სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    13.07.2017

     გურამ ყორანაშვილი

    1932 წელს ბერლინში გამოცემულ წიგნში იოსებ ირემაშვილი მთელი კატეგორიულობით აცხადებდა: "მკვლელები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც თავიანთი მიზნებისკენ პოლიტიკური მტრების გზიდან ჩამოშორებით მიდიოდნენ." მეტიც, "მკვლელობის უკან არაპირდაპირ კობაც იდგა. ის ყველა ბოროტმოქმედების წარმქეზებელი და აგიტატორი იყო." შეგახსენებთ, რომ ამ სტრიქონების ავტორი და მომავალი "დიდი ბელადი" თანატოლები იყვნენ და ერთად სწავლობდნენ გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდგომში მათი გზები გაიყარა და ისინი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სხვადასხვა ფრთაზე აღმოჩნდნენ. ცხადია, იოსებ ირემაშვილმა ბევრი რამ იცოდა ახალგაზრდა სტალინის ხასიათსა და ქმედებების შესახებ, ასე რომ, მისეული მოტანილი აზრი ფრიად ანგარიშგასაწევია. მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, იგი შემოიფარგლა ოდენ ლიტონი, თუმცა ხატოვანი განცხადებებით.

    აწ განსვენებული ისტორიკოსი შოთა ბადრიძე ამასთან დაკავშირებით 1990 წელს ასე აღნიშნავდა: "მართალია, ამჟამად ჩვენ კონკრეტული ცოდნა არა გვაქვს კობა-სტალინის როლზე "წიწამურში," მაგრამ ალბათ კანონიერი არ იქნება იმაში დაეჭვება, რომ რამდენადაც ილია ბოლშევიკი ტერორისტების მონაწილეობით იქნა მოკლული, ეს აქტი ვერ განხორციელდებოდა იმ კობას უცოდინრად, რომელიც 1906-1907 წწ. საქართველოში ბოლშევიკური ექსების და ტერორისტული ოპერაციების გამწყობი იყო. საქმე უბრალო ექსს როდი ეხებოდა: ილიას კლავდნენ, ილიას, რომლის მკვლელობაზე, ილიას დასაცავად, კობას, ვიდრე არ დასჭირდა, დიდი ხის მანძილზე, სიტყვაც არ დაუძრავს, არც ავად, არც კარგად! განა ეს ცოტაა?" ლიტერატორი ალექსანდრე სიგუაც მსგავსადვე მსჯელობდა: "როდესაც მესამედასელები, რომლის იდეოლოგიური მეთაური და ხელმძღვანელი თვითონ (ი. სტალინი - გ.ყ.) იყო, წლების განმავლობაში გეგმავდნენ და ამზადებდნენ ილია ჭავჭავაძის ტერორისტული გზით მკვლელობას, განა ეს ერისთვის თავზარდამცემი აქტი მისთვის უცნობი იყო?

    "ვინ დაიჯერებს ამას, ვინ? და ჩვენ რომ დავიჯეროთ, განა შორეული მეისტორიე, ვინც გაეცნობა ილიას მკვლელობის მასალებს, მთელ ამ საზიზღარ ისტორიას, დაგვიჯერებს ამ ფარისევლობასა და ფაქტების დამახინჯებას?"

    და ბოლოს, ამერიკელი ისტორიკოსი რობერტ პეინი ასე განსჯიდა: "... არ იქნებოდა გასაკვირი, სტალინს რომ არაპირდაპირ რაიმე მონაწილეობა მიეღო მკვლელობაში, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ მასში უშუალო მონაწილეობა მიეღო."

    აღნიშნული გარემოების თაობაზე სპეციალურად ვწერდით ჩვენი წიგნის "წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო" (თბილისი, 2004) ცალკე პარაგრაფში. ამჯერადაც შეგახსენებთ ჩვენეულ არგუმენტებს, თანაც ზოგიერთი ახალი ფაქტის დამატებით.

    1) ილიას მკვლელობის საქმის გამოძიებისას (მეფის სასამართლოს მიერ) იოსებ ჯუგაშვილი გიორგი ტატიშვილსა და მიხეილ კლიმიაშვილს, რომლებიც, თავის მხრივ, ცდილობდნენ ამ ამაზრზენი ტერაქტის გამოიძიებას, ეუბნებოდა: "დაიჭირეთ ვანო ინაშვილი და იმისგან გაიგებთ ყველაფერს"-ო (ალექსანდრე კოჭლამაშვილის ფონდი გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზემისა). 1900-იანი წლების დასაწყისში იგი მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში ზეინკლად. აქვე მუშათა წრეებს ხელმძღვანელობდა მომავალი "ბელადიც." ისე, შეგახსენებთ, რომ 1908 წლის დეკემბერში ეს არამზადა მართლაც იქნა დაპატიმრებული, ოღონდ სხვა გარემოების გამოისობით - მონაწილეობდა კაცის გატაცებაში, მაგრამ ცარისტულ თემიდას უეჭველი შანსი გამარჯვებისა არ გამოუყენებია. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მას არ სურდა ქართველი ესდეკების მხილება.

    2) ესდეკ (ჯერ მენშევიკ, შემდგომ ბოლშევიკ) პეტრე მელეიშვილის მოგონებით, უბირმა მეეტლემ მას ჩამოუკაკლა ილიას მკვლელები და მათ შორის "ვიღაც" სოსო ჯუგაშვილიც.

    3) ფაქტია, რომ დუშეთის მაზრის უფროსმა ყარამან ფაღავამ თავისი გამოძიების საფუძველზე დააპატიმრა ესდეკი ლავრენტი ასათიანი, რომელიც ტერაქტის წინა ხანებში საგურამოს სანახებში მძვინვარე პროპაგანდას ეწეოდა დიდი ქართველის საწინააღმდეგოდ. ეჭვმიტანილს მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი სამი წლით და იგი გადასახლებულ იქნა ვოლოგდის გუბერნიის ქალაქ სალვიჩეგოდსკში.

    ისტორიამ ისე განსაჯა, რომ ამ ქალაქში პირველი გადასახლებისას იოსებ ჯუგაშვილთან ერთად (თუმცა სხვადასხვა სახლში) ცხოვრობდა ლავრენტი ასათიანიც. პირველი მალე გამოიქცა გადასახლებიდან, მაგრამ მას კვლავაც მოუწია აქ დაბრუნება, როცა ლავრენტი ასათიანი იქ აღარ იყო. სავსებით გასაგები მოსაზრებით, მამაკაცმა "ბელადმა" მოინდომა იმ სახლში (ქვრივ მატრენა კუზაკოვასთან) ცხოვრება, რომელშიც უფრო უწინ სხვა ქართველი დასჯილი ცხოვრობდა. მოგვიანებით ეს ქალბატონი, რამელთანაც ი. სტალინს ვაჟი ჰყავდა, იგონებდა: "1910 წლის ზამთარში ჩემთან შემოიარა საშუალო ხნის კაცმა და შემეკითხა: "ცხოვრობდა თუ არა თქვენს ბინაში ჩემი მეგობარი ასათიანი"-ო (იხ. ედვარდ რაძინსკის წიგნი სტალინზე, მოსკოვი, 2003 წელი, გვ. 73-74). მოგახსენებთ, რომ 1937 წელს დიდი ტერორის დროს ლავრენტი ასათიანი დაპატიმრებულ და დახვრეტილ იქნა!

    4) არკადი ხუნდაძე იგონებდა არამზადა დიმიტრი ჯაშისგან პირადად მისთვის ნათქვამს: "...ილიას მკვლელობაზე ლაპარაკი არ ღირს (?!), თორემ თუ ამას გამოვეკიდეთ, შეიძლება ისეთი ვინმეები გაებას მახეში, რომელზედაც (!) არავის არასდროს ეჭვი არ მოუვა"-ო (იხ. ვახტანგ გურგენიძის წიგნი "ჯვარს ვაცვით ილია"). თუ ვინ ჰყავდა მას მხედველობაში, ადვილად გასაგები უნდა იყოს. დაუმატეთ ის ამბავიც, რომ დიმიტრი ჯაში დაიღუპა ცოლისძმის მხრივ "შემთხვევით" გავარდნილი ტყვიით, ხოლო მალე ეს უკანასკნელიც ლიკვიდირებულ იქნა!

    5) უთუოდ სანდოდ მიმაჩნია მონათხრობი, რომელიც ეხება ფილიპე მახარაძეს, გიგლა ბერბიჭაშვილის დაკითხვისას (ამჯერად საბჭოური თემიდის დროს) რომ აღმოხდა: "მე არ ვიცი, ბერბიჭაშვილი რას ლაპარაკობს და რას ამბობს პროცესზე, ეს არაა ჩემი საქმე. მაგრამ რასაც ის ლაპარაკობს და ამბობს ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით, სწორია. ჩვენ, მესამედასელებმა, კომუნისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დადგენილებაზეც ხელი ჰქონდათ მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი მოაწერა და ბაქოში წავიდა. ახლა კი, როდესაც ევროპაში ქართველმა ემიგრანტებმა წერილები (!) დაწერეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ, სტალინს უნდა, ამ საქმიდან სუფთად გამოვიდეს და ისე უბრძანებია: ნაკაზატქ ნე ვზირაჭ ნა დოლჟნოსტქ ("დაისაჯოს თანამდებობის მიუხედავად"). მოგეხსენებათ, რომბერბიჭაშვილს არავითარი თანამდებობა არ უჭირავს, აქ ჩემზეა ლაპარაკი, მე მეხება-ო (მოტანილია ალექსანდრე სიგუას წიგნიდან: "ვინ მოკლა ილია").

    რაკი სიტყვამ მოიტანა, ვიტყვით,რომ ფილიპე მახარაძე უთუოდსწორი იყო იმაშიც, რომ იოსებ ირემაშვილის ზემოთ დასახელებულმა წიგნმა გარკვეული როლი ითამაშა საზღვარგარეთ, ქართველ ემიგრანტთა წრეებში ილიას მკვლელობაში "ბელადის" საძრახის როლზე, რაზედაც მან საჭიროდ მიიჩნია, პასუხი გაეცა. მაგრამ ფ.მახარაძე სცდება იმაში, რომ თითქოს სტალინი მზად იყო, ემხილებინა იგი უმძიმეს დანაშაულში. ეს, სავსებით გასაგები მიზეზის გამო, აბსოლუტურად გამორიცხული იყო.

    რაც შეეხება იმ პარტიულ ინსტანციას, სადაც აღნიშნული თავყრილობისა და გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა, ეს იქნებოდა "თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიურო", რომელშიც თითქოსდა უწყინარი სახელწოდების ბნელი საქმეები კეთდებოდა.

    და ბოლოს ვიტყვით, რომ ტერაქტის კვალი მიდის ი. სტალინამდე "ვიღაც იმერელის" - სერგო ორჯონიკიძის მეშვეობითაც, რომელსაც მაშინ "სტალინის ვირს" ეძახდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ საბჭოურმა სასამართლომ ყველაფერი იღონა, რათა ეს ინკოგნიტო "იმერელი" არ გამჟღავნებულიყო. თუმცა აღმოჩნდნენ მავანი ავტორები, რომელთაც ამის გაგება არა და არ სურთ.

    სულ ბოლოს კი დავსძენთ, რომ იოსებ ჯუგაშვილის ნაკვალევი წიწამურის ტრაგედიაში უეჭველია და მისი სეხნია იოსებ ირემაშვილის სათანადო მოსაზრება სავსებით საფუძვლიანი გახლავთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter