივინაციო" ეწოდებოდა. შერჩევის პროცესის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსამართლენი საკითხს არა დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ორივე კანდიდატის მიერ წარმოთქმული სიტყვების მიხედვით წყვეტდნენ. თვით ამ გამოსვლებსაც ამიტომ დივინაციები ეწოდებოდა.

    მიუხედავად იმ გასაოცარი კორუფციისა და ძალმომრეობისა, რომლითაც ცნობილი იყო ის ეპოქა, რომელშიაც ციცერონი მოღვაწეობდა, რასაც ისიც დაემატა, რომ ვერესის რწმუნებულმა, ცნობილმა ორატორმა კვინტუს ჰორტენზიუს ჰორტალუსმა სცადა მოსამართლეების მოსყიდვა, ხმის უმრავლესობით მაინც ციცერონი იქნა არჩეული ვერესის ბრალმდებლად.

    ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, უბრალოდ, აუცილებელია იმის ჩვენება, თუ როგორ ასაბუთებდა ციცერონი თავის პოზიციას. მანამდე კი გაკვრით მაინც შევეხოთ ციცერონის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს, რომელიც უშუალოდ წინ უძღოდა ამ პროცესებს, რათა გავიგოთ, თუ რატომ მაინცადამაინც ციცერონზე შეაჩერა სიცილიის მოსახლეობამ თავისი არჩევანი.

    პრეტორმა ციცერონს 110 დღე მისცა, რათა სიცილიაში შეეგროვებინა პროცესისათვის საჭირო დოკუმენტური მასალა და მოწმეები დაეკითხა. მაგრამ ვერესის მომხრეებიც არ ისხდნენ გულხელდაკრეფილი. მათ ახალი პროცესი წამოიწყეს საბერძნეთში მდებარე აქაიის პროვინციის პროპრეტორის ვითომცდა გამომძალველობის ბრალდებით.

    დროის მოგების მიზნით ბრალმდებელმა საქმის გასაცნობად მხოლოდ 108 დღე ითხოვა. ამიტომ აქაიის პროპრეტორის საქმის გარჩევა ერთი დღით ადრე დაინიშნა, ვიდრე ვერესის. ამასთანავე, ისინი ძალიან დიდ იმედს ამყარებდნენ 69 წლისათვის კონსულებად და პრეტორებად თავისი კანდიდატების გაყვანაზე. ასეც მოხდა. 69 წლის კონსულებად არჩეულ იქნენ ვერესის მომხრეები - კვინტუს ჰორტენზიუსი და კვინტუს მეტელუსი, ხოლო პრეტორად - ამ უკანასკნელის ძმა, ცეცილიუს მეტელუსი, რომელსაც "წილისყრით ერგო" გამოძალვის კომისიის თავმჯდომარეობა. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ვერესი და მისი მომხრეები საქმის გარჩევის გადადებას 69 წლისათვის, ანუ იმ პერიოდისათვის, როცა მთავარი მაგისტრატურა ვერესის მომხრეების ხელში გადავიდოდა.

    ამავე პერიოდში ვერესისათვის მეტად არასასიამოვნო ფაქტიც მოხდა - ციცერონი იმავე 69 წლის არჩევნებში ედილად იქნა არჩეული. ამის მიუხედავად, ვერესი ყველანაირად ცდილობდა, რომ საქმის შესასწავლად სიცილიაში გამგზავრებული ციცერონი უკან კანონით დაწესებულ ვადაზე გვიან დაბრუნებულიყო. მაგრამ ციცერონმა 50 დღეში შემოიარა მთელი სიცილია და, მიუხედავად იმისა, რომ მუქარითა თუ ძალით აკავებდნენ იმ სიცილიელებს, რომელთაც ვერესის წინააღმდეგ მოწმედ გამოსვლა მოისურვეს, მაინც მდიდარი საბრალდებო მასალა შეაგროვა და დანიშნულ დროს რომში დაბრუნდა.

    რომში მას მთელი სამი თვე დასჭირდა ლოდინი აქაიის პროპრეტორის წინააღმეგ წამოწყებული პროცესის მიმდინარეობის გამო. ციცერონი დარწმუნდა, რომ მოპირდაპირე მხარე ყველანაირად ცდილობდა საქმის გაჭიანურებას და ამიტომ როცა პროცესი დაიწყო, გადაწყვიტა, გვერდი აეხვია პირველ სესიაზე მიღებული წესისათვის და მოკლე შესავალი სიტყვის შემდეგ ამხილა მოწინააღმდეგეთა ხრიკები. ამასთანავე, დამსწრეებს აღუთქვა, რომ მეორე სესიაზე უფრო ვრცლად და დასაბუთებით შეეხებოდა ბრალდების ყველა მუხლს.

    (გაგრძელება "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter