სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.06.2017

    რამაზ გახოკიძე

    ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი

    ყავა დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი.

    ყავის მოხმარება მე-9 საუკუნეში დაიწყო. იგი აღმოაჩინეს ეთიოპიაში, საიდანაც გავრცელდა იემენსა და ეგვიპტეში, ხოლო მე-15 საუკუნეში მოხვდა სპარსეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და თურქეთში, იქიდან კი - ევროპასა და ამერიკაში.

    ყავის რიტუალი მედიტაციის ნაირსახეობაა. როგორც კოფემანი ბალზაკი ამბობდა: "ფინჯანი ყავის შემდეგ ყველაფერი იწყებს ბობოქრობას, აზრები თავს იყრის, როგორც ძლიერი არმიის ბატალიონები ბრძოლის ველზე". ცნობილია, რომ იგი დღეში 50-მდე ფინჯან ყავას სვამდა, ესეც არ ჰყოფნიდა და მშრალ, დაფქულ ყავას ჭამდა.

    ყავას ამზადებენ მარადმწვანე ყავის ხის ნაყოფისგან. ნედლი ყავა შეიცავს ორი ათასზე მეტ ნივთიერებას. მშრალი ყავის მარცვლებში შედის შემდეგი ძირითადი კომპონენტები (პროცენტებში): კოფეინი - 0,7-2,5; ცილები - 9-19,2; ცხიმები - 9,4-18; საქაროზა - 4,2-11,8; მონოსაქარიდები - 0,17-0,65; უჯრედისი - 32,5-33,5; პენტოზანები - 5-7; ტანინი - 3,6-7,7; მინერალური ნივთიერებები - 3,7-4,5; ორგანული მჟავები: ქლოროგენის - 4-10,9, ლიმონის - 0,3, ღვინის - 0,4, ვაშლის - 0,3, მჟაუნის - 0,05, ყავის - 0,2. ნედლი ყავის სინესტეა 9-12%. გარდა ამისა, მზა მარცვლებში შედის ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ასევე მრავალი სასარგებლო მიკროელემენტი და ვიტამინი. ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს ჩვენი სისხლძარღვებისთვის აუცილებელი ზ ვიტამინის დღიური ნორმის 20%-ს. ყავის მოხალვისას ქიმიური შემცველობა მნიშვნელოვნად იცვლება.

    ყავის ყველაზე აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს კოფეინი - ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი. მასთან არის დაკავშირებული ყავის სარგებლობაც და ზიანიც. კოფეინის გავლენით ჰიპოფიზი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც, თავის მხრივ, გამოყოფს ადრენალინს. კოფეინი ხსნის კუნთების ტკივილს. ინგლისელი მედიკოსების აზრით, კოფეინი აუცილებელია ადამიანისთვის. რაციონიდან კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავა, ჩაი, შოკოლადი და ა.შ.) გამორიცხვით იზრდება თავის ტკივილისა და ნევროზების ალბათობა. ადამიანმა შეიძლება მიიღოს კოფეინის ის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს ორი ფინჯანი ყავა, სამი ფინჯანი ჩაი ან ნახევარი ფილა შავი შოკოლადი. ფინჯანი ყავა შეიცავს 80-დან 120 მგ-მდე კოფეინს. ყავაში კოფეინის შემცველობა აღწევს 1 500 მგ/ლ-ს. დღიურად შესაძლებელია 300-500 მგ კოფეინის მიღება. ყავის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებზე. კოფეინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქოზები, ეპილეფსია, არამოტივირებული აგრესია.

    ყავაში შემავალი ნივთიერებებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პოლიფენოლები, რომელთაც, ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო, ახასიათებს ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები. ანტიოქსიდანტების შესანარჩუნებლად ყავა არ უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე. ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს 1 000 მგ-მდე ანტიოქსიდანტებს, რაც დღიური ნორმის 25%-ს შეადგენს. ყავა ანტიოქსიდანტების შემცველობით აღემატება წითელ ღვინოს, მწვანე ჩაის, ხილსა და ბოსტნეულს. ყავაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას. ისინი გვიცავენ სიგარეტის ბოლისგან, ინფრაწითელი გამოსხივებისა და რადიაციისგან.

    ყავა ასტიმულირებს შემოქმედებით და ასოციაციურ აზროვნებას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ამაღლებს გამძლეობას სტრესებისა და დეპრესიის მიმართ. ყავა ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის - ბედნიერების ჰორმონის - გამოყოფას.

    ყავის მოხმარება ხელს უწყობს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკას. ეს დაკავშირებულია ქლოროგენისა და ყავის მჟავების შემცველობასთან. ეს ნივთიერებები აფერხებს ამილოიდური ცილის დაგროვებას, რაც იწვევს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. ყოველდღიურად ორი ფინჯანი ყავის მიღებით მცირდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსა და ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის განვითარების რისკის. ცნობილია, რომ მწეველებში საშარდე ბუშტის კიბოს რისკი იზრდება 7-ჯერ, ხოლო ყავის აქტიურ მომხმარებლებში ეს რისკი 43%-ით მცირდება.

    ყავის მოხმარება აფერხებს პარკინსონის დაავადების განვითარებასაც. პარკინსონის დაავადებისას იშლება ტვინის უჯრედები, რომლებიც იმუშავებს დოფამინს. დოფამინი პასუხისმგებელია ადამიანის მოძრაობის კოორდინაციაზე. ყავა ეწინააღმდეგება ამ პროცესს, რითაც აქვეითებს დაავადების რისკს.

    ყავა წარმოადგენს ისეთ დაავადებათა პროფილაქტიკის საშუალებას, როგორებიცაა: შაკიკი, ჰიპერტონია, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ასთმა, ათეროსკლეროზი, ინფარქტი. კოფეინის გავლენით ფართოვდება თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვები, რაც ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკაა.

    ყავა ეფექტური საშუალებაა მამაკაცთა რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. იგი ზრდის სპერმატოზოიდების აქტიურობას. ყავაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს კუჭის სეკრეციას - ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ეს თვისება სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი დაბალი მჟავიანობოთ. ყავა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

    ყავა ზრდის ანტიბიოტიკების ეფექტიანობას, გვიცავს ნიკრისის ქარისგან. ის გვეხმარება გახდომის პროცესშიც. დიეტის დაცვის დროს ყავა ხელს უწყობს ორგანიზმს, ენერგიის მისაღებად გამოიყენოს მხოლოდ ცხიმები. უშაქრო ყავა დარიჩინთან ერთად საუკეთესო საშუალებაა წონის დასაკლებად. ყავა, ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას.

    ყავის სასარგებლო თვისებები გამოიყენება მედიცინაში. კოფეინს ხმარობენ ნარკოტიკებითა და შხამებით მოწამვლის, ინფექციურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. კოფეინი მრავალი წამლის (ასკოფენი, ციტრამონი, ნოვოცეფალგინი და სხვ.) ძირითადი კომპონენტია.

    ყავის მავნე თვისებებიდან უნდა აღინიშნოს შემდეგი:

    - ნერვული აგზნებადობის დროს ყავას შეუძლია უძილობისა და ტაქიკარდიის პროვოცირება;

    - ძლიერი ყავის გადაჭარბებული მოხმარება უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, რადგან შეუძლია ჰიპერტონული კრიზის გამოწვევა;

    - ყავა ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას;

    - ყავის მიღება უნდა გამოირიცხოს თირკმლების დაავადებების, უძილობის, მომატებული აგზნებადობისა და გლაუკომის შემთხვევებში;

    - ყავის მიღება არ შეიძლება ბავშვებისთვის, რადგან იგი აფერხებს მოზარდის ზრდასა და განვითარებას;

    - სპეციალისტების აზრით, ყავა უარყოფითად მოქმედებს ორსულებზე. კოფეინი შედის რა პლაცენტასა და ნაყოფში, იმავე ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც დედაზე;

    - ყავას შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს სასარგებლო ელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და ი# და ი/ ვიტამინები. ყავას ორგანიზმიდან გამოაქვს კალციუმი და სხვა ელემენტები;

    - ყავა მოქმედებს კბილების ფერზე. შავი ყავის ხშირი მოხმარებით ყვითლდება კბილების ემალი. ნაყინთან ერთად ყავის მიღება ხელს უწყობს ემალის დაშლას ტემპერატურათა სხვაობის გამო;

    - ქალის მკერდის ზომის შემცირებას მეცნიერები უკავშირებენ ყავის ყოველდღიურ მოხმარებას;

    - ყავის დიდმა დოზამ შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა დარღვევა. მაგალითად, დადგენილია, რომ ყოველდღიურად ოთხი და მეტი ფინჯანი ყავის მიღება ორჯერ ზრდის რევმოართრიტის განვითარებას;

    - ყავის უზომო მოხმარება იწვევს ორგანიზმის გაჯერებას ესტროგენებით - ქალის სასქესო ჰორმონებით, რაც უარყოფითად აისახება მამაკაცურ პოტენციაზე. მათი შემცველობა ხსნად ყავაში უფრო მეტია, ვიდრე ნატურალურში. ასევე საჭიროა ყავისგან თავშეკავება პროსტატიტის შემთხვევაში;

    - კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, რომლებიც შვიდ და მეტ ფინჯან ყავას სვამდნენ, გააჩნდათ ჰალუცინაციების მაღალი რისკი. ამის მიზეზი ის არის, რომ კოფეინი ზრდის კორტიზონის - სტრესის ჰორმონის გამომუშავებას.

    კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის უძლიერესი სტიმულატორია, ამიტომ ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, ყავა უზმოზე არ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ხსნადი ყავა ხასიათდება მაღალი მჟავიანობით და ხშირად იწვევს ძმარვას, თუ მას რძის დამატების გარეშე მიიღებთ.

    ყავა აფერხებს მიკროელემენტების შეთვისებას, ამიტომ ყავის მოყვარულთათვის რეკომენდებულია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტების მიღება. ყოველდღიურად ოთხ ფინჯან ყავაზე მეტის მიღება ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ამიტომ, ორგანიზმიდან კალციუმისა და მიკროელემენტების გამორეცხვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კალციუმით მდიდარი პროდუქტების, მაგალითად, რძის მიღება.

    ყავას ახასიათებს შარდმდენი უნარი, ამიტომ კოფეინშემცველ პროდუქტებს უნდა დააყოლოთ ერთი ჭიქა წყალი დაკარგული სითხის შესავსებად. რადგან კოფეინი აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ამიტომ ყავა უნდა მიიღოთ ორცხობილასა და ნამცხვართან ერთად. კარგია ყავის მიღება ლიმონთან ერთად. ლიმონის მჟავა ნაწილობრივ ანეიტრალებს კოფეინს.

    თავის დაზღვევის მიზნით უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლოვან ყავას, ვიდრე ხსნადს, რითაც შეგიძლიათ აიცილოთ სხვადასხვა არომატული დანამატის ზემოქმედება. რაც უფრო ნაკლებად არის მოხალული ყავა, მით უფრო ნაკლები რაოდენობით შეიცავს ბენზპირენის ფისსა და სხვა კანცეროგენებს.

    ხსნადი ყავა, ნატურალურ მოხარშულ ყავასთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით შეიცავს კოფეინს (ერთი ჩაის კოვზ ყავაში 27 მგ კოფეინია). ხსნადი ყავის ნაკლი ის არის, რომ იგი შეიცავს აკრილამიდს - კანცეროგენურ ნივთიერებას, რომელიც ნერვულ სისტემასაც აზიანებს. აკრილამიდის გარდა ხსნადი ყავა შეიცავს ოქსალატებს, რომლებიც განსაკუთრებით საზიანოა ღვიძლის დაავადებისთვის. უფრო სასარგებლოა ნატურალური მოხარშული ყავის ზომიერად მიღება. იგი შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, მავნე ნივთიერებებს კი - ნაკლები რაოდენობით.

    ახლახან ყავაში აღმოჩნდა კიდევ ერთი შხამიანი ნივთიერება - ჰიდროქსიმეთილფურფუროლი, რომელიც წარმოიქმნება გაცხელებისას. მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ/კგ-ს. მოხალულ ყავაში მისმა შემცველობამ შეიძლება მიაღწიოს 2 000 მგ/კგ-ს, ხსნად ყავაში კი - უფრო მეტს. მკითხველი უნდა დავამშვიდოთ, რადგან ყავის მარცვლების კანი და ყავის ნალექი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მწვანე ჩაის ექსტრატი ან ს ვიტამინი. ყავაში შედის მელანოიდინები - ნივთიერებები, რომლებიც ყავას დამახასიათებელ ფერს ანიჭებს მოხალვისას და მავნე მიკრობებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, ყავაში აღმოჩენილია ახალი ნახშირწყლები (მათი შემცველობა ხსნად ყავაში 60%-ით მეტია, ვიდრე ახალმომზადებულში). ისინი ხელს უწყობენ სპეციალური მიკრობების - ბაქტეროიდების ზრდას, რომლებიც აუმჯობესებენ კალციუმის შეთვისებას, გამოყოფენ ფ ვიტამინს და მსხვილი ნაწლავის უჯრედებს იცავენ ავთვისებიანი სიმსივნისგან.

    ხსნადი ყავის ყველაზე ხარისხიან სახეს წარმოადგენს სუბლიმირებული ყავა, რომელსაც აწარმოებენ "გაყინვითი შრობის" (ფრიზ-დრაიდ) საშუალებით. ამ შემთხვევაში სქელი გაყინული ყავის ნახარშს აუწყლოვებენ ვაკუუმის საშუალებით, რის შედეგად ყავა ინარჩუნებს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას და უფრო ფაქიზი არომატი და გემო გააჩნია, ვიდრე ხსნადი ყავის სხვა სახეობებს.

    ჩვეულებრივი ყავისგან განსხვავებით, მწვანე ყავის მისაღებად მარცვლებს არ ხალავენ. თვლიან, რომ ასეთი ყავა, ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, უფრო სასარგებლოა, ახასიათებს უფრო გამოხატული მასტიმულირებელი თვისებები. მოხალვისას ნივთიერებათა ნაწილი იშლება.

    მწვანე ყავა (მიხაკ-დარიჩინსა და კოჭასთან ერთად) ხელს უწყობს წონაში კლებას, ასწორებს ნაოჭებს, სწრაფად წვავს ცხიმს. მწვანე ყავა კოჭასთან ერთად წამოადუღეთ, დაუმატეთ დარიჩინი და დღეში ორი ფინჯანი მიირთვით (შეგიძლიათ მიიღოთ 3-4-ჯერაც).

    როგორც ყველა პროდუქტი, ყავაც არ არის დაზღვეული ფალსიფიცირებისგან. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხარისხიანი პროდუქტის ნაცვლად ხშირად სუროგატს აწარმოებენ. ყავის ფალსიფიცირება შესაძლებელია მაღალი ხარისხის ყავის პარკებში დაბალი ხარისხის ყავის, ქერის ან ხორბლის შერევით. ასევე იყენებენ ძირხვენების (ვარდკაჭაჭა, ჭარხალი, სტაფილო, ბაბუაწვერა) სუროგატებსა და თიხასაც კი.

    ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ განვასხვავოთ ნატურალური ყავა ნაყალბევისგან:

    - პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ყავის სპეციფიკურ სუნს;

    - რამდენიმე მარცვალი ჩაყარეთ ცივ წყალში და მოურიეთ. ნატურალური ყავა ოდნავ დაიბერება და წყალი შეიფერება, ფალსიფიცირებული კი ფსკერზე ნალექს წარმოქმნის;

    - მარცვალი შუაზე გაჭერით. ნატურალური ყავის შემთხვევაში გადანაჭერზე ნათლად შეიმჩნევა ყავის მსხვილი გარსი და ბირთვი;

    - ცივ წყალში ჩაყარეთ ერთი კოვზი დაფქული ყავა. ვარდკაჭაჭას შემცველობის შემთხვევაში წყალი ყავისფრად შეიღებება და მწარე გახდება;

    - თიხის აღმოსაჩენად ყავის მარცვალი მოათავსეთ სანაყში და ქვასანაყით დაამტვრიეთ. ნატურალური ყავა წვრილ ნამტვრევებად დაიმსხვრევა, თიხის შემცველი კი ფხვნილად დაიშლება;

    - ნატურალური ყავა, ფალსიფიცირებულისგან განსხვავებით, ეთერში არ იძირება;

    - დაყენებულ ყავაში ჩააწვეთეთ იოდის ერთი-ორი წვეთი, ხსნარი ლურჯად თუ შეიღებება, ე.ი. იგი სახამებლიან და ფქვილოვან მარცვლებს შეიცავს;

    - ყავის მარცვლები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცში და გასრისეთ. ხელსახოცს ჭუჭყიანი კვალი თუ დააჩნდება, ყავა შეღებილია ტყვიის საღებავებით, რაც ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის;

    - ხსნადი ყავა სწრაფად უნდა გაიხსნას. თუ რამდენიმე წუთი ურევთ მუქ კოშტებს, იცოდეთ, ეს არ არის ყავა;

    - მაღალხარისხიანი ყავა დიდხანს არ ინახება. მისი შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 18 თვე.

    აღსანიშნავია, რომ მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი ვოლტერი ყოველდღე დაახლოებით 50 ფინჯან ყავას სვამდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, 84 წლამდე ეცოცხლა.

    და მაინც: სასარგებლოა თუ არა ყავა? ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. მკვლევრები ერთ აზრამდე ჯერ ვერ მისულან. ყველა ნივთიერება შეიძლება წამალიც იყოს და შხამიც. ყველაფერი დამოკიდებულია დოზაზე. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის "წყალობით" ყავა გაჟღენთილია პესტიციდებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის პოვნა მაღაზიებში ძნელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter