სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.07.2017

    რამაზ გახოკიძე

    11 ივლისი შოკოლადის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღესასწაული 1995 წელს ფრანგებმა აღნიშნეს და მალე ტრადიცია სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს. კიდევ ორი ათასი წლის წინ კაკაოს ხის ნაყოფისგან, რომელიც ხარობდა თანამედროვე მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე, მაიას და აცტეკების უძველესი ტომები ამზადებდნენ შოკოლადის სასმელს. კაკაოს ხე 200 წელი ცოცხლობს და ნაყოფს მხოლოდ 25 წელი იძლევა.

    კაკაოს პარკები ევროპაში პირველმა შემოიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა. ძველად კაკაოს პარკებს ფულის მაგივრად იყენებდნენ. შოკოლადი ინკვიზიციის დროს აკრძალა რომის პაპმა. ცნობილი ქალთა გულთამპყრობელი ჯოვანი კაზანოვა თვლიდა, რომ მისი მამაკაცური ძალის საიდუმლო ერთ ფინჯან ცხელ შოკოლადში მდგომარეობდა, რომელსაც იგი დილაობით სვამდა. საფრანგეთში მხოლოდ სამეფო კარის წევრებს შეეძლოთ შოკოლადის მიღება.

    1828 წელს ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა კორნად ვან ჰოუტენმა გამოიგონა მოწყობილობა და დაპრესვით შეძლო, გამოეწურა და მიეღო მყარი კაკაოს ცხიმი. ასე შეიქმნა მყარი შოკოლადი. პირველი შოკოლადის ფილა დამზადდა 1847 წელს ინგლისის საკონდიტრო ფაბრიკაში.

    შოკოლადის მისაღებად კაკაოს ხიდან მოკრეფილ პარკებს ამუშავებენ, ახდენენ მათ ფერმენტაციას, აშრობენ, ხალავენ და ფქვავენ. მსუბუქი მოხალვისას წარმოიქმნება ყავისფერი შეფერილობა, დაუვიწყარი გემო და არომატი. შემდეგ იღებენ კაკაოს მყარ ცხიმს, რომელიც შოკოლადის ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტია. შოკოლადის მისაღებად გახეხილ კაკაოს და კაკაოს ცხიმს ურევენ შაქრის ფხვნილს და სხვა დანამატებს (რეცეპტურის მიხედვით). მაგალითად, რძის (ან რძის ფხვნილის) დამატებით იღებენ რძის შოკოლადს და ა.შ. შოკოლადს, სასურველი კონსისტენციის მისაღებად, უმატებენ ე.წ. ემულგატორებს. ამ მიზნით ყველაზე უვნებელია ლეციტინი (უ 322), რომელიც ბუნებრივი წარმოშობისაა.

    მე-19 საუკუნეში საფრანგეთში მკურნალები შოკოლადს პანაცეად მიიჩნევდნენ ყველა დაავადების წინააღმდეგ და მას ყველა ავადმყოფს უწერდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებს აძლევდნენ შოკოლადს, როგორც ენერგიის ძირითად წყაროს. ადრე შოკოლადს მოსაწამლადაც იყენებდნენ. შხამს მზა პროდუქტში ურევდნენ, რომელიც ანეიტრალებდა საწამლავის სუნს და შეუმჩნეველს ხდიდა მას. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ასაფეთქებელ ნივთიერებას შოკოლადით ფარავდნენ. გარე გარსის დაშლის შემდეგ ხდებოდა აფეთქება.

    შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, თეობრომინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება სტრესთან და გარემოს გაბინძურებასთან საბრძოლველად, დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, უხდება ხველებას, აფერხებს კიბოს განვითარებას. შოკოლადი შეიცავს ფენილეთილამინს (ბუნებრივი ანტიდეპრესანტი), კრიპტოფანს, რომელიც იწვევს ტვინში სეროტონინის ("ბედნიერების ჰორმონი") გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ლიბიდოს. ეს ნივთიერებები ბუნებრივადაც გამოიყოფა ორგანიზმში, როცა თქვენ ბედნიერი ან შეყვარებული ხართ.

    სხვა საკონდიტრო ნაწარმისგან შოკოლადი განსხვავდება მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით და ორგანიზმის მიერ ადვილად შეთვისების უნარით. შოკოლადის სახეობებიდან განსაკუთრებით მუქი ანუ მწარე შოკოლადია სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. კაკაო შეიცავს ფლავნოიდებს და პოლიფენოლებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებისგან იცავს. მუქ შოკოლადში კაკაოს შემცველობა ყველაზე მაღალია (65-80%). ფლავონოიდები ხელს უშლის "ცუდი ქოლესტერინის" დაგროვებას სისხლძარღვებში და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, ხელს უწყობს "კარგი ქოლესტერინის" დონის ამაღლებას. პოლიფენოლები აფერხებს ცხიმების დაჟანგვას და დალექვას არტერიათა კედლებზე. შოკოლადი ასევე ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას ორგანიზმში, რომელიც იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას და, შესაბამისად, არტერიული წნევის შემცირებას.

    შოკოლადის რეგულარულად მიღება 40%-დე ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. არის მონაცემები, რომ შოკოლადი მოციმციმე არითმიის რისკს ამცირებს. მუქი შოკოლადი, გახეხილ კაკაოსთან ერთად, შეიცავს ნახშირწყლებს, ცხიმებს და ცილებს, მის შედგენილობაში ასევე შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მცირე რაოდენობით რკინა. მუქი შოკოლადი შეიცავს PP, უ, ი1 და ი2 ვიტამინებს. შავი შოკოლადის კალორიულობა დაახლოებით შეადგენს 550 კალორიას 100 გრამ პროდუქტზე. მუქი შოკოლადი დიაბეტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაა. მუქ შოკოლადს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას და ხელს უწყობს შაქრის უკეთ შეთვისებას სისხლში.

    მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, რომლებიც 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 13 ათას ადმიანს, რომელთაც ჰქონდათ მეტაბოლიტური სინდრომი სისხლში ქოლესტერინის და შაქრის მაღალი შემცველობით, აჩვენეს, რომ მუქი შოკოლადის მიღება დიაბეტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაა. შოკოლადი ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. როგორც ნათქვამი იყო, მუქ შოკოლადში შემავალი ფლავონოიდები აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ტვინის ძირითადი უბნების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს კი, თავის მხრივ, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ამაღლებს ყურადღებას და კონცენტრაციის უნარს. მუქი შოკოლადი ასევე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას ძილის უკმარისობის დროს.

    შოკოლადი ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას და აფერხებს სიბერის ჭკუასუსტობას. შოკოლადს ზომიერად თუ მიიღებთ, წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. მუქი შოკოლადი დიდი ხნით აცხრობს სიტკბოსადმი მიდრეკილებას და საკვების მიღების სურვილს. შიმშილის მოსაკლავად საკმარისია 10 გრამი მუქი შოკოლადის მიღება. ამას წინათ ჰელსინკის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ფეხმძიმე ქალებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ შოკოლადს, უჩნდებათ ჯანმრთელი ბავშვები. მუქმა შოკოლადმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს მისი ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტიც კი. მუქმა შოკოლადმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. მისი მიღება არ შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის.

    შოკოლადი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. მისგან მზადდება შამპუნები, თმებისა და სახის ნიღბები, ხოლო შოკოლადის მასაჟი არა მარტო მატონიზირებელ გავლენას ახდენს კანზე, არამედ ამაღლებს განწყობილებას. შოკოლადში შემავალი კოფეინი და ტანინი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. კოფეინი ააქტიურებს ცხიმების დაშლას და იცავს ორგანიზმს ცელულიტისგან. შოკოლადში შემავალი ფ, ი, ვ და ა ვიტამინები ამაგრებს თმებს და ფრჩხილებს.

    შოკოლადის მოყვარულებში ლიდერობს შვეიცარია, სადაც თითოეული ადამიანი წელიწადში 11 კილოგრამ სასუსნავს მოიხმარს. შემდეგ მოდიან ავსტრალია და ირლანდია. შოკოლადზე განსაკუთრებით მძაფრად კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი რეაგირებს. შოკოლადი ასტიმულირებს ქალის ტვინის რეცეპტორებს, რომლებიც სიამოვნების გრძნობაზეა პასუხისმგებელი. კაკაოში შემავალი თეობრომინი ზემოქმედებს ქალის ჰორმონულ სისტემაზე, რომელიც ზრდის ენდორფინების გამომუშავებას, რომლებიც განაპირობებს ბედნიერებისა და კეთილდღეობის შეგრძნებას. გარდა ამისა, შოკოლადში შემავალი ფენილეთილამინი, კოფეინთან და თეობრომინთან ერთობლიობაში, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს და ხელს უწყობს სტრესის ადვილად გადატანას.

    საკვების ინდუსტრიის მძაფრი განვითარების პირობებში, საკვების შემცვლელების და დანამატების გამო მრავალი პროდუქტი ვერ პასუხობს საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. არც შოკოლადია გამონაკლისი. ძვირადღირებულ კაკაოს ცხიმს ზოგჯერ უფრო იაფი ცხიმებით ცვლიან. უფრო მეტიც, შოკოლადის ფილა, შესაძლოა, ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს. თერმული დამუშავება (მოხალვა, შრობა) ზრდის პროდუქტში კანცეროგენური ნივთიერების - ბენზპირენის შემცველობას. ბენზპირენი წარმოიქმნება ნავთობის, ნახშირის, ნაგვის დაწვისას, შედის ძრავების გამონაბოლქვ გაზებში, თამბაქოს ბოლში, ჭვარტლში. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ხშირად მუქ შოკოლადს უმატებენ ე.წ. კაკაოველას (კაკაოს პარკების გადამუშავების ნარჩენს, ჩენჩოს), რასაც ეტიკეტებზე არ უთითებენ. ეს კი შოკოლადის ხარისხს აქვეითებს. ჩენჩოსთან ერთად შოკოლადი შეიძლება შეიცავდეს ნიადაგიდან მოხვედრილ ტოქსიკურ მძიმე მეტალებს - ტყვიას და კადმიუმს, რომლებიც გროვდება ადამიანის ორგანიზმში და აზიანებს ნერვულ სისტემას, სისხლის უჯრედებს, ძვლებს და შინაგან ორგანოებს. კადმიუმს დიდი რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს ვულკანურ ნიადაგებზე მოყვანილი ნედლეული (მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში).

    ქვემოთ მოცემულია საოჯახო პირობებში შოკოლადის მიღების ერთ-ერთი მარტივი რეცეპტი: ნელ ცეცხლზე აცხელებენ 2 სუფრის კოვზ რძეს და ამატებენ 1 ჩაის კოვზ შაქარს, 100გ კაკაოს ფხვნილს და წყლის აბაზანაზე გამლღვალ 50 გ კარაქს. მიღებულ ნარევს აცხელებენ დუღილამდე. შემდეგ აყოვნებენ ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთს. რძიან შოკოლადს ათავსებენ ფორმებში და აცივებენ მაცივარში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter