სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    23.06.2017

    პაატა კოღუაშვილი,

    ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

    მეჩაიეობა საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაის მწვანე ფოთლის (ნედლეული) წარმოებასა და ჩაის სამრეწველო გადამუშავებაში დასაქმებული იყო 170-180 ათასი კომლი. ჩაის პლანტაციების ფართობი 73.0 ათას ჰექტარს შეადგენდა. მეჩაიეობაზე მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქტის 18%, მიღებული მოგების 40%, ხოლო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში ჩაის პროდუქციის წილი 12% აღწევდა. ჩაის წარმოებაში საქართველოს მსოფლიოში მე-5 ადგილი ეკავა, ახლა კი მე-10 ადგილი გვიკავია. ქვეყანაში ფუნქციობდა 150 ჩაის პირველადი გადამუშავებისა და 22 გადამწონი (დამფასოებელი) ფაბრიკა. ასევე, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს ჰქონდათ თავიანთი მიკრო ჩაის ფაბრიკები, რომელთა რიცხვი 120 იყო. ძირითადი ფონდების ღირებულება მეჩაიეობაში შეადგენდა 1 მლრდ 525 მლნ მანეთს; ფონდუკუგება - 1,1 მანეთს; ფონდტევადობა - 0,97 მანეთს; შრომის ნაყოფიერება - 14000 მანეთს; რენტაბელობა - 75%; ჩაის ნედლეულის წარმოება, საშუალოდ, 580 ათას ტონას შეადგენდა; ჩაის საჰექტარო მოსავლიანობა კი 90-100 ც-ჰა შორის მერყეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო დადებითი მაჩვენებელი, მაგრამ ამას მოითხოვდა საკავშირო მთავრობა.

    მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი ინტენსიურად მცირდებოდა და საბოლოოდ დარგი სრული განადგურების წინაშე დადგა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების, კერძოდ გადამმუშავებელი საწარმოების, პრივატიზაციის წარმართვის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები, ხოლო მეორე მხრივ, მეჩაიეობის დარგის განვითარების არასწორად დაგეგმილი პროგრამებია. კერძოდ, არ განხორციელდა ჩაის ფოთლის წარმოებისა და გადამუშავების ინტეგრირებული, ერთიანი საწარმოო ციკლის ხელშემწყობი სისტემური პროგრამები, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩაის ფოთლის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა და კოოპერატივის ფარგლებში გადამმუშავებელ საწარმოსთან ინტეგრირების, ანუ ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.

    წლების წინ აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამებში ორ ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობაზე, როცა ცალკე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის დაფინანსება. სწორედ ასეთი არასისტემური პოლიტიკის შედეგია, რომ არ განხორციელდა მეჩაიეობის დარგის ეფექტური ორგანიზაციული მოწყობა, რომელიც უპირატესად ორიენტირებული იქნებოდა დარგში დასაქმებული ათი ათასობით ადამიანის ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაკმაყოფილებაზე და მხოლოდ ამ გზით აღნიშნულ პროექტებს შეექმნებოდა ინტენსიური განვითარების საფუძვლები. იმის გამო, რომ ჩაის ფოთლის წარმოებიდან მოსახლეობამ ვერ მიიღო ადეკვატური სარგებელი, მოხდა ჩაის პლანტაციების გადაწვა და ამ მიწებზე სხვა კულტურების განთავსება. შედეგად მივიღეთ უკვალოდ და უშედეგოდ გამქრალი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი სახელმწიფო თანხა და ათიათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან დარჩენილი მხოლოდ 8 ათასი ჰექტარი და ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 2-3 პროცენტით იზრდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ნაკლებკოფეინიან ჩაიზე, რომელიც უმეტესად სწორედ საქართველოში იწარმოება.

    დღეს, როდესაც ქვეყანაში მეტ-ნაკლები აქტივობით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი, მეჩაიეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაწყება იყო იმედის მომცემი, რომ ბოლოს და ბოლოს გატარდებოდა რეფორმისტული პოლიტიკა და აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერირების ფორმების გამოყენებით მოხდებოდა მეჩაიეობის დარგის რაციონალური ორგანიზაციული მოწყობა.

    მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახით დღეს ქვეყანაში უკვე არსებობს ისეთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც ორიენტირებულია არა დაქირავებული შრომის, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შრომითი რესურსის კაპიტალიზაციაზე და სამეწარმეო განვითარების სტიმულირებაზე, რაც არსებულ პირობებში მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის, ადგილზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების რეალური პერსპექტივის შექმნის და რეგიონებში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების ყველაზე კარგი საშუალებაა. ასეთი ტიპის სამეურნეო სისტემაში კოოპერატივის თითოეული წევრი შემოსავლების გაზრდის მიზნით დაინტერესებულია, აწარმოოს მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავე დროს აქტიურად არის ჩართული გადამამუშავებელი საწარმოო პროცესების ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სრულყოფაში, საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში და ახორციელებს ერთიანი საწარმოო ციკლის მონიტორინგს სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე. მეურნეობრიობის ეს ფორმა, ერთი მხრივ, საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი (მეორე, მესამე) დონის მქონე კოოპერაციული ფორმების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის აგრარულ საწარმოთა დაფინანსებაში ახალი, ეფექტური ელემენტების შეტანის მოტივაციას. საქართველოს აგრარული სექტორის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ კოოპერაციული, ანუ ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობის სისტემის ხელშეწყობით არის შესაძლებელი რეგიონებში სიღარიბის დაძლევისა და ჯანსაღი საშუალო ფენის ჩამოყალიბების რთული პროცესის განხორციელება.

    "ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის" მიხედვით, (ციტ.): "სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი". სასოფლო-სამეურნეო სატატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში მიზანშეწონილი და აუცილებელი იყო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესრულებინათ თვითონ კოოპერატივებს, რასაც ისინი განახორციელებდნენ მხოლოდ საკუთარი მეპაიეების შრომითი რესურსების გამოყენებით, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, რაც პროგრამით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანხებს გამოიყენებდა იმ რეალური პრობლემების მოსაგვარებლად (ნაკვეთების შემოღობვა, სასუქების და შხამქიმიკატების შესყიდვა და სხვა), რაზეც კოოპერატივებს მათი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სჭირდებათ ქმედითი ფინანსური დახმარების აღმოჩენა. მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით ფერდობებზე განლაგებული ჩაის პლანტაციების პირობებში) ეს სამუშაოები შესასრულებელია მცირე მექანიზაციითა და ხელით.

    შეზღუდული მატერიალური რესურსების პირობებში კოოპერატივების მეპაიეების შრომითი რესურსების სტიმულირება და ამოქმედება მიმდინარე პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელმაც ჯეროვანი ასახვა უნდა ჰპოვოს შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში. გაწეული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე განხორციელდებოდა მონიტორინგი "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" მხრიდან, ხოლო სსიპ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" მხრიდან მათ მიმართ ისედაც ხორციელდება მონიტორინგი.

    გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების კოოპერატივების მიერ შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იყო, აღნიშნული თანხა სრულად მიმართულიყო უშუალოდ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე, რომლის საერთო ღირებულება, რეალურად, 2-3-ჯერ აღემატება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხების მოცულობას, ხოლო პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით ცალკე კომპანიის შერჩევა და მათზე ამ სამუშაოს დაკისრება ნაკლებად ეფექტურია. ისინი გადაიხდიან დღგ-ს, საშემოსავლო და მოგების გადასახადებს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსების (2500 ლარი 1 ჰექტარზე), სულ მცირე, მეოთხედი გადასახადებს მოხმარდება. მართალია, ეს თანხა საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება, მაგრამ პროგრამაში მონაწილე სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია.

    ამავე პროგრამით, (ციტ.): "კოოპერატივს უნდა ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები (საკუთარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოების არანაკლებ 20% და პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში - არანაკლებ 10%) სარეაბილიტაციო სამუშაოების საკუთარი თანამონაწილეობის დასაფინანსებლად, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით - ცნობით ბანკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ".

    კოოპერატივის თანამონაწილეობის შესაბამისი თანხის არსებობის ბანკის ამონაწერით დადასტურება პრობლემურია, რადგან კოოპერატივები, პრაქტიკულად, იმყოფებიან "სტარტაპის" მდგომარეობაში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა განიცდის ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტს. პროგრამით გაუთვალისწინებელი სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება-მოძიებასთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული, მინიმუმ, 5 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობისთვის მათ დამატებით სჭირდებათ 2500 ლარი. აღნიშნული თანხები კოოპერატივების უმრავლესობას არ გააჩნია, ხოლო კომერციული ბანკები ამ მიზნით არ გაცემენ სესხებს თუნდაც იმ მოტივით, რომ რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს 2-3-წლიან პერიოდს, რომლის განმავლობაში კოოპერატივები იქნებიან გადახდისუუნარონი. კოოპერატივების ნაწილს კი არა აქვს დაგეგმილი გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობა, რადგან ამას ისინი გეგმავენ სხვა კოოპერატივებთან ერთად რესურსების გაერთიანებით მეორე დონის კოოპერატივის ფარგლებში, მასშტაბური წარმადობის საწარმოს შექმნის გზით.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკვე აღარ არის გასაკვირი საპარტნიორო ფონდის და საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერა მაჩაიეობის დარგში ჩინური კომპანიების შემოყვანის თაობაზე, რაც გულისხმობს მათზე სარგებლობის უფლებით 12 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციის გადაცემას, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქვეყანაში ჩინელი მუშახელის შემოყვანას და მათ დასახლებას დასავლეთ საქართველოს ჩაის პლანტაციების გავრცელების ტერიტორიებზე, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია ჩაის ფოთლის მწარმოებელი 19 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

    ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდ სიფრთხილეს და სიღრმისეულ გაანალიზებას მოითხოვს, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება და მზაობა განსახორციელებელი პროექტების მიმართ. მეჩაიეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ მოახდინოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, მაღალხარისხიანი ჩაის ფოთლის წარმოება, გადამუშავება და ამ გზით შეიქმნას შემოსავლების ზრდისა და ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. გაუგებარი და ყოველგვარ რაციონალურ აზრს მოკლებულია, თუ რატომ არ შეიძლება, ნაცვლად ქვეყნის ერთ-ერთი შემოსავლიანი დარგის მართვის სადავეების უცხოურ კომპანიებზე გადაცემისა და უცხო ტომის ადამიანების ჩამოსახლებისა, ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება ენდოს საკუთარ მოსახლეობას, რომლის გარკვეული ნაწილი იძულებულია, მეზობელ ქვეყნებში წავიდეს ჩაის ფოთლის საკრეფად. გააზრებული, უშუალოდ პროდუქციის მწარმოებელ ადამიანებზე გათვლილი პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, არსებობს საკუთარ ქვეყანაში მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის რეალური პერსპექტივა.

    საბოლოოდ, ისევ მივდივართ მთავარ საკითხთან, რომ აგრარული სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მთავარია დაფინანსების მიმღები სუბიექტის სწორად განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ეფექტურ მართვას.

    აღნიშნული პრობლემის სისტემური გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მეჩაიეობის დარგში მეურნეობრიობისათვის საჭირო პირობების შექმნას, ძლიერი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბებას, მოსახლეობის აქტივობის გაძლიერებას, სამეურნეო საქმიანობაში მათ მასობრივ ჩართულობას, აღწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას.

    რა თქმა უნდა, შპს-ებსა და მოგებაზე ორიენტირებულ სხვა სამეწარმეო ფორმებს თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ თუ არსებობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა, უფრო ძლიერი მოტივები და, შესაბამისად, პროგრამები, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებათა იგნორირება (ან მათი განხილვა შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა სამეწარმეო ფორმების, მათ შორის, უცხოური კომპანიების ინტერესების პარიტეტულად) უნდა ჩაითვალოს უკეთეს შემთხვევაში გაუაზრებელ, ხოლო უარეს შემთხვევაში კარგად გააზრებულ "შეცდომად". შესაბამისად, საპარტნიორო ფონდის ასეთი პოლიტიკა არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება როგორც სახელმწიფო რესურსების რაციონალური განკარგვის, ასევე ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ყაზბეგის იაგო.   (21.08.2017)
    ქართული მიწების 49 წლიანი იჯარით გადცემა ჩინელებისათვის ჩაის პლანტაციების გასაშენებლად და ჩაის წარმოების რეაბილიტაციისათვის, პირველ რიგში, არის დამამცირებელი ჩვენთვის და, მეორეც, ეკონომიკურად იქნება წამგებიანი, ხოლო დემოგრაფიულად კი – კატასტროფული. ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ ვიღაცეების კერძო ინტერესებს!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter