სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.04.2017

    მალხაზ დოლიძე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი
    შოთა ჩხეიძე, პროფესორი
    არჩილ ქავთარაძე, მეწარმე
    ბოლო დროს თითქმის ყველა მედია საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს ინტენსიური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საფუარისა და მისი გამოყენებით გამომცხვარი პურის წინააღმდეგ. სხვადასხვა ჯურის "ექსპერტები" ფსევდოარგუმენტების გამოყენებით ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ საფუვრით გამომცხვარი პური მათი ჯანმრთელობისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს და მოუწოდებენ, უარი თქვან საფუარიანი პურის მოხმარებაზე.
    ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ხორბლის ფქვილიდან პურის ცხობის ორი წესი - საფუარით ცხობა და უსაფუვრო ცხობა. უსაფუვრო პურებს მიეკუთვნება, მაგალითად, სომხური ლავაში და ებრაული მაცა, ხოლო ტრადიციული ქართული პური წარმოადგენს საფუარის გამოყენებით გაფუებულ პროდუქტს.
    ამიტომ თავისთავად იბადება კითხვა, ვინ არის იმით დაინტერესებული, რომ საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვას ტრადიციული საფუარიანი პურის მოხმარებაზე?
    უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლსა და ხორცთან ზიარებაა. ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პურის "სეფისკვერის" ჭამა და ღვინის შესმა განასახიერებს ქრისტეს ხორცსა და სისხლთან მორწმუნის სიმბოლურ შერწყმას.
    სეფისკვერი აუცილებლად საფუარიანი ცომისაგან მზადდება. გაფუებული პური პირველად უფალმა იესო ქრისტემ გამოიყენა საიდუმლო სერობის დროს, როდესაც დააწესა ზიარების საიდუმლო. მოციქულებს მიაწოდა განტეხილი დანაწევრებული პური და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა.
    სწორედ აქედან მომდინარეობს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საეკლესიო მსახურების დროს გაფუებული სეფისკვერის გამოყენების ტრადიცია. მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებით, კათოლიკურ და გრიგორიანულ ეკლესიებში საეკლესიო მსახურების დროს გამოიყენება უსაფუვრო პური.
    თუ გავიხსენებთ ჩვენი ეკლესიისა და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ მიმართულ გახშირებულ თავდასხმებს, ადვილი დასაშვებია ვიფიქროთ, რომ საფუარიანი პურის მოხმარების საწინააღმდეგო კომპანია სწორედ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციის წინააღმდეგ მიმართული შენიღბული იდეოლოგიური კომპანიის ნაწილი იყოს.
    სამწუხაროდ, ამ კომპანიას აყოლილი არიან ინტერნეტიდან მიღებული განათლებით შეიარაღებული დილეტანტი "ექსპერტები", რომელთა "პროფესიონალურ" აზრს შეუმოწმებლად აშუქებენ მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
    საფუარის წინააღმდეგ მებრძოლი დილეტანტები თავიანთი "სიმართლის" დასამტკიცებლად ორ საფრთხობელა არგუმენტს იყენებენ. პირველი: თურმე, თანამედროვე საფუარებში გამოიყენება გერმანელი ფაშისტების მიერ ხალხების განადგურების მიზნით შექმნილი თერმოფილური საფუარა სოკოები, რომელნიც 100 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებენ. მეორე: პურის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი საფუარა სოკო თურმე იწვევს კიბოს და მთლიანად ანგრევს ორგანიზმს.
    ძნელია ამ ყველაფრის სერიოზულად აღქმა. ნებისმიერი სოკოს და მათ შორის, საფუარა სოკოს შემადგენლობაში 56% ცილებია, რომლებიც უკვე 50 გრადუს ტემპერატურაზე დენატურაციას განიცდიან. ვინც კვების მრეწველობასთან ახლოსაა, კარგად იცის, რომ საკვები პროდუქტების სტერილიზაცია 70 გრადუს ტემპერატურაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, პურში, რომელიც ცხვება 200 გრადუს ტემპერატურაზე, შეუძლებელია, არსებობდეს ცოცხალი საფუარა სოკოები და ვერაფრით მოხვდებიან ადამიანის ორგანიზმში.
    ცნობისათვის, საფუარა სოკოების მოქმედების ტემპერატურა 22 გრადუსია, თუმცა არსებობენ სოკოები, რომლებიც ცხოველმოქმედებას ინარჩუნებენ 40 გრადუს ტემპერატურაზე. სწორედ მათ ეწოდებათ თერმოფილური სოკოები.
    რაც შეეხება საფუარა სოკოების მიერ კიბოს გამოწვევას, ესეც ყურმოჭრილი ტყუილია. ბუნებაში არსებობს 1500 დასახელების საფუარა სოკო. ის გვხვდება ყველგან, ნებისმიერ ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ნებისმიერი შაქრის შემცველ პროდუქტში. ადამიანი ყოველდღიურად საკვებთან ერთად ათასობით საფუარა სოკოს მიირთმევს. შესაბამისად, იგი რომ კიბოს იწვევდეს, ადამიანის მოდგმა დიდი ხანია გადაშენებული უნდა იყოს.
    საფუარიანი პურის წინააღმდეგ მიმართულმა პროპაგანდამ თავისი ნაყოფი უკვე გამოიღო. მოტყუებული მომხმარებელი გაფაციცებით დაეძებს სავაჭრო ქსელსა და საცხობებში უსაფუვრო პურს.
    ხშირია შემთხვევა, როდესაც საცხობების პერსონალი და პურის სექციის გამყიდველები პურის რეალიზაციის მიზნით ურცხვად ატყუებენ უკვე მოტყუებულ მომხმარებელს, რომ მათი პურის პროდუქცია უსაფუვროდ არის გამომცხვარი. მაღაზიის დახლებზე გამოჩნდა შესანიშნავი გაფუებული პურპროდუქტი, რომელსაც ახლავს რეკლამა განმარტებით, რომ საფუარის გარეშე არის გამომცხვარი.
    ამრიგად, ერთმა ტყუილმა საფუარიანი პურის მავნებლობის შესახებ წარმოშვა ტყუილების ჯაჭვი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გაბრიყვებისკენ არის მიმართული. ამ ტოტალური ტყუილის საპასუხოდ გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ და ავუხსნათ საზოგადოებას, რომ უსაფუვროდ გაფუებული პური დიდი ტყუილია, რადგანაც საფუარის გარეშე გაფუებული პური ბუნებაში არ არსებობს.
    დღეს საფუარით პურის ცხობის ორი ძირითადი წესი არსებობს: საფუარით პურის ცხობის სწრაფი წესი, სადაც გამოიყენება ქარხნული წარმოების სწრაფადმოქმედი საფუარები და საფუარით პურის ცხობის გახანგრძლივებული წესი, სადაც გამოიყენება ბუნებაში, ველურად არსებული საფუარა სოკოსაგან დამზადებული საფუარი, ანუ ხაში.
    აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ქარხნული სწრაფად მოქმედი საფუარი და რას წარმოადგენს ხაში.
    ბუნებაში დაახლოებით 1500 დასახელების საფუარა სოკო არსებობს. სწრაფადმოქმედი საფუარის წარმოების მიზნით ამ 1500 სახეობის საფუარა სოკოდან შერჩეული იქნა სოკოები, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად და სწრაფად მოქმედებენ ფქვილში არსებულ შაქრებზე. სწორედ ამ სოკოების კულტურული შტამპების გამოყენებით სპეციალიზირებულ საფუარის ქარხნებში ხდება მათი გამრავლება და სწრაფი მოქმედების საფუარების წარმოება.
    სწრაფი მოქმედების საფუარებში არავითარი განსაკუთრებული სახეობის სოკო არ გამოიყენება, როგორც ამას ქადაგებენ "ექსპერტები". ამ საფუარებში გამოყენებული ყველა სოკოს ლათინური სახელწოდება მითითებულია პაკეტებზე და ყველა მათგანი დარგის სპეციალისტებისათვის კარგად არის ცნობილი.
    სწრაფად მოქმედი საფუარის გამოყენებით ცომის გაფუებას და პურის გამოცხობას, საშუალოდ, 1,5 საათი სჭირდება, რაც ძალზე ეკონომიურს ხდის პროცესს და აადვილებს მის მასობრივ წარმოებას.
    ხაშის გამოყენებით პურის ცხობას დიდი ხნის ტრადიცია გააჩნია. ლიტურგიული პური სეფისკვერიც, როგორც წესი, მხოლოდ ხაშის გამოყენებით მზადდება.
    თუ სწრაფად მოქმედი საფუარი, რომელიც მყისიერად ერთვება ცომის გაფუების პროცესში, ხაშში შემავალი ველური საფუარა სოკოების გამრავლებას და შემდგომ მათ მიერ ცომის გაფუებას დაახლოებით 7-8 საათი სჭირდება, რაც აძვირებს პროდუქტს და ხელს უშლის მის მასობრივ წარმოებას.
    ამრიგად, ხაშითა და სწრაფად მოქმედი საფუარით გაფუებული პური, ორივე საფუარა სოკოებით გაფუებული პურია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ხაშით ცომის გაფუებას, სწრაფად მოქმედი საფუარისაგან განსხვავებით, დიდი დრო სჭირდება.
    უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საფუარის საწინააღმდეგო რეკლამით ზომბირებული ზოგიერთი მეწარმე საკუთარ საწარმოში ხაშის გამოყენებით გამომცხვარ პურს უსაფუარო პურს უწოდებს და ხელს უწყობს საფუარით გამომცხვარი პურის ანტირეკლამას.
    ყველას აინტერესებს, თუ რომელი პური არის უკეთესი და უფრო სასარგებლო. პასუხი ასეთია: გააჩნია, რომელი ფქვილის გამოყენებით ხდება პურის გამოცხობა - თეთრი ფქვილის თუ ცეხვილი ან ქატოგარეული ფქვილის გამოყენებით.
    შეიძლება თამამად ითქვას, რომ თეთრი ფქვილის, ანუ უმაღლესი და პირველი ხარისხის ფქვილებიდან სწრაფი წესით, სწრაფადმოქმედი საფუარით გამომცხვარი პური მართალია არ გამორიჩევა რამე განსაკუთრებული არომატით, მაგრამ ჯანმრთელობისათვის უვნებელ და დიეტურ პურად ითვლება.
    რაც შეეხება ხაშის გამოყენებით გამომცხვარ თეთრ პურს, მისი ცხობის დიდი დრო იძლევა იმის საშუალებას, რომ ცომის გაფუების პროცესში ცომში არსებული ფერმენტების, რძემჟავა ბაქტერიებისა და თვით საფუარა სოკოს მოქმედების შედეგად ცომში მოხდეს სხვადასხვა სახის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების წარმართვა. შედეგად ამ მეთოდით გამომცხვარი თეთრი პური გამოირჩევა ოდნავ მომჟავო პურისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატითა და სურნელებით. დიეტოლოგთა აზრით, ხაშით გამომცხვარი პური საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ ადვილად მოსანელებელია, თუმცა მისი მიღება არ არის რეკომენდებული კუჭის მაღალი მჟავიანობის და გასტრიტების შემთხვევაში.
    ამრიგად, თეთრი პური შეიძლება გამოცხვეს როგორც ხაშით, ასევე სწრაფადმოქმედი საფუარის გამოყენებით და მათ შორის არჩევანის გაკეთება მხოლოდ მომხმარებლის სუბიექტურ ხედვას ემყარება.
    თეთრი პურისაგან განსხვავებით, ცეხვილი ან ქატოს პურის გამოცხობა სწრაფადმოქმედი საფუარის გამოყენებით დაუშვებელია. ამ წესით გამოცხობილი პურის რეგულარულად მოხმარება საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქმე ისაა, რომ ქატო შეიცავს ფიტინის მჟავას და ფიტატებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ბოჭავენ ქატოში არსებულ მიკროელემენტებს, ხოლო მეორე მხრივ, ქატოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისთანავე მთლიანად ბლოკავენ ორგანიზმის მიერ ორვალენტიანი მიკროელემენტების, მაგალითად, რკინის, კალციუმის, თუთიის და ა.შ. შეთვისებას.
    მხოლოდ ხაშის გამოყენებით ცომის 8-საათიანი გაფუების შემდეგ ფერმენტ ფიტაზას მოქმედებით ხდება ფიტატების სრული დაშლა. შედეგად ქატო ხდება უვნებელი და ძალიან სასარგებლო პროდუქტი.
    ამრიგად, სხვადასხვა სახის პურის პროდუქტების სარგებლიანობა დამოკიდებულია არა ამა თუ იმ საფუარის მოხმარებაზე ან არ მოხმარებაზე, როგორც ამას გვიმტკიცებენ "ექსპერტები", არამედ მათი სარგებლიანობა დამოკიდებულია ამ პურის პროდუქტების გამოცხობის ტექნოლოგიებზე.
    არ ვიცით, დავარწმუნოთ თუ არა მკითხველი, რომ საფუარის გარეშე პური არ ფუვდება და უსაფუვრო პური დიდი ტყუილია, მაგრამ მაინც გვინდა მივმართლოთ მოსახლეობას, მოერიდეთ ე.წ. უსაფუვრო პურს, რადგან, თუ ის მართლა უსაფუვროა, ქიმიური დანამატების საშუალებით არის გაფუებული და საშიშია ჯანმრთელობისთვის.
    გვინდა მივმართოთ იმ მწარმოებლებს, რომლებიც საკუთარი წარმოების პურის პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს როგორც უსაფუვრო პურის პროდუქტს. ნუ ატყუებთ მომხმარებელს, თუ თქვენი პროდუქტი ბუნებრივი საფუარით, ანუ ხაშით არის გამომცხვარი, დაარქვით მას თავისი სახელი.
    დაბოლოს, გვინდა მივმართოთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ უკეთებთ ანტირეკლამას პირველი მოხმარების ისეთ პროდუქტს, როგორიც ჩვენი ტრადიციული პროდუქტია. თუ მართლა გსურთ თქვენს მაყურებელს ან მკითხველს მიაწოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია, შეეშვით დილეტანტებს და სთხოვეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც, საბედნიეროდ, კიდევ მრავლად არიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მარუ   (23.06.2017)
    თვითონ მე ვაცხობ სახლში, მარილის მეტს არაფერს ვამატებ , ხაშს ვაზელ ფქვილს და უფრო გემრიელია ვიდრე საფუვრით გამომცხვარი


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter