სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    04.10.2017

    შოთა ჩხეიძე,

    პროფესორი

    ქართველმა ერმა ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებში თავისი სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა ერთსულოვნებით, ქვეყნისა და მოყვასის განსაკუთრებული სიყვარულით, ურთიერთთანადგომით შეინარჩუნა. ბევრი ძლიერი, უძველესი სახელმწიფო წაიშალა მსოფლიო რუკიდან და მრავალი ერიც გაქრა, საქართველომ კი გაუძლო მრავალსაუკუნოვან, დამპყრობლებისაგან ენის, ტრადიციების, სამშობლოსადმი თავდადების, ურთიერთთანადგომისა და სიყვარულის ჩაქრობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და ქართველი ერი თავისი ტერიტორიითა და ტრადიციებით გადარჩა.

    მე-20 საუკუნიდან ჩვენ ღირებულებების გადაფასების განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რამაც ბევრი რამ შეცვალა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საბჭოთა მწერალმა ასტაფიევმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი დასკვნა გააკეთა: ქართული საზოგადოება ავად არისო. მაშინ ეს ჩვენთვის, მწერლის მიმართ ქართული სტუმართმოყვარეობის გამოხატვის ფონზე, მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო და მას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და რაც გამოსასწორებელია, გამოვასწოროთ. პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი კეთილშობილური ტრადიციები, კაცთმოყვარეობა, ტაქტი და სხვა ქართველი ერისთვის დამახასიათებელი თვისებები, რითაც ყოველთვის ვაკვირვებდით უცხოტომელებს.

    უნდა დავეთანხმოთ მწერალს, რომ ჩვენც შეგვეყარა რაღაც ვირუსი, რაც ცივილიზებულად ჩათვლილ დასავლეთის საზოგადოებას ახასიათებს: ინდიფერენტულობა, "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის" მორალით ცხოვრება, რის საფუძველზეც არათუ ნაცნობის, მეზობლის ან ნათესავის გაჭირვების გამზიარებელი არ ვხდებით, არამედ დასაშვებად მიგვაჩნია ერთი ძმა მათხოვარი იყოს, მეორე კი - მილიონერი და ეს უკანასკნელი ამის გამო უხერხულობას არ გრძნობდეს. ეს მაშინ, როცა ადრე საქართველოში ქართველი მათხოვარი არავის უნახავს. ომის შემდგომ პერიოდში, იმ გაუსაძლისი გაჭირვების დროს, ქუჩაში ბევრი მოწყალების მთხოვნელი იყო, მაგრამ ისინი ჩამოსული ომგადახდილი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი კეთილი და გულმოწყალეა. ქართველის სამათხოვროდ ქუჩაში გასვლა დიდ სირცხვილად ითვლებოდა არა მარტო ნათესავებისათვის, არამედ მეზობლებისათვისაც და ამას ქართული ოჯახები, გაჭირვების მიუხედავად, დაუშვებლად თვლიდნენ. ახლა რა დაგვემართა? ჩვეულებრივად მიგვაჩნია ბავშვიანი მათხოვარი ქალის ან უსინათლო ინვალიდი ადამიანის წინ უყურადღებოდ ჩავლა. ამ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ნათესავები, მეზობლები ან მეგობრები არ ჰყავთ?

    მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, რომლის შეფასება ხალხში ასე გამოიხატებოდა: საქართველოს ერთ-ერთი კუთხის წარმომადგენელმა კითხვაზე, თუ რა განათლება ჰქონდა, უპასუხა, სამჯერ ვარ ნამყოფი ქუთაისშიო. ეს, ალბათ, ის პერიოდი იყო, როცა განათლება მხოლოდ წიგნიერებით არ განიზომებოდა, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭებოდა პიროვნების ღირსებას, ტაქტის, ზრდილობის, ურთიერთპატივისცემის, თანადგომის გამოვლინებას.

    დაუვიწყარია ჩემთვის ომის შემდგომ პერიოდში ქართველთა დამოკიდებულება გერმანელი ტყვეების მიმართ, რომლებიც იქ მშენებლობებზე მუშაობდნენ. ისინი ხშირად შემოდიოდნენ ჩვენს ეზოში არა სამათხოვროდ, არამედ თვითნაკეთი სამათამაშოების გასაყიდად. მათ ხშირად ომში დაღუპული ადამიანების ჭირისუფლებიც ხვდებოდნენ, მიუხედავად ამისა, არ აკლდათ ადამიანური ყურადღება: საჭმელ-სასმელით გამასპინძლება და სახლში მიწვევაც კი. ასეთი ეპიზოდიც იყო: ერთ-ერთმა ბავშვმა მათ გამომწვევად მიაძახა "გიტლერ კაპუტ, გიტლერ კაპუტ!", რაზეც ტყვეებს არაფერი უთქვამთ. ეს რომ ბავშვის მშობელმა გაიგონა, შვილი დატუქსა და ყველას გამოგვიცხადა: ეს აღარ გაიმეოროთ, არ გვეკადრება ასეთი მოქცევა, ისინი დამარცხებული ადამიანები, ტყვეები არიან, თავისი გაჭირვება ეყოფათ და ასეთი ქმედება სირცხვილიაო. ბავშვებმა მაშინვე გავიზიარეთ ეს შენიშვნა და გერმანელებს ყურადღებით ვეპყრობოდით. გამომშვიდობებისას, როცა ტყვეებს თავიანთ სამშობლოში აბრუნებდნენ, ისინი შემოვიდნენ ეზოში, მადლობა გადაგვიხადეს მათდამი ჩვენი დამოკიდებულებისათვის და სამახსოვროდ თავიანთი მისამართები დაგვიტოვეს. აი, ასეთი იყო მაშინ ქუთაისი.

    სამწუხაროდ, შემდგომში შეიცვალა ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება. როგორ არ გავიხსენო გულისხმიერების გამომხატველი ეპიზოდის საპირისპიროდ ამ ათიოდე წლის წინ გმირთა მოედანზე მომხდარი ამბავი, როცა მაშინდელი პრეზიდენტის მითითებით, რომელიც იქ გავლისას წააწყდა ქართველი ომის ვეტერანების მშვიდობიან აქციას, ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესების მოთხოვნით (იმ პერიოდში ვეტერანებს მოუხსნეს ყოველგვარი დახმარება და შეღავათი), პოლიციამ დაარბია აქციის მონაწილეები და მათ შორის - ქალებიც კი. საიდან გაჩნდა ასეთი სისასტიკე და დაუნდობლობა, თანაც მტყუან-მართალის გარჩევის გარეშე ქართველ ერში? არაადეკვატური ადამიანის, თუგინდ იგი პრეზიდენტიც იყოს, ბრძანება გაუაზრებლად უნდა შესრულდეს?

    ამჟამად საქართველოში გავრცელებულ, ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტულ, გულგრილ, ზოგ შემთხვევაში დაუნდობელ დამოკიდებულებას ემატება ჩვენი ტრადიციებისათვის სრულიად შეუფერებელი ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უშვერი, უცენზურო სიტყვებით როგორც პრესაში, ისე ტელევიზიითა და ინტერნეტით, განსაკუთრებით კი - სოციალურ ქსელებში. ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ქუჩური სიტყვებით ერთმანეთის "შემკობა", რაშიც განსაკუთრებით ქალები გამოირჩევიან. განა ამის მოთმენა შეიძლება? სად არიან მათი ქმრები, ძმები, მშობლები, გინდ მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები? რა მაგალითს აძლევს ასეთი "ქალბატონი" თავის შვილებს? ამას არ უნდა შევეგუოთ! ეს ქართველ ერს გადააგვარებს და ასეთი ქვეყანა და ასეთი მომავალი გვინდა?

    ბოლო პერიოდში შეძენილ ე.წ. უზნეობის ვირუსზე, საზოგადოების ინდიფერენტულობაზე, გულცივობაზე, ერთმანეთის გაუტანლობაზე, სამწუხაროდ, ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელთა ძირითადი მიზეზი ჩვენი საზოგადოების გათიშულობა, ერთსულოვნების, ურთიერთთანადგომის დეფიციტია.

    უდავოა ის, რომ ყველა მოვლენას აქვს თავისი მიზეზი და საზოგადოების ნაწილის ბოლოდროინდელი ინდიფერენტულობა ქვეყანაში არსებული მოვლენების მიმართ, გარკვეულწილად, გააღრმავა წინა ხელისუფლების დროს დანგრეული ეკონომიკის, ტერიტორიების გაუაზრებლად დაკარგვის, ადამიანების უფლებების სრული უგულებელყოფის, უმუშევრობის მკვეთრი გაზრდის, ხალხის გაღარიბების, ღირსების დამამცირებელი ქმედებებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების მოკლე დროში (2013-2017 წწ.) სრულად გამოსწორების არარეალურმა მოლოდინმა. ამან საკმაოდ მალე ხალხში იმედგაცრუება, ნიჰილიზმი გამოიწვია.

    ამასთან დაკავშირებით საჭიროდ ვთვლი აღვნიშნო: უნდა შევეგუოთ იმას, რომ მძიმე ავადმყოფი რთული ქირურგიული ოპერაციის გაკეთების შემდეგ რამდენიმე დღეში ფეხზე ვერ დადგება, იგი გადის ჯერ რეანიმაციის, მერე რეაბილიტაციის პროცესს და შემდეგ იწყებს ნორმალურ ცხოვრებას. აი, ასეთ პირობებში იმყოფება ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმ მძიმე 22-წლიანი უკუსვლის პერიოდის გავლის შემდეგ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა სფეროში დაშვებული შეცდომები და გადაცდომები არაპრინციპული მნიშვნელობის საკითხებშიც კი გარკვეულ გავლენას ახდენს მოსახლეობის ნაწილის მათ მიმართ ნდობის გამოხატვასა და მხარდაჭერაზე.

    ჩვენი ვალია, უკეთესი მოლოდინით იმედგაცრუებულ ადამიანებსაც გავუგოთ (ეს არ ეხება იმ დამნაშავეებს, რომელთა ხელშეწყობითა და თანამზრახველობით მოხდა ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანა). გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოციალური პირობების გაუმჯობესების მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელების მიუხედავად, რაზეც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედი დაიხარჯა, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონეს ეს ვერ დაეტყო (თუმცა არ გაუარესებულა), რაც, სპეციალისტების აზრით, იმით აიხსნება, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარს (500 ათას ოჯახს) აქვს წინა ხელისუფლების პერიოდიდან გამოყოლილი ბანკებისა და მევახშეების ვალი, აღებული გადაუდებელი ფასიანი სამედიცინო მომსახურებისა და ზოგისთვის კი პატიმრობისაგან თავის დასაღწევად. ამ ვალების დაფარვას საკმაო დრო სჭირდება და ცხოვრების დონე ვერ გაუმჯობესდება მანამ, სანამ ისინი არ დაიფარება (წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა მოსახლეობა და ქვეყანა, სოციალური დახმარებები რომ არ განხორციელებულიყო).

    ქვეყნის აღდგენისა და განვითარების პროცესი რომ დაჩქარდეს, ამისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, მოვიშოროთ ინდიფერენტულობის, უზნეობის ვირუსი, ვუმკურნალოთ დაქვეითებულ ღირსებას, აღვადგინოთ ურთიერთპატივისცემა, თანადგომა, ერთსულოვნება; ყველანი ჩავერთოთ ქვეყნის აღმშენებლობაში და მდიდარი ისტორიული ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, შევქმნათ ჩვენი საზოგადოებისათვის სულიერად და მორალურად მისაღები თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფო!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter