სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    12.09.2017

    რამაზ გახოკიძე

    ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი

    სიმსუქნე, რომელიც მრავალ პრობლემას უქმნის ადამიანის ორგანიზმს, შედარებით "ახალგაზრდა" დაავადებაა. იგი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გავრცელდა, რომლის მიზეზი მჯდომარე ცხოვრება და ე.წ. "ფასტ ფუდის" კულტურაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ჭარბწონიანობის პრობლემა მსოფლიოში 1,5 მილიარდ ადამიანს აწუხებს.

    ცხიმების დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ, მაგალითად, კორტიკოსტეროიდებმა, ქალის ჰორმონულმა საშუალებებმა, ანტიდეპრესანტებმა და სხვ. ჭარბი წონა ისეთი პათოლოგიების შედეგიც შეიძლება იყოს, როგორებიცაა: ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ფუნქციების დარღვევა, ჰიპოთალამუსის ნერვული უჯრედების დაზიანება.

    არ ღირს გახდომა სიცოცხლის ფასად. სწრაფმა გახდომამ შეიძლება, ჩვენი ჯანმრთელობა შეიწიროს. მრავალმა ქვეყანამ აკრძალა გასახდომი პრეპარატების გამოყენება. ისინი შეიცავენ მაზინდოლს, ფენფლურამინს, სიბუტრამინს, ფსევდოეფედრინს, რომლებიც, მართალია, სწრაფად აგდებენ ზედმეტ წონას, მაგრამ დაუნდობლად ანადგურებენ სიცოცხლისთვის აუცილებელ ორგანოებს. მათი უმრავლესობა განსაკუთრებით აზიანებს ღვიძლსა და თირკმლებს. ისინი მოქმედებენ უჯრედის დონეზე, იწვევენ ცრუ სიმაძღრის შეგრძნებას, რის გამოც ხდება უჯრედის გამოშრობა.

    გახდომის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი ნივთიერებაა "სიბუტრამინი" (შედის შემდეგ პრეპარატებში: "ჟუიდემენი", "დიკოროსი", "მედისლიმი" და სხვ.), რომლის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადების შემთხვევებში: ქრონიკული გულის უკმარისობა, გულსისხლძარღვთა დაავადებანი, არითმია, ტაქიკარდია, ინსულტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სიმსივნე და გლაუკომა. გასახდომი აბები (ამფეტამინი, ფენტერმინი, სიბუტრამინი და სხვ.), მართალია, მადას აქვეითებს, მაგრამ მოქმედებს თავის ტვინის განსაზღვრულ ცენტრებზე, იწვევს უძილობას, ჰიპერტენზიას, პირღებინებას, კანის დაავადებებს. ასეთი აბები იწვევს მყარ დამოკიდებულებას და სუიციდისადმი მიდრეკილებას, ასევე ნერვული სისტემის გამოფიტვას, შემდეგ ფსიქიკის შეუქცევად ცვლილებებსა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამგვარი პრეპარატები აკრძალულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში.

    ასევე საშიშია სასაქმებელი საშუალებანი, რომელთაც იყენებენ ნაწლავების გასაწმენდად. მისი რეგულარულად გამოყენება იწვევს ორგანიზმში კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონის შემცირებას, არითმიასა და პანკრეატიტს. სახიფათოა შარდმდენი აბებიც, რადგან მათ შეუძლიათ ელექტროლიტების მარაგის გამოფიტვით ორგანიზმის გაუწყლოება. დაუშვებელია სინთეზური დამატკბობლების გამოყენებაც. ყველაზე გავრცელებულია ასპარტამი, რომელიც, პირველ რიგში, აზიანებს ტვინსა და მხედველობას.

    ჯანმრთელობისთვის საშიშია შიმშილობა! შიმშილის დროს თავდაპირველად იკლებს არა ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი მასა. ხანგრძლივი შიმშილობა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ხშირად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.

    წონის მკვეთრმა დაგდებამ შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ნერვულ სისტემას, მათ შორის - ტვინს. პრაქტიკულად ყველა დიეტა არის დაბალკალორიული (1 000 კალორიაზე ნაკლები), ამიტომ ორგანიზმი გადადის ეკონომიურ რეჟიმზე და იწყებს ნაკლები ენერგიის ხარჯვას, ვიდრე ნორმალური კვების შემთხვევაში. 5-7 დღის შემდეგ მეტაბოლიზმი ქვეითდება დაახლოებით 60%-ით, ე.ი. ადრე თუ თქვენ დღე-ღამეში 2 000 კალორიას ხარჯავდით, ახლა კი მხოლოდ 800 კალორიას ხარჯავთ. პარადოქსია: გასახდომად ვჭამთ ცოტას, მაგრამ ასევე ცოტა ენერგიას ვხარჯავთ და წონაში ვერ ვიკლებთ. უარყოფითი მხარეა ისიც, რომ დიეტის შემდეგ ორგანიზმში ძლიერდება საკვების გარდაქმნა ცხიმებად.

    დიეტის დამთავრების შემდეგ შექმნილია ყველა პირობა წონის მოსამატებლად. გახდომა მიმდინარეობს კუნთების ხარჯზე. წონის მომატებისას დიეტის შემდეგ კუნთები არ აღდგება, პირიქით, ინტენსიურად წარმოიქმნება ცხიმები. ადამიანი როგორც კი დაუბრუნდება წინანდელ წონას, ამჩნევს, რომ ძველი ტანსაცმელი აღარ ერგება. ამის მიზეზი ის არის, რომ ცხიმმა შეცვალა კუნთები, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილი ბევრად მსუბუქია კუნთოვანზე, რის გამოც იზრდება მოცულობა.

    დიეტის უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. ყველა მათგანი დაფუძნებულია რამდენიმე პროდუქტზე და კრძალავს სხვებს, მაგალითად, ყველაფერ ცხიმიანს. ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია მრავალი ნივთიერება, რომელთა მიუღებლობა იწვევს სერიოზულ შედეგებს: გაღიზიანებას, თავბრუხვევას, მოდუნებას, შრომის უნარიანობის დაქვეითებას, კანის, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესებას.

    ძვლების სიმაგრისთვის აუცილებელია კალციუმი. მისი შეწოვა ორგანიზმში შესაძლებელია მხოლოდ ვ ვიტამინისა და ცხიმების საშუალებით. ამიტომ რძისა და ცხიმიანი საკვების მიღებაზე უარის თქმამ შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. უნახშირწყლო დიეტამ შესაძლებელია, დააზიანოს თავის ტვინი. ნახშირწყლების ნაკლებობა იწვევს ტვინის ქსოვილების შიმშილს. ტვინის სრულფასოვანი აქტიურობისთვის აუცილებელია გლუკოზა. მისი დეფიციტი პირდაპირ კავშირშია მეხსიერების გაუარესებასთან. დღიური რაციონის დაბალმა კალორიულობამ, თუ იგი 1 200 კალორიაზე ნაკლებია, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საკვერცხეებზე და დაარღვიოს მენსტრუალური ციკლი, რაც ხელს უშლის ჩასახვას. უნახშირწყლო დიეტა საშიშია იმითაც, რომ იგი ასუსტებს სისხლძარღვთა ტონუსს, რაც გამოწვეულია ტვინის ქსოვილების არასაკმარისი კვებით. ჰიპოტონიკებისთვის წნევის კიდევ უფრო დაწევა შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს.

    დღეს მოდაშია ცილოვანი დიეტები, რომლებიც კატეგორიულად ეკრძალება მათ, ვისაც აწუხებს თირკმლბისა და საჭმლის მონელების დარღვევის პრობლემები. ძალიან მსუქან ადამიანებში იგი იწვევს სისხლის შედედების გაძლიერებას, რაც შეიძლება თრომბების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. კვების დაუბალანსებელ რაციონს შეუძლია სისხლში შარდმჟავას დონის მომატების პროვოცირება და, შესაბამისად, ნიკრისის ქარის გამწვავება.

    არასწორი დიეტა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რომლის დამახასიათებელი სიმპტომია: სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება, ცუდი გუნება-განწყობილება, უხალისობა, გულფიცხობა, დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილი, გაციებისადმი მიდრეკილება. ჩვენი კანის მდგომარეობას არეგულირებს ნეიროპეპტიდები - ჰორმონული ნივთიერებები, რომელთაც აწარმოებს მიკროფლორა. მათი გამომუშავება თუ არასაკმარისია (რაც ხდება მკაცრი დიეტის პირობებში), ეპიდერმისი (კანის ზედა ფენა) კარგავს თავის ბარიერულ ფუნქციას და დაუცველი ხდება გარეშე გამღიზიანებლების მიმართ. ამიტომ გახდომის დროს სახე იქერცლება და ჩნდება წყლულები. გარდა ამისა, დიეტის დროს ქვეითდება ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტებისა და ვიტამინების მიწოდება, რომელთა სიმცირისას ფუჭდება კბილის ემალი, ფრჩხილები შრევდება, თმები კარგავს სიხასხასეს და ხდება მყიფე.

    იაპონელებმა რეკორდი დაამყარეს სიცოცხლის ხანგრძლივობაში. 1 500 წელზე მეტია, ისინი ტრადიციულ საჭმელში უმატებენ მცენარე ამორფოფალუს კონიაკუს-ის საკვებ ბოჭკოებს. ისინი სწრაფად ახშობენ შიმშილს და დაბლა სწევენ ქოლესტერინის შემცველობას. სიმაძღრის გრძნობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება. არსებობს გამოცდილი მეთოდი ჯანმრთელობისა და მოხდენილი ტანის შესანარჩუნებლად: დაიცავით ცხოვრების აქტიური წესი, ჭამეთ იმდენი, რამდენ კალორიასაც დაწვავთ.

    არსებობს წონის დასაკლები საშუალებანი საოჯახო პირობებში, მაგალითად:

    - ერთ ჭიქა წყალს დაამატეთ ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (რომელიც შლის ცხიმებს) და მიიღეთ თითო-თითო ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე;

    - ანანასის რბილობი ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 0,5 ლ არაყი და მოათავსეთ მაცივარში ორი კვირა. მიიღეთ სუფრის კოვზით სამჯერ დღეში ჭამის დროს;

    - 100 მლ ადუღებულ წყალში ოთახის ტემპერატურაზე გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ დილას (ჭამამდე 2 საათით ადრე) და საღამოს (ძილამდე 2 საათით ადრე) ერთი თვის განმავლობაში. 1-2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ;

    - 100-100 გამხმარი გვირილა, არყის კვირტი, კრაზანა და უკვდავა დანაყეთ როდინში და ჩაის მზგავსად დააყენეთ (ერთი სუფრის კოვზი 0,5 ლ მდუღარე წყალში). სვით თითო-თითო ჭიქა დილა-საღამოს;

    - თუ გაწუხებთ სიმსუქნე და ათეროსკლეროზი ერთდროულად, ყოველდღიურად მიიღეთ 100-150 გრ ჭარხალი უზმოზე. იგი დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმს, იოდსა და სხვა მიკროელემენტებს, ასევე უჯრედისსა და პექტინს, რის გამოც ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას და ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი. ჭარხალში ნაპოვნია გ ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებასა და ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება;

    - სასარგებლოა ალოეს წვენი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე წიდები;

    - მადას აქვეითებს სიმინდის მარცვლების ნაყენი (2 სუფრის კოვზ მარცვლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 40 წუთი). მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში ჭამამდე;

    - სიმინდის მარცვლის, ცერეცოს, პიტნის ფოთლების, გვირილისა და ჭინჭრის ნაკრებს (თანაბარი რაოდენობით) დაასხით ერთი ჭიქა ქაფქაფა წყალი. გაწურვის შემდეგ ნაყენი მიიღეთ უზმოზე;

    - სასარგებლოა კონტრასტული შხაპის მიღება, ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობით ყოველ 15 წამში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter