სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    08.10.2017

    ნოდარ ნათაძე

    ბატონი ალექსანდრე დაუშვილი თავის ვრცელ ნაშრომში საქართველოს საბჭოთადროინდელი ისტორიის შესახებ წერს:

    "აღშფოთებული მომიტინგეები ტანკებს წინ ჯოხებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი აღუდგნენ. ფარებს ამოფარებული ჯარისკაცები, ალესილი სადესანტო ბარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი, მიტინგის დაშლას შეუდგნენ. ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ბარებით ჩეხდნენ. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამვლელი გაზი, რომელმაც ბევრი დააზიანა."

    ჩემ პირდაპირ მოვალეობად ვრაცხ, საჯაროდ და ოფიციალურად ვამხილო ეს პირდაპირი დეზინფორმაცია, ვინაიდან ვიყავი საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს, ანუ უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს იმ საგამოძიებო კომისიის წევრი, რომელიც იკვლევდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ფაქტს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მიტინგის დარბევის სახით საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარის მიერ.

    ამ კომისიის ოფიციალურ დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ მომიტინგეებს ხოცავდნენ განურჩევლად იმისა, წინააღმდეგობას ხვდებოდნენ თუ არა, ანუ მისდევდნენ გაქცეულ ქალებსა და მესანგრის ნიჩბებითა და კეტებით მიზანმიმართულად კლავდნენ (ასე მოკლეს თამრიკო ჭოველიძე რუსთაველის თეატრში თავის შეფარების მცდელობის დროს ზურგიდან ხელკეტებით), აგრეთვე მიზანმიმართულად იხმარეს მომწამლავი გაზები "სი-ესი" და "ქლორპიკრინი", რომელმაც მასობრივი დაზიანება და მსხვერპლი გამოიწვია. ამ კომისიის ოფიციალური დასკვნა არსებობს (თავ-რე პროფესორი თამაზ შავგულიძე, იურისტი). არსებობს საკავშირო კომისიის დასკვნაც ბ-ნ სობჩაკის თავმჯდომარეობით, რომელიც, მართალია, იმის მინიმუმს წერს, რისი არდაწერაც არ შეუძლია, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს ცალსახად ადასტურებს.

    გარდა ამისა, ვიყავი სამედიცინო კომისიაშიც, რომელიც ექიმებისგან შედგებოდა ჩემი და კიდევ ორი სხვა პირის გამოკლებით (ხელმძღვანელი - საქართველოს იმ დროს წამყვანი პათანატომი პროფ. თამარ დეკანოსიძე). ამ კომისიამ ღამით ჩამოიარა ბინები, სადაც აღნიშნული მკვლელობის იმ დროს უკვე ცნობილი 16 მსხვერპლი ესვენა. ამ ჩამოვლაში დადგინდა პირველად (შენიშნა ქ-ნმა თ. დეკანოსიძემ), რომ მსხვერპლთა ნაწილი დაღუპული იყო მოწამვლით. აღინიშნა ისიც, რომ მსხვერპლთა შორის არც ერთი არ იყო ნიჩბით მოკლული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნიჩბით მოკლულები ოფიციალურად არ გამოაჩინეს (როგორც შემდეგ ხმა გავრცელდა - ცალკე დამარხეს ჩუმად "მზიურის" ტერიტორიაზე, ხოლო მათი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუმად გაატანეს იქვე, საავადმყოფოს პროზექტურიდან თეთრი ხალათებით მყოფი ჩეკისტების ხელით ჭირისუფლებს, ჩუმად დამარხვის პირობით).

    მე არ ვიცი ბ-ნ ალ. დაუშვილის პროფესია, მაგრამ თუ იგი ისტორიკოსია, მაშინ ვალდებული იყო, მიემართა წყაროთა კრიტიკის მეთოდისათვის, ანუ თავის მიერ გამოყენებული წყაროები (ეს არის ხილისუფლების ოფიციალური ინფორმაცია) შეედარებინა (შეეჯერებინა) სხვა არსებულ წყაროებთან. მათ შორის, მას შეეძლო და ჰმართებდა, სისრულის ინტერესებში, გაეთვალისწინებინა ჩემი წიგნიც "რაც ვიცი". ამ წყაროებიდან შეიტყობდა, რომ მომიტინგეთა მასა მთლიან ამოწყვეტას გადაურჩა მხოლოდ იმით, რომ:

    1. ქართული მილიციის ჭეშმარიტად გმირული ძალისხმევით მან შეგროვილი მასა არ გაუშვა მთავრობის სახლის ეზოში, ანუ მტერს არ გაათამაშებინა სპექტაკლი მასის შევარდნისა მთავრობის სახლში, რითაც, სავარაუდოა, დამრბევებს მიეცემოდათ საბაბი ცეცხლის გახსნისათვის;

    2. ჩიტაძის ქუჩაზე ჩამომავალ ფარებიან ნაწილს, რომელსაც ფუნქციად ჰქონდა მომიტინგეებისათვის გასაქცევი გზის გადაკეტვა რუსთაველის გამზირის ზედა ნაწილისკენ, გზა გადაუკეტა ქართველ კარატისტთა ჯგუფმა, რითაც მომიტინგენი ფაქტობრივად სრულ განადგურებას გადაურჩნენ.

    პირადად ჩემი წიგნიდან "რაც ვიცი" ავტორი შეიტყობდა ცნობასაც, რომლის გადამოწმებაც სხვა ინფორმაციის მეშვეობით მისი ამოცანა და უფლება იქნებოდა: ჩემთან, როგორც კომისიის წევრთან, მოვიდა მილიციის ოფიცერი, რომელმაც მიამბო: დარბევამდე ორი დღით ადრე მან შებინდებისას იმელ-თან თავისი დავალების შემსრულებელმა, მოისმინა სამი სამოქალაქოიანი პირის საუბარი, რომელთა შორის მან ამოიცნო როდიონოვი და სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოჩეტოვი. მესამე ვერ ამოიცნო. დანარჩენი ორნი ეუბნებოდნენ როდიონოვს: "ტთ - ჟ...! ნამ დანთ ვსე პრავა! მთ მოჟემ იხ ისტრებიტქ! პოჩემუ ტთ ნამ პროტივისქშჭ?" ("შენ ხარ ტრ... ჩვენ ყველაფრის უფლება მოგვცეს! ჩვენ შეგვიძლია, ისინი გავწყვიტოთ! რატომ გვეწინააღმდეგები?"

    აქედან ცალსახად ჩანდა, რომ დარბევის მიზანი იყო იმ რამდენიმე ათასის ფიზიკური განადგურება, რომელნიც, ალბათ, ყველაზე "მუხტიანნი" იყვნენ მომიტინგეთა შორის და რომელნიც მთავრობის სახლთან იქნებოდნენ თავმოყრილნი დილის ოთხ საათზეც, რის გამოც დარბევა რუსებმა სწორედ ამ საათს დაამთხვიეს. ეს გეგმა სრულად ვერ განხორციელდა, როგორც აქედან ირკვევა, მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი გარემოების წყალობით.

    მე პირადად გახლდით ხსენებულ კომისიაში მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი არ ვიყავი, არამედ ვიყავი მხოლოდ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე. იმ კომისიის წევრთაგან დღეს ნახევარზე მეტი ცოცხალი აღარ არის. ამიტომ წინამდებარე ჩვენების გამოქვეყნებასა და ახალ თაობათათვის, მით უფრო - ისტორიისათვის ანტიქართული დეზინფორმაციისათვის გზის გადაკეტვას აუცილებელ ამოცანად ვრაცხ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter