სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    18.07.2017

    თამაზ აქუბარდია

    (გაგრძელება. დასაწყისი "მთელი კვირის" წინა ნომერში)

    დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლება არც ერთ ქვეყანაში ბოლომდე თავისუფალი არასოდეს არ არის, არც იყო და ვერც იქნება, რადგან სახელისუფლებო შტოები ერთმანეთთან ხილული თუ უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული.

    მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. დღეს სასამართლო ხელისუფლება გაცილებით ადამიანურია, ვიდრე იყო, მაგრამ შეხსენება ყოველთვის აუცილებელია, რომ იმ განუკითხაობის ჭაობში ხელახლა არ ჩავეფლოთ, როგორშიაც ვიყავით.

    ეს წერილიც ამის არცთუ მთლად მოკრძალებული ცდაა.

    ციცერონის პირველი სიტყვა

    უნდა აღინიშნოს, რომ ვერესის წინააღმდეგ წარმოთქმული პირველი სიტყვა (ფსეშწ ზკშქფ შტ ქუკკუქ) ციცერონმა პომპეუსისა და კრასუსის კონსულობის პირველ თვეებში წარმოთქვა, როცა პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ ჩახლართული და, ამდენად, ჯერ კიდევ საკმაოდ გაურკვეველი იყო. ამის მიუხედავად, ციცერონმა თავის სიტყვაში ყოველგვარი კონიუნქტურის გარეშე, რაც, წესით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, ვერესს საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენა.

    გაკვრით ეხება რა ვერესის მიერ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას ჩადენილ დანაშაულებათა ჩამონათვალს, ციცერონი ამბობს: "არსად არ დაუტოვებია მას თავის ბოროტმოქმედებათა ისეთი ღრმა კვალი და აშკარა დამამტკიცებელი საბუთი, როგორიც პროვინცია სიცილიაში, რომლის დარბევა და გაძარცვა სამი წლის განმავლობაში მან ისე მოასწრო, რომ წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენა უკვე შეუძლებელია; საჭიროა მრავალი წელი, რომ მან დაიბრუნოს, თუნდაც ნაწილობრივ, თავისი კეთილდღეობა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პრეტორები უმწიკვლო ზნეობისა იქნებიან; ხოლო, როცა ვერესი პრეტორი იყო, სიცილიელებმა არ იცოდნენ არც თავისი კანონები, არც სენატის ბრძანებები, არც ზოგად ადამიანური უფლებები; თითოეულს ეკუთვნოდა მხოლოდ ის, რასაც დაფანტულობის გამო ვერ ამჩნევდა ეს გაუმაძღარი და ავხორცი ადამიანი, ანდა, ხელუხლებელი რჩებოდა მოყირჭების გამო.

    "სამი წლის განმავლობაში ყველა საქმე მისი სურვილით წყდებოდა; ყველაფერი, რასაც კი ვინმე ფლობდა, მას შეეძლო, წაეღო თავისი სამოსამართლო ხელისუფლების ძალით. დიდძალ ფულს ახდევინებდნენ გლეხებს უსამართლო, გაუგონარი განკარგულებების საფუძველზე; რომაელ მოქალაქეებს აწამებდნენ და კლავდნენ, როგორც მონებს; უმწიკვლო ზნეობის ადამიანებს დაუსწრებლად, დაკითხვის გარეშე ასამართლებდნენ და მოქალაქეობრივ უფლებებს ართმევდნენ; მიუვალი ციხე-სიმაგრეები, ნავსადგურები და დიდი, კარგად დაცული ქალაქები ხელმისაწვდომი გახდნენ მეკობრეებისა და ყაჩაღების თავდასხმისათვის; სიცილიელი მეზღვაურები და ჯარისკაცები, ჩვენი მოკავშირეები და მეგობრები, შიმშილით იხოცებოდნენ.

    "მშვენიერი, ყველაფრით მომარაგებული ფლოტი, რომაელი ხალხის სამარცხვინოდ, დაიკარგა და მოისპო. მან კი, როგორც ნაცვალმა, მოიპარა და წაიღო ყველა ძველი ძეგლი, რომლებიც ნაწილობრივ მდიდარი მეფეების მიერ ქალაქის გასამშვენიერებლად იყო ნაბოძები, ნაწილობრივ კი ჩვენი ძლევამოსილი სარდლების მიერ სიცილიელებისადმი მიცემული თუ დაბრუნებული.

    "ასე იქცეოდა ის არა მარტო ქანდაკებებისა და სამკაულების მიმართ, რომლებიც ქალაქის საკუთრება იყო, არამედ მან გაძარცვა ყველა ტაძარი და, ბოლოს და ბოლოს, არ დაუტოვა სიცილიელებს არც ერთი ღმერთი, რომლის ქანდაკებას რაიმე მხატვრული ღირებულება ჰქონდა და ძველ ოსტატს ეკუთვნოდა.

    "მე მრცხვენია, ვილაპარაკო მის სასიყვარულო თავგადასავლებზე, ბილწ საქციელზე, რომელიც ვნების ზეგავლენით ჩაუდენია; ამას გარდა, არა მსურს, გავადიდო იმ ადამიანების მწუხარება, რომელთაც ვერ შეძლეს თავიანთი ცოლებისა და ქალიშვილებისათვის მისი ავხორცობის თავიდან აცილება."

    ალბათ ძნელია უფრო მძიმე, შეიძლება ითქვას, გამანადგურებელი ბრალდებების წაყენება იმდროინდელი რომის ერთ-ერთი უმაღლესი ხელისუფალის მიმართ.

    ციცერონის მეორე სიტყვა

    თავის მეორე სიტყვაში, რომლის წარმოთქმაც მას უკვე აღარ დასჭირდა, ის მუხლობრივად არჩევს ვერესის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს. იგი არც იმას ერიდება, რომ სენატორულ სასამართლოს ბრალი დასდოს მექრთამეობაში. "თქვენზეა დამოკიდებული, - ამბობს ციცერონი, - ჩამოირეცხოთ სირცხვილისა და ცუდი სახელის ის ლაქა, რომელიც უკვე ამდენი წელია, თქვენს სახელს ადევს".

    ძნელია, მოიძებნოს ძველი რომის ისტორიაში, და ალბათ არა მარტო ძველი რომის ისტორიაში, ისეთი თამამი, გაბედული და უკომპრომისო დაგმობა ამა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთა უმგვანი საქციელის, როგორიცაა ციცერონის სიტვა, წარმოთქმული ვერესის მიმართ.

    აი, მოკლე ჩამონათვალი ვერესის მიერ ჩადენილი იმ დანაშაულებებისა, რომლებიც ციცერონს თავის სიტყვაში სრულიად დაუფარავად გამოაქვს სააშკარაოზე.

    ძვ.წ. 82 წელს ვერესი იყო კვესტორი კონსულ კარბონთან, მაგრამ ასეთ მაღალ თანამდებობას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ გაეტაცა სალარო, მიეტოვებინა კონსული, დაევიწყებინა თავისი მოვალეობები და სულანელებთან გაქცეულიყო. ციცერონის მტკიცებით, ეს მას იმიტომ კი არ ჩაუდენია, რომ არისტოკრატიას დახმარებოდა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ფულის ქურდულად გატაცების შედეგად მისალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

    ძვ.წ. 80-79 წლებში ვერესი ლეგატი და პროკვესტორი იყო პროვინცია აზიაში. აქაც მან თავი "ისახელა" ძარცვა-გლეჯით, გარყვნილებით და სიხარბით. ციცერონს ერთი კონკრეტული მაგალითი მოჰყავს ვერესის "საგმირო" საქმეებიდან. კერძოდ, ვერესს მილეტელებისათვის მოუთხოვია ხომალდი, რომელიც მცველად უნდა ხლებოდა მას მინდოსში. მილეტელებს დაუყოვნებლივ მიუციათ საუკეთესო ხომალდი და ისიც მინდოსში გამგზავრებულა. რამდენიმე ხნის შემდეგ მეზღვაურები ფეხით დაბრუნებულან უკან, რადგანაც ვერესს ხომალდი გაუყიდია, ამოღებული თანხა კი მიუთვისებია.

    ციცერონი მიუთითებს წამების იმ ფაქტებზეც, რომელიც ვერესს, როგორც კვესტორს, მიუყენებია ლიკიის, პამფილიის, პისიდიისა და ფრიგიის მცხოვრებთათვის. კერძოდ, ვერესი დასახელებული პროვინციის რეგიონების მცხოვრებლებისგან მოითხოვდა პურს და აიძულებდა მათ, პურის მაგივრად ფული გადაეხადათ შეფასების იმ სისტემით, რომელიც თვითონ შეიმუშავა და რომელიც მოგვიანებით სიცილიაშიც გამოიყენა.

    როცა ციცერონი ვერესის უსაზღვრო ავხორცობას ეხება, აღშფოთებით აცხადებს, რომ იმის გაფიქრებაც კი საშინელებაა, თუ რამდენი პატიოსანი ქალიშვილი, რამდენი ოჯახის დედა შესწირა მან მსხვერპლად თავის ავხორცობას სამარცხვინო და საზიზღარი ლეგაციეს დროს და იქვე ერთი აღმაშფოთებელი მაგალითი მოჰყავს.

    კერძოდ, პროვინცია აზიის ქალაქ ლამპსაკოში გზად გავლის დროს ვერესი ამალითურთ ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში გაჩერებულა და უბრძანებია თავის არამზადა თანმხლებთათვის, გამოეკვლიათ, არსებობდა თუ არა ქალაქში ისეთი ქალი, რომლის გულისთვისაც ღირდა იქ ხანგრძლივად დარჩენა. მათაც მოუძებნიათ და მოუნახავთ ვინმე ფილოდემოსის მშვენიერი ასული.

    ვერესის ავხორცული წადილის აღსრულებისათვის ფილოდემოსის სახლში ძალის გამოყენებით ჩაუყენებიათ ვერესის რწმუნებული სატრფიალო საქმეებში, ვინმე რუბრიუსი. მას თანამეინახეებთან ერთად დიდი ნადიმი გაუმართავს და ფილოდემოსისათვის მათთან ქალიშვილის გამოყვანა მოუთხოვია. როცა მამა არ დათანხმებია, მათ განუზრახავთ, ძალით გაეტაცათ ქალიშვილი, მაგრამ მამას მიეშველნენ მისი მონები, ვაჟიშვილი და ქალაქის მცხოვრებლებიც. შეხლა-შემოხლის დროს მოუკლავთ ვერესის ლიქტორი კორნელიუსი, ხოლო რუბრიუსი დაუჭრიათ.

    ეს ინციდენტი მართლაც რომ ტრაგიკულად დასრულდა. მამა-შვილი გაასამართლეს და ორივეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, როგორც ლიქტორ კორნელიუსის მკვლელებს(?).

    მეორე დღეს ქალაქის აღშფოთებული მცხოვრებლები შეკრებილან და გადაუწყვეტიათ, იმ სახლისათვის წაეკიდებინათ ცეცხლი, სადაც ვერესი გაჩერებულა და თუმცა მათ კარგად იცოდნენ, თუ რა მოელოდათ ასეთი ქმედებისათვის, ამგვარ შეურაცხყოფას სიკვდილი ერჩივნათ. და როცა ვერესის ადგილსამყოფელს აღშფოთებულმა მოქალაქეებმა ცეცხლი წაუკიდეს, ვერესმა გაქცევა მოასწრო.

    თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ეს ინციდენტი 2000 წლის წინ მოხდა, უბრალოდ, გასაოცარია ციცერონის კომენტარი ამ საკითხზე. იგი მიმართავს მოსამართლეებს, რომ შეიბრალონ ბოლოს და ბოლოს მოკავშირეები და უჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ, კანონიერების იმედი ჰქონდეთ.

    "მთელმა აზიამ იცის, - აცხადებდა ციცერონი, - რომ ეს კაცი, რომელიც სიტყვით ლიქტორის წოდებას ატარებდა, ხოლო საქმით მხოლოდ ვერესის ბინძურ ვნებებს აქეზებდა, კანონიერად იქნა მოკლული".

    სიტყვაში "სამოსამართლო საქმის შესახებ" ციცერონმა ამხილა ვერესის თვითნებური, ფულით მოსყიდული "მართლმსაჯულება", საზოგადოებრივ თანამდებობათა გაყიდვა და მოსახლეობისგან ფულის გამოძალვის ფაქტები.

    როგორც ციცერონი შენიშნავს, სიცილიის პროვინციის მიღებისთანავე ვერესი ეთათბირა თავის მეგობრებს, თუ რა საშუალებებით მოხერხდებოდა ერთი წლის განმავლობაში ამ პროვინციიდან რაც შეიძლება მეტი სიმდიდრის ამოქაჩვა. რომაელები მისი სახელის წარმომავლობის მიხედვით (მუკკუკუ ლათინურად გამოგვას ნიშნავს) არცთუ უსაფუძვლოდ აცხადებდნენ, რომ ვერესი სიცილიისათვის ნამდვილი "ცოცხი" იქნებაო.

    ციცერონი ვერესს ასეთი კითხვით მიმართავს: "რომელ სახლში, რომელ ქალაქში, ბოლოს, რომელ ტაძარში შესულხარ შენ ისე, რომ იქაურობა მთლიანად არ გამოგეგავოს და არ გაგეფცქვნას?"

    სიცილიის მოსახლეობის მდიდარ ნაწილს ვერესი ცენზს უმცირებდა, ღარიბებს კი უდიდებდა. "ამიტომ, - აღნიშნავს ციცერონი, - გადასახადთა ასეთი განაწილებით უბრალო ხალხი ისე ძლიერ ყოფილა შეწუხებული, რომ, თუმცა ის დუმდა, მაგრამ თვითონ საქმის მდგომარეობა ღაღადებდა ამ ცენზის წინააღმდეგ. ვერესის თავხედობა იქამდეც კი მისულა, რომ საკუთარი ქანდაკების დადგმის საბაბით, სიცილიის ქალაქებისაგან გამოძალვის გზით, მას ორი მილიონი სესტრეცი შეუგროვებია."

    "მის პატივსაცემად, - გვიამბობს ციცერონი, - სირაკუზის მოედანზე დგას ტრიუმფალური თაღი, სადაც აღმართულია მისი ძის შიშველი ქანდაკება, თავად ვერესი კი ცხენზე ამხედრებული უცქერის თავისივე წყალობით გატიტვლებულ პროვინციას."

    ვერესს სიცილიიდან დიდი რაოდენობით გამოუზიდავს გამოძალვით შეძენილი ოქრო, ვერცხლი, სპილოს ძვალი, მეწამული ქსოვილები, ხალიჩები, დელოსური ნაკეთობანი, კორინთული ვაზები, ხორბალი, თაფლი და, რა თქმა უნდა, ყველაფერ ამაში ბაჟი არ გადაუხდია. ან კი როგორ გადაიხდიდა, თუკი ყველაფერი ძარცვით ჰქონდა შეძენილი. ამის შემდეგ საკვირველი არ უნდა იყოს, რომ ვერესისადმი სიცილიელები დაუფარავ სიძულვილს ამჟღავნებდნენ, რომლის გამოვლინებაც ის იყო, რომ საჯარო ადგილებში დადგმული ვერესის ქანდაკებები მოსახლეობის მიერ იქნა დამხობილი.

    (დასასრული "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter