სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    31.05.2017

    ანზორ საკანდელიძე

    საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    1997 წელს მიღებულ და დღემდე მოქმედ, ანტიეროვნულ, კრიმინალურ საგადასახადო კოდექსს საფუძვლად უდევს ერთი საუკუნის წინ მსოფლიოს მიერ უარყოფილი, მაფიოზურ-ეკონომიკური კლანების ბატონობაზე, სამუშაო ადგილებისა და, შესაბამისად, საშუალო ფენის გაქრობაზე ორიენტირებული, ადამ სმიტისეული ულტრალიბერალურ-არარეგულირებადი საგადასახადო სისტემის მოდელი. საგადასახადო განაკვეთები ერთნაირია როგორც მეწარმეობის 3 ძირითადი ფორმისათვის (მცირე, საშუალო, მსხვილი), ისე ეკონომიკის 3 ძირითადი დარგისათვის (მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება).

    ასეთმა ნიველირებულმა საგადასახადო პოლიტიკამ კატასტროფულად გაზარდა ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომლის მაჩვენებელი 2012 წელს, მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, იყო 72%. უმძიმეს კრიზისშია მეწარმეობის სამივე ფორმა და ეკონომიკის სამივე დარგი, მათ შორის, მცირე მეწარმეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2006 წელს გააუქმეს მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი. ეს დარგი დღემდე მოქცეულია აბსოლუტურ საკანონმდებლო ვაკუუმში!

    მცირე მეწარმეობაში კრიზისი გაღვივდა მას შემდეგ, რაც 2003 წელს პარლამენტში დაამახინჯეს ჩვენ მიერ შეტანილი, ეკონომიკის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული კანონპროექტების პაკეტი და შემოიღეს ერთიანი, ე.წ. "მცირე ბიზნესის" გადასახადი წლიური ბრუნვის ერთნაირი 5%-იანი მაჩვენებლით. თანაც ამ გადასახადის გამოყენების არეალი შეზღუდეს წლიური ბრუნვის 100 000 ლარამდე. ევროსაბჭოსა და, შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციებითა და სტანდარტებით ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 10 მილიონი ევრო, ანუ დაახლოებით 250-ჯერ მეტი!

    ცხადია, ამ არანორმალურმა საგადასახადო ნორმამ არ იმუშავა, კანონი გამოდგა მკვდრად შობილი და 1 წლის შემდეგ გააუქმეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მცირე მეწარმეობის მრეწველობის, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებისათვის ცალ-ცალკე დაგვემუშავებინა გადასახადები და დავიწყეთ ვაჭრობის სფეროსთვის დაწერილი კანონპროექტით - "ორგანიზებული ვაჭრობის მიკრო, მცირე, საშუალო და არაორგანიზებული გარევაჭრობის მეწარმეებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ". იგი 2006 წლის 8 ნოემბერს შევიტანეთ პარლამენტში. აქედან იწყება და დღემდე გრძელდება ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ბრძოლა ამ ერთგვერდიანი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებელია როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეობის ლეგალური არსებობისათვის.

    ვინაიდან ზურაბ ნოღაიდელი, როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში იყო მცირე მეწარმეობაში ფიქსირებული გადასახადების შემოღების სასტიკი წინააღმდეგი, ამ კანონპროექტს არ აღირსეს საპარლამენტო განხილვა. მას შემდეგ, რაც ქართული მცირე მეწარმეობის დაუძინებელი მტერი პოლიტიკიდან წავიდა, 2010 წლის 25 სექტემბერს, მცირე მეწარმეობის სხვა კანონპროექტებთან ერთად, ეს კანონპროექტი კვლავ შევიტანეთ პარლამენტში და კვლავ გაწბილებული დავრჩით.

    2012 წლის 10 დეკემბერს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, კანონპროექტთან ერთად, ჩვენ მიერ დამუშავებული მცირე მეწარმეობის მთელი საკანონმდებლო პაკეტი ოფიციალურად გავუგზავნეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს, რომელმაც ყოველგვარი რეაქციის გარეშე გაატარა ეს ყველაფერი. არადა, მის პოლიტიკურ პარტიასთან ("კონსერვატორები") ჩვენს ასოციაციას მცირე მეწარმეობის ახალი კანონების მიღებაზე 2005 წლის 20 იანვარს გაფორმებული აქვს ოფიციალური მემორანდუმი და ამ მემორანდუმზე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ზვიად ძიძიგურს ხელი აქვს მოწერილი!

    მოკლედ, 10 წელიწადზე მეტია, გრძელდება ჯერ ნაციონალებისა და შემდეგ მათთან გადაჯაჭვულ-კოჰაბიტირებული პოლიტიკოსების აბსოლუტური იგნორირება ამ კანონპროექტისა, რომელიც მოაწესრიგებს და წერტილს დაუსვამს ვაჭრობის სფეროს ათასობით მცირე მეწარმეების ტანჯვა-წვალებას, აყრას, ქუჩა-ქუჩა წოწიალს, ათასგვარი შეურაცხყოფის ატანასა და ნერვების გლეჯას.

    ეს 10-წლიანი ნაომარი კანონპროექტიც თავისი განმარტებითი ბარათით ახლა უკვე მეოთხედ შეგვაქვს პარლამენტში და კვლავ იგნორირების შემთხვევაში, ვპირდებით ხელისუფლებას, რომ გვერდში დავიყენებთ ნაწამებ ათასობით მცირე მეწარმეს და ვამხელთ მათ ქმედებას:

    "ეს კანონი ვრცელდება ორგანიზებული ვაჭრობის მიკრო (წლიური ბრუნვა 100 000 ლარამდე), მცირე (წლიური ბრუნვა 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე), საშუალო (წლიური ბრუნვა 500 000 ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე) და არაორგანიზებული გარევაჭრობის მეწარმეებზე. ორგანიზებული ვაჭრობის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის აღდგენილ იქნას მცირე ბიზნესის ერთადერთი პროცენტული ფიქსირებული გადასახადი ბრუნვიდან. მცირე ბიზნესის გადასახადით დაბეგვრა მოხდეს კვარტალში ერთხელ, კვარტლის ბოლოს. მცირე ბიზნესის გადასახადი იანგარიშება კვარტალური ბრუნვის ფიქსირებული პროცენტებით შემდეგი წესით: 25 ათას ლარამდე კვარტალური ბრუნვის დროს ფიქსირებული გადასახადი იქნება ბრუნვის 1%. 25 ათასი ლარიდან 125 ათას ლარამდე კვარტალური ბრუნვის დროს ფიქსირებული გადასახადი იქნება 250 ლარი პლუს 25 ათას ლარზე ნამატი ბრუნვის 2%. 125 ათასი ლარიდან 375 ათას ლარამდე კვარტალური ბრუნვის დროს ფიქსირებული გადასახადი იქნება 2 250 ლარი პლუს 125 ათას ლარზე ნამატი ბრუნვის 3%. არაორგანიზებული გარე ვაჭრობის მეწარმეებისთვის შემოღებული იქნას გადასახადების გადახდა საგადასახადო ლიცენზიების მიყიდვით, რომლის წესს ადგენს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. მცირე ბიზნესის გადასახადი და საგადასახადო ლიცენზიები არის ადგილობრივი გადასახადები, რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებულ იქნას მცირე ბიზნესის გადსახადის ადგილობრივი კოეფიციენტები. მცირე ბიზნესის გადასახადის ადგილობრივ კოეფიციენტებს ადგენს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.

    მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებად დაყოფა შეესაბამება ევროსაბჭოს 1996 წლის რეკომენდაციებს. მცირე მეწარმეების წლიური ბრუნვა 500 ათასი ლარამდე და საშუალო მეწარმეების წლიური ბრუნვა 500 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. არაორგანიზებული გარევაჭრობის დაბეგვრისთვის საგადასახადო ლიცენზიების მიყიდვის მექანიზმის ამოქმედება მაქსიმალურად მოაწესრიგებს დღემდე ქაოსურად მოქმედ გარე ვაჭრობას, გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას და მისაღები იქნება როგორც ხელისუფლების, ისე მოვაჭრეებისთვის. ბრუნვის გაზრდასთან ერთად მეწარმეთა ფიქსირებული გადასახადები თანდათანობით რბილად იზრდება 1-დან 3%-მდე, ხოლო ბრუნვის შემცირებასთან ერთად ფიქსირებული გადასახადები თანდათანობით მცირდება 3-დან 1%-მდე. დაბეგვრის 1, 2 და 3 პროცენტი იქნება ერთგვარი კონსენსუსი მცირე მეწარმეებისა და ხელისუფლების მოთხოვნათა შეჯერებისთვის. მცირე ბიზნესისა და სალიცენზიო გადასახადები იქნება ადგილობრივი გადასახადები და, შესაბამისად, გახდება ადგილობრივი ბიუჯეტების შევსების დამატებითი მნიშვნელოვანი წყარო. ეს ხელს შეუწყობს საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაციის დაწყებასაც. მცირე ბიზნესის გადასახადის ადგილობრივი კოეფიციენტების შემოღებით საქართველოში ბოლო მოეღება იმ მანკიერ პრაქტიკას, როცა მცირე მეწარმეები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იბეგრებიან ერთნაირი გადასახადებით".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter