სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს
    მოსაზრება
    24.05.2017

    ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი,მამუკა გიორგაძე, მიხეილჯიბუტი

    ბატონო ირაკლი, ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით "რატომ უნდა გაიყიდოს საქართველოს მიწა უცხოელებზე"? შეკითხვასთან ერთად გაახლეთ განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:

    1. საქართველოში კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოელთა ხელში.

    2. დღევანდელი საქართველო უკიდურესად ღატაკია. ოჯახთა 1/6 ვალით იკვებება. საქართველოში ჯერ კიდევ შიმშლით იღუპებიან ბავშვები. ამიტომ თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის წინაშე, გარდა საკვებით უზრუნველყოფისა, დგას მრავალი ცდუნება - უძრავი ქონების, მათ შორის - მიწის, ტოტალურად გაყიდვისა. მაქსიმუმ ორ თაობაში ყველა ქართველი ოჯახი იძულებული იქნება, თავისი წევრის გადასარჩენად გაყიდოს თავისი მიწა.

    3. არის ზოგადი ინტერესი მეზობელი ქვეყნებისა საქართველოს დემოგრაფიული ათვისების მიმართულებით (საქართველო არც ერთ მათგანთან კონკურენტუნარიანი არ არის).

    4. არის რუსეთის სპეციალური (სტრატეგიული) ინტერესი საქართველოში მიწის მოპოვებისა და თავის მომხრე ეთნიკური ანკლავების შექმნის მიმართულებით. მასთან მიმართებაშიც საქართველო არაკონკურენტუნარიანია.

    მაშინვე დაგისახელეთ რამდენიმე ძირითადი მოტივი საქართველოს მმართველი ჯგუფების, მათ შორის, ხელისუფლების დაინტერესებისა მიწის უცხოელებზე გაყიდვაში. ყველა ჩამოთვლილი მოტივი კრიმინალურია. მათ განმეორებას წინამდებარე მიმართვაში ზედმეტად ვრაცხთ.

    თქვენგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოთქვით აზრი, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას ჩვენს სახელმწიფოს აიძულებს ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 5 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიწის უცხოელებზე გაყიდვის უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს არსებულ კონსტიტუციას.

    უცხოელებზე მთლიანი გაყიდვისაგან თქვენი განცხადების შესახებ, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ შემდეგს:

    დღეს თქვენ შეგიძლიათ, ცალსახად ამხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი და ამ სასამართლოს პლენუმის წევრები, როგორც მოქალაქენი, იმაში, რომ მათ მიერ ერთხმად მიღებული 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/512, რომელმაც დააკანონა შეზღუდვების მოხსნა უცხოელებისათვის საქართველოს მიწის გაყიდვაზე, არის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბება კონსტიტუციის ფორმულირებათა აზრისა, ერთი მხრივ, კორუფციულ მიზანთა მქონე შინაგანი და გარეგანი ძალების სასარგებლოდ და, მეორე მხრივ, საქართველოს მიმართ მტრულ გარეშე ძალთა სასარგებლოდ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალურად გ. პაპუაშვილის მხილებისა მის მიერ სახელმწიფოს ინტერესთა პირდაპირ ღალატში რუსეთის სასარგებლოდ სხვა, მიწასთან არდაკავშირებულ ეპიზოდში.

    პლენუმის მიერ მიღებულ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მიზანმიმართული გაყალბების პუნქტები შემდეგია:

    1. გადაწყვეტილება არის კრიმინალური, შეგნებულად ყალბი დებულებების მომცველი და ანტისახელმწიფოებრივი მიზნისკენ მიმართული. დოკუმენტის შემქმნელნი და მიმღებნი შეგნებულად ატყუებენ სახელმწიფოსა და მოსახლეობას, თითქოს კონსტიტუციის სიტყვები, "დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების უფლების გაუქმება" (მუხლი 21, #1) გულისხმობს კონკრეტული პირისათვის კონკრეტული მიწის წართმევას. ამ თემას ეს მუხლი არ ეხება. სინამდვილეში, იგი კრძალავს მხოლოდ საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების, მოხსნის საკანონმდებლო აქტს. კონსტიტუციაში ამ მუხლის გაუქმება დაუშვებელია. ეს სიტყვები, "საკუთრების გაუქმება", სწორედ ამ შინაარსით იხმარება დემოკრატიული განვითარების ზოგადი თემისადმი მიძღვნილ ურიცხვ თანამედროვე დოკუმენტში.

    ეს ყოვლად უსირცხვილო სიცრუე მხოლოდ იმიტომ შეიძლება გადიოდეს ჩვენს სახელმწიფოში, რომ საქართველის მიწის მთელი მასშტაბით მიტაცების დივერსიული გეგმა 2012 წელს, როცა ხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს, დივერსიული სახელმწიფო მანქანის პრიორიტეტული მიზანი იყო. სინამდვილეში, ციტირებული ფორმულირება ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: საქართველოს კანონმდებლობაში საკუთრების უფლების ამოღება დაუშვებელია.

    2. იგივე სუბიექტები შეგნებულად ატყუებენ იმავე აუდიტორიას (სახელმწიფოსა და საზოგადოებას), როცა უმალავენ, რომ საგნის იძულებითი გადაყვანა ინდივიდის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში (მუხლი 21, #3) არ არის საკუთრების წართმევა. წართმევა იგი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ახლავს ყოფილი მესაკუთრეებისათვის ადეკვატური ფულადი კომპენსაციის გადახდა.

    3. დაბოლოს, ყველაზე უსირცხვილო, ცინიკური ელემენტი პლენუმის გადაწყვეტილებისა არის განცხადება, რომ იგი "ვერ ხედავს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას" (მუხლი 21, #1), რომ დაიცვას საქართველოს მოსახლეობა, ერის მომავალი მისი მთავარი საარსებო ბაზის - მიწის - ტოტალურად გადასვლისაგან უცხოელთა საკუთრებაში. ამ ცინიკურ, ასე ვთქვათ, "თეორიულ" დებულებას თან სდევს პრაქტიკული კრიმინალი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არ ცნო საჭიროდ ექსპერტიზის დანიშვნა იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რა არის პერსპექტივაში ამ მასობრივი პროცესის ეკონომიკური, სტრატეგიული, სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები.

    ეს ფაქტი ნათლად მოწმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სახით საქართველოში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც, ფაქტობრივად, შეთქმულებაში იმყოფება საქართველოსა და მისი ყველაზე უფრო სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ.

    წინამდებარე მომართვა არის ჩვენი ცდა, რომ ამ ჯგუფისაგან საქართველოს დახსნის რაციონალური, ფაქტობრივი მასალების სიუხვით შემაგრებული გზა შემოგთავაზოთ და გირჩიოთ. თუ თქვენ ამ რჩევას უარყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე მიზნისათვის უფრო რაციონალური გზა გეგულებათ. ის, რომ თქვენ ასეთ გზას არ ასახელებთ (სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას კი ახსენებთ, როგორც გადაულახავ დაბრკოლებას მიწის სწორი კანონმდებლობითი განკარგვის საქმეში), ლოგიკურად ნიშნავს, თქვენ კაპიტულაციისთვის, მტერთა შეთქმულებისათვის სრული დათმობისთვის განწყობილი ბრძანდებით.

    რაც შეეხება პაპუაშვილის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს პირდაპირ ღალატს რუსეთის სასარგებლოდ, ამის საილუსტრაციოდ გისახელებთ შემდეგ ფაქტს:

    გ. პაპუაშვილმა ევროპულ პრესაში მოათავსა წერილი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ, სადაც ჩართულია მიზანმიმართული სიცრუე, თითქოს ამ კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულ იქნა 1921 წლის 17 მაისს. აი, მისი ტექსტი: "ვუაუფეუვ ინ იწდთრუმშლ კგთთშფ, ერუ დფთე ქუუეშტპ წა ერუ სწტთეშეგუტე ფთთუქიდნ წა ერუ შტვუზუტვუტე კუზგიდშს წა პუწკპშფ ცფთ რუდვ წტ ქფკსრ 17, 1921 ფტვ ერუ ფთთუქიდნ ზფფთუვ ფ ვუსკუუ ეუქზწკფკნ თგთზუტვშტპ ერუ წზუკფეშწტ წა ერუ პუწკპშფტ სწტთეშეგეშწტ" ("ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამარცხებული, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება შეიკრიბა თავის უკანასკნელ შეკრებაზე 17 მარტს, 1921 წელს და მიიღო დეკრეტი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების დროებითი შეჩერების შესახებ").

    არაფერი მსგავსი არც ისტორიაში, არც მის შესახებ არსებულ რომელსამე პირდაპირ ან არაპირდაპირ წყაროში მითითებული არ არის. ამ დეზინფორმაციის წყაროდ სხვას ვერაფერს ვივარაუდებთ, გარდა რუსეთის ნებისა, რომელიც 1921 წლის პირველ ნახევარში ყველა საშუალებით ცდილობდა საქართველოსა და მისი ხელისუფლებისაგან ოფიციალური კაპიტულაციის გამოძალვას; მათგანვე საქართველოს კონსტიტუციის გაუქმების ან შეჩერების გამოძალვას.

    სასამართლოს შემადგენლობაში მყოფ პიროვნებათა ეს დანაშაული მით უფრო მძიმეა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო საშიშროების ფაქტი მოსამართლეებს ეუწყათ პროცესში მონაწილე სტუდენტური "მეგობართა ჯგუფის" მიერ. იმავე შინაარსის დანაშაული აქვს იმ დროის პარლამენტს (თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი), რომელიც პროცესში მონაწილე იყო, როგორც მოპასუხე და აღნიშნულ თემაზე ექსპერტიზა არ მოითხოვა.

    რაც შეეხება 11 მაისის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწის გაყიდვის გზა საქართველოში ყველა შემთხვევაში დარჩება, რადგან ბანკები, სადაც უცხოეთის კაპიტალს წამყვანი მდგომარეობა აქვს, თვითონ გაყიდიან მასში იპოთეკის სახით ჩადებულ მიწებს, ისიც კაპიტულაციაა: თქვენ შეგიძლიათ და ვალდებული ბრძანდებით, რომ ბანკებსაც მიწის გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაუვრცელოთ.

    თქვენი ეს განცხადება მრავალმხრივი, მათ შორის, ფილოსოფიური (აქსიოლოგიური) არაინფორმირებულობის შედეგია: ადამიანიც და ერთმანეთზე გენუინური (ნაღდი) ემოციური კავშირებით მიბმული ჯგუფი, ფსიქოლოგიურად, თავისი ღირებულებათა სისტემით ცხოვრობს. ყოველ ინდივიდს, სოციალურ ჯგუფსა და ფენას, პოლიტორგანიზაციასა და ინსტიტუტს, თავისი ღირებულებათა სკალა აქვს. სახელმწიფოს პირველი ღირებულებაა (და, შესაბამისად, ვალდებულებაა) ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის მარადიულყოფა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა, მოცემულ საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და პერსპექტიული (სიცოცხლისუნარიანი) ქვეყნისა. თავისი ბანკების ბედი ან ინტერესი და თუნდ მსოფლიოსთან კეთილი ურთიერთობის ინტერესი, მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებთან სიამტკბილობის ინტერესი თავისი ღირებულებით ამ პირველი ღირებულების უკან დგას, ვერც ერთი მას ვერ შეეტოქება. ამ მარტივი ჭეშმარიტების უცოდინარობა ზოგადმოქალაქეობრივი და პოლიტიკური უმწიფრობის სინონიმია. ამიტომაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა მიზანმიმართული ღალატის ბრალდების რიდით, დააკანონოს, რომ ბანკებსაც, ისევე როგორც ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს საერთოდ, მათ ხელთ აღმოჩენილი მიწის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მიყიდვის უფლება აქვს.

    საქართველოს მიწა მისი სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მისი წიაღი და სხვა ბუნებრივი რესურსი და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები არის საქართველოს საარსებო ბაზა. ქართველი ერის შვილთა და საქართველოს ყველა მოქალაქის წმიდათაწმიდა ვალია, მომავალ თაობებს, დღეიდან უსასრულობამდე, საქართველოს ეს სიმდიდრე შეუნახოს შემცირების, ხარისხობრივი დაქვეითების, მასზე საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის კონტროლის საშუალებათა შესუსტების გარეშე.

    ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები მთლიანად, საქართველოს მიწის მიმართ და თავისი შთამომავლობის მიმართ ვერც ერთ ნაბიჯს, მიმართულს ზემოაღნიშნულ უფლებათა და მოვალეობათა შესუსტებისაკენ ვერ დაუშვებენ, თუ იგი არ იქნება მოტივირებული სტრატეგიული საჭიროებით და მოწონებული იქნება საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობით. უცხო მოქალაქესა და უცხო ძალაზე საქართველოს მიწის გამოსაყენებლად მიშვება, ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა გულისხმობდეს თავის ფორმად არა საკუთრებაში გადაცემას, არამედ გრძელვადიან (15-25-წლიან) იჯარას, რომელიც დატვირთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ყაზბეგის იაგო   (30.05.2017)
    ყოფილ და ახლანდელ ჩინოვნიკებს თაღლითურად პრივატიზებული აქვთ ჰექტრობით მიწის ნაკვეთები და გსამდიდრებლად მზად არიან ეშმაკსაც კი მიჰყიდონ. ასეთი გამყიდველი მოღალატეები ბევრნი არიან და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი უცხოელებზე მიწის გასხვისების დასაკანონებლად. თუ მთავრობა თქვენს არგუმენტირებულ რჩევებს არ გაითვალისწინებს მიიღებს საერთო სახალხო გამოსვლებს და გასაქცევად ექნებათ საქმე.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter