სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    07.09.2017

    პატივცემულო რედაქცია,

    თქვენს გაზეთში (1-ლი სექტემბერი, 2017 წ.) გამოქვეყნდა საგანგაშო წერილი "ქართული ენა აიკრძალა!" (ახალგორის სკოლებში ბავშვებს ქართული "დედაენის" ნაცვლად რუსული ანბანი დაახვედრეს). მე არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება რა ნაბიჯს გადადგამს საპასუხოდ, მაგრამ მეეჭვება, რაიმე რეაქცია მოჰყვეს. აი, რატომ ვფიქრობ ასე:

    მტერი (ოკუპანტი) იმის მტერია, რომ უმტროს ჩვენს უმთავრეს "ღვთაებრივ საუნჯეს" (ილია) - ენას; მტრისგან სხვას რას უნდა ველოდეთ. ჩვენ მოყვრის იმედზე უნდა ვიყოთ, მაგრამ მოყვარე როგორ ეპყრობა ქართულ ენას?

    ბოლო პერიოდის რამდენიმე პუბლიკაციას შევახსენებ მკითხველს: "დღეს სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, აღარ არსებობს" (გაზეთი "საქართველო და მსოფლიო", 9-15 აგვისტო, 2017); "ქართულ სკოლაში ქართული ენა მოკლეს!" (გაზეთი "ასავალ-დასავალი", 21-27 აგვისტო, 2017)... უფრო ადრეც იყო მსგავსი პუბლიკაციები; როგორც წესი, ამ წერილებს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია...

    სახელმწიფო ენის სწავლებისადმი ასეთი უგულისყურო დამოკიდებულება იმის ბრალია, რომ ხელისუფლებას ქართული ენა მეორეხარისხოვან მოვლენად მიაჩნია... მოდით, დავფიქრდეთ:

    2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "სახელმწიფო ენის შესახებ"; კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი იყო გარდამავალ დებულებათა შესრულება; კერძოდ, უნდა შექმნილიყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც ამ კანონის აღსრულების გარანტი იქნებოდა; ბიუჯეტში უნდა გამოყოფილიყო შესაბამისი თანხები. კანონი დეპარტამენტის შექმნასა და დეპარტამენტის თავმჯდომარის დანიშვნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებდა: 2016 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა მომხდარიყო ეს... ორი წელია, პრემიერ-მინისტრი არ ასრულებს კანონის მოთხოვნებს. ეს თემა არაერთგზის გაჟღედა პრესაში, ტელევიზიით; მივმართეთ ბ-ნ გ. კვირიკაშვილსა და ბ-ნ ი. კობახიძეს ოფიციალურად; "როგორც წესი", პასუხი არავის გაუცია... ორიოდე ბოლოდროინდელ პუბლიკაციას შევახსენებ მკითხველს: "ენის მტერი ქვეყნის მტერია" (მიმართვა გ. კვირიკაშვილსა და ი. კობახიძეს) - გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 19 აპრილი, 2017; "როდემდე დარჩება ფარატინა ქაღალდად ოცნება სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონზე?" - გაზ. "საქ. რესპ.", 18 ივლისი, 2017 და სხვა...

    როცა ხელისუფლება არ ასრულებს თავისივე მიღებულ კანონს და სახელმწიფო ენის ვითარება სკოლასა თუ ცხოვრებაში დღითი დღე უარესდება, მტრისგან რა სიკეთეს ველით?

    პატივცემულო რედაქცია, თქვენ, როგორც ავტორიტეტულმა გაზეთმა, იქნებ ჰკითხოთ მთავრობასა და პარლამენტს, რატომ არ სრულდება "კანონი სახელმწიფო ენის შესახებ"; ამ კანონის აღსრულება მრავალ პრობლემას მოაგვარებს... პასუხი უნდა მოვკითხოთ მტერსაც და მოყვარესაც...

    გიორგი გოგოლაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter