სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    28.09.2017

    რამაზ გახოკიძე, ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი

    იმპოტენცია მამაკაცთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. უკანასკნელ პერიოდში იმპოტენციის პრობლემა ისეთივე სიმწვავით დადგა, როგორც ნევროზების პრობლემა. სქესობრივი პათოლოგიების ძირითად მიზეზს ფუნქციური დარღვევები წარმოადგენს. არსებობს იმპოტენციის დაქვეითების ფიზიოლოგიური მიზეზები: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი, ნეიროჰუმორული დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პათოლოგიებით, ჰორმონული ბალანსის დარღვევით, თავისა და ზურგის ტვინის დაავადებებით, შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესებით (ქრონიკული ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი).

    ცხოვრების არაჯანსაღი წესი და თაბრუდამხვევი რიტმი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე. ცუდი ეკოლოგია, მავნე ჩვევები, არასწორი კვება, სტრესები, ფიზიკური დატვირთვის უქონლობა და დაძაბული მუშაობით გამოწვეული დაღლილობა შეიძლება, სექსუალური დისფუნქციის მიზეზად იქცეს.

    სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება შეიძლება, გამოიწვიოს სამკურნალო საშუალებებმაც. ასეთებია, მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატები; სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები, რომლებიც იწვევს სპერმის გამომუშავების დაქვეითებას; ანტიდეპრესანტები; ფსიქოტროპული ნივთიერებები; წნევის დამწევი პრეპარატები; ჰორმონული პრეპარატები: შაქრის დამწევი და ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც იწვევს სექსუალურ დისფუნქციას. რადგან იმპოტენციის მიზეზი მრავალია, ამიტომ, ბუნებრივია, მკურნალობაც დიფერენცირებულად უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით. "მამაკაცური ძალის" აღსადგენად იყენებენ სპეციალურ პრეპარატებს, რომელთა მიღება არ შეიძლება საგულე საშუალებებთან (ნიტროგლიცერინი, ნიტროკაპი, ტრინიტროლონგი და ა.შ.) ერთად. მათი ერთობლივი მიღება შესაძლებელია, წნევის მკვეთრი დაცემის მიზეზი გახდეს. გულით დაავადებულთათვის პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.

    პოტენციის ასამაღლებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წამალია სილდენაფილი (ვიაგრა), თუმცა იგი სულ სხვა დანიშნულებით შეიქმნა. 1992 წელს ფარმაკოლოგიური კომპანია "პფაიზერი" ახალი პრეპარატის სილდენაფილის კლინიკურ გამოკვლევებს ატარებდა, რომელიც გულის დაავადებათა სამკურნალოდ იყო შემუშავებული, მაგრამ მისი გავლენა მინიმალური აღმოჩნდა. რიგ შემთხვევებში საწინააღმდეგო ეფექტიც მისცა. როცა ტესტირებაში მონაწილეებს პრეპარატის დაბრუნება მოთხოვეს, მამაკაცთა უმრავლესობამ უარი თქვა აბების დააბრუნებაზე, რადგან მათი დახმარებით საკმაოდ გაუუმჯობესდათ ერექციის ხარისხი. ასე შეიქმნა პრეპარატი "ვიაგრა".

    "ვიაგრამ" იცის მიჩვევა და მამაკაცებს ექმნებათ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. მისი მიღება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს სტენოკარდია, გულის უკმარისობა, ტვინის სისხლის მოძრაობის დარღვევა და თირკმლების უკმარისობა. "ვიაგრას" ხშირი მოხმარება იწვევს მეხსიერებისა და გონებრივი აქტიურობის დაქვეითებას, მხედველობის დარღვევას, თავის ტკივილს. უტყუარი ინფორმაცია ორგანიზმზე "ვიაგრას" მავნე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს, რადგან, შესაძლოა, პრეპარატის მწარმოებელი ფირმები, კომერციული მიზნების გამო, ხელს უშლიან მის გავრცელებას. "ვიაგრაზე" ეფექტური მოქმედება ახასიათებს პრეპარატ სიალისს (ტადაფილს), თუმცა მის გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია მწირია.

    პოტენციის დაქვეითება დაკავშირებულია მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებასთან. რაც უფრო მაღალია ჰორმონის შემცველობა, მით უფრო გამოხატულია სექსუალური ლტოლვა. ლიბიდოს დაკარგვის შემთხვევაში ბევრი მამაკაცი მიმართავს ჰორმონალურ თერაპიას აბების, ინიექციების ან სალბუნების სახით ტესტოსტერონის არასაკმარისი რაოდენობის შესავსებად, მაგრამ ხელოვნურად მიღებულ სტეროიდებს მრავალი უკუჩვენება გააჩნია, ამიტომ დამოუკიდებლად მკურნალობა არ შეიძლება.

    ძალიან საშიშია ტესტოსტერონის რეგულარული გამოყენება ორგანიზმის ტონუსის (მათ შორის, სექსუალური ფუნქციის) გასაძლიერებლად. არსებობს მრავალრიცხოვანი ფიტოთერაპიული საშუალება. ბევრად უსაფრთხოა მცენარეული წარმოშობის პრეპარატებით, ე.წ. აფროდიზიაკებით მკურნალობა. ასეთი საშუალებანი დაბალანსებული სახით შეიცავს მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას და ზრდის სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდებას. ტესტოსტერონის ნაკლებობის გამო მამაკაცებში იზრდება მიდრეკილება ქალურობისკენ.

    ტესტოსტერონის დონის ამაღლება შესაძლებელია ბუნებრივად. კარგ ეფექტს იძლევა აპითერაპია (თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებით მკურნალობა). ტყუილად კი არ უწოდებენ თანაცხოვრების პირველ თვეს თაფლობის თვეს. თაფლი და მტვერი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოსტიმულატორებს, ჰორმონებს, ამინმჟავებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს ადვილად ასათვისებელი ფორმით. სასარგებლოა თაფლის მიღება ზამთარში 2-3 სუფრის კოვზის რაოდენობით ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულში, როცა თაფლი ახალია - 1,5-2-ჯერ მეტი რაოდენობით.

    მამაკაცური ჰორმონის მოლეკულების წარმოსაქმნელად აუცილებელია თუთია. ამ მიკროელემენტის შემცველი პროდუქტებია: ქატო, გოგრისა და მზესუმზირას თესლები, ხორბლის გაღივებული მარცვალი, საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხის გული, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, პომიდორი, მწვანე ჩაი, ქათმისა და კურდღლის ხორცი, კაკალი, ოსპი, ბოლოკი, რძე, ქერისა და შვრიის ფქვილი, ლობიო, ბარდა, ჭარხალი, ნიახური, შავი მოცხარი, ჟოლო, მრავალი ბოსტნეული.

    მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ფიტოთერაპია. მამამაკაცის პოტენციის აღდგენა და სექსუალური აქტიურობის გაძლიერება შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მცენარეებით: დაფნის ფოთოლი, როზმარინი, დარიჩინი, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, სალბი, ზაფრანა, შვრია, მოცვი და მარწყვი.

    კარგ შედეგს იძლევა ასევე მანუალური თერაპია და ჰირუდოთერაპია (წურბლებით მკურნალობა). მამაკაცურ პოტენციაზე დადებით გავლენას ახდენს არგინინი. იგი უზრუნველყოფს სექსუალური მომწიფების ნორმალურ სიჩქარეს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას, არეგულირებს არტერიულ წნევას. არგინინი წარმოადგენს აზოტის ოქსიდის ძლიერ დონორს (რომელიც აძლიერებს მამაკაცის სასქესო სისტემას). ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში მცირდება არგინინის გამომუშავება და საჭიროა მასი შევსება. ორგანიზმში არგინინის ნორმალური შემცველობა აუცილებელია სისხლძარღვთა ელასტიკურობის შესანარჩუნებლად და ორგანოებთან სისხლის მიწოდების გასაძლიერებლად. მისი დეფიციტი იწვევს სპერმატოზოიდების გამომუშავების მკვეთრად შემცირებას. არგინინი მონაწილეობს ავთვისებიანი პათოგენური უჯრედების განადგურებაში. აქტიურობას აძლიერებს თუთია და სელენი. ეს თვისება წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული ონკოლოგიაში. არგინინს დიდი რაოდენობით შეიცავს გოგრის თესლები, საკმაო რაოდენობით - პარკოსნები, ქათმისა და ღორის ხორცი, რძე და ქათმის კვერცხი, ნიგოზი და კედრის კაკალი, გაუხეხავი ბრინჯი, წიწიბურა.

    ქვემოთ მოცემულია კონკრეტული რჩევები:

    - სექსუალური სურვილის აღმგზნები ბუნებრივი სტიმულატორია ჟენ-შენის ფესვები, ყვავილის მტვერი, მუმიო თაფლითა და კვერცხის გულით.

    - სექსუალურ აქტიურობამდე ერთი საათით ადრე 2 ჩაის კოვზი ელეუტეროკოკის სპირტიანი ექსტრაქტის მიღება (უკუნაჩვენებია ჰიპერტენზიის დროს).

    - სქესობრივი აქტიურობის გასაძლიერებლად დაქუცმაცებულ კაკლის გულს დაამატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი. მიიღეთ ორი ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე რამდენიმე კურსად. თითოეული კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე. შეგიძლიათ ყოველდღე მიიღოთ 75 გრამი ნიგოზი.

    - წვრილად დაკეპეთ 200 გრამი ჩირი უკურკოდ (ლეღვი, ქიშმიში, შავი ქლიავი) და 12 კაკლის გული, აურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში ორი სუფრის კოვზი კეფირთან ერთად.

    - ერთ სუფრის კოვზ შალგს, რომელიც ამაღლებს სქესობრივ აქტიურობასა და ხელს უწყობს სპერმის გამომუშავებას, დაასხით დაახლოებით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ ორი საათი და მიიღეთ ას-ასი მილილიტრი 2-ჯერ დღეში.

    - ჭინჭრის დანაყილი თესლი შეურიეთ ერთ ბოკალ ღვინოს და დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი. მიიღეთ ყოველ საღამოს ძილამდე 30 წთ-ით ადრე.

    - ერთ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით 400 მლ ცივი გადადუღებული წყალი და დააყოვნეთ 1 სთ, მიიღეთ 100-100 მლ 3-ჯერ დღეში კვებამდე (უკუნაჩვენებია თირკმლების დაავადებების დროს).

    - მამაკაცური პოტენციის ამაღლებას ასევე უწყობს ხელს მუქი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით.

    - განსაკუთრებით სასარგებლოა გაღვივებული გოგრის თესლი, რომელიც მდიდარია თუთიითა და E ვიტამინით. ჯამის ფსკერზე ჩააფინეთ წყლით დასველებული ჩვარი, მასზე თანაბრად დაალაგეთ თესლები და ჯამი რაფაზე შემოდგით. თვალყური ადევნეთ, რომ თესლები ყოველთვის სინოტივეში იყოს, დროგამოშვებით ჯამში დაამატეთ წყალი (თესლებს არ დაასხათ). 1-2 დღის შემდეგ, როცა მარცვლები გაღივებას დაიწყებს, შეიძლება მათი საკვებად გამოყენება. ამ პერიოდში ისინი ყველაზე უფრო მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით, უ ვიტამინით. გოგრის გარდა ამგვარად შეგიძლიათ მზესუმზირას, ხორბლის, ჭვავის, წიწიბურას თესლების გაღივება ცალ-ცალკე ან ერთად.

    - აფთიაქში შეიძინეთ წაბლის, თხაწართხალას ყვავილი, დაუმატეთ მოცვისა და ჟოლოს ფოთლები ნებისმიერი პროპორციით და აურიეთ. აიღეთ ამ ნარევის 5-7 სუფრის კოვზი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დაამატეთ რევანდის ყუნწები და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ 2 საათი და გაწურეთ. მზა კომპოტს შაქრის ნაცვლად დაამატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი თაფლი და ძახველისა და შავი მოცვის მურაბა. კომპოტი სვით დღის განმავლობაში.

    - ძალიან სასარგებლოა რაციონის გამდიდრება უ და ს ვიტამინებით, რომელთაც შეიცავს ქატო, ზეითუნის ზეთი, პომიდორი, ციტრუსები, კარტოფილი. სწორი კვება ასტიმულირებს ტესტოსტერონის სეკრეციასა და სასქესო ორგანოების მუშაობას. კარგ შედეგს იძლევა წყლის პროცედურებით მკურნალობა, მაგალითად, შემდეგი აბაზანების მიღება:

    - დააყენეთ 50 გ დაფნის ფოთოლი ან გვირილა 3 ლ მდუღარე წყალში, დააყოვნეთ 15-20 წთ და ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ 30 წთ (შეგიძლიათ ყოველდღე).

    - ფიჭვის გირჩებსა და შტოებს დაასხით წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი სთ-ის განმავლობაში. დააყოვნეთ 12 სთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. შემდეგ დაამატეთ აბაზანაში წყალს.

    კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. საკვები უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, განსაკუთრებით - ვიტამინებსა და მინერალებს. მცირე რაოდენობით მიიღეთ ცხიმიანი საკვები და შაშხი. სასარგებლოა სიარული ბუნების წიაღში (დღეში 10კმ). ტერფის მიდამოებში განლაგებულია სპეციალური წერტილები და მათზე ზემოქმედება ხელს უწყობს ლიბიდოს ამაღლებას, ამიტომ სასარგებლოა ფეხშიშველა სიარული. ეფექტს იძლევა არა რბილ ნოხზე, არამედ ზღვის მსხვილქვიშიან ნაპირზე სიარული.

    სექსუალური პრობლემები ადამიანებს ემართებათ სტრესისა და დეპრესიის გამო და ხშირად ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს. მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გვეხმარება იუმორი. იგი ხშირად ქმნის სასურველ მიკროკლიმატს ოჯახში და აგვარებს დაძაბულ ურთიერთობებს. ღიმილი აახლოებს ადამიანებს და ქმნის მრავალ დადებით ემოციას.

    სიყვარულს (და სექსსაც) ასაკი არ გააჩნია. იმპოტენცია არ არის განაჩენი. ამერიკელი და იაპონელი გერონტოლოგების მონაცემები ადასტურებს, რომ სექსუალური დღეგრძელობა არ არის ასაკზე დამოკიდებული. ასე, მაგალითად, 99 წელს მიღწეულ ამერიკელ მამაკაცთა უმრავლესობამ კითხვას, თუ როდის დაკარგეს სექსისადმი ინტერესი, უპასუხა, რომ ამ ასაკისთვის მათ ჯერ არ მიუღწევიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter