სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    20.04.2017

    ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორ-ურბანისტი, პაპუნა ძიძიგური, არქიტექტორ-ურბანისტი

    საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის სექტემბერში დეკლარირებული სივრცითი მოწყობის კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მართლაც, სად - ქუთაისში თუ თბილისში - უნდა ყალიბდებოდეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საკანონმდებლო კონსტრუქცია? აქვს თუ არა ამ საკითხს პოლიტიკური თუ პრაქტიკული მნიშვნელობა? რა სურათია ამ მხრივ მსოფლიოში? ეს კითხვები არ არის რიტორიკული. ჩვენ შევეცდებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

    "დედაქალაქი - სახელმწიფოს ან სხვა ადმინისტრაციული ტერიტორიის (ოლქის, პროვინციის, ავტონომიური ერთეულის) მთავარი ქალაქია, სადაც, როგორც წესი, განლაგებულია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები: პრეზიდენტის, მონარქის, გუბერნატორის რეზიდენცია, პარლამენტი, ცენტრალური სამინისტროები და უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასამართლო და სხვა" - ჩვენ ამ ჩამონათვალს დავუმატებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

    მსოფლიო პრაქტიკაში აღინიშნება რამდენიმე გამონაკლისი. ისინი, როგორც წესი, კონკრეტული ქვეყნის ისტორიულად ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. ამ მხრივ, ერთი შეხედვით, ყველაზე უჩვეულო მაგალითი ნიდერლანდებია (ნიდერლანდების სამეფოს ძირითადი ნაწილი), რომლის ოფიციალური, კონსტიტუციით დადგენილი დედაქალაქი - ამსტერდამია, ხოლო სამეფო კარის, პარლამენტისა და მთავრობის ადგილსამყოფელი - ჰააგა. საელჩოები ამ ორ ქალაქს შორისაა გადანაწილებული. ასეთ პარადოქსულ სურათს ისტორიული ტრადიცია ხსნის.

    საქმე ისაა, რომ "ნაპოლეონისეული ომების" ეპოქის შემდეგ, გამარჯვებული კოალიციის ძალისხმევის შედეგად, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, დასავლეთ ევროპის რუკაზე გაჩნდა ახალი სახელმწიფო - "ნიდერლადების გაერთიანებული სამეფო" (არაოფიციალური სახელწოდება), რომელმაც 1815-1830 წლებში იარსება. ამ სახელმწიფოში საკუთრივ ნიდერლანდები და საფრანგეთს ძალით ჩამოცილებული ბელგია შევიდა. უკმაყოფილო ბელგიელების დასამშვიდებლად, ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქის სტატუსი ნიდერლანდურ ამსტერდამსა და ბელგიურ ბრიუსელს მონაცვლეობით, ორწლიანი პერიოდულობით, ერგებოდა; მთავრობა კი მეტ-ნაკლებად "ნეიტრალურ" ჰააგაში იჯდა. რევოლუციის შედეგად ბელგიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ (1839 წ), საკუთრივ ნიდერლანდების ხელისუფლების ადგილსამყოფლის სქემა დღემდე შენარჩუნდა.

    ერთი შეხედვით, კიდევ უფრო უცნაური ჩანს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების შტოების ტერიტორიული განაწილება: პრეტორიაში - მთავრობა, კეიპტაუნში - პარლამენტი, ბლუმფოინტეინში - უზენაესი სასამართლო. სამივე ქალაქი დედაქალაქად ითვლება; ამასთან, "მთავარ" ადმინისტრაციულ დედაქალაქად პრეტორიაა აღიარებული. ამგვარი სახელისუფლებო "სამკუთხედის" შექმნასაც თავისი ისტორია გააჩნია. საქმე ისაა, რომ დღევანდელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ადრე კონფედერაციულ სახელმწიფოს - სამხრეთაფრიკულ კავშირს წარმოადგენდა; მასში შესული იყო დიდი ბრიტანეთის სამფლობელოები (დედაქალაქი - კეიპტაუნი), ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო (დედაქალაქი - ბლუმფოინტეინი) და სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკა, ანუ ტრანსვაალი (დედაქალაქი - პრეტორია). ამ სახელმწიფოების გაერთიანების ერთ-ერთი პირობა სწორედ დედაქალაქის ფუნქციების სამ სუბიექტს შორის განაწილება იყო.

    როგორც ითქვა, ეს გამონაკლისებია. კანონზომიერება კი ასეთია - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია. იმ საზოგადოებებში, სადაც კანონი აბსოლუტური ფასეულობაა, ამგვარი კავშირი აშკარად, ფიზიკურად მჟღავნდება - ხანდახან ჩვენი ცნობიერებისთვის პარადოქსული ფორმალობითაც კი. ასე მაგალითად, ნაკლებადაა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13-ჯერ გამოიცვალა დედაქალაქი - ამგვარ დროებით პატივს 9 ქალაქი ეღირსა, სანამ 1800 წელს, საბოლოოდ, დედაქალაქი ვაშინგტონში დაიდებდა ბინას. ქვემოთ მოყვანილია აშშ-ის ისტორიული დედაქალაქების შთამბეჭდავი ჩამონათვალი:

    - ფილადელფია (პენსილვანია) - 1774 წლის 5 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე, შემდეგ 1775 წლის 10 მაისიდან 1776 წლის 12 დეკემბრამდე;

    - ბალტიმორი (მერილენდი) - 1776 წლის 20 დეკემბრიდან 1777 წლის 27 თებერვლამდე;

    - ფილადელფია (პენსილვანია) - 1777 წლის 4 მარტიდან 1777 წლის 18 სექტემბრამდე;

    - ლანკასტერი (პენსილვანია) - 1777 წლის 27 სექტემბერი - მხოლოდ ერთი დღე;

    - იორკი (პენსილვანია); 1777 წლის 30 სექტემბრიდან 1778 წლის 27 ივნისამდე;

    - ფილადელფია (პენსილვანია) - 1778 წლის 2 ივლისიდან 1783 წლის 21 ივნისამდე;

    - პრინსტონი (ნიუ-ჯერსი) - 1783 წლის 30 ივნისიდან 1783 წლის 4 ნოემბრამდე;

    - ანაპოლისი (მერილენდი) - 1783 წლის 26 ნოემბრიდან 1784 წლის 19 აგვისტომდე;

    - ტრენტონი (ნიუ-ჯერსი) - 1784 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1784 წლის 24 დეკემბრამდე;

    - ნიუ-იორკი (ნიუ-იორკი) - 1785 წლის 11 იანვრიდან 1790 წლის 12 აგვისტომდე;

    - ფილადელფია (პენსილვანია) - 1790 წლის 6 დეკემბრიდან 1800 წლის 14 მაისამდე;

    - ვაშინგტონი (კოლუმბიის ოლქი) - 1800 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე.

    დედაქალაქის ასეთი ადგილმონაცვლეობა, თავისთავად, არამც და არამც არ იყო რომელიმე ამბიციური ლიდერის ან პოლიტიკოსთა ჯგუფის ახირება. მოქმედებდა შეუვალი პრინციპი - დედაქალაქია ის ქალაქი, სადაც, დროის მოცემულ მომენტში, თავის ფუნქციებს აღასრულებს ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო. ყქ||| საუკუნის მეოთხე მეოთხედში კი აშშ-ის ისტორიაში მეტად დრამატული, "ტურბულენტური" პერიოდი იყო. ცენტრალურ საკანონმდებლო ხელისუფლებას, სამხედრო-პოლიტიკური მიზეზების გამო, ხშირად უხდებოდა გადაადგილება და ეს გარემოება ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის ამგვარად გაცნობიერებული დედაქალაქის ადგილმდებარეობის ხშირ ცვლაზეც აისახა.

    საგულისხმოა, რომ აშშ-ს კონსტიტუცია (1787 წ) საერთოდ არ იხსენიებს ქვეყნის დედაქალაქს; მოგვიანებით, 1790 წელს კონგრესმა დაადგინა ახალი დედაქალაქის მშენებლობა, რომლის ადგილმდებარეობა შეარჩია აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა - ჯორჯ ვაშინგტონმა - დედაქალაქობაზე ფილადელფიისა და ნიუ იორკის პრეტენზიების გასანეიტრალებლად.

    საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის გარემოებების, მოვლენებისა თუ პროცესების პროეცირება საქართველოს რეალობაზე, ჩვენეული თავისებურებების გაუთვალისწინებლად, გაუმართლებელია. ეს, უწინარესად, საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკამათო თემად ქცეულ პოლიტიკურ სპეკულაციებსაც ეხება. ამ მხრივ, ანგარიშგასაწევია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში აშკარად გამოიკვეთა თბილისის სადედაქალაქო ფუნქციების ტერიტორიული გაფანტვის ტენდენცია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმშია განწესებული; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2008-დან 2014 წლამდე (დედაქალაქში დაბრუნებამდე) ქუთაისში მუშაობდა; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი" თბილისსა და მცხეთას შორის, წინა ხელისუფლების "ბრძნული" გადაწყვეტილების შედეგად, ბურიდანის სახედრის მდგომარეობაშია ჩაყენებული; და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ბევრი უხერხულობა შექმნა.

    საგულისხმოა ის პოლიტიკური "შეფუთვა", რომლითაც ქართულ საზოგადოებას აწვდიდნენ პარლამენტის ქუთაისში გადატანის ახირებას. ძირითად მოტივად სახელდებოდა ხელისუფლების ყბადაღებული დეცენტრალიზება და ქუთაისის აღორძინების სტიმულირება. პირველი არგუმენტი მტკნარი სიცრუეა - ვერ დავიჯერებ, რომ "ნაციონალების" ინტელექტუალურ ფრთას არ ესმოდა პრინციპული განსხვავება დეცენტრალიზებასა და დეკონცენტრაციას შორის. ასეთი პოლიტიკა რომ გაგრძელებულიყო, სულ მალე დავემსგავსებოდით ავადსახსენებელ კვაზისახელმწიფოს - ნაურუს, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, ოფიციალური დედაქალაქი საერთოდ რომ არ გააჩნია...

    რაც შეეხება ქუთაისის აღორძინებაში პარლამენტის როლს, ვკითხოთ ნებისმიერ ქუთაისელს, რა ურჩევნია - პარლამენტის გამორჩეული არქიტექტურითა და ცრუპრესტიჟულობით ტკბობა, თუ სადღეღამისო წყალმომარაგება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათანადო მართვა, შრომითი დასაქმება, სპორტულ-რეკრეაციული ობიექტებისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მომრავლება და სხვა ამგვარი, საყოველთაო საქალაქო ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები?

    რამდენიმე რიტორიკული კითხვაც: სად - ქუთაისში თუ თბილისში - უფრო ეფექტურია თითოეული დეპუტატის მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ქუთაისელი დეპუტატების გარდა? საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ხომ მხოლოდ ის არ არის, რაც ტელეეკრანზე, სასესიო დარბაზის ფონზე ჩანს. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ქუთაისი-თბილისის ავტომაგისტრალზე მაქოსებრ მოძრავი, კომპიუტერებად ქცეული დეპუტატები თუ სპეციალისტები? არ ყოფილა უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო დეპუტატების შუაგზიდან დაბრუნების შემთხვევა? იქნებ, ამ მომენტში ქვეყნისთვის გადამწყვეტი საკითხი იყო განსახილველი საქართველოს პარლამენტში? და ბოლოს, რა თანხა დაგვიჯდა ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, პარლამენტის ჯერ დაპროექტება-აშენება, შემდეგ მისი და "თბილისური პარლამენტის" შენახვა და დეპუტატებისა და პერსონალის ხარჯები? გვაქვს კი დღეს, ეკონომიკური სიძნელეების პერიოდში, ამ თანხის ფლანგვის უფლება?

    მთავარი მაინც ისაა, საიდან შევხედავთ პრობლემას - ქუთაისის გადმოსახედიდან თუ სრულიად საქართველოს ინტერესებიდან. თუ ახლანდელი ხელისუფლება, მიზეზთა გამო, ვერ ბედავს პარლამენტის საკუთარი ინიციატივით დედაქალაქში დაბრუნებას, დაეკითხოს მთელი საქართველოს მოქალაქეებს, თუნდაც რეფერენდუმის ჩატარების გზით.

    პარლამენტის თბილისში დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. ეს ბუნებრივი ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს კითხვას - რა ბედი ეწევა ქუთაისურ ნაპარლამენტარ ექსტრაორდინარულ შენობას? ცხადია, ის ვერ დარჩება ქართული ვოლუნტარიზმის ეპოქის არქიტექტურულ ძეგლად - უფუნქციო, მხოლოდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. "ანი"-ს მთქმელმა "ბანი"-ც უნდა თქვას. ამიტომ, ამთავითვე საჭიროა საზოგადოებრივი და პროფესიული დისკუსიის გაშლა, ერთგვარი იდეათა ბანკის შექმნა, რათა არ გავიმეოროთ კულუარული გადაწყვეტილებების ჩვენში ფეხმოკიდებული პრაქტიკა. ქვემოთ ერთ-ერთ ამგვარ იდეას ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებასა და ქვეყნის ხელისუფლებას.

    პირდაპირ ვიტყვით: პარლამენტის კომპლექსის ბაზაზე (შენობები და მიწის ნაკვეთი), საფუძვლიანი მელიორაციის საჭიროების გათვალისწინებით, მოვიაზრებთ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებას.

    საქმე ისაა, რომ ადრე ჩატარებულ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის კამპუსის ადგილად "ქუთაისთან ახლოს, მუხნარის ტყეში" არსებული ტერიტორია მოიაზრებოდა. უნივერსიტეტის არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტი სრულად დამუშავებული ჯერჯერობით არ უნდა იყოს. ამიტომ დაგვიანებულად არ მიგვაჩნია უნივერსიტეტისთვის ალტერნატიული ადგილის განხილვა.

    რაში მდგომარეობს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტის სიკეთე და უპირატესობა?

    - დიდი ტერიტორიული რესურსები - საკუთრივ პარლამენტისა და მიმდებარე საკადასტრო ნაკვეთები ჯამურად შეადგენს 114,6 ჰექტარს;

    - ყველა ნაკვეთი სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;

    - მძლავრი სატანსპორტო-საინჟინრო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა - საავტომობილო მაგისტრალი ქუთაისი - ხონი - სამტრედიის (ქუთაისის აეროპორტის გავლით) და ქუთაისი - წყალტუბოს საავტომობილო გზები, რკინიგზის ტოტი ქუთაისი - წყალტუბო; ქალაქის არსებული საინჟინრო ქსელები;

    - ქუთაისის საავტომობილო ქარხანასთან სიახლოვე, რომელიც ტექნოლოგიური ინსტიტუტის საწარმოო ბაზის ფუნქციითაც შეიძლება განვიხილოთ;

    - რაც მთავარია, ნაცვლად ქალაქს მოშორებულ "მუხნარის ტყისა", გვექნება ქალაქის ქსოვილში ინტეგრირებული, ფუნქციურად აქტიური კომპლექსი, სადაც ყოფილი პარლამენტისა და არსებული დამხმარე შენობები თავისუფლად შეითავსებს დიდ მრავალფუნქციურ დარბაზს, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს, კვლევით ცენტრებს, ბიბლიოთეკას, კაფე-სასადილოსა და სხვა ობიექტებს. სხვათა შორის, რუმინელი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს პირადი სურვილით აშენებულ პარლამენტში, საკუთრივ პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, განთავსებულია რამდენიმე უნივერსიტეტის ფილიალები, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბიბლიოთეკები და რესტორნები. ასე რომ, პარლამენტის ქუთაისური შენობაც ფუნქციურად შეივსება - ეს ადაპტაციის საქმეა. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ წინა საუკუნის 70-იან წლებში, სწორედ ამ ტერიტორიაზე, იყო დაგეგმილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალის მშენებლობა;

    ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაპროექტების პროცესში გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი პირობები:

    - გადაწყვეტილება შესაჯერებელია ქუთაისის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციასთან, რომლის დამუშავება ახლა იწყება;

    - გამოსაცხადებელია ღია, ორტურიანი საერთაშორისო არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონკურსი;

    - სტუდენტური კამპუსის განვითარებული სასპორტო-სარეკრეაციო და სოციალურ-კულტურული ზონები ორიენტირებული უნდა იყოს არა მარტო სტუდენტების, არამედ ქუთაისელი ახალგაზრდების მომსახურებაზეც.

    არსებითია, რომ ეს შემოთავაზება ბოლოს დაუდებს პოპულისტ პოლიტიკოსთა მხრიდან ქუთაისის "დაჩაგვრის" თემით სპეკულირებას და დიდ ფინანსურ ეკონომიას მოუტანს ქვეყანას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter